მოთხრობა 96
იესო ირჩევს სავლეს
სავლე იყო ტარსოსში დაბადებული კაცი, რომელსაც რომის მოქალაქეობა ჰქონდა. ის ფარისეველი იყო და კარგად იცოდა იუდეველთა კანონები. მას სძულდა ქრისტიანები. ის მათ სახლებში უვარდებოდა და ქალებსაც და კაცებსაც ციხეში სვამდა. ერთხელ, როდესაც იესოს მოწაფეს, სტეფანეს, განრისხებული ბრბო ქვებით ქოლავდა, სავლე იქვე იდგა და მშვიდად ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს.
სავლეს სურდა, რომ ქრისტიანები, იერუსალიმის გარდა, სხვა ქალაქებშიც დაეპატიმრებინა. მან მღვდელმთავარს ქალაქ დამასკოში წასვლის ნებართვა სთხოვა, რათა იქაც დაერბია ქრისტიანები. მაგრამ ქალაქს რომ მიუახლოვდა, უეცრად მის გარშემო ყველაფერი განათდა. სავლე შიშისგან მიწაზე დაეცა. ამ დროს ხმა მოესმა: სავლე, რატომ მდევნი? სავლემ ჰკითხა: ვინ ხარ? ხმამ უპასუხა: მე იესო ვარ. წადი დამასკოში და მე გეტყვი, რა უნდა გააკეთო! უცებ სავლემ მხედველობა დაკარგა. მასთან ერთად მყოფებმა ხელი მოჰკიდეს მას და ისე შეიყვანეს ქალაქში.
დამასკოში ცხოვრობდა ერთი ერთგული ქრისტიანი კაცი, სახელად ანანია. იესომ მას ხილვაში უთხრა: წადი ქუჩაზე, რომელსაც სწორი ჰქვია, მოძებნე იუდას სახლი და იქ იკითხე სავლე. ანანიამ უთხრა მას: უფალო, ყველაფერი ვიცი იმ კაცის შესახებ; ის შენს მოწაფეებს ციხეში სვამს. იესომ მიუგო: წადი მასთან. მე ავირჩიე სავლე, რომ მან სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს უქადაგოს სასიხარულო ცნობა.
ანანიამ მოძებნა სავლე და უთხრა: სავლე, ძმაო, იესომ გამომგზავნა, რომ მხედველობა დაგიბრუნოს. სავლეს მაშინვე აეხილა თვალი. მან ბევრი რამ ისწავლა იესოს შესახებ და მისი მიმდევარი გახდა. მონათვლის შემდეგ მან თანაქრისტიანებთან ერთად დაიწყო ქადაგება სინაგოგებში. წარმოგიდგენია, როგორ გაოცდებოდნენ იუდეველები, როდესაც დაინახავდნენ, რომ სავლე იესოს შესახებ ქადაგებდა?! ისინი გაკვირვებულები კითხულობდნენ: ეს ის კაცი არ არის, იესოს მოწაფეებს რომ დევნიდა?
სამი წლის განმავლობაში სავლე დამასკოში მცხოვრებ ხალხთან ქადაგებდა. იუდეველებმა შეიძულეს სავლე და მისი მოკვლა გადაწყვიტეს. მაგრამ ძმებმა შეიტყვეს მათი გეგმის შესახებ და სავლეს დაეხმარნენ, რომ ქალაქიდან გაპარულიყო; ის გოდორში ჩასვეს და გალავნის სარკმლიდან ჩაუშვეს.
იქიდან სავლე იერუსალიმში წავიდა და ძმებთან მივიდა. მაგრამ ძმებს ეშინოდათ მისი. ერთმა კეთილმა მოწაფემ, სახელად ბარნაბამ, იგი მოციქულებთან მიიყვანა და დაარწმუნა ისინი, რომ სავლე ნამდვილად შეცვლილი იყო. სავლემ მთელი გულით დაიწყო სასიხარულო ცნობის ქადაგება იერუსალიმის კრების წევრებთან ერთად. მოგვიანებით ის პავლეს სახელით გახდა ცნობილი.
„ქრისტე იესო ქვეყნიერებაში ცოდვილთა სახსნელად მოვიდა, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ“ (1 ტიმოთე 1:15)