მოთხრობა 14
მონა, რომელიც ღმერთს ემორჩილებოდა
როგორც წინა თავიდან გავიგეთ, იოსები იაკობის ვაჟი იყო. უფროსი ძმები ხედავდნენ, რომ იოსები მამას განსაკუთრებულად უყვარდა. შენი აზრით, მოსწონდათ ეს იოსების ძმებს? სულაც არა, მათ შურდათ მისი. იოსებმა რამდენიმე უცნაური სიზმარი ნახა და ძმებს მოუყვა. მონაყოლიდან ძმებმა დაასკვნეს, რომ ერთ დღესაც ისინი იოსების მსახურები გახდებოდნენ; ამის გამო უფრო მეტად შეიძულეს თავიანთი ძმა.
ერთხელ იოსების ძმები ცხვრებს მწყემსავდნენ ქალაქ შექემთან ახლოს. მამამ იოსები მათი ამბის გასაგებად გაგზავნა. როგორც კი ძმებმა თვალი მოჰკრეს იოსებს, ერთმანეთს გადაულაპარაკეს: ნახეთ, სიზმარა მოდის. მოდი, მოვკლათ! ძმებმა ხელი სტაცეს იოსებს და ღრმა ჭაში ჩააგდეს. მაგრამ ერთ-ერთმა ძმამ, იუდამ, დანარჩენებს უთხრა: ნუ მოვკლავთ, მონად გავყიდოთ! ისინი ასეც მოიქცნენ და იოსები 20 ვერცხლად მიჰყიდეს მიდიანელ ვაჭრებს, რომლებიც ეგვიპტეში მიდიოდნენ.
შემდეგ ძმებმა იოსების ტანსაცმელი თხის სისხლში ამოსვარეს, მამას გაუგზავნეს და შეუთვალეს: ეს ტანსაცმელი შენი ვაჟისა არ არის? როცა იაკობმა სისხლიანი ტანსაცმელი ნახა, იფიქრა, იოსები ნადირს დაუგლეჯიაო და ძალიან დამწუხრდა. ამ ამბავმა ისე იმოქმედა მასზე, რომ ვერავინ შეძლო მისი დამშვიდება.
ეგვიპტეში ჩასულმა ვაჭრებმა იოსები მონად მიჰყიდეს ფოტიფარს, რომელიც დიდი კაცი იყო სამეფო კარზე. ყველაფრის მიუხედავად, იეჰოვას იოსები არ დავიწყებია. ფოტიფარმა შენიშნა, რომ იოსები კარგად ასრულებდა თავის საქმეს და სანდო ადამიანი იყო. მალე ფოტიფარმა ყველაფერი მას ჩააბარა.
იოსები ძლიერი და კარგი შესახედაობის ახალგაზრდა იყო. ფოტიფარის ცოლს მოეწონა ის და ყოველდღე სთხოვდა, დაწოლილიყო მასთან. დაითანხმა მან იოსები? არა, მან უარი უთხრა ფოტიფარის ცოლს: არა, ამას ვერ გავაკეთებ, ეს არასწორია. ჩემმა ბატონმა ყველაფერი მე ჩამაბარა. შენ მისი ცოლი ხარ. ღმერთს ვერ ვაწყენინებ.
ერთ დღესაც ფოტიფარის ცოლი შეეცადა, ძალით დაწოლილიყო იოსებთან. მან ხელი სტაცა ტანსაცმელზე, მაგრამ იოსები გაექცა მას. როცა ფოტიფარი სახლში დაბრუნდა, ცოლმა მოატყუა, რომ იოსები მასთან დაწოლას ცდილობდა. ამაზე ფოტიფარი ძალიან გაბრაზდა და იოსები ციხეში ჩასვა. იეჰოვას არც იქ მიუტოვებია იოსები.
„დაიმდაბლეთ თავი ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ“ (1 პეტრე 5:6)