თავი 3
„ყველა მორწმუნის მამა“
1, 2. როგორ შეიცვალა მსოფლიო ნოეს დროინდელი წარღვნის შემდგომ და რას ფიქრობდა ამაზე აბრამი?
აბრამი გაჰყურებდა ზიქურათს, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ ურში იყო აღმართული.a მას ესმოდა ხალხის ჩოჩქოლის ხმა და ხედავდა კვამლის სვეტს. ქურუმები, ჩვეულებისამებრ, მთვარის ღვთაებას სწირავდნენ მსხვერპლს. წარმოიდგინეთ, უკმაყოფილების ნიშნად როგორ გადააქნევდა თავს და შეიჭმუხნიდა წარბებს აბრამი. როდესაც შინ ბრუნდებოდა და ხალხში გზას მიიკვლევდა, ალბათ, წუხდა იმაზე, თუ როგორ შთაენთქა ური კერპთაყვანისმცემლობას — ნოეს დროინდელი წარღვნის შემდეგ მას კვლავ გაედგა ფესვი მთელ მსოფლიოში!
2 ნოე აბრამის დაბადებამდე ორი წლით ადრე მოკვდა. წარღვნის შემდეგ, როცა ის და მისი ოჯახი კიდობნიდან გამოვიდნენ და ნოემ იეჰოვა ღმერთს მსხვერპლი შესწირა, იეჰოვამ ცაზე ცისარტყელა გამოაჩინა (დაბ. 8:20; 9:12—14). ამ დროს მხოლოდ ერთი, წმინდა თაყვანისმცემლობა არსებობდა. ამჯერად, როცა დედამიწაზე ნოეს შემდგომი მეათე თაობა ცხოვრობდა, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები სანთლით საძებნი გახდნენ. თითქმის ყველა წარმართულ ღვთაებებს სცემდა თაყვანს. აბრამის მამა, თერახიც კი, კერპთაყვანისმცემელი იყო და, როგორც ჩანს, თავადაც აკეთებდა კერპებს (იეს. 24:2).
რატომ შეიძლება ითქვას, რომ აბრამმა რწმენის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა?
3. რით გამოირჩეოდა აბრამი სხვებისგან, რაც უფრო ემატებოდა წლები, და რის სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან?
3 აბრამი სრულიად საპირისპიროდ იქცეოდა. რაც უფრო ემატებოდა წლები, მით უფრო გამოირჩეოდა სხვებისგან თავისი რწმენით. სწორედ ამიტომ უწოდა პავლემ მას „ყველა მორწმუნის მამა“ (წაიკითხეთ რომაელების 4:11 ). მოდი, ვნახოთ, რა დაეხმარა აბრამს, რომ ასეთი რწმენა განევითარებინა. აბრამის მაგალითის განხილვა დაგვანახვებს, როგორ განვივითაროთ მასსავით მტკიცე რწმენა.
ღვთის თაყვანისმცემლობა წარღვნის შემდგომ
4, 5. ვისგან შეიძლებოდა აბრამს გაეგო იეჰოვას შესახებ და რის საფუძველზე მივდივართ ამ დასკვნამდე?
4 როგორ შეიტყო აბრამმა იეჰოვა ღმერთის არსებობის შესახებ? ჩვენთვის ცნობილია, რომ იმ დროს იეჰოვას ერთგული მსახურები ჰყავდა დედამიწაზე. ერთ-ერთი მათგანი იყო სემი. მართალია, ის არ იყო ნოეს უფროსი ვაჟი, მაგრამ ბიბლია ხშირად პირველს მას იხსენიებს. ალბათ, ეს იმიტომ, რომ მას განსაკუთრებული რწმენა ჰქონდა.b წარღვნიდან მალე ნოემ იეჰოვა „სემის ღმერთად“ მოიხსენია (დაბ. 9:26). სემი პატივს მიაგებდა იეჰოვას და აფასებდა მის წმინდა თაყვანისმცემლობას.
