თავი 19
„სადაც ეს მდინარე ჩავა, ყველაფერი იცოცხლებს“
თემა: როგორ შესრულდა ხილვა ტაძრიდან გამომავალი მდინარის შესახებ ძველად, როგორ სრულდება ჩვენს დროში და როგორ შესრულდება სამომავლოდ?
1, 2. ეზეკიელის 47:1—12-ის თანახმად, რას ხედავს და იგებს წინასწარმეტყველი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
ეზეკიელი ხილვაში კიდევ ერთ საოცრებას ხედავს: ტაძრიდან წყალი გამოედინება! წარმოიდგინეთ, როგორ მიუყვება წინასწარმეტყველი ბროლივით კამკამა ნაკადულს (წაიკითხეთ ეზეკიელის 47:1—12). წყალი, რომელიც ტაძრის ზღურბლიდან გამოედინება, აღმოსავლეთ კარიბჭის სიახლოვეს გაედინება. ანგელოზს ეზეკიელი ტაძრიდან გაჰყავს, თან გზად ისინი მანძილს ზომავენ. წინასწარმეტყველი ამჩნევს, რომ წყალი სულ უფრო და უფრო ღრმავდება და ბოლოს მდინარედ იქცევა, რომელსაც მხოლოდ ცურვით თუ გადაკვეთს კაცი!
2 ეზეკიელი იგებს, რომ მდინარე მკვდარ ზღვას უერთდება და გზად მარილიან წყალს სიცოცხლეს უბრუნებს — სადაც ის ჩაედინება, მრავალი თევზი იწყებს ფუთფუთს. წინასწარმეტყველი იმასაც ხედავს, რომ მდინარის ნაპირებზე უამრავი ხე ხარობს, რომლებიც ყოველთვიურად საჭმელად ვარგის ნაყოფს ისხამს, ხოლო მათ ფოთლებს განკურნების ძალა აქვს. ამ ყოველივეს ხილვა ეზეკიელს, ალბათ, სიმშვიდეს ჰგვრის და იმედს უსახავს. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ხილვას მისთვის და მის თანამოძმეთათვის? და, რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის?
რა მნიშვნელობა ჰქონდა ხილვას გადასახლებულთათვის?
3. რატომ არ გაიგებდნენ ებრაელები ეზეკიელის ხილვას პირდაპირი გაგებით?
3 ებრაელები ამ ხილვას პირდაპირი გაგებით არ გაიგებდნენ. შესაძლოა ეზეკიელის ხილვის მოსმენის შემდეგ მათ ორი საუკუნით ადრე იოელის მიერ აღდგენასთან დაკავშირებით წარმოთქმული წინასწარმეტყველება გახსენებოდათ (წაიკითხეთ იოელის 3:18). როგორც იოელის წინასწარმეტყველების წაკითხვის შემდეგ გადასახლებულებს არ შეექმნებოდათ იმის ილუზია, რომ, პირდაპირი გაგებით, მთებიდან იწვეთებდა ახალი ღვინო, ხოლო გორებიდან რძე იდინებდა, ისე არც ეზეკიელის ხილვის მოსმენის შემდეგ დარჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ წყალი იეჰოვას ტაძრიდან იდინებდა.a მაშ, რისი თქმა სურდა იეჰოვას მათთვის? ღვთის სიტყვის მეშვეობით ნათლად ვწვდებით ამ ხილვის ზოგიერთ დეტალს; ამ თავში ვისაუბრებთ სამ მათგანზე და დავინახავთ, როგორ გვარწმუნებს ეს წინასწარმეტყველური ხილვა ღვთის სიყვარულში.
4. ა) რაში დაარწმუნებდა ეზეკიელის ხილვაში ნანახი მდინარე გადასახლებულ ებრაელებს? ბ) რა გაგებით იყენებს ბიბლია სიტყვებს „წყალი“ და „მდინარე“, და რაში გვარწმუნებს ეს? (იხილეთ ჩარჩო „იეჰოვას კურთხევების მდინარე“)
4 კურთხევების მდინარე. ბიბლიაში სიტყვები „წყალი“ და „მდინარე“ ხშირად იეჰოვასგან მომდინარე კურთხევებზე მიუთითებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეზეკიელმა სწორედ ტაძრიდან გამომავალი მდინარე იხილა, რომლის მაგალითზეც ღვთის ხალხი მიხვდებოდა, რომ თუკი წმინდა თაყვანისმცემლობას დაუჭერდნენ მხარს, არც იეჰოვა დაუკავებდა მათ კურთხევებს. რა კურთხევებზეა საუბარი? ისინი შეიტყობდნენ, რომ მღვდლები კვლავ გაუწევდნენ საჭირო ხელმძღვანელობას და მათი ცოდვების გამოსასყიდად ტაძარში მსხვერპლშეწირვას განაგრძობდნენ (ეზეკ. 44:15, 23; 45:17). შედეგად, შეიძლება ითქვას, ისინი ტაძრიდან მომდინარე სუფთა წყალში „განიბანებოდნენ“ ანუ განიწმინდებოდნენ.
