აბესალომი
[მამა (ანუ ღმერთი) მშვიდობაა]
დავითის ვაჟი; ხებრონში დაბადებული ექვსი ვაჟიდან მესამე; დედამისი იყო მააქა, გეშურის მეფის, თალმაის ასული (2სმ. 3:3—5). აბესალომს ჰყავდა სამი ვაჟი და ერთი ასული (2სმ. 14:27). როგორც ჩანს, ის იგულისხმება 1 მეფეების 15:2, 10-ში მოხსენიებულ აბიშალომში (იხ. 2მტ. 11:20, 21).
აბესალომის ოჯახის წევრები კარგი გარეგნობით გამოირჩეოდნენ. თავისი უჩვეულო სილამაზით აბესალომმა სახელი გაითქვა მთელ ქვეყანაში. ის წელიწადში ერთხელ თმას იკრეჭდა და შეჭრილი თმა ორას შეკელს (2,3 კგ) იწონიდა, რაც უეჭველად იმით აიხსნება, რომ საცხებ ზეთებს იყენებდა. ლამაზი იყო მისი და თამარიც. მისი ასული კი, რომელსაც მამიდამისის სახელი დაარქვეს, ულამაზესი იყო (2სმ. 14:25—27; 13:1). ნაცვლად იმისა, რომ მათი სილამაზე ბედნიერების საწინდარი ყოფილიყო, იმ არასასიამოვნო მოვლენების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რომლებმაც ენით აუწერელი ტანჯვა მიაყენეს აბესალომის მამას, დავითს, მასთან ერთად სხვებსაც, და მთელ ქვეყანაში დიდი არეულობა გამოიწვიეს.
ამნონის მკვლელობა. აბესალომის უფროს ნახევარძმას, ამნონს შეუყვარდა თამარი, რომელიც ძალიან ლამაზი იყო. მან თავი მოიავადმყოფა და ითხოვა, თამარი მასთან გაეგზავნათ, რომ საჭმელი მოემზადებინა მისთვის, შემდეგ კი გააუპატიურა. მისი ვნებიანი სიყვარული დიდმა სიძულვილმა შეცვალა და თამარი გარეთ გააგდო. თამარმა შემოიხია ზოლებიანი სამოსი, როგორსაც მეფის ქალწული ასულები ატარებდნენ, თავზე ნაცარი დაიყარა და გზად აბესალომს შეხვდა. აბესალომმა უცბად შეაფასა სიტუაცია და ეჭვი მაშინვე ამნონზე მიიტანა, რითაც ცხადყო, რომ იცოდა თავისი ნახევარძმის გულისთქმა. მიუხედავად ამისა, თავის დას ურჩია, ბრალი არ დაედო ამნონისთვის და თავისთან წაიყვანა (2სმ. 13:1—20).
როგორც ბიბლეისტი ჯონ კიტო აღნიშნავს, ის, რომ თამარზე ზრუნვა აბესალომმა აიღო საკუთარ თავზე და არა დავითმა, ახლო აღმოსავლური ჩვეულება იყო. როგორც წესი, პოლიგამიურ ოჯახებში დედით ერთ შვილებს უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. დებს „განსაკუთრებულ მზრუნველობასა და მფარველობას უწევდა ძმა, ვისგანაც ... უფრო მეტად ელოდნენ დახმარებას, ვიდრე მამისგან, ისეთ საკითხებში, რომლებიც მათ უსაფრთხოებასა და ღირსებას ეხებოდა“ (Daily Bible Illustrations, Samuel, Saul, and David, 1857, გვ. 384). დიდი ხნით ადრე დინას ღვიძლმა ძმებმა, ლევიმ და სიმონმა, თავი ვალდებულად ჩათვალეს, შური ეძიათ თავიანთი დის შეურაცხყოფისთვის (დბ. 34:25).
დავითი ძალიან განრისხდა, როცა თავისი ასულის დამცირების ამბავი გაიგო, თუმცა ამნონის დასასჯელად სამართლებრივი ზომების მიღებისგან თავი შეიკავა. შესაძლოა ამის მიზეზი ის იყო, რომ ოფიციალურად და პირდაპირ ამნონს არავინ დებდა ბრალს და არც არავის მოჰყავდა მტკიცებულებები თუ თვითმხილველების მოწმობა (კნ. 19:15). შესაძლოა, აბესალომმა არჩია, კანონის ეს დარღვევა არ გახმაურებულიყო (ლვ. 18:9; 20:17), რათა ჩრდილი არ მიეყენებინა მისი ოჯახისა და სახელისთვის. მიუხედავად ამისა, ის გულში სიძულვილს აღვივებდა ამნონის მიმართ და მის მოკვლას ლამობდა, თუმცა გარეგნულად არაფერი ეტყობოდა. ის ელოდა ხელსაყრელ დროს, როცა ამნონზე სურვილისამებრ იძიებდა შურს (შდრ. იგ. 26:24—26; ლვ. 19:17). ამ დღიდან ვერაგობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რასაც წიგნ „მეორე სამუელში“ თითქმის ექვსი თავი ეთმობა (2სმ. 13:21, 22).