5 იცნობდა აბრამი სემს? სავსებით შესაძლებელია. წარმოიდგინეთ აბრამი, რომელსაც ჯერ კიდევ სიყმაწვილეში აღაფრთოვანებდა იმის გაგება, რომ კვლავ ცოცხალი იყო მისი ბრძენი წინაპარი, სემი, ბოლო ოთხ საუკუნეში განვითარებული მოვლენების თვითმხილველი! სემს საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი წარღვნამდელი მსოფლიო, სადაც გაბატონებული იყო ბოროტება; მსოფლიო წარღვნა, რომელმაც დედამიწა ბოროტებისგან გაწმინდა; წარღვნის შემდგომი პერიოდი, როცა ხალხი გამრავლდა და პირველი ერები წარმოიშვა; ის შავბნელი დრო, როცა ნიმროდმა გაილაშქრა ღვთის წინააღმდეგ და თავის თანამოაზრეებთან ერთად ბაბილონის კოშკის აგება დაიწყო. ღვთის ერთგულ სემს ამ ამბოხებაში არ მიუღია მონაწილეობა. ამიტომ, როდესაც იეჰოვამ კოშკის მშენებლები სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა, სემი და მისი ოჯახი კვლავ თავდაპირველ ენაზე მეტყველებდნენ, იმ ენაზე, რომელზეც ნოე ლაპარაკობდა. აბრამიც ამ ენაზე მეტყველებდა. ეჭვგარეშეა, აბრამი სიყრმიდანვე დიდ პატივს სცემდა სემს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სემი აბრამსაც მოესწრო და მისი დაბადების შემდეგაც კარგა ხანს იცოცხლა. უდავოა, რომ აბრამი ბევრ რამეს ისწავლიდა იეჰოვას შესახებ სემისგან.
6. ა) საიდან ჩანს, რომ აბრამმა წარღვნის შესახებ მონათხრობიდან ბევრი რამ ისწავლა? ბ) როგორი ცოლ-ქმარი იყვნენ აბრამი და სარაი?
6 ერთი რამის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია. აბრამმა წარღვნის შესახებ მონათხრობიდან მართლაც ბევრი რამ ისწავლა. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ნოეს მსგავსად, ღმერთთან ერთად ევლო. სწორედ ამიტომ, ის არ ჩაბმულა კერპთაყვანისმცემლობაში და ურის მაცხოვრებლებისგან, მათ შორის, საკუთარი ოჯახის წევრებისგანაც კი, ჭეშმარიტი რწმენით გამოირჩეოდა. აბრამმა ცხოვრების შესანიშნავი თანამგზავრი იპოვა. მან თავისი ცხოვრება დაუკავშირა სარაის, რომელიც არა მხოლოდ ლამაზი, არამედ იეჰოვას მოშიშიც იყო.c მართალია, მათ შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ დიდ სიხარულს ანიჭებდათ ის, რომ იეჰოვას ერთად სცემდნენ თაყვანს. ამასთანავე, მათ შვილივით გაზარდეს აბრამის დაობლებული ძმისწული ლოტი.
7. როგორ უნდა მიჰბაძონ იესოს მიმდევრებმა აბრამს?
7 მიუხედავად იმისა, რომ ურში კერპთაყვანისმცემლობა ყვაოდა, აბრამს არასდროს შეუქცევია ზურგი იეჰოვასთვის. ის და სარაი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ არ დამსგავსებოდნენ თავიანთ კერპთაყვანისმცემელ მეზობლებს. თუ გვინდა, რომ ნამდვილი რწმენა განვივითაროთ, ჩვენც მსგავსი განწყობა უნდა გვქონდეს. ყველანაირად უნდა ვცდილობდეთ, სხვებისგან გამოვირჩეოდეთ. იესომ თავის მიმდევრებზე თქვა, რომ არ იქნებოდნენ „ქვეყნიერების ნაწილი“, რის გამოც ქვეყნიერება შეიძულებდათ (წაიკითხეთ იოანეს 15:19). თუ იეჰოვას მსახურების გამო ოჯახის წევრები ან მეზობლები ზურგს გაქცევენ, გახსოვდეს, რომ ერთადერთი არა ხარ. შენ მიჰყვები აბრამისა და სარაის მაგალითს, რომლებიც იეჰოვასთან ერთად დადიოდნენ.
„დატოვე შენი ქვეყანა“
8, 9. ა) რა დაუვიწყარი რამ შეემთხვა აბრამს? ბ) რა ცნობა გადასცა იეჰოვამ აბრამს?
