თავი 63
იესო მოწაფეებს ორ საკითხზე აძლევს რჩევას
მათე 18:6—20; მარკოზი 9:38—50; ლუკა 9:49, 50
იესო მოწაფეებს ურჩევს, არავის ექცნენ დაბრკოლების ლოდად
იესო მოწაფეებს ასწავლის, როგორ უნდა მოექცნენ შემცოდველს
იესომ ცოტა ხნის წინ მოწაფეებს შუა ბავშვი ჩააყენა და თვალსაჩინოდ უჩვენა, როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ საკუთარ თავზე. ისინი ამ ბავშვივით თავმდაბლები უნდა იყვნენ და მის მსგავსად, მათთვისაც სულერთი უნდა იყოს მდგომარეობა თუ სტატუსი. თუ მოწაფეები „ასეთ ბავშვს“ იესოს სახელით მიიღებენ, იესოსაც მიიღებენ (მათე 18:5).
რამდენიმე ხნის წინ მოციქულები ერთმანეთში იმაზე კამათობდნენ, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის ყველაზე დიდი. ამიტომ, ალბათ, ხვდებიან, რომ ამ სიტყვებით იესოს მათი გამოსწორება სურს. ახლა მოციქული იოანე იმაზე იწყებს საუბარს, რისი თვითმხილველიც ცოტა ხნის წინ გახდა: „ერთი კაცი ვნახეთ, რომელიც დემონებს დევნიდა შენი სახელით, და დავუშალეთ, რადგან ჩვენ არ დაგვყვება“ (ლუკა 9:49).
ხომ არ ფიქრობს იოანე, რომ მხოლოდ მოციქულებს აქვთ მიცემული სხვების განკურნების ან დემონების განდევნის ძალა? და თუ ეს ასეა, მაშინ როგორ დევნის ეს იუდეველი კაცი ბოროტ სულებს ხალხისგან? შესაძლოა იოანეს ჰგონია, რომ ეს კაცი არ უნდა ახდენდეს სასწაულებს, რადგან არ დაჰყვება იესოს და მის მოციქულებს.
იოანეს გასაკვირად, იესო ამბობს: „ნუ დაუშლით, რადგან ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულებს, მალევე ვერ დაიწყებს ჩემს ლანძღვას, ვინაიდან ვინც ჩვენ წინააღმდეგ არ არის, ის ჩვენ მხარეზეა. ვინც ერთ სასმის წყალს დაგალევინებთ იმის გამო, რომ ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტებას გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური“ (მარკოზი 9:39—41).
აღსანიშნავია, რომ იმ დროს არ იყო აუცილებელი, ყველა, ვინც იესოს მხარეს იკავებდა, მასთან ერთად ყოფილიყო. ქრისტიანული კრება ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, ამიტომ ის, რომ ეს კაცი არ დაჰყვებოდა იესოს, სულაც არ ნიშნავდა, რომ იგი მოწინააღმდეგე ან ცრუ რელიგიის მიმდევარი იყო. აშკარაა, ამ კაცს სჯეროდა ღვთის ძის; იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ის არ დაკარგავდა თავის საზღაურს.
იესოს შემდეგი სიტყვებიდან კიდევ ერთი მხარე იკვეთება — მოციქულებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რომ თავიანთი სიტყვითა თუ საქმით არ დააბრკოლონ ეს კაცი. იესო შენიშნავს: „იმისთვის კი, ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს, უმჯობესი იქნებოდა კისერზე დოლაბი დაეკიდათ და ზღვაში ჩაეგდოთ“ (მარკოზი 9:42). იესო ამბობს, რომ მისი მიმდევრები მზად უნდა იყვნენ, სხეულის ისეთ ნაწილებსაც კი შეელიონ, როგორიცაა ხელი, ფეხი ან თვალი, თუ ისინი აბრკოლებენ მათ. ჯობს, სხეულის ეს ნაწილები დაკარგონ და ღვთის სამეფოში შევიდნენ, ვიდრე შეინარჩუნონ და გეენაში („გეენა“ ებრაული სიტყვაა და „ჰინომის ველს“ ნიშნავს) აღმოჩნდნენ. მოწაფეებს, უეჭველად, ნანახი აქვთ იერუსალიმის მახლობლად მდებარე ეს ველი, სადაც ნაგავს წვავენ. ასე რომ, მათთვის რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ იესოს სიტყვები სამუდამო განადგურებაზე მიუთითებს.
