მოთხრობა 85
იესო ავადმყოფს კურნავს შაბათს
ფარისევლებს სძულდათ იესო და მის შესაპყრობად მიზეზს ეძებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ მას არ უნდა განეკურნა ავადმყოფები შაბათ დღეს. ერთ შაბათს იესომ დაინახა ბრმა კაცი, რომელიც ქუჩაში მათხოვრობდა. მან თავის მოწაფეებს უთხრა: ახლა ნახავთ, რა შეუძლია ღვთის ძალას; თავისი ნერწყვი თიხაში აურია, კაცს თვალებზე წაუსვა და უთხრა: წადი და თვალები სილოამის აუზში მოიბანე. ისიც ასე მოიქცა და თვალი აეხილა. ეს კაცი დაბადებიდან უსინათლო იყო და ცხოვრებაში პირველად დაინახა.
გაოცებული ხალხი იძახდა: ეს ის კაცი არ არის, ქუჩაში რომ მათხოვრობდა, თუ სხვა ვინმეა და იმ კაცს ჰგავს?! კაცი კი ამბობდა: დიახ, დაბადებიდან ბრმა ვიყავი. მათ ჰკითხეს მას: აბა, ახლა, როგორღა ხედავ? როცა მოისმინეს მისი ამბავი, ის ფარისევლებთან წაიყვანეს.
კაცმა ფარისევლებს უთხრა: იესომ თიხა დამადო თვალებზე და მითხრა, წადი და დაიბანეო. მეც წავედი, დავიბანე და თვალი ამეხილა. ფარისევლებმა უთხრეს: თუ იესომ შაბათს განგკურნა, ეს ღმერთისგან არ იქნებოდა. მაგრამ სხვებმა თქვეს: მას რომ ღმერთისგან არ ჰქონდეს ძალა, ვერავის განკურნავდა.
ფარისევლებმა იმ კაცის მშობლებს დაუძახეს და ჰკითხეს: როგორ მოხდა, რომ თქვენი ვაჟი ხედავს? მშობლები შეშინებულები იყვნენ, რადგან ფარისევლები ამბობდნენ, ვინც იესოს იწამებს, სინაგოგიდან გავაძევებთო. ამიტომ მათ ფარისევლებს უთხრეს: არ ვიცით, თავად მას ჰკითხეთ. მათაც კიდევ ერთხელ გამოჰკითხეს ის კაცი. ბოლოს მან უთხრა მათ: რაც ვიცოდი, ყველაფერი გითხარით. რაღატომ მეკითხებით? ფარისევლები ძალიან გაბრაზდნენ და ის გარეთ გამოაგდეს.
იესო იმ კაცის მოსაძებნად წავიდა და როცა იპოვა, ჰკითხა: გწამს მესია? მან თქვა: რომ ვიცოდე, ვინ არის ის, ვირწმუნებ. იესომ უთხრა მას: მე ვარ მესია! ხედავ, რამხელა სიკეთე გაუკეთა იესომ ამ კაცს?! მან არა მარტო განკურნა იგი, არამედ იმაშიც დაეხმარა, რომ რწმენა ჰქონოდა.
„ცდებით, რადგან არც წმინდა წერილები იცით და არც ღვთის ძალა“ (მათე 22:29)