გაკვეთილი 11
რატომ არის სასარგებლო ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება?
1. რატომ გვჭირდება ხელმძღვანელობა?
ჩვენი შემოქმედი ჩვენზე ბევრად ბრძენია. როგორც მოსიყვარულე მამა, ის ზრუნავს ჩვენზე. ღმერთს ისე არ შევუქმნივართ, რომ მისგან დამოუკიდებლად შევძლოთ ცხოვრება (იერემია 10:23). როგორც ბავშვებს სჭირდებათ მშობლების დახმარება, ჩვენც ისე გვჭირდება ღვთის ხელმძღვანელობა (ესაია 48:17, 18). ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვხელმძღვანელობს. ეს წიგნი ნამდვილად დიდი საჩუქარია ღვთისგან. წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:16.
იეჰოვას კანონები და პრინციპები დღესვე საუკეთესოდ წარმართავს ჩვენს ცხოვრებას და მარადიული სიცოცხლისკენ მივყავართ. რადგან ღმერთმა შეგვქმნა, სწორი და სამართლიანია, რომ მის ხელმძღვანელობას მივყვეთ და მადლიერები ვიყოთ ამისთვის. წაიკითხეთ ფსალმუნის 19:7, 11; გამოცხადების 4:11.
2. როგორ გვხელმძღვანელობს ღვთის სიტყვა?
ძირითადი ბიბლიური პრინციპები გვიჩვენებს, თუ როგორ ვიცხოვროთ ღვთის მოსაწონად, მაგრამ ბიბლიაში ასევე ჩაწერილია კანონები, რომლებიც გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ კონკრეტულ სიტუაციებში (კანონი 22:8). გამჭრიახობაა საჭირო, რომ ადამიანმა გაიგოს, როგორ გამოიყენოს ესა თუ ის პრინციპი ამა თუ იმ შემთხვევაში (იგავები 2:10—12). მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სიცოცხლე დიდი ძღვენია ღვთისგან. ამის ცოდნა გვეხმარება გონივრულად მოვიქცეთ სამსახურში, სახლში თუ მგზავრობისას და საფრთხეში არ ჩავაგდოთ საკუთარი თუ სხვების სიცოცხლე. წაიკითხეთ ფსალმუნის 100:3.
3. რომელი ორი პრინციპია ყველაზე მთავარი?
უამრავი პრინციპიდან იესომ ორი განსაკუთრებულად გამოყო. პირველი ეხება იმას, თუ რა უნდა იყოს ადამიანის ცხოვრების მიზანი — იცნობდეს ღმერთს, უყვარდეს ის და ერთგულად ემსახურებოდეს მას. ამ პრინციპს ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ვითვალისწინებდეთ (იგავები 3:6). ისინი, ვინც მის თანახმად ცხოვრობენ, ღმერთთან ახლო ურთიერთობით, ნამდვილი ბედნიერებითა და მარადიული სიცოცხლით დატკბებიან. წაიკითხეთ მათეს 22:36—38.
მეორე პრინციპი კი სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებაში გვეხმარება (1 კორინთელები 13:4—7). ამ პრინციპის თანახმად ცხოვრება ნიშნავს, ადამიანებს ისე მოვექცეთ, როგორც ღმერთი ექცევა. წაიკითხეთ მათეს 7:12; 22:39, 40.
4. რატომ არის სასარგებლო ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება?
ბიბლიური პრინციპები ოჯახებს ასწავლის, როგორ გაერთიანდნენ სიყვარულით (კოლოსელები 3:12—14). ბიბლიაში ასევე ჩაწერილია სხვა პრინციპი, რომელიც ეხმარება წყვილებს, თავიანთი ქორწინება მუდმივ კავშირად აქციონ. წაიკითხეთ დაბადების 2:24.
ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება დაგვეხმარება, მატერიალურად უზრუნველვყოთ საკუთარი თავი და ოჯახი და გვქონდეს შინაგანი სიმშვიდე. მაგალითად, დამსაქმებლები ხშირად ისეთ თანამშრომლებს ეძებენ, რომლებიც ბიბლიაში ჩაწერილი პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის პრინციპებით ცხოვრობენ (იგავები 10:4, 26; ებრაელები 13:18). ღვთის სიტყვიდან იმასაც ვსწავლობთ, რომ კმაყოფილები ვიყოთ იმ აუცილებლით, რაც გვაქვს და მატერიალურ საგნებზე მეტად ღმერთთან ურთიერთობა დავაფასოთ. წაიკითხეთ მათეს 6:24, 25, 33; 1 ტიმოთეს 6:8—10.
ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც გვეხმარება (იგავები 14:30; 22:24, 25). მაგალითად, გადამეტებულ სმასთან დაკავშირებით ღვთის კანონის გათვალისწინება დაგვიცავს სასიკვდილო დაავადებებისა და უბედური შემთხვევებისგან (იგავები 23:20). ღმერთი არ კრძალავს ალკოჰოლური სასმელების დალევას, თუმცა აქაც გარკვეული ზღვარი უნდა დაადგინოს ადამიანმა (ფსალმუნი 104:15; 1 კორინთელები 6:10). ღვთიური პრინციპები გვეხმარება, გავაკონტროლოთ არა მარტო საქციელი, არამედ საკუთარი ფიქრებიც (ფსალმუნი 119:97—100). თუმცა ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთიურ პრინციპებსა და კანონებს მხოლოდ იმიტომ არ იცავენ, რომ ეს მათთვის სასარგებლოა და კარგია. ისინი, პირველ რიგში, ამას იეჰოვას განდიდების მიზნით აკეთებენ. წაიკითხეთ მათეს 5:14—16.