5. რაზე მოწმობდა ხილვაში ნანახი მდინარე?
5 კურთხევები რომ ყველასთვის საკმარისი იქნებოდა, ამაზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ ტაძრიდან მოწანწკარე წყალი, სულ რაღაც, 2 კმ-ში მდინარედ იქცა (ეზეკ. 47:3—5). მართალია, სამშობლოში დაბრუნებული ებრაელები რიცხობრივად გამრავლდნენ, მაგრამ ღვთისგან მომდინარე კურთხევები ყველასთვის საკმარისი იყო. ხილვაში ნანახი მდინარე ხომ სიუხვესა და ბარაქაზე მოწმობდა!
6. ა) რა იმედს ჩაუსახავდა ხილვა ებრაელებს? ბ) რა გაფრთხილებას შეიცავდა ხილვა? (იხილეთ სქოლიო)
6 მაცოცხლებელი წყალი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეზეკიელის ხილვაში ნანახი მდინარე მკვდარ ზღვას შეუერთდა და გზად თითქმის ყველაფერი გააცოცხლა. შედეგად, მკვდარ ზღვაში იმდენი სახეობის თევზი გაჩნდა, რამდენიც დიდ ანუ ხმელთაშუა ზღვაში იყო, და სანაპიროზე, ორ ერთმანეთისგან დაშორებულ ქალაქს შორის, თევზაობა გაჩაღდა. ანგელოზმა ეზეკიელს უთხრა: „სადაც ეს მდინარე ჩავა, ყველაფერი იცოცხლებს“. ნიშნავდა ეს იმას, რომ იეჰოვას ტაძრიდან გამომავალი წყალი მკვდარ ზღვას მთლიანად განკურნავდა? არა, რადგან, როგორც ანგელოზმა თქვა, მაცოცხლებელი წყალი ჭანჭრობებამდე ვერ მიაღწევდა. ეს ადგილები „მარილიანი დარჩებოდა“b (ეზეკ. 47:8—11). ეზეკიელის მიერ ნანახი ხილვა ებრაელებს იმის იმედს ჩაუსახავდა, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა მათ სულიერად გამოაცოცხლებდა და გამოაჯანსაღებდა. თუმცა ხილვა ერთგვარ გაფრთხილებასაც შეიცავდა: ყველა არ განიკურნებოდა, რადგან ყველა არ მიიღებდა ღვთის კურთხევას.
7. რაში დაარწმუნებდა მდინარის ნაპირზე გაზრდილი ხეები გადასახლებულებს?
7 ნაყოფის მომცემი და განკურნების ძალის მქონე ხეები. მართალია, მდინარის ნაპირზე აღმოცენებული ხეები ალამაზებდა კიდეც გარემოს, მაგრამ მათ სხვა, უფრო დიდი მნიშვნელობაც გააჩნდა. ეზეკიელისა და მისი თანამემამულეებისთვის სასიამოვნო იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ეს ხეები ყოველთვე გემრიელ ნაყოფს დაისხამდა. ხილვის ეს დეტალი ებრაელებს იმაში დაარწმუნებდა, რომ ღმერთი მათ სულიერად გამოკვებავდა. ისინი ხილვიდან იმასაც შეიტყობდნენ, რომ ხეების ფოთლებს განკურნების ძალა ჰქონდა (ეზეკ. 47:12). ხილვის ეს დეტალი რაღაზე მოწმობდა? იეჰოვამ იცოდა, რომ სამშობლოში დაბრუნებულებს ყველაზე მეტად სულიერად განკურნება დასჭირდებოდათ; მან სწორედ ამიტომ დაამატა ეს დეტალი. როგორც ამ წიგნის მე-9 თავიდან გავიგეთ, აღდგენასთან დაკავშირებულ ეზეკიელის სხვა წინასწარმეტყველებებში საუბარია იმაზე, თუ როგორ გააკეთებდა ღმერთი ამას.
