თავი 1
„ბაგეზე გიდებ ჩემს სიტყვებს“
1, 2. რატომ შეგიძლიათ ენდოთ იმას, რასაც ბიბლიაში კითხულობთ?
„ზოგი მეგობარი ძმაზე ახლობელია“ (იგავ. 18:24). გამოგიცდიათ ღვთისგან შთაგონებული ამ სიტყვების ჭეშმარიტება საკუთარ თავზე? ალბათ, ეჭვი არ გეპარებათ ნამდვილი მეგობრის ნათქვამში; გჯერათ მისი, როცა რაიმეს გეუბნებათ ან, როცა გიყვებათ, რის გაკეთებას აპირებს. თუ შეცდომაზე მიგითითებთ, ალბათ, იღებთ მის რჩევას და ცდილობთ, გაითვალისწინოთ. მას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ თქვენთვის კარგი უნდა და რჩევასაც სწორედ ამიტომ გაძლევთ. ერთმანეთისთვის ბედნიერება გსურთ, ამიტომ თქვენს მეგობრობას ხელს ვერაფერი შეუშლის.
2 სწორედ ასეთი მეგობრები შეიძლება აღმოჩნდნენ თქვენთვის ის მამაკაცები, რომლებიც ღვთის ხელმძღვანელობით ბიბლიის წიგნებს წერდნენ. შეგიძლიათ ენდოთ მათ სიტყვებს და დარწმუნებულები იყოთ, რომ მათ წიგნებში ჩაწერილი ინფორმაცია თქვენს კეთილდღეობას ემსახურება. ძველად ისრაელებიც, ალბათ, ასე ფიქრობდნენ იმ მამაკაცებზე, რომლებსაც „წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტ. 1:20, 21). მოცულობით ყველაზე დიდი წინასწარმეტყველური წიგნის დასაწერად ღმერთმა იერემია აირჩია, რომელმაც აგრეთვე „გოდება“ და კიდევ ორი სხვა ბიბლიური წიგნი დაწერა.
3, 4. როგორ უყურებს ზოგი წიგნებს „იერემია“ და „გოდება“ და რატომ არის ეს შეხედულება მცდარი? ახსენით.
3 სამწუხაროდ, ზოგი იერემიას წიგნებს სათანადოდ არ აფასებს და ამბობს, რომ ისინი მათთვის ნაკლებად გამოსადეგია. მათ ჰგონიათ, რომ „იერემიასა“ და „გოდებაში“ მხოლოდ მკაცრი გაფრთხილებები და ავის მომასწავებელი წინასწარმეტყველებებია ჩაწერილი.a მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?
4 მართალია, იერემია თავის წიგნებში არაერთ პირდაპირ გაფრთხილებასა და რჩევას იძლევა, მაგრამ ხანდახან მეგობარიც ხომ იქცევა ასე. იესო არ ერიდებოდა თავისი მეგობრებისთვის, მოციქულებისთვის, რჩევის მიცემას მაშინ, როცა ამა თუ იმ საკითხზე არასწორი თვალსაზრისი ჰქონდათ და პირდაპირ მიუთითებდა შეცდომებზე (მარ. 9:33—37). თუმცა იესოს, ძირითადად, იმით იცნობდნენ, რომ იგი ხალხს უხსნიდა, თუ როგორ მოეპოვებინათ ღვთის კეთილგანწყობა და როგორ დაემკვიდრებინათ ბედნიერი მომავალი (მათ. 5:3—10, 43—45). იმავეს თქმა შეიძლება იერემიაზეც, რომლის წიგნები „მთელი წმინდა წერილის“ ნაწილია და „სასარგებლოა . . . გამოსასწორებლად“ (2 ტიმ. 3:16). ის გაბედულად უცხადებდა იეჰოვას განაჩენს იმ ადამიანებს, რომლებსაც თავი ღვთის მსახურებად მოჰქონდათ და, რომლებიც არასწორი საქციელის გამო სასჯელს იმსახურებდნენ. თუმცა წიგნები „იერემია“ და „გოდება“ დამაიმედებელ ცნობასაც შეიცავს და გვიჩვენებს, როგორ შეგვიძლია ბედნიერი მომავლის დამკვიდრება. იერემიამ იწინასწარმეტყველა, თუ როგორ განვითარდებოდა იეჰოვასა და მის ხალხს შორის ურთიერთობა; დღეს ეს წინასწარმეტყველებები ჩვენზე სრულდება. ამ ორ წიგნში ბევრ გამამხნევებელ აზრს ამოიკითხავთ (წაიკითხეთ იერემიას 31:13, 33; 33:10, 11; გოდების 3:22, 23).
