თავი 27
რატომ არ მოვწონვარ ბიჭებს?
ვუთხარი, რომ ბევრ ბიჭს მოვწონვარ. მშვენივრად იცის, როგორ გაუმართლა, ჩემნაირი გოგო რომ გაიცნო. ბევრი იცინა, ჩემი მეგობრების სისულელეები რომ მოვუყევი. ისიც კარგად იცის, რომ მე ჭკვიანი ვარ იმიტომ, რომ რამდენჯერმე შევუსწორე ნათქვამი. მგონი, მალე მეტყვის, რომ ჩემთან ურთიერთობის დაწყება უნდა.
ლამაზი გოგოა, მაგრამ ძალიან ქარაფშუტა ჩანს. პირს არ აჩერებს და სიტყვის თქმასაც არ მაცლის. და თუ რამის თქმის საშუალება მომეცა, ყველაფერს მისწორებს. ერთი სული მაქვს, როგორმე თავიდან მოვიშორო.
ხომ არ განიცდი, რომ ბიჭებს არ მოსწონხარ? ბევრი გოგო ამას ძალიან განიცდის, ისინიც კი, ვისაც, ერთი შეხედვით, ეს პრობლემა არა აქვს. მაგალითად, ჯოანი ლამაზი, ჭკვიანი და კარგი მოსაუბრეა, მაგრამ ის ამბობს: „ვგრძნობ, რომ ბიჭებს არ მოვწონვარ. რამდენიმემ, ვინც მომწონდა, კი გამოავლინა ჩემდამი ყურადღება, მაგრამ მალევე გაწყვიტეს ჩემთან ურთიერთობა“.
რა მოსწონთ ბიჭებს გოგოებში? რა არ მოსწონთ? რა შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ წესიერი ბიჭის ყურადღება მიიქციო?
როგორ უნდა მოიქცე?
● გაერკვიე საკუთარ თავში. ალბათ, ბიჭებისადმი ინტერესი მას შემდეგ უფრო გაგიძლიერდა, რაც წამოიზარდე. შეიძლება რამდენიმე ბიჭი მოგწონდა; ამაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ, თუ პირველივე სიმპათიური ბიჭი გულში ჩაგივარდა, იცოდე, რომ შენს სულიერ და ემოციურ კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება. სასურველი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას, „გონების განახლებას“ და დასახული მიზნების მიღწევას დრო სჭირდება (რომაელები 12:2; 1 კორინთელები 7:36; კოლოსელები 3:9, 10).
ბევრ ბიჭს ისეთი გოგოები მოსწონს, ვისაც საკუთარი აზრი არა აქვს ჩამოყალიბებული, ან ვინც მიამიტია. მაგრამ, როგორც წესი, ასეთ ბიჭებს გოგოს გარეგნობა უფრო აინტერესებთ, ვიდრე შინაგანი სამყარო. გაწონასწორებული ბიჭი კი ისეთ გოგოს მოძებნის, რომლის დადებითი თვისებები მისას შეავსებს (მათე 19:6).
რას ამბობენ ბიჭები: „მომწონს, როცა გოგოს შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, როცა უკვე ჩამოყალიბებულია და დამოუკიდებლად აზროვნებს“ (ჯეიმზი).
„მომწონს ისეთი გოგო, რომელიც გულწრფელად და პატივისცემით გამოხატავს თავის აზრს და ყველაფერზე, რასაც ვამბობ, თავს არ მიქნევს. თუნდაც ლამაზი იყოს, თავს კარგად ვერ ვგრძნობ იმ გოგოს გვერდით, რომელიც ყოველთვის იმას ამბობს, რაც მე მესიამოვნება“ (დარენი).
რა აზრის ხარ ამ ბიჭების ნათქვამზე?
․․․․․
● ისწავლე სხვების პატივისცემა. გოგოებისთვის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ბიჭებისთვის კი — პატივისცემა. ბიბლიაში ტყუილად არ წერია, რომ ქმარს უნდა უყვარდეს ცოლი, ის კი „დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33). ერთი გამოკვლევის თანახმად, ასობით გამოკითხული მამაკაციდან ახალგაზრდების 60 პროცენტზე მეტმა თქვა, რომ სიყვარულზე მეტად პატივისცემას აფასებს. უფრო ასაკოვანთა 70 პროცენტზე მეტმაც იგივე არჩევანი გააკეთა.