8. საიდან ვიგებთ, რომ ეზეკიელის ხილვა უფრო ფართო მასშტაბით შესრულდება?
8 მე-9 თავიდან ისიც შევიტყვეთ, რომ სამშობლოში დაბრუნებულებმა ამ წინასწარმეტყველებების მხოლოდ მცირე მასშტაბით შესრულება იხილეს, რისი მიზეზიც თავად იყვნენ. მართლაც, როგორ აკურთხებდა მათ იეჰოვა, როცა ისინი ეურჩებოდნენ მას, კვლავ და კვლავ სცოდავდნენ და წმინდა თაყვანისმცემლობას უგულებელყოფდნენ?! ღვთის ერთგულ მსახურებს გულს გაუტეხდა თანამოძმეთა ცუდი საქციელი, თუმცა მტკიცედ სწამდათ, რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებდა თავის დანაპირებს (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 23:14). აქედან გამომდინარე, გვჯერა, რომ ეზეკიელის ხილვა ერთ დღესაც უფრო ფართო მასშტაბით შესრულდება. მაგრამ ისმის კითხვა: როდის მოხდება ეს?
მდინარე დღესაც მოედინება
9. როდის სრულდება ეზეკიელის ხილვა ტაძრის შესახებ უფრო ფართო მასშტაბით?
9 როგორც ამ წიგნის მე-14 თავიდან შევიტყვეთ, ეზეკიელის ხილვა ტაძრის შესახებ უფრო ფართო მასშტაბით „უკანასკნელ დღეებში“ სრულდება, რადგან წმინდა თაყვანისმცემლობა უფრო მტკიცედ დგას, ვიდრე ოდესმე (ეს. 2:2). რა გაგებით სრულდება ეზეკიელის ხილვა ჩვენს დროში?
10, 11. ა) რომელი კურთხევები მოაქვს დღეს იეჰოვას ტაძრიდან მომდინარე წყალს? ბ) როგორ „გაღრმავდა“ კურთხევების მდინარე, რათა ბოლო დღეებში უამრავი ადამიანისთვის მოეკლა სულიერი წყურვილი?
10 კურთხევების მდინარე. რომელი კურთხევები მოაქვს დღეს იეჰოვას ტაძრიდან მომდინარე წყალს? მას მოაქვს ყველა ის კურთხევა, რომლებიც ჩვენს სულიერ კეთილდღეობას ემსახურება. ამ კურთხევებიდან უპირველესი ქრისტეს გამოსასყიდია, რომელიც ცოდვებისგან გვწმენდს. ბიბლიაში ღვთიური ჭეშმარიტებაც მაცოცხლებელ, გამწმენდ წყალთანაა შედარებული (ეფეს. 5:25—27). რა გაგებით მოედინება კურთხევების მდინარე ჩვენს დროში?
11 1919 წელს მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი ემსახურებოდა იეჰოვას, რომლებიც ძალიან მადლიერნი იყვნენ, რომ საჭირო სულიერი საზრდო ყოველთვის ჰქონდათ. მომდევნო ათწლეულებში მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და დღეს უკვე მთელ მსოფლიოში იეჰოვას 8 მილიონზე მეტი მსახური ჰყავს. მათთვისაც უწყვეტად მოედინება ჭეშმარიტების სუფთა წყალი? სულიერი საზრდო დღესაც უხვად გვაქვს. მხოლოდ გასულ საუკუნეში ბიბლიისა და ბიბლიური პუბლიკაციების მილიარდობით ეგზემპლარი გამოიცა ღვთის ხალხის სულიერად დასაპურებლად. ხილვაში ნანახი მდინარისა არ იყოს, ჭეშმარიტების მდინარე სულ უფრო და უფრო „ღრმავდება“, რათა მთელი მსოფლიო მასშტაბით უამრავ ადამიანს მოუკლას სულიერი წყურვილი. ბიბლიური ლიტერატურა დიდი ხანია, ბეჭდვითი სახით გამოიცემა, თუმცა დღესდღეობით პუბლიკაციები ელექტრონული ფორმატითაცაა ხელმისაწვდომი ვებგვერდზე jw.org 1 000-ზე მეტ ენაზე. როგორ შეცვალა უკეთესობისკენ ჭეშმარიტების სუფთა წყალმა გულმართალი ადამიანების ცხოვრება?