8 ერთხელ აბრამს დაუვიწყარი რამ შეემთხვა. მან იეჰოვა ღმერთისგან ცნობა მიიღო. მართალია, ბიბლია არ საუბრობს დეტალებზე, მაგრამ ის ამბობს, რომ „დიდების ღმერთი“ ეჩვენა ამ ერთგულ კაცს (წაიკითხეთ საქმეების 7:2, 3). როგორც ჩანს, ღმერთმა აბრამს ანგელოზის მეშვეობით წამიერად ახილვინა თავისი, როგორც სამყაროს უზენაესი მმართველის, განუზომელი სიდიადე. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, რა მძლავრად დაუწყებდა აბრამს გული ცემას, როცა დაინახავდა, რამხელა განსხვავება იყო ცოცხალ ღმერთსა და უსიცოცხლო კერპებს შორის, რომლებსაც მისი თანამედროვენი სცემდნენ თაყვანს.
9 რა ცნობა გადასცა იეჰოვამ აბრამს? „დატოვე შენი ქვეყანა და შენი სანათესავო და წადი ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ“. იეჰოვას არ უთქვამს მისთვის, რომელი ქვეყანა იყო ეს — მხოლოდ ის უთხრა, რომ თავად უჩვენებდა გზას. პირველ რიგში, აბრამს უნდა დაეტოვებინა თავისი მშობლიური მხარე და ნათესავები. ძველ აღმოსავლურ კულტურაში ოჯახს ადამიანის ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. კაცისთვის ნათესავების დატოვება და სხვაგან გადასვლა ხშირად წყევლის ტოლფასი იყო და ზოგისთვის — სიკვდილზე უარესიც კი!
10. რატომ არ იქნებოდა ადვილი აბრამისა და სარაისთვის კეთილმოწყობილი სახლის დატოვება ურში?
10 აბრამისთვის არ იქნებოდა ადვილი, დაეტოვებინა კეთილმოწყობილი ური. როგორც ჩანს, ამ მდიდარ და ხალხმრავალ ქალაქში ცხოვრება დუღდა (იხილეთ ჩარჩო „ქალაქი, რომელიც აბრამმა და სარაიმ დატოვეს“). არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქალაქ ურში კეთილმოწყობილი სახლები ჰქონდათ, რომლებშიც ათი ან უფრო მეტი ოთახი იყო ოჯახის წევრებისა და მსახურებისთვის. ამ ოთახებს ერთმანეთთან მოკირწყლული შიდა ეზო აკავშირებდა. სახლებში ჰქონდათ საპირფარეშოები, წყალგაყვანილობა და საკანალიზაციო სისტემა, რაც იმდროინდელი მსოფლიოსთვის დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს აბრამი და სარაი უკვე ხანდაზმულები იყვნენ; აბრამი დაახლოებით 75 წლის იყო, ხოლო სარაი — 65-ის. უეჭველია, აბრამს სურდა, სარაის კარგ პირობებში ეცხოვრა და ეზრუნა მის საჭიროებებზე, რასაც ნებისმიერი კარგი ქმარი ისურვებს თავისი მეუღლისთვის. ალბათ, ღვთის ამ მითითების მიღების შემდეგ, რამდენი კითხვა გაუჩნდებოდათ და რამდენ რამეზე ისაუბრებდნენ აბრამი და სარაი. აბრამს, ალბათ, ძალიან გაუხარდა, როცა სარაი არ შეუშინდა მოსალოდნელ სირთულეებს და ქმრის ნებას დაჰყვა. აბრამის მსგავსად, სარაი მზად იყო, შელეოდა ფუფუნებას.
11, 12. ა) რა თადარიგის დაჭერა მოუწევდათ აბრამსა და სარაის ურის დატოვებამდე და რა გადაწყვეტილებები უნდა მიეღოთ? ბ) როგორ აღწერდით დილას, როცა ქარავანი გზას დაადგა?