პატივისცემა ყოველთვის დათმობაზე წასვლას არ ნიშნავს. შენ გაქვს განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლება (დაბადება 21:10—12). მაგრამ მოეწონები თუ არა ბიჭს, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოთქვამ შენს აზრს. თუ ყოველთვის ეკამათები და ნათქვამს უსწორებ, მას შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ პატივს არ სცემ. მაგრამ, თუ დააფასებ მის აზრს და აღნიშნავ, რა მოგეწონა მის ნათქვამში, ის შენს აზრსაც უფრო მეტად გაითვალისწინებს. დაკვირვებული ბიჭი იმასაც მიაქცევს ყურადღებას, პატივისცემით ეპყრობი თუ არა შენი ოჯახის წევრებსა თუ სხვებს.
რას ამბობენ ბიჭები: „ჩემი აზრით, როცა ურთიერთობა იწყება, ამ დროს პატივისცემა ყველაზე მნიშვნელოვანია. სიყვარული შეიძლება განვითარდეს მოგვიანებით“ (ადრიანი).
„თუ გოგო პატივს მცემს, ის ჩემს შეყვარებასაც შეძლებს“ (მარკი).
რა აზრის ხარ ამ ბიჭების ნათქვამზე?
․․․․․
● ჩაიცვი მოკრძალებულად და ყურადღება მიაქციე პირად ჰიგიენას. შენი ჩაცმულობა და გარეგნობა ბევრს ამბობს იმაზე, შინაგანად როგორი ხარ. ვიდრე ბიჭს გამოელაპარაკები, მას შენი ჩაცმულობით გარკვეული წარმოდგენა ექმნება შენზე. თუ კოხტად და მოკრძალებულად ჩაიცვამ, კარგ შთაბეჭდილებას მოახდენ მასზე (1 ტიმოთე 2:9). გამომწვევი და უგემოვნო ჩაცმულობით კი უარყოფით შთაბეჭდილებას დაუტოვებ.
რას ამბობენ ბიჭები: „გოგოს ჩაცმულობა მასზე ბევრ რამეს ამბობს. თუ გამომწვევად ან უგემოვნოდ აცვია, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სხვების ყურადღების მიქცევას ცდილობს“ (ადრიანი).
„მომწონს ისეთი გოგო, რომელსაც წესიერი ვარცხნილობა, სასიამოვნო სურნელი და სასიამოვნო ხმა აქვს. ერთი ლამაზი გოგო მომწონდა, მაგრამ პირად ჰიგიენას ყურადღებას არ აქცევდა, რის გამოც ურთიერთობა გავწყვიტე მასთან“ (რაიანი).
„ფაქტია, რომ გამომწვევად ჩაცმული გოგო ყურადღებას იქცევს, მაგრამ ასეთ გოგოსთან ურთიერთობას ნამდვილად არ მოვინდომებ“ (ნიკოლასი).
რა აზრის ხარ ამ ბიჭების ნათქვამზე?
․․․․․
რისი გაკეთება არ ღირს?
● მოერიდე ფლირტს. ქალს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია კაცზე. მამაკაცის მოხიბვლის უნარი ქალმა შეიძლება გამოიყენოს სასიკეთოდ ან საზიანოდ (დაბადება 29:17, 18; იგავები 7:6—23). თუ ყოველ შემხვედრ ბიჭთან იკეკლუცებ, ფლირტის მოყვარული გოგოს რეპუტაციას შეიქმნი.
რას ამბობენ ბიჭები: „საკმარისია ბიჭს გვერდით ლამაზი გოგო ეჯდეს და მისი მხარი ეხებოდეს, რომ უკვე ჟრუანტელი უვლის, და თუ გოგო ხშირად ეხება ლაპარაკისას, ეს უკვე აშკარად ფლირტია“ (ნიკოლასი).
„თუ გოგო ცდილობს, ყველა შემხვედრ ბიჭს ხელი მოჰკიდოს ან ყველა გამვლელ ბიჭს თვალები უჟუჟუნოს, ჩემი აზრით, ეს ფლირტია, და მე ასეთი გოგოები არ მომწონს“ (ხოსე).
● ნუ იქნები მომაბეზრებელი. დაქორწინების შემდეგ ქალი და კაცი, როგორც ბიბლია ამბობს, „ერთი ხორცი“ ხდებიან (დაბადება 2:24). ამ დროს ცოლსა და ქმარს ეზღუდება ის თავისუფლება, რომელიც დაქორწინებამდე ჰქონდა. ისინი ერთმანეთის წინაშე ანგარიშვალდებულნი ხდებიან (1 კორინთელები 7:32—34). მაგრამ, თუ ჯერ მხოლოდ ეცნობი ვინმეს, არც შენ და არც ის არ უნდა მოელოდეთ, რომ ცოლ-ქმარივით ერთმანეთს ანგარიში აბაროთa. თუ ითვალისწინებ მის უფლებას, რომ სხვა მეგობრებთანაც გაატაროს დრო, შეიძლება უფრო მეტად დაგაფასოს. გარდა ამისა, მის შესახებ ბევრის გაგება შეგიძლია იქიდან, თუ როგორ გამოიყენებს იგი ამ თავისუფლებას (იგავები 20:11).
