აბიჰუ
[ის მამაა]
აარონის ოთხი ვაჟიდან ერთ-ერთი, რომლებიც ელიშებასგან შეეძინა. ის იყო ნადაბის, ელეაზარისა და ითამარის ძმა (გმ. 6:23; 1მტ. 6:3; 24:1). აარონის მეორე ვაჟი აბიჰუ ეგვიპტეში დაიბადა და ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის დროს უკვე ზრდასრული იყო. მამამისი იმ დროს 83 წლისა იყო (რც. 33:39).
ნადაბსა და აბიჰუს, როგორც უფროს ვაჟებს, იეჰოვამ ნება დართო, რომ მამასთან და ისრაელის 70 უხუცესთან ერთად სინას მთაზე ასულიყვნენ და შორიდან ეხილათ ღვთის დიდება (გმ. 24:1, 9—11). აარონის ვაჟებს თავიანთ მამასთან, მღვდელმთავართან ერთად იეჰოვასგან მღვდლებად მსახურების პატივი ხვდათ წილად. იეჰოვას დადგენილებით ერთ-ერთი მათგანი აარონის საქმეს გააგრძელებდა. მათ გრძელი სამოსელი უნდა სცმოდათ და „დიდებისა და მშვენებისთვის“ თავზე ჩალმა უნდა ჰფარებოდათ. მოსეს უნდა ეცხო ისინი, ხელი ძალაუფლებით აევსო და ღვთის მსახურებისთვის განეწმინდა (გმ. 28:1, 40—43). მღვდლობა „სამარადისო წესით“ მათი იქნებოდა (გმ. 29:8, 9).
ამის შემდეგ ღმერთი ყოველთვის მოიხსენიებდა მათ სამღვდელოებასა და მღვდლების მსახურებასთან დაკავშირებულ მითითებებში (გმ. 29:10—46; 30:26—38). აგრეთვე მან ჩააგონა მათ და მთელ ერს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მის თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ნივთების, მათ შორის საკმევლის სამსხვერპლოსა თუ სხვა საგნების წმინდად დაცვა. მათი სიცოცხლე ღვთის მითითებების მორჩილებაზე იყო დამოკიდებული.
ეგვიპტის დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ დადგა კარვის დადგმისა და მღვდლების დანიშვნის დრო (ძვ. წ. 1512). მღვდლების დანიშვნის ცერემონიალზე შეხვედრის კარვის შესასვლელთან მისული მთელი ერი ხედავდა, როგორ სცხეს ღვთის მღვდლებად და მის წინაშე ერის წარმომადგენლებად აარონი, აბიჰუ და მისი ძმები, რომლებიც დაბანილები იყვნენ და ჩალმები ეფარათ. ამის შემდეგ, მოსეს სიტყვისამებრ, ახლად დანიშნული მღვდლები დანიშვნის დღეების დასასრულებლად და ხელის ძალაუფლებით ასავსებად შვიდ დღეს დარჩნენ შეხვედრის კარვის შესასვლელთან. „ყველაფერი გააკეთეს აარონმა და მისმა ვაჟებმა, რაც იეჰოვას მოსეს პირით ჰქონდა ნაბრძანები“ (ლვ. 8:1—3, 13—36).
მერვე დღეს აბიჰუსა და მისი ძმების დახმარებით აარონი მღვდლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა (ლვ. 9:1—24). მათ იხილეს ღვთის დიდების გამოცხადება. მაგრამ ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ დღის მიწურულს „ნადაბმა და აბიჰუმ, აიღეს თავიანთი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, მოაყარეს საკმეველი და უკანონო ცეცხლი შესწირეს იეჰოვას წინაშე, რაც არ ჰქონდა მათთვის ნაბრძანები. გამოვიდა ცეცხლი იეჰოვასგან, შთანთქა ისინი და დაიხოცნენ იეჰოვას წინაშე“ (ლვ. 10:1, 2). მათი ცხედრები მოსეს მითითებით აარონის ბიძაშვილებმა ბანაკის გარეთ გაიტანეს. ღმერთმა აარონსა და მის დანარჩენ ვაჟებს გლოვის ნიშნად ტანსაცმლის შემოხევა და მოუვლელი თმით სიარული აუკრძალა, რათა კრებულიდან არ მოკვეთილიყვნენ (ლვ. 10:4—7).
ამის შემდეგ ღმერთმა აარონსა და მის ვაჟებს კარავში მსახურების დროს მათრობელი სასმლის დალევა აუკრძალა, რათა არ დახოცილიყვნენ. ერთ-ერთ ნაშრომში მე-9 მუხლის შესახებ ნათქვამია: „რაბინები ნადაბისა და აბიჰუს შემთხვევას საწმინდარში მსახურებამდე მათრობელი სასმლის დალევის აკრძალვას უკავშირებდნენ“ (The Pentateuch and Haftorahs, ჯ. ჰ. ჰერცის რედაქციით, ლონდონი, 1972, გვ. 446). შესაძლოა, მათ ცოდვაში გარკვეული წვლილი სიმთვრალეს მიუძღოდა, მაგრამ მათი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილი ღვთის მითითების დარღვევა იყო — მათ „უკანონო ცეცხლი შესწირეს იეჰოვას წინაშე, რაც არ ჰქონდა მათთვის ნაბრძანები“.
აბიჰუს ღმერთმა წილად არგუნა დიდი პატივი და მას მთელი ერის წინაშე გამოჩენილი მდგომარეობა ეკავა. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, შესაძლოა, მისი ამბიციის, ამპარტავნობის ან ღვთის მითითებებისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო და ის უშვილოდ მოკვდა (რც. 3:2—4; 26:60, 61; 1მტ. 24:1, 2).