5. რაში გვეხმარება იერემიას წიგნები?
5 სულიერ და-ძმებთან დღევანდელი ბედნიერი თანაცხოვრება დღეს და ჩვენი მომავალი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაც იერემიამ დაწერა. მაგალითად, იერემიას წიგნები გვეხმარება, განვამტკიცოთ ურთიერთობა და-ძმებთან და მოვიქცეთ პავლე მოციქულის რჩევისამებრ, რომელმაც დაწერა: „ძმებო, იხარეთ, გამოსწორდით, ინუგეშეთ, ერთი აზრი გქონდეთ, მშვიდობიანად იცხოვრეთ და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (2 კორ. 13:11). იერემიას წიგნები იმ ცნობასთანაცაა კავშირში, რომელსაც ვაუწყებთ. მართალია, ხალხს ბოლო დღეებისა და ამ ქვეყნიერების მოახლოებული აღსასრულის შესახებ ვუქადაგებთ, მაგრამ ეს ცნობა მაინც სასიხარულოა, რადგან მათ იმედის საფუძველს აძლევს. გარდა ამისა, ის რაც იერემიამ დაწერა, ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეხმარება. დიდი მსგავსებაა ჩვენს ცხოვრებასა და მის ცხოვრებას შორის და იმ ცნობას შორის, რომელსაც ჩვენ ვაუწყებთ და, რომელსაც იერემია აუწყებდა. ეს რომ უკეთესად გავიგოთ, გამოვიკვლიოთ, თუ ვინ იყო იერემია და რა დავალება მიიღო ამ სამაგალითო წინასწარმეტყველმა ღვთისგან, რომელმაც უთხრა მას: „აი, ბაგეზე გიდებ ჩემს სიტყვებს“ (იერ. 1:9).
6, 7. საიდან ჩანს, რომ ღმერთი დაინტერესებული იყო იერემიას ცხოვრებით და რა მდგომარეობა იყო იუდაში, როცა ის დაიბადა?
6 მშობლები, რომლებიც ბავშვის დაბადებას ელიან, ხშირად ფიქრობენ, როგორი იქნება მათი შვილი, რას გააკეთებს — რით დაინტერესდება, რა პროფესიას აირჩევს და რას მიაღწევს. ალბათ, თქვენს მშობლებსაც არაერთხელ უფიქრიათ ამაზე. ამ მხრივ არც იერემიას მშობლები იქნებოდნენ გამონაკლისი. თუმცა იერემიას შემთხვევა განსაკუთრებული იყო, რადგან თვით სამყაროს შემოქმედი იყო დაინტერესებული იმით, თუ როგორ იცხოვრებდა და რას გააკეთებდა ის (წაიკითხეთ იერემიას 1:5 ).