12. ა) როგორ შეცვალა ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ადამიანთა ცხოვრება? ბ) რატომ შეიცავს ეს ხილვა ერთგვარ გაფრთხილებასაც? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო)
12 მაცოცხლებელი წყალი. ანგელოზმა უთხრა ეზეკიელს: „სადაც ეს მდინარე ჩავა, ყველაფერი იცოცხლებს“. მხოლოდ დაფიქრდით, როგორ შეცვალა ჭეშმარიტების სუფთა წყალმა მათი ცხოვრება, ვინც ჩვენს „მიწაზე“, სულიერ სამოთხეში, დამკვიდრდა. ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მილიონობით ადამიანი სულიერი გაგებით გააცოცხლა და გააჯანსაღა. თუმცა ეს ხილვა დროულ გაფრთხილებასაც შეიცავს: ყველა ვერ გაითავისებს ჭეშმარიტებას. ეზეკიელის ხილვაში ნანახი მკვდარი ზღვის ჭაობებისა და ჭანჭრობების არ იყოს, ზოგის გული უგრძნობი რჩება, რის გამოც ისინი ჭეშმარიტებას ყურად არ იღებენ და არ იცვლებიან.c დაე, არასოდეს დავემსგავსოთ მათ! (წაიკითხეთ კანონის 10:16—18).
13. რაზე მიანიშნებდა ეზეკიელის ხილვაში ნანახი ხეები?
13 ნაყოფის მომცემი და განკურნების ძალის მქონე ხეები. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ხილვა მდინარის ნაპირზე მდგარი ხეების შესახებ ჩვენთვისაც გამამხნევებელია? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ხეები ყოველთვე გემრიელ ნაყოფს ისხამდა, ხოლო მათ ფოთლებს განკურნების ძალა ჰქონდა (ეზეკ. 47:12). ხილვის ეს დეტალი შეგვახსენებს, რომ ღმერთი უშურველად გვაძლევს სულიერ საზრდოს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულიერადაც გვკურნავს. დღევანდელ მსოფლიოში ხალხი, სულიერი გაგებით, დასნეულებული და დამშეულია. დაფიქრდით, რამხელა სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის! ალბათ, არაერთხელ გადაგიხდიათ ღვთისთვის მადლობა უხვი სულიერი საზრდოსთვის რომელიმე სტატიის წაკითხვის, კონგრესის პროგრამის მოსმენის, ყოველთვიური მაუწყებლობის ან რომელიმე ვიდეორგოლის ყურების შემდეგ. ჩვენ მართლაც განებივრებულნი ვართ სულიერი საზრდოთი! (ეს. 65:13, 14). როგორ უწყობს ხელს სულიერი საზრდო ჩვენს სულიერ სიჯანსაღეს? ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული რჩევები გვეხმარება, არ გავებათ უზნეობის, სიხარბისა და ურწმუნოების მახეში, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ჩვენს სულიერობას. თუმცა იეჰოვამ იმაზეც იზრუნა, რომ სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ქრისტიანს სულიერი ჯანმრთელობა აღედგინა (წაიკითხეთ იაკობის 5:14). ღმერთი ნამდვილად არ იშურებს ჩვენთვის კურთხევებს! სწორედ ამაზე მიანიშნებდა ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ხეები.
14, 15. ა) რას ვსწავლობთ ხილვაში ნანახი ჭანჭრობების მაგალითზე? ბ) რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის ეზეკიელის ხილვაში ნანახ მდინარეს?
14 ჭანჭრობების მაგალითზეც შეგვიძლია რაღაცის სწავლა. ჩვენ არ გვინდა, რომ რაიმეთი ხელი შევუშალოთ იეჰოვასგან მომდინარე კურთხევებს. ნამდვილად გულსატკენი იქნებოდა, თუკი ამ ქვეყნიერებაში მცხოვრები ბევრი ადამიანის მსგავსად სულიერად დასნეულებულნი დავრჩებოდით (მათ. 13:15). გვახარებს, რომ კურთხევების მდინარე ჩვენს სულიერ კეთილდღეობას ემსახურება. ალბათ, ეზეკიელის ხილვაში ნანახი მდინარე წარმოგვიდგება თვალწინ, როცა ვეწაფებით ღვთის სიტყვიდან მომდინარე ჭეშმარიტების წყალს, ვაცნობთ სხვებს ჭეშმარიტებას და ვიღებთ „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ განსწავლული უხუცესებისგან რჩევა-დარიგებას, ნუგეშსა თუ დახმარებას. მართლაც, ეს მდინარე გზად ყველაფერს აცოცხლებს და კურნავს!
