გაკვეთილი 7
ნაცნობია შენთვის მარტოობისა და შიშის გრძნობა?
ხედავ სურათზე პატარა ბიჭუნას? ის შესაძლოა მარტოა და ძალიანაა შეშინებული. შენც ხომ არ ყოფილხარ ოდესმე ასე? ~ დროდადრო ყველა გრძნობს თავს ამ ბიჭის მსგავსად. ბიბლიაში წერია, რომ ზოგჯერ იეჰოვას მეგობრებსაც ეშინოდათ და მარტოდ გრძნობდნენ თავს. ერთ-ერთი ელია იყო. მოდი, უკეთ გავიცნოთ ის.
ელია იესოს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ისრაელში ცხოვრობდა. ისრაელის მეფე ახაბს არ უყვარდა ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა და თაყვანს არ სცემდა მას. ის და მისი ცოლი, იზებელი ბაალის, ცრუ ღმერთის თაყვანისმცემლები იყვნენ. ამიტომ ბევრმა ისრაელმაც ბაალის თაყვანისცემა დაიწყო. დედოფალი იზებელი ძალიან ბოროტი იყო. მას უნდოდა, რომ მოეკლა ყველა, ვინც იეჰოვას სცემდა თაყვანს, მათ შორის ელიაც. იცი, როგორ მოიქცა ელია? ~
ელია უდაბნოში გაიქცა და გამოქვაბულში დაიმალა. შენი აზრით, რატომ მოიქცა ის ასე? ~ იმიტომ, რომ შეეშინდა. თუმცა, მას შიშის მიზეზი არ ჰქონდა. იცი, რატომ? ელიამ იცოდა, რომ იეჰოვას შეეძლო, დახმარებოდა მას. ელიას უკვე ნანახი ჰქონდა, თუ რამდენად ძლიერი იყო იეჰოვა. ერთხელ, მისი ლოცვის პასუხად ზეციდან ცეცხლიც კი ჩამოვარდა. რა თქმა უნდა, იეჰოვა ახლაც დაეხმარებოდა ელიას.
როცა ელია გამოქვაბულში იყო, იეჰოვა დაელაპარაკა და ჰკითხა: „აქ რა გინდა?“ ელიამ უპასუხა: „მარტო მე დავრჩი შენს თაყვანისმცემელთა შორის და მეშინია, რომ მეც მომკლავენ“. ელია ფიქრობდა, რომ არც ერთი იეჰოვას თაყვანისმცემელი აღარ იყო ცოცხალი. მაგრამ იეჰოვამ დაარწმუნა, რომ ეს არ იყო სიმართლე და შვიდი ათასი კაცი კვლავაც ემსახურებოდა მას. მან ისიც უთხრა, რომ გაბედული ყოფილიყო და დავალება მისცა. როგორ ფიქრობ გაახარებდა ელიას ამის მოსმენა? ~
რას სწავლობ ელიასგან? ~ არასდროს იფიქრო, რომ მარტო ხარ და ნუ შეშინდები! შენ გყავს მეგობრები, რომლებსაც შენც უყვარხარ და იეჰოვაც. თანაც, იეჰოვა ძალიან ძლიერია და ის ყოველთვის დაგეხმარება. არ გიხარია, რომ არასდროს ხარ მარტო? ~