7 იეჰოვამ იერემიას დაბადებამდე იცოდა, რომ ის შეძლებდა წინასწარმეტყველად მსახურებას. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ბავშვს, რომელიც უნდა დაბადებულიყო იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქში მცხოვრები მღვდლის ოჯახში. ისინი ცხოვრობდნენ ძვ. წ. მე-7 საუკუნის შუა ხანებში ბოროტი მეფე მენაშეს, მმართველობის დროს. ეს იუდას სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი იყო (იხილეთ მე-19 გვერდი). თავისი 55-წლიანი მმართველობის განმავლობაში, ძირითადად, მენაშე ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში. მენაშეს სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი ამონიც მამის კვალს გაჰყვა (2 მეფ. 21:1—9, 19—26). ქვეყანაში ძირეული ცვლილებები შემდეგი მეფის დროს განხორციელდა. იუდას მეფე იოშიამ იეჰოვას ძიება დაიწყო. თავისი მეფობის მე-18 წლისთვის მან ქვეყანა კერპთაყვანისმცემლობისგან გაწმინდა. ამან, ალბათ, ძალიან გაახარა იერემიას მშობლები, რადგან სწორედ იოშიას მმართველობის პერიოდში დანიშნა ღმერთმა მათი შვილი წინასწარმეტყველად (2 მატ. 34:3—8).
რა მხრივ არის თქვენთვის საყურადღებო წიგნები „იერემია“ და „გოდება“?
ღმერთი ირჩევს წინასწარმეტყველს
8. რა დავალება მიიღო იერემიამ და როგორი იყო მისი რეაქცია?
8 ზუსტად არ ვიცით, რამდენი წლისა იყო იერემია მაშინ, როდესაც ღმერთმა შემდეგი სიტყვები უთხრა: „ხალხების წინასწარმეტყველად გაქციე“. ამ დროს იერემია, ალბათ, 25 წლამდე იქნებოდა, დაახლოებით იმ ასაკის, როცა ლევიანი მღვდლად მსახურებისთვის მზადებას იწყებდა (რიცხ. 8:24). როგორც უნდა ყოფილიყო, იერემიამ მიუგო იეჰოვას: „ო, უზენაესო უფალო, იეჰოვა! არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო, მე ხომ ყმაწვილი ვარ“ (იერ. 1:6). მას ამ დავალებისთვის შეუფერებლად მიაჩნდა თავი. ის, შესაძლოა, თვლიდა, რომ არც ასაკი და არც გამოცდილება ჰქონდა საიმისოდ, რომ ასეთი სერიოზული დავალება შეესრულებინა და, როგორც წინასწარმეტყველს, ხალხისთვის ღვთის ცნობა ეუწყებინა.
9, 10. რა ვითარება იყო იუდაში, როცა იერემია ღმერთმა წინასწარმეტყველად დანიშნა და რატომ გახდა დროთა განმავლობაში რთული ამ დავალების შესრულება?
9 იერემია წინასწარმეტყველად მაშინ დაინიშნა, როცა მეფე იოშიამ საძაგელი ცრუთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გაილაშქრა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განმტკიცებას შეუდგა. ჩვენ არ ვიცით, რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ იერემიასა და იოშიას, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს ხელი არ შეეშლებოდა თავისი დავალების შესრულებაში, რადგან ამისთვის ხელსაყრელი გარემო იყო შექმნილი. იოშიას მეფობის დასაწყისში იუდაში მსახურობდნენ წინასწარმეტყველები სოფონია და ნაუმი.b მისი მეფობის პერიოდში მსახურობდა წინასწარმეტყველი ქალი ხულდაც, რომელმაც უბედურება უწინასწარმეტყველა იუდას. თვითონ იერემიამაც არაერთხელ გამოსცადა საკუთარ თავზე ხულდას წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება (2 მეფ. 22:14). იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა იერემია მისმა მეგობრებმა, ებედ-მელექმა და ბარუქმა სიკვდილისაგან და ავისმზრახველთა ხელიდან იხსნეს.
10 რა გრძნობა დაგეუფლებოდათ, ღმერთს თქვენთვის მნიშვნელოვანი ცნობის წინასწარმეტყველება რომ დაევალებინა? (წაიკითხეთ იერემიას 1:10). უბრალოდ დაფიქრდით, რის თქმა უწევდა იერემიას. ძვ. წ. 609 წელს ბაბილონის ჯარები იერუსალიმს მიადგნენ. მეფე ციდკიას დამაიმედებელი ცნობის მიღება სურდა ღვთისგან. მაგრამ ცნობა, რომელიც იერემიას ჰქონდა სათქმელი, ნამდვილად არ იქნებოდა მანუგეშებელი მისთვის (წაიკითხეთ იერემიას 21:4—7, 10).