11 ვინაიდან აბრამმა და სარაიმ ურის დატოვება გადაწყვიტეს, მათ ბევრი რამ ექნებოდათ გასაკეთებელი. ცოლ-ქმარს უნდა დაეგეგმა, როდის რას გააკეთებდნენ; მათ საჭირო ნივთებიც უნდა ჩაელაგებინათ. მაგრამ რადგანაც არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ, როგორ გადაწყვეტდნენ, რას წაიღებდნენ და რას — არა?! მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ, რომლებზეც უნდა ეზრუნათ. როგორ იზრუნებდნენ მოხუცებულ თერახზე? მათ გადაწყვიტეს, თერახი თან წაეყვანათ. ის, როგორც ჩანს, სიხარულით დასთანხმდა, რადგან ბიბლიიდან ვიგებთ, რომ თერახმა, როგორც ოჯახის თავმა, თავისი ოჯახი ურიდან წაიყვანა. ეჭვგარეშეა, რომ მან მიატოვა კერპთაყვანისმცემლობა. რა თქმა უნდა, აბრამის ძმისწულიც, ლოტიც, თან გაჰყვებოდა (დაბ. 11:31).
12 როგორც იქნა, დადგა დილა, როცა ისინი გზას უნდა დასდგომოდნენ. წარმოიდგინეთ ქარავანი, რომელიც ქალაქის გალავნის გარეთ, მის გარშემო შემოვლებულ წყლით სავსე თხრილთანაა დაბანაკებული. ოჯახის წევრები თუ მსახურები, დატვირთული აქლემები თუ სახედრები, ნახირი თუ ფარა, გზას რომ დაადგნენ, აბრამისგან ნიშანს ელოდებიან.d და აი, ეს წუთიც დგება, ქარავანი ადგილიდან იძვრის და სამუდამოდ ტოვებს ურს.
13. როგორ ავლენს დღეს ბევრი იეჰოვას მსახური ისეთივე რწმენას, როგორიც აბრამს ჰქონდა?
13 დღეს იეჰოვას ბევრი მსახური იქ გადადის საცხოვრებლად, სადაც მეტი მქადაგებელია საჭირო. სხვები სწავლობენ ახალ ენას, რათა გააფართოონ თავიანთი მსახურება. ზოგი მზად არის, შეელიოს მისთვის კომფორტულ გარემოს, რათა მსახურების სხვა სფეროში მოსინჯოს ძალა. ასეთი გადაწყვეტილებები მოითხოვს მსხვერპლის გაღებას. რადგან ვინც ასეთ გზას ირჩევს, მზად არის, გარკვეულწილად კომფორტსაც შეელიოს. მართლაც შესაქებია, რომ იეჰოვას მსახურები ასეთ სულს ავლენენ და ამგვარად აბრამსა და სარაის ჰბაძავენ. თუ ასეთ რწმენას ვავლენთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვასგან გაცილებით მეტს მივიღებთ, ვიდრე ჩვენ გავიღეთ მისთვის. იეჰოვა ყოველთვის აჯილდოებს მათ, ვინც ასეთ მტკიცე რწმენას ავლენს (ებრ. 6:10; 11:6). დააჯილდოვა მან აბრამი?
მდინარე ევფრატის გადაკვეთა
14, 15. როგორ იმგზავრეს აბრამმა და სარაიმ ურიდან ხარანამდე, და რატომ გადაწყვიტა აბრამმა, დროებით ხარანში დასახლებულიყო?
14 ქარავანი მიუყვება გზას, რომელსაც ბოლო არ უჩანს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აბრამი და სარაი, რომლებიც ხან ფეხით მიდიან და ხან — აქლემითა თუ სახედრით; ალბათ, მათ მუსაიფს ცხოველების ზანზალაკების წკარუნის ხმა ერთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათ ასეთი ხანგრძლივი მოგზაურობის გამოცდილება არ ჰქონდათ, ისინი დახელოვდნენ კარვების სახელდახელოდ გამართვასა თუ დაშლაში. მათ ისიც ისწავლეს, თუ როგორ შეესვათ მოხუცი თერახი მოხერხებულად აქლემსა თუ ვირზე. მათ გეზი აიღეს ჩრდილო-დასავლეთით და მდინარე ევფრატის სანაპიროს გაუყვნენ. დღე დღეს ცვლიდა, კვირა — კვირას, ხედები კი თითქმის უცვლელი რჩებოდა.
15 საბოლოოდ, დაახლოებით 960 კილომეტრის გავლის შემდეგ, მათ მიაღწიეს ხარანამდე, სადაც სკისმაგვარი ქოხები იდგა. ეს ქალაქი გზაჯვარედინზე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ცნობილ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. აქ დროებით დასახლდა აბრამის ოჯახი. როგორც ჩანს, თერახი მოხუცებულობის გამო ძლიერ დაუძლურდა და გზის გაგრძელება აღარ შეეძლო.