იესო კიდევ ერთ გაფრთხილებას აძლევს მოწაფეებს: „გაფრთხილდით, არ დაამციროთ არც ერთი ამ მცირეთაგანი, რადგან გეუბნებით: მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს“. წარმოიდგინეთ, რა ძვირფასია თითოეული „ეს მცირეთაგანი“ ზეციერი მამის თვალში! ამის ხაზგასასმელად იესოს ერთი მწყემსის მაგალითი მოჰყავს, რომელსაც 100 ცხვარი ჰყავდა და ერთი დაეკარგა. მან დატოვა 99 და იმ ერთის საძებნელად წავიდა და როცა იპოვა, მას დანარჩენ 99-ზე მეტად შეხაროდა. იესო დასძენს: „ასევე არ სურს ჩემს ზეციერ მამას ერთი ამ მცირეთაგანის დაღუპვა“ (მათე 18:10, 14).
ამის შემდეგ იესო მოწაფეებს მოუწოდებს: „გქონდეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთთან“ (მარკოზი 9:50). ამ სიტყვების წარმოთქმისას იესოს, ალბათ, მხედველობაში აქვს ის ფაქტი, როცა მოწაფეებს კამათი მოუვიდათ იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მათ შორის ყველაზე დიდი. მარილი საჭმელს აგემრიელებს. მსგავსად, თუ მოწაფეებს გადატანითი მნიშვნელობით საკუთარ თავში ექნებათ მარილი, ეს გაუადვილებთ სხვისი აზრის გათვალისწინებას, რითაც კამათს აირიდებენ თავიდან და, შესაბამისად, მშვიდობას შეუწყობენ ხელს (კოლოსელები 4:6).
დროდადრო იესოს მიმდევრებს სერიოზული საკითხების გადაჭრაც მოუწევთ, ამიტომ იესო ასწავლის მათ, როგორ გაართვან თავი ასეთ საკითხებს: „თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე თავის დანაშაულში, როცა მარტონი იქნებით. თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა“. მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ, თუ შემცოდველი არ მოუსმენს მათ? იესო დასძენს: „თუ არ მოგისმენს, წაიყოლე ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყველაფერი“. ხოლო თუ არც მათ მოუსმენს, მაშინ ამის შესახებ „კრებას“ ანუ პასუხისმგებელ ძმებს, უხუცესებს უნდა უთხრან, რომლებსაც ხელეწიფებათ ასეთი საკითხების მოგვარება. მაგრამ რა უნდა გააკეთონ, თუ შემცოდველი მაინც არ მიიღებს რჩევას? იესო ამბობს: „იყოს ის შენთვის როგორც უცხოტომელი და როგორც გადასახადების ამკრეფი“, ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, მათ ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეთ ასეთებთან, რადგან იუდეველები გაურბიან უცხოტომელებთან და გადასახადების ამკრეფებთან ურთიერთობას (მათე 18:15—17).
კრების ზედამხედველებმა ღვთის სიტყვით უნდა იხელმძღვანელონ. თუ ისინი დაადგენენ, რომ ძმამ ან დამ ნამდვილად ჩაიდინა ცოდვა და დამსჯელობითი ზომის მიღებაა საჭირო, მათი გადაწყვეტილება, რომელსაც დედამიწაზე იღებენ, „ზეცაშიც შეკრული იქნება“. მაგრამ თუ ისინი მიხვდებიან, რომ და ან ძმა უდანაშაულოა, დედამიწაზე მიღებული მათი გადაწყვეტილება „ზეცაშიც გახსნილი იქნება“. ეს მითითებები ნამდვილად დიდ დახმარებას გაუწევდა იესოს მიმდევრებს ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ. იესოს დაპირებისამებრ, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს იგი მათ შორის იქნებოდა: „სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის“ (მათე 18:18—20).