ჩვენნაირი ადამიანი
11. რატომ არ იქნებოდა ადვილი იერემიასთვის მიღებული დავალების შესრულება, მაგრამ რამ შემატა მას გამბედაობა?
11 წარმოიდგინეთ, რომ იერემიას მსგავსად თქვენც ბოროტი მეფეების, უზნეო მღვდლებისა და ცრუწინასწარმეტყველების მხილება და მათთვის განაჩენის გაცხადება გევალებათ. თუმცა ამ დროს თქვენ ღმერთი გიდგათ მხარში, როგორც ეს იერემიას შემთხვევაში იყო (იერ. 1:7—9). ღმერთი ენდობოდა ახალგაზრდა იერემიას და მას შემდეგი სიტყვებით ამხნევებდა: „გამაგრებულ ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის გალავნად გაქციე დღეს მთელი ამ მიწის, იუდას მეფეების, მისი მთავრების, მისი მღვდლებისა და ამ მიწაზე მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ. შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ, — ამბობს იეჰოვა, — რომ გიხსნა“ (იერ. 1:18, 19).
12. რატომ შეგვიძლია ადვილად გავუგოთ იერემიას?
12 ნურავინ იფიქრებს იმას, რომ იერემია განსაკუთრებული გამბედაობით გამოირჩეოდა. ის ჩვენნაირი ადამიანი იყო. მართალია, სხვა პერიოდში ცხოვრობდა, მაგრამ მასაც უწევდა ისეთ სიტუაციებში ყოფნა, რომლებიც დღევანდელობისთვისაც დამახასიათებელია. იერემიას მსგავსად, რომელსაც მრავალნაირ ადამიანთან უხდებოდა ურთიერთობა, ჩვენც ბევრნაირ ადამიანს ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ კრების საქმიანობაში მონაწილეობის დროს. ამ მხრივ ბევრის სწავლა შეგვიძლია იერემიასგან, რომელიც წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“ (იაკ. 5:17). ვნახოთ ამის ზოგიერთი მაგალითი.
13, 14. რატომ არ არის რთული ზოგი ქრისტიანისთვის იმის წარმოდგენა, თუ რა გადაიტანა იერემიამ ფაშხურის მხრიდან, როგორც ეს ნაჩვენებია მე-10 გვერდზე?
13 ალბათ, გქონიათ ცხოვრებაში როგორც კარგი, ისე ცუდი პერიოდები. ამ მხრივ არც იერემია იყო გამონაკლისი. ერთხელ გავლენიანმა მღვდელმა ფაშხურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას და ხუნდები დაადო. ხელებზე, ფეხებზე და კისერზე ხუნდებდადებულ იერემიას არაერთი საათი მოუწია ასეთ მოუხერხებელ მდგომარეობაში ყოფნა. ფიზიკურ ტკივილს ისიც ემატებოდა, რომ მას დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. შეძლებდით ღვარძლიანი დაცინვისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ატანას? (იერ. 20:1—4).
14 თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომელშიც იერემია აღმოჩნდა, გასაკვირი არ არის, რატომ აღმოხდა ასეთი სიტყვები: „დაწყევლილი იყოს ის დღე, როცა დავიბადე! . . . რატომ გამოვედი საშვილოსნოდან, რომ მეხილა გარჯა და მწუხარება, და ჩემი დღეები სირცხვილში გამელია?“ (იერ. 20:14—18). აშკარაა, რომ იერემია გულგატეხილობაში იყო ჩავარდნილი. ოდესმე ყოფილხართ იმდენად გულმოკლული, რომ უღირსობის გრძნობა დაგუფლებიათ და ეჭვიც კი შეგპარვიათ, რამდენად ფასდებოდა თქვენი შრომა და საერთოდ ჰქონდა თუ არა აზრი იეჰოვას მსახურების გაგრძელებას? ასეთ სიტუაციაში დაგეხმარებათ იმის უკეთ გაგება, თუ რა გადაიტანა იერემიამ და რა მოჰყვა ამას შედეგად.