16, 17. ა) რა შეთანხმება დაუდო ღმერთმა აბრამს და როგორ გაამხნევა ამან ის? ბ) როგორ აკურთხა იეჰოვამ აბრამი ხარანში ყოფნის დროს?
16 თერახი 205 წლის იყო, როცა მოკვდა (დაბ. 11:32). როდესაც აბრამი მამას დასტიროდა, იეჰოვა კვლავ დაელაპარაკა მას, რამაც დიდად ანუგეშა. მან კიდევ ერთხელ შეახსენა აბრამს, რაც ურში უთხრა და უფრო კარგად აუხსნა, რას მოიცავდა მისი დანაპირები. აბრამისგან უნდა წარმოშობილიყო „დიდი ხალხი“ და მისი მეშვეობით უნდა კურთხეულიყო ყველა ოჯახი დედამიწაზე (წაიკითხეთ დაბადების 12:2, 3 ). ამ შეთანხმებამ, რომელიც ღმერთმა აბრამს დაუდო, ძალიან გაამხნევა ის. ახლა კვლავ დადგა დრო, რომ გზა განეგრძო.
17 ახლა აბრამს უფრო მეტი რამ ჰქონდა გასაკეთებელი, რადგან იეჰოვამ ხარანში ყოფნის დროს აკურთხა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მათ „წაიღეს მთელი დაგროვილი ქონება. წაიყვანეს ხარანში შეძენილი ყველა სული“ (დაბ. 12:5). ერად რომ ქცეულიყო, აბრამს უნდა ჰყოლოდა დიდი სახლეული; ამისთვის მას აგრეთვე სჭირდებოდა როგორც ქონება, ისე უამრავი მსახური. იეჰოვა ყოველთვის არ აძლევს სიმდიდრეს თავის მსახურებს, მაგრამ იმდენს მაინც აძლევს, რომ მისი ნების შესრულება შეძლონ. ღვთისგან გამხნევებული და გამდიდრებული აბრამი ისევ დაადგა გზას, თუმცა არ იცოდა, სად მიდიოდა.
18. ა) როდის მოხდა ღვთის ხალხის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა? ბ) კიდევ რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა წლების გასვლის შემდეგ 14 ნისანს? (იხილეთ ჩარჩო „უმნიშვნელოვანესი თარიღი ბიბლიაში“).
18 რამდენიმე დღის მგზავრობის შემდეგ, სანამ ქარავანი ქარხემიშში ჩავიდოდა, მან მდინარე ევფრატი გადაკვეთა. ალბათ, სწორედ აქ იყო დაბანაკებული აბრამი, როდესაც ღვთის ხალხის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. როგორც ჩანს, აბრამმა თავისი ქარავნით მდინარე ძვ. წ. 1943 წელს, იმ თვის მე-14 დღეს გადაკვეთა, რომელსაც მოგვიანებით ნისანი ეწოდა (გამ. 12:40—43). აბრამისთვის იეჰოვას მიერ აღთქმული მიწა სამხრეთით მდებარეობდა. სწორედ ამ დღეს შევიდა ძალაში შეთანხმება, რომელიც ღმერთმა აბრამს დაუდო.
19. ვის ეხებოდა ღვთის მიერ აბრამისთვის მიცემული დანაპირები და რა გაახსენდებოდა აბრამს?
19 აბრამი სამხრეთისკენ დაიძრა. როცა შექემს მიუახლოვდნენ, ქარავანი მორეს დიდი ხეების მახლობლად დაბანაკდა. აქ აბრამმა იეჰოვასგან კიდევ ერთი ცნობა მიიღო. ამჯერად ღვთის დანაპირები მის შთამომავალს ეხებოდა, რომელიც ამ მიწას დაიმკვიდრებდა. გაახსენდა აბრამს ღვთის მიერ ედემის ბაღში წარმოთქმული წინასწარმეტყველება, რომელშიც მოხსენიებული იყო „შთამომავალი“, რომელიც ერთ დღესაც კაცობრიობას იხსნიდა? (დაბ. 3:15; 12:7). შესაძლებელია. ალბათ, აბრამი სრულად ვერ წვდებოდა იეჰოვას განზრახვას, მაგრამ ხვდებოდა, რომ ამ განზრახვის შესრულებაში გარკვეული როლი მასაც ეკისრა.