15 როგორ შესრულდება ხილვა მდინარის შესახებ მომავალში? ეს მდინარე ახალ ქვეყნიერებაში კიდევ უფრო წყალუხვი გახდება, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
როგორ შესრულდება ეს ხილვა ახალ ქვეყნიერებაში?
16, 17. რა სიკეთეს მოიტანს კურთხევების მდინარე ახალ ქვეყნიერებაში? მოიყვანეთ მაგალითები.
16 წარმოიდგინეთ, რომ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად სამოთხედქცეულ დედამიწაზე ცხოვრებით ტკბებით. ეზეკიელის ხილვის შესწავლა დაგეხმარებათ, კიდევ უფრო ნათლად წარმოისახოთ ეს სურათი. მოდი კიდევ ერთხელ შევიხსენოთ ამ ხილვიდან სამი დეტალი, რომლებიც იეჰოვას სიყვარულში გვარწმუნებს.
17 კურთხევების მდინარე. სიმბოლური მდინარე სამოთხედქცეულ დედამიწაზე კიდევ უფრო წყალუხვი გახდება და ის სულიერთან ერთად ფიზიკურ კეთილდღეობასაც მოიტანს. იესოს ათასწლიანი მმართველობის დროს მის მიერ გაღებული გამოსასყიდი ღვთის ერთგულებს კიდევ უფრო მეტ სიკეთეს ჰპირდება: ისინი დროთა განმავლობაში გასრულყოფილდებიან; აღარ იარსებებს ავადმყოფობა; აღარც სამედიცინო პერსონალი, საავადმყოფოები ან ჯანმრთელობის დაზღვევა დაგვჭირდება. მაცოცხლებელი წყალი უხვად იდინებს „უამრავი ხალხისთვის“ ანუ მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც „დიდ გასაჭირსა“ და არმაგედონს გადაიტანენ (გამოცხ. 7:9, 14). მართალია, კურთხევების მდინარე ახალ ქვეყნიერებაში თავიდანვე იდინებს, მაგრამ ის მაინც ნაკადულივით იქნება იმ წყალუხვ მდინარესთან შედარებით, რომლადაც სამომავლოდ იქცევა. ეზეკიელის ხილვაში ნანახი მდინარის მსგავსად, ეს მდინარეც უფრო წყალუხვი გახდება და ყველასთვის საკმარის კურთხევებს მოიტანს.
18. რა გაგებით იქცევა „სიცოცხლის წყლის მდინარე“ კურთხევების ნიაღვრად ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში?
18 მაცოცხლებელი წყალი. ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში „სიცოცხლის წყლის მდინარე“ კურთხევების ნიაღვრად იქცევა (გამოცხ. 22:1). მილიარდობით ადამიანი მკვდრეთით აღდგება და სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნება. სამეფოს მეშვეობით იეჰოვა აკურთხებს და სიცოცხლეს დაუბრუნებს ურიცხვ გარდაცვლილს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მიწის მტვრად იყვნენ ქცეულნი (ეს. 26:19). თუმცა ჩნდება კითხვა: უსასრულოდ იცოცხლებენ მკვდრეთით აღდგენილები?
19. ა) საიდან ვიგებთ, რომ სამოთხეში ღვთისგან ახალ მითითებებს მივიღებთ? ბ) რა გაგებით დაემსგავსება ზოგი ჭანჭრობს ახალ ქვეყნიერებაში?
19 უსასრულოდ იცოცხლებენ თუ არა მკვდრეთით აღდგენილები, მათ არჩევანზე იქნება დამოკიდებული. ათასწლიანი მმართველობის დროს ახალი გრაგნილები გადაიშლება. მაშასადამე, იეჰოვასგან მომდინარე მაცოცხლებელ წყალში ახალი მითითებებიც იგულისხმება. განა არ აღგაფრთოვანებთ ამაზე ფიქრი?! და მაინც, ზოგი არაფრად ჩააგდებს ღვთის მითითებებს და არ დაემორჩილება მას. ისინი, ვინც იესოს ათასწლიანი მმართველობის დროს აუჯანყდებიან ღმერთს, სამოთხეში მშვიდობას ვერ დაარღვევენ (ეს. 65:20). ალბათ, გვახსენდება ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ჭანჭრობები, რომლებიც უნაყოფო და მარილიანი დარჩა. რამხელა უგუნურება იქნება, თუკი ვინმე გაუჯიუტდება იეჰოვას და უარს იტყვის მაცოცხლებელ წყალზე! თუმცა ათასი წლის ბოლოსაც აუმხედრდება ზოგი ღმერთს და სატანის მხარეს დაიკავებს. ყველას, ვინც ზურგს შეაქცევს იეჰოვას სამართლიან მმართველობას, ერთი ბოლო — მარადიული სიკვდილი — ელის! (გამოცხ. 20:7—12).