რატომ არის თქვენთვის საინტერესო ის, რომ იეჰოვამ იერემია აირჩია წინასწარმეტყველად? რა მსგავსებას ხედავთ თქვენსა და იერემიას შორის?
15. რაზე მეტყველებს ის, რომ იერემიას სწრაფად ეცვლებოდა გუნება-განწყობილება და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
15 სანამ წინასწარმეტყველი იერემიას 20:14—18-ში ჩაწერილ მწუხარების გამომხატველ სიტყვებს იტყოდა, მან იეჰოვას ხოტბა შეასხა (წაიკითხეთ იერემიას 20:12, 13). დროდადრო თქვენც ხომ არ გეცვლებათ სწრაფად გუნება-განწყობილება? ყოფილა ისე, რომ ერთ წუთში ბედნიერებასა და სიხარულს განიცდიდით, მეორე წუთში კი მწუხარება და დარდი შემოგწოლიათ? უეჭველია, იერემიას ცხოვრების გაანალიზება თითოეულ ჩვენგანს ბევრ რამეში გამოგვადგება. აშკარაა, რომ მას ისეთივე გრძნობები ჰქონდა, როგორიც ჩვენ გვაქვს. ასე რომ, ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ამ მამაკაცისგან, რომელიც შემოქმედმა ღმერთმა თავის წინასწარმეტყველად აირჩია (2 მატ. 36:12, 21, 22; ეზრ. 1:1).
16. ვისთვის შეიძლება იყოს საყურადღებო იერემიას ოჯახური მდგომარეობა?
16 ზოგი ქრისტიანი იმითაც ჰგავს იერემიას, რომ მასავით დაუქორწინებელია. ღმერთმა იერემიას უჩვეულო და საკმაოდ რთული მითითება მისცა; უთხრა, რომ ცოლი არ მოეყვანა (წაიკითხეთ იერემიას 16:2). რატომ უთხრა იეჰოვამ იერემიას ეს და როგორ იმოქმედა ამან მის ცხოვრებაზე? რის სწავლა შეუძლიათ აქედან იმ და-ძმებს, რომლებმაც ან არჩიეს არ დაქორწინებულიყვნენ, ან რაიმე მიზეზის გამო ვერ ქორწინდებიან? დაქორწინებულებს თუ შეუძლიათ რაიმე ისწავლონ იერემიასთვის მიცემული ღვთის მითითებიდან? რაზე შეუძლიათ დაფიქრდნენ ის წყვილები, რომლებსაც არა ჰყავთ „ვაჟები და ასულები“? პირადად თქვენ რას სწავლობთ იერემიასგან?
17. რაზე გვაფიქრებს იერემიას 38:20-ში ჩაწერილი სიტყვები?
17 საინტერესოა, რა რჩევა მისცა ერთხელ იერემიამ იუდას მეფეს: „გთხოვ, დაემორჩილე იეჰოვას ხმას, რასაც მე გეუბნები, ხელი მოგემართება და იცოცხლებს შენი სული“ (იერ. 38:20). ეს შემთხვევა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ არ ემსახურებიან იეჰოვას, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ერთ დღეს ჩვენი დახმარებით ღვთის გზას დაადგნენ. ჩვენთვის ისიც საყურადღებოა, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა იერემიას ღვთის მორჩილ ხალხთან. მართლაც რომ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იერემიასგან!
რა არის ამ წიგნის მიზანი?
18, 19. რა და რა სახით შეგიძლიათ „იერემიასა“ და „გოდების“ გამოკვლევა?
18 ეს წიგნი დაგეხმარებათ „იერემიასა“ და „გოდების“ გამოკვლევაში და დაგანახვებთ მათ პრაქტიკულ ღირებულებას. ამის თქმის უფლებას მოციქულ პავლეს მიერ დაწერილი ღვთისგან შთაგონებული სიტყვები გვაძლევს: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმ. 3:16). „წმინდა წერილში“ ზემოხსენებული ორი წიგნიც იგულისხმება.