რას ამბობენ ბიჭები: „გოგო უკვე თავს მაბეზრებს, თუ ყველა ნაბიჯს მიკონტროლებს და ჩემ გარდა არც სხვებთან ურთიერთობა აინტერესებს და არც სხვა რამ“ (დარენი).
„თუ ახალი გაცნობილი გოგო წარამარა მიგზავნის მესიჯებს და მეკითხება, ვისთან ერთად ვარ და გოგოებიდან ვინ არიან ჩემთან ერთად, ვხვდები, რომ მასთან ფრთხილად უნდა ვიყო“ (რაიანი).
„ჩემთვის მომაბეზრებელია გოგო, რომელიც საშუალებას არ გაძლევს, მეგობრებთან გაერთო და სწყინს, თუ ყველგან თან არ დაგყავს“ (ადრიანი).
რა აზრის ხარ ამ ბიჭების ნათქვამზე?
․․․․․
ნუ დაკარგავ საკუთარ ღირსებას
ალბათ იცნობ ისეთ გოგოებს, რომლებიც ბიჭის ყურადღების მისაქცევად უკან არაფერზე იხევენ. ზოგი მზად არის საკუთარი პრინციპებიც კი დათმოს, ოღონდ შეყვარებული გაიჩინოს ან გათხოვდეს. ამ შემთხვევაშიც სრულიად ამართლებს პრინციპი: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7—9). თუ არ აფასებ საკუთარ თავს და არც იმ პრინციპებს, რომლებითაც ცხოვრობ, მხოლოდ ისეთ ბიჭებს მოაწონებ თავს, რომლებიც არც შენ დაგაფასებენ და არც შენს პრინციპებს.
სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო — ყველა ბიჭს არ მოეწონები და არც არის საჭირო. მაგრამ თუ ზრუნავ, როგორც გარეგან, ისე შინაგან სილამაზეზე, „ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი“ იქნები და შენ შესაფერის ღირსეულ ბიჭსაც მოხიბლავ (1 პეტრე 3:4).
როგორ უნდა მოიქცე, თუ ბიჭი ხარ და ფიქრობ: „რატომ არ მოვწონვარ გოგოებს“?
[სქოლიო]
a რა თქმა უნდა, დანიშნულებს ერთმანეთის წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„მომხიბვლელობა შეიძლება მატყუარა იყოს, სილამაზე — ამაო, იეჰოვას მოშიში ქალი კი ქებას იმსახურებს“ (იგავები 31:30).
რჩევა
ზედმეტ მაკიაჟს ნუ გაიკეთებ. ამით სხვებს შეიძლება აფიქრებინო, რომ თავმომწონე ადამიანი ხარ ანდა გინდა, ყურადღების ცენტრში მოექცე.
იცოდი, რომ . . . ?
თუ ბიჭისგან მუდმივად ყურადღებას ითხოვ, თქვენს ურთიერთობას შეიძლება ძირი გამოუთხარო.
რა უნდა გავაკეთო
თვისება, რომლის გაუმჯობესებასაც შევეცდები, არის . . .
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე?
როგორ ფიქრობ?
● როგორ შეგიძლია აჩვენო ბიჭს, რომ პატივს სცემ მის აზრებსა და გრძნობებს?
● რით შეგიძლია აჩვენო, რომ აფასებ საკუთარ ღირსებას?
[ჩანართი 190 გვერდზე]
„ვაღიარებ, რომ პირველ რიგში, გოგოს გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას. მაგრამ ინტერესს მაშინვე ვკარგავ, თუ ვხედავ, რომ მას ღირებული მიზნები არა აქვს. მიმზიდველია ის გოგო, რომელმაც იცის, რა უნდა ცხოვრებაში და ზოგიერთ მიზანს უკვე მიაღწია კიდეც“ (დემიენი).
[სურათი 191 გვერდზე]
სიყვარული და პატივისცემა რაღაცით ველოსიპედის ორ თვალს ჰგავს. ერთიც მნიშვნელოვანია და მეორეც.