20. რა გაგებით „აღმოაცენებს ხეებს“ იეჰოვა ახალ ქვეყნიერებაში? ახსენით.
20 ნაყოფის მომცემი და განკურნების ძალის მქონე ხეები. იეჰოვას სურს, რომ ყველამ მარადიულად ვიცოცხლოთ. ამიტომ ის ახალ ქვეყნიერებაშიც „აღმოაცენებს ხეებს“, ანუ იზრუნებს იმაზე, რომ მისმა ხალხმა ხელიდან არ გაუშვას მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა. თუმცა ღვთისგან მომდინარე კურთხევები არა მხოლოდ სულიერ, არამედ ფიზიკურ კეთილდღეობასაც მოემსახურება. იესო ქრისტე თავის 144 000 თანამმართველთან ერთად ათასი წლის განმავლობაში ზეცაში იმეფებს, და ისინი, როგორც ზეციერი სამღვდელოება, ქრისტეს გამოსასყიდის მეშვეობით მორჩილ ადამიანებს გაასრულყოფილებენ (გამოცხ. 20:6). ეზეკიელის ხილვაში მდინარის ნაპირებზე გაზრდილი ხეები, რომლებიც საჭმელად ვარგის ნაყოფს ისხამდა, ხოლო ფოთლებს განკურნების ძალა ჰქონდა, მოციქული იოანეს მიერ ჩაწერილ წინასწარმეტყველებას მოგვაგონებს (წაიკითხეთ გამოცხადების 22:1, 2). იოანეს მიერ ნანახი ხეების ფოთლები „ხალხების განსაკურნავად იყო“. მსგავსად ამისა, საქმე, რომელსაც 144 000 მღვდელი გასწევს, მილიონობით ღვთის ერთგულს წაადგება.
21. ა) როგორ მოქმედებს ჩვენზე ეზეკიელის მიერ მდინარის შესახებ ნანახი ხილვა? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო თავში? (იხილეთ ჩარჩო „ნაკადული მდინარედ იქცევა!“)
21 ეზეკიელის მიერ მდინარის შესახებ ნანახი ხილვა გულს იმედითა და სიმშვიდით გვივსებს. მართლაც, რა საოცარი მომავალი გველის! ათასობით წლის წინ იეჰოვამ გონებაში მომავლის სურათები გაგვიცოცხლა. მას შემდეგ მოყოლებული ღმერთს არ განელებია სურვილი, საკუთარი თვალით გვეხილა, თუ როგორ შესრულდება ეს ყოველივე მომავალში ფართო მასშტაბით. შენც იქნები იქ? მოინახება შენთვისაც ადგილი ახალ ქვეყნიერებაში? შემდეგი თავიდან გავიგებთ, თუ როგორ პასუხობს ეზეკიელის წინასწარმეტყველების ბოლო თავები ამ კითხვებს.
a გადასახლებული ებრაელები, რომელთაც ახსოვდათ თავიანთი მიწის რელიეფი, მიხვდებოდნენ, რომ იერუსალიმიდან მკვდარი ზღვის მიმართულებით მდინარე ვერ იდინებდა, რადგანაც წყალს ზოგ ადგილას აღმართი დახვდებოდა.
b ბიბლიის ზოგი კომენტატორის აზრით, ამ ფრაზას დადებითი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მარილს, როგორც კონსერვანტს, ოდითგან მოიპოვებდნენ მკვდარი ზღვის მიდამოებში და ეს სარფიან საქმედ ითვლებოდა. თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ ჭანჭრობები ვერ განიკურნა, რადგან იეჰოვას ტაძრიდან მომდინარე მაცოცხლებელი წყალი მათ ვერ მისწვდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ჭანჭრობების სიმლაშე უარყოფით აზრს ატარებს (ფსალმ. 107:33, 34; იერ. 17:6).
c მსგავს აზრს ატარებს იესოს იგავი ბადეზე, რომელშიც ყველანაირი ჯიშის თევზი ხვდება, კარგიც და ცუდიც. ცუდი თევზი უნდა გადაყრილიყო. ამ იგავით იესოს იმის თქმა სურდა, რომ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის გაცნობის შემდეგ ყველა არ დარჩებოდა ღვთის ერთგული (მათ. 13:47—50; 2 ტიმ. 2:20, 21).