20. როგორ გამოავლინა აბრამმა იეჰოვასადმი მადლიერება იმ პატივის გამო, რომელიც მისგან ხვდა წილად?
20 აბრამი დიდად აფასებდა იმ პატივს, რომელიც იეჰოვასგან ხვდა წილად. მას შემდეგ, რაც ფეხი დადგა აღთქმულ მიწაზე, აბრამი, როგორც ჩანს, გზადაგზა ჩერდებოდა და დიდი სიფრთხილით აგებდა სამსხვერპლოებს იეჰოვასთვის, რადგან იქ ჯერ კიდევ ქანაანელები ცხოვრობდნენ. პირველი სამსხვერპლო აბრამმა იეჰოვას მორეს დიდი ხეების მახლობლად აუგო, მეორე კი — ბეთელის სიახლოვეს. ის იეჰოვას მოუხმობდა და უდავოდ მადლიერების სიტყვებსაც არ იშურებდა აღთქმული შთამომავლის გამო. ალბათ, აბრამი თავის ქანაანელ მეზობლებსაც ელაპარაკებოდა იეჰოვას შესახებ (წაიკითხეთ დაბადების 12:7, 8). რა თქმა უნდა, აბრამს წინ ბევრი სერიოზული დაბრკოლება ელოდა და მისი რწმენა არაერთხელ გამოიცდებოდა. აბრამი ბრძნულად იქცეოდა; არ მისტიროდა წარსულს — ურში დატოვებულ სახლ-კარსა და ფუფუნებას. მას მომავალზე ჰქონდა მთელი ყურადღება გადატანილი. ებრაელების 11:10-ში აბრამზე ვკითხულობთ: „ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“.
21. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ აბრამზე გაცილებით მეტი ვიცით ღვთის სამეფოზე და რისკენ უნდა გვიბიძგოს ამან?
21 ჩვენ, იეჰოვას მსახურებმა, დღეს აბრამზე გაცილებით მეტი ვიცით ამ სიმბოლურ ქალაქზე, ანუ ღვთის სამეფოზე. ვიცით, რომ ღვთის სამეფო მმართველობს ზეცაში და მალე დედამიწაზეც მოსპობს ბოროტებას. აგრეთვე ვიცით, რომ აბრამისთვის საუკუნეების წინათ აღთქმული შთამომავალი, იესო ქრისტე, დღეს ამ სამეფოს მეფეა. რამხელა პატივი იქნება ჩვენთვის მკვდრეთით აღმდგარ აბრაამთან შეხვედრა! მაშინ იგი ბოლომდე ჩასწვდება ღვთის იმ განზრახვას, რომლის ბუნდოვან მონახაზსაც ხედავდა. გსურს, საკუთარი თვალით იხილო, როგორ შესრულდება იეჰოვას დაპირებები? თუ ასეა, რის ფასადაც არ უნდა დაგიჯდეს, მიჰბაძე აბრამს. მზად იყავი მსხვერპლის გასაღებად, გამოავლინე მორჩილება და ყოველთვის მადლობა გადაუხადე იეჰოვას ლოცვაში იმ პატივისთვის, რომელიც მან წილად გარგუნა. თუ ისეთივე რწმენა გექნება, როგორიც აბრამს ჰქონდა, რომელიც „ყველა მორწმუნის მამაა“, შეიძლება ითქვას, რომ ის შენი მამაც გახდება!
b მსგავსადვე, აბრამიც ბიბლიაში თერახის შვილებიდან ხშირად პირველია მოხსენიებული მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო პირმშო.
c მოგვიანებით, ღმერთმა სარაის სახელი შეუცვალა და დაარქვა „სარა“, რაც „დიდგვაროვან ქალბატონს“ ნიშნავს (დაბ. 17:15).
d ზოგი სწავლულის აზრით, აბრამის დროს აქლემები ჯერ არ ჰყავდათ მოშინაურებული. თუმცა, ისინი თავიანთ მოსაზრებას ვერაფრით ასაბუთებენ. ბიბლია რამდენიმეჯერ იხსენიებს, რომ აბრამს აქლემები ჰყავდა (დაბ. 12:16; 24:35).