19 რაღა თქმა უნდა, „იერემიასა“ და „გოდების“ განხილვა სხვადასხვანაირად შეიძლება. მაგალითად, მუხლების თანმიმდევრული განხილვა, ანუ თითოეული მუხლის მნიშვნელობის გამოკლევა; ან ამ წიგნებში მოხსენიებული ადამიანებისა და მოვლენების შედარება დღევანდელ ადამიანებთან და მოვლენებთან (შეადარეთ იერემიას 24:6, 7; 1 კორინთელების 3:6). მათი განხილვის კიდევ ერთი მეთოდი ისტორიული ფონის გამოკვლევაა (იერ. 39:1—9). „იერემიასა“ და „გოდების“ გამოკვლევა ნაყოფიერი რომ იყოს, ასეთი ინფორმაციის მიღება გარკვეულწილად აუცილებელიცაა. სწორედ ამ წიგნის მეორე თავი, «„უკანასკნელ დღეებში“ მსახურება», დაგეხმარებათ იმ ისტორიული მოვლენების წარმოდგენაში, რომლებიც იერემიას დროს ხდებოდა და დაგანახვებთ, როგორ წარმართავდა ღმერთი მოვლენებს.
20. რა კუთხით განვიხილავთ წიგნებს „იერემია“ და „გოდება“?
20 სინამდვილეში ამ წიგნის ძირითადი მიზანი ცოტა განსხვავებულია. მისი განხილვისას დავინახავთ, რომ „იერემია“ და „გოდება“ ღვთისგან ბოძებული ძღვენია და გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ ღვთის მოსაწონად (ტიტ. 2:12). კიდევ უფრო დავრწმუნდებით, რომ ამ ორ წიგნში ბევრი ისეთი რამ წერია, რაც „სასარგებლოა სასწავლებლად“. უამრავ პრაქტიკულ რჩევას მივიღებთ და ბევრ ისეთ მაგალითს ვნახავთ, რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში დაგვეხმარება. ეს წიგნები გამოადგება ყველას — დაუქორწინებლებს, დაქორწინებულებს, უხუცესებს, პიონერებს, ოჯახის მარჩენლებს, დიასახლისებსა და მოსწავლეებს. თითოეული ჩვენგანი დავინახავთ, რომ ღვთისგან შთაგონებული ამ ორი წიგნის მეშვეობით ღმერთი „ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ მოგვამზადებს (2 ტიმ. 3:17).
21. რას ელით ამ წიგნისგან?
21 თითოეული თავის განხილვისას ყურადღება მიაქციეთ იმ აზრებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ. აშკარაა, რომ „იერემია“ და „გოდება“ ამართლებს პავლეს სიტყვებს: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4).
რა პრაქტიკული რჩევების მიღებას ელით წიგნებიდან „იერემია“ და „გოდება“?
a ქართულ ენაში გამოიყენება სიტყვა იერემიადა, რომელიც ნაწარმოებია წინასწარმეტყველის სახელიდან და ნიშნავს მოთქმას, გოდებას, ჩივილსა და წუწუნს. თუმცა ზოგ ენაში მხილება და რისხვაც მოიაზრება ამ სიტყვაში. გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ ფილმს, რომელიც მსოფლიოში გაუარესებულ ეკოლოგიურ და კლიმატურ პირობებს აღწერს, „შემარცხვენელ იერემიადას“ უწოდებს.
b იერემიას წინასწარმეტყველად მსახურების ბოლო წლებში აბაკუმი, აბდია, დანიელი და ეზეკიელიც მსახურობდნენ წინასწარმეტყველებად. ძვ. წ. 607 წლისთვის, იმ დროს, როდესაც იერუსალიმი განადგურდა, იერემია დაახლოებით 40 წელი იყო, რაც წინასწარმეტყველად მსახურობდა. მან ამის შემდეგ კიდევ 20 წელი იცოცხლა.