თავი 4
დანაშაულის გრძნობა — „განმწმინდე ჩემი ცოდვისგან“
„ახალ სამსახურში რომ დავიწყე მუშაობა, ჩვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ღვთისთვის მიუღებელ ცხოვრებას მივყავი ხელი. აღვნიშნავდი დღესასწაულებს, ვმონაწილეობდი პოლიტიკურ ღონისძიებებში და ეკლესიაშიც კი დავდიოდი. 40 წლის მანძილზე არააქტიური იეჰოვას მოწმე ვიყავი. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ხშირად ვფიქრობდი, რომ იეჰოვა არ მაპატიებდა. ჩემს თავს ვერც მე ვპატიობდი. ჭეშმარიტება ხომ მანამდე ვიცოდი, სანამ მცდარ გზას დავადგებოდი!“ (მართა).
დანაშაულის გრძნობა შეიძლება უმძიმეს ტვირთად გექცეს. მეფე დავითმა დაწერა: „წამლეკა ჩემმა დანაშაულმა, უმძიმეს ტვირთად დამაწვა“ (ფსალმუნი 38:4). ზოგ ქრისტიანს ეგონა, რომ იეჰოვა არასდროს აპატიებდა დანაშაულს, რასაც ძალიან განიცდიდნენ (2 კორინთელები 2:7). სწორია ასეთი შეხედულება? მართლა შეიძლება, თუნდაც მძიმე ცოდვებმა იმდენად დაგაშოროს იეჰოვას, რომ არასდროს გაპატიოს? რა თქმა უნდა, არა.
„მოდით და მოვაგვაროთ საქმეები“
იეჰოვა არასოდეს ტოვებს მომნანიებელ შემცოდველს. მეტიც, ის უხმობს მას! იგავში გზასაცდენილი შვილის შესახებ იესომ იეჰოვა შეადარა მოსიყვარულე მამას, რომლის ვაჟმაც ოჯახი დატოვა და აღვირახსნილ ცხოვრებას მიჰყო ხელი. გარკვეული დროის შემდეგ ვაჟმა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. „მამამ შვილს შორიდანვე მოჰკრა თვალი და გული დაეწვა; გაიქცა, გულში ჩაიკრა და დაკოცნა“ (ლუკა 15:11—20). ალბათ, შენც გინდა იეჰოვასთან დაბრუნება, მაგრამ ფიქრობ, რომ ძალიან დაშორდი მას. ამ იგავში მოხსენიებული მამის მსგავსად, იეჰოვასაც თბილი გრძნობები აქვს შენ მიმართ და ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდები.
მაგრამ შეიძლება ფიქრობ, რომ იმდენი ცოდვა გაქვს ჩადენილი, თანაც იმდენად სერიოზული, რომ იეჰოვა არასდროს გაპატიებს. ნახე, რას ამბობს ღმერთი ესაიას 1:18-ში: „მოდით და მოვაგვაროთ საქმეები . . . ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება“. იეჰოვა ისეთ ცოდვებსაც გვპატიობს, რომლებსაც ბიბლია თეთრ სამოსზე დარჩენილ ალისფერ ლაქას ადარებს.
იეჰოვას არ უნდა, რომ სინდისი მოსვენებას გიკარგავდეს. რა უნდა გააკეთო, რომ ღმერთმა გაპატიოს დანაშაული და სუფთა სინდისი დაიბრუნო? მოდი განვიხილოთ, რა ნაბიჯები გადადგა მეფე დავითმა. მან თქვა: „ვაღიარებ-მეთქი ჩემს ცოდვებს იეჰოვას წინაშე“ (ფსალმუნი 32:5). იეჰოვა მოგიხმობს, რომ ლოცვით მიმართო და მასთან ურთიერთობა აღადგინო. ნუ უგულებელყოფ ამ მოწოდებას! აღიარე ცოდვები იეჰოვას წინაშე და გული გადაუშალე მას. დავითი ღმერთს ლოცვაში სთხოვდა: „განმწმინდე ჩემი ცოდვისგან . . . მომნანიებელ და მოდრეკილ გულს შენ არ უგულებელყოფ, ღმერთო“ (ფსალმუნი 51:2, 17).
გარდა ამისა, დავითმა დახმარება მიიღო ღვთის წინასწარმეტყველ ნათანისგან (2 სამუელი 12:13). დღესაც იეჰოვა უხუცესების მეშვეობით ეხმარება მომნანიებელ შემცოდველს მასთან ურთიერთობის აღდგენაში. როცა უხუცესებს დახმარებას სთხოვ, ისინი ილოცებენ შენთვის და ბიბლიური აზრებით გაგამხნევებენ, რათა შინაგანი სიმშვიდე დაიბრუნო, გათავისუფლდე უარყოფითი გრძნობებისგან და აღიდგინო სულიერი წონასწორობა (იაკობი 5:14—16).
„ბედნიერია ის, ვისაც ეპატია დანაშაული“
შეიძლება ძალიან გიჭირს იეჰოვას წინაშე ცოდვების აღიარება და უხუცესებთან მისვლა, თუმცა ეს გასაგებიცაა. როგორც ჩანს, ეს არც დავითისთვის იყო ადვილი. ის გარკვეული ხნის მანძილზე არ აღიარებდა ცოდვებს (ფსალმუნი 32:3). თუმცა მოგვიანებით, როცა აღიარა დანაშაული და სწორ გზას დაადგა, მიხვდა, რომ ეს საუკეთესო ნაბიჯი იყო.
დავითმა სიხარული დაიბრუნა. მან დაწერა: „ბედნიერია ის, ვისაც ეპატია დანაშაული და მიეტევა ცოდვა“ (ფსალმუნი 32:1). იგი აგრეთვე ლოცულობდა: „იეჰოვა, ბაგე გამიხსენი, რათა გაქოს ჩემმა პირმა“ (ფსალმუნი 51:15). დავითი დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლდა და მადლიერებით განმსჭვალულმა სხვებთან იეჰოვას განდიდება დაიწყო.
იეჰოვას სურს, შენც დაიბრუნო სუფთა სინდისი და სხვებს მასზე და მის განზრახვებზე სრული სითამამით და სიხარულით ელაპარაკო, თანაც ისე, რომ არ შეგაწუხოს დანაშაულის გრძნობამ (ფსალმუნი 65:1—4). გახსოვდეს მისი სიტყვები: „მობრუნდით, რათა წაიშალოს თქვენი ცოდვები, გამოგაცოცხლოთ იეჰოვამ“ (საქმეები 3:19).
სწორედ ასე მოხდა მართას შემთხვევაშიც. ის იხსენებს: «ჩემი ვაჟი გამუდმებით მიგზავნიდა „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ნომრებს. ნელ-ნელა იეჰოვასთან ურთიერთობა აღვადგინე. ყველაზე მეტად მისთვის პატიების თხოვნა მიჭირდა. ბოლოს, როგორც იქნა, ღმერთს ლოცვით მივმართე და პატიება ვთხოვე. რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, 40 წლის შემდეგ დავუბრუნდი იეჰოვას. მე ვარ ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ ადამიანს შეიძლება მრავალი წლის მერეც კი მიეცეს შესაძლებლობა, კვლავ ემსახუროს ღმერთს და იგრძნოს მისი სიყვარული».