37-ე გაკვეთილი
რას ამბობს ბიბლია სამუშაოსა და ფულზე
ზოგჯერ მოსვენებას ხომ არ გიკარგავთ სამუშაოსა და ფულზე ფიქრი? შეიძლება არც ისე ადვილი იყოს, თავიც ირჩინოთ და იეჰოვას თაყვანისცემასაც სათანადო ადგილი მიუჩინოთ ცხოვრებაში. ბიბლიაში ამ საკითხზე არაერთ კარგ რჩევას ვხვდებით.
1. რას ამბობს ბიბლია სამუშაოზე?
ღმერთს სურს, რომ სამუშაო სიამოვნებას გვანიჭებდეს. ბიბლიაში ნათქვამია: „იმაზე უკეთესი არაფერია, რომ კაცმა . . . სიამე ნახოს თავის გარჯაში“ (ეკლესიასტე 2:24). იეჰოვასაც უყვარს შრომა. თუ ჩვენს ზეციერ მამას მივბაძავთ და გულმოდგინედ ვიშრომებთ, მასაც გავუხარებთ გულს და თავადაც კმაყოფილები ვიქნებით.
მართალია, მუშაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არასოდეს უნდა დავაყენოთ იეჰოვას თაყვანისცემაზე წინ (იოანე 6:27). ღმერთი გვპირდება, რომ, თუ მის თაყვანისცემას პირველ ადგილზე დავაყენებთ, ის იზრუნებს ჩვენს საჭიროებებზე.
2. რა იგულისხმება ფულისადმი გაწონასწორებულ დამოკიდებულებაში?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ფული გვიცავს, თუმცა ბედნიერება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული (ეკლესიასტე 7:12). ღვთის სიტყვა გვირჩევს, არ გვიყვარდეს ფული და დავჯერდეთ იმას, რაც გვაქვს (წაიკითხეთ ებრაელების 13:5). თუ ვიქნებით იმით კმაყოფილები, რაც გვაქვს, გამუდმებით იმაზე არ ვიფიქრებთ, რომ რაღაც გვაკლია. ამასთანავე, არ დავიდებთ არასაჭირო ვალებს (იგავები 22:7). მეტიც, არ გავებმებით აზარტული თამაშების მახეში და არც ფულის შოვნის იოლი გზებით დავინტერესდებით.
3. როგორ გამოვიჩინოთ ხელგაშლილობა?
იეჰოვა გულუხვი ღმერთია და, თუ ჩვენც „გულუხვები და ხელგაშლილები“ ვიქნებით, მას მივბაძავთ (1 ტიმოთე 6:18). მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ კრებას და მათ გავუმართოთ ხელი, ვისაც დახმარება სჭირდება, განსაკუთრებით, თანამორწმუნეებს. იეჰოვასთვის იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს გავცემთ, არამედ იმას, რა გულით ვაკეთებთ ამას. როცა მთელი გულით ვაკეთებთ სიკეთეს, ჩვენც ბედნიერები ვართ და იეჰოვასაც ვუხარებთ გულს (წაიკითხეთ საქმეების 20:35).
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, რატომაა კარგი, სამუშაოს თავისი ადგილი მივუჩინოთ და ვიყოთ იმით კმაყოფილები, რაც გვაქვს.
4. სამუშაოსადმი თქვენი დამოკიდებულება განადიდებს იეჰოვას
იეჰოვასთან მეგობრობა სამუშაოსადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე უნდა აისახებოდეს. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჯეისონს სამუშაოსადმი და როგორი საქციელით გამოირჩეოდა?
რა დაეხმარა მას, სამუშაოსთვის თავისი ადგილი მიეჩინა?
წაიკითხეთ კოლოსელების 3:23, 24 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომაა მნიშვნელოვანი, სწორი დამოკიდებულება გვქონდეს სამუშაოსადმი?
მუშაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არასოდეს უნდა დავაყენოთ იეჰოვას თაყვანისცემაზე წინ.
5. ჩვენთვისვეა კარგი, თუ კმაყოფილების გრძნობას განვივითარებთ
ადამიანთა უმრავლესობა სულ იმას ცდილობს, მეტი ფული იშოვოს. თუმცა ბიბლია სხვა რამისკენ მოგვიწოდებს. წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:6—8 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რისკენ მოგვიწოდებს ბიბლია?
შეიძლება ბევრი არაფერი გვქონდეს, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყოთ. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა აბედნიერებს ამ ოჯახებს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი გააჩნიათ?
რისი თქმა შეიძლება ისეთ შემთხვევაზე, თუ ისედაც ბევრი გვაქვს, მაგრამ კიდევ მეტი გვინდა? იესოს მოყვანილი ერთი იგავიდან ვიგებთ, რა საფრთხე იმალება ასეთი დამოკიდებულების მიღმა. წაიკითხეთ ლუკას 12:15—21 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა ისწავლეთ იესოს იგავიდან? (იხილეთ მე-15 მუხლი)
წაიკითხეთ იგავების 10:22 და 1 ტიმოთეს 6:10 და შეადარეთ ერთმანეთს; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
თქვენი აზრით, რა უფრო მნიშვნელოვანია — იეჰოვასთან მეგობრობა თუ ბევრი ფულის ქონა? ახსენით.
რა პრობლემები აქვთ ფულს გამოდევნებულ ადამიანებს?
6. იეჰოვა იზრუნებს ჩვენს საჭიროებებზე
სამუშაოსთან დაკავშირებულმა თუ ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება გამოცადოს ჩვენი რწმენა. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ეს ძმა?
რა გააკეთა მან სირთულეებთან გასამკლავებლად?
წაიკითხეთ მათეს 6:25—34 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რას ჰპირდება იეჰოვა მათ, ვინც ცხოვრებაში პირველ ადგილზე მასთან ურთიერთობას აყენებს?
ვინმემ შეიძლება გითხრათ: „ოჯახი რომ ვარჩინო, დღე და ღამის გასწორება მიწევს. ყოველკვირა კრების შეხვედრებს ნამდვილად ვერ დავესწრები“.
თქვენ რომელი ბიბლიური მუხლები გარწმუნებთ, რომ იეჰოვას თაყვანისცემის პირველ ადგილზე დაყენება საუკეთესო არჩევანია?
შეჯამება:
სამუშაო და ფული აუცილებელია, მაგრამ ამან იეჰოვას თაყვანისცემაში არ უნდა შეგვიშალოს ხელი.
გასამეორებელი კითხვები:
რა დაგეხმარებათ, გაწონასწორებული დამოკიდებულება გქონდეთ სამუშაოს მიმართ?
რატომაა თქვენთვისვე კარგი, თუ კმაყოფილები იქნებით?
რით ცხადყოფთ, რომ ეჭვი არ გეპარებათ იეჰოვას მზრუნველობაში?
გაიგეთ მეტი:
გაიგეთ, უწოდებს თუ არა ბიბლია ფულს „ყოველგვარი ბოროტების ფესვს“.
შეიტყვეთ, რა შემთხვევაში გავუხარებთ ღმერთს გულს ჩვენი ხელგაშლილობით.
უწყინარი გართობაა აზარტული თამაშები?
„ბიბლიის თვალსაზრისი — აზარტული თამაშები“ („გამოიღვიძეთ!“, მარტი, 2015)
გაიგეთ, რამ აღძრა ერთი მამაკაცი, რომელიც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და ყაჩაღობდა, შეეცვალა ცხოვრების წესი.
„შეყვარებული ვიყავი ცხენებზე“ („საგუშაგო კოშკი“, 1 ნოემბერი, 2011)