გავიდა ორი წელი. დადგა ცხვრის პარსვის საზეიმოდ აღნიშვნის დრო. იერუსალიმის ჩრდ. ჩრდ.-აღმ-ით დაახლოებით 22 კმ-ში მდებარე ბაალ-ხაცორში აბესალომმა მოაწყო ნადიმი, რომელზეც უფლისწულები და თავად დავითიც მიიწვია. როცა მამამისმა მოიბოდიშა და მიწვევაზე უარი თქვა, აბესალომმა დაიჟინა, რომ მეფეს თავის ნაცვლად თავისი პირმშო ამნონი გაეგზავნა (იგ. 10:18). როგორც კი ნადიმზე ამნონს გული გაუმხიარულდა ღვინით, აბესალომმა ის თავის მსახურებს მოაკვლევინა. დანარჩენი უფლისწულები დაბრუნდნენ იერუსალიმში, აბესალომი კი თავის სირიელ პაპასთან გაიქცა გალილეის ზღვის აღმოსავლეთით მდებარე გეშურის სამეფოში (2სმ. 13:23—38). ამგვარად შევიდა დავითის „სახლში“ ნათანის მიერ ნაწინასწარმეტყველები „მახვილი“ და დავითის სიცოცხლის ბოლომდე არ მოშორდა მას (2სმ. 12:10).
დავითის კეთილგანწყობის დაბრუნება. სამი წლის გასვლის შემდეგ დავითი პირმშოს სიკვდილს მწვავედ აღარ განიცდიდა და, როგორც მამას, გულმა გაუწია აბესალომისკენ. დავითის დისშვილი იოაბი მიხვდა ამას და ხერხს მიმართა, რომ მეფეს პირობითად ეპატიებინა აბესალომისთვის. აბესალომს შეეძლებოდა სამშობლოში დაბრუნება, თუმცა სამეფო კარზე წარდგომის უფლება არ ექნებოდა (2სმ. 13:39; 14:1—24). მან ორ წელს გაუძლო ასეთ განდევნას, შემდეგ კი სრული პატიების მისაღებად საქმის მოგვარებას შეუდგა. იოაბმა, მეფის კარის მოხელემ, უარი განაცხადა აბესალომთან მისვლაზე, მაგრამ, როცა აბესალომის ბრძანებით მას ქერის ყანა გადაუწვეს, ის იძულებული გახდა. განრისხებულ იოაბს აბესალომმა უთხრა, რომ მეფისგან საბოლოო გადაწყვეტილებას ითხოვდა. „თუ ცოდვა მიმიძღვის, მომკლას“, — უთხრა მან. იოაბმა მეფეს მოახსენა ყველაფერი. დავითმა მიიღო თავისი ვაჟი, რომელიც სრული მორჩილების ნიშნად პირქვე დაემხო, მეფემ კი აკოცა მას, რაც სრულ პატიებას ნიშნავდა (2სმ. 14:28—33).
ვერაგობა. ხუთი წლის მანძილზე მამისგან შორს ყოფნამ აბესალომს, როგორც ჩანს, სრულიად გაუნელა მშობლისადმი სიყვარული. შესაძლოა, მის პატივმოყვარეობას მეტად შეუწყო ხელი წარმართი მეფის კარზე სამწლიანმა ცხოვრებამ. აბესალომს შეიძლება ეგონა, რომ ტახტი მემკვიდრეობით მას ეკუთვნოდა, რადგან ორივე მშობელი სამეფო გვარისა ჰყავდა. ქილაბი (დანიელი), დავითის ვაჟებს შორის მეორე, დაბადების შემდეგ აღარ მოიხსენიება. შესაძლოა ის უკვე მკვდარი იყო, ამიტომ აბესალომი დავითის ცოცხალ ვაჟებს შორის უფროსი გამოდიოდა (2სმ. 3:3; 1მტ. 3:1). ღმერთი დავითს აბესალომის დაბადების შემდეგ დაჰპირდა, რომ ტახტის მემკვიდრე ეყოლებოდა, ამიტომ აბესალომს ეცოდინებოდა, რომ ის არ გახდებოდა იეჰოვას რჩეული მეფე (2სმ. 7:12; შდრ. ბსგ). როგორც არ უნდა ყოფილიყო, სამეფო კარზე უფლებების აღდგენის შემდეგ აბესალომმა თაღლითური პოლიტიკური კამპანია წამოიწყო. ის, როგორც დახელოვნებული თვალთმაქცი, უბრალო ხალხს მეგობრად აჩვენებდა თავს, თითქოს მათი კეთილდღეობა აღელვებდა. ის გადაკვრით ეუბნებოდა მათ, განსაკუთრებით არაიუდასტომელებს, რომ სამეფო კარს არ აღელვებდა მათი საზრუნავი და ძალიან სჭირდებოდათ ისეთი გულთბილი ადამიანი, როგორიც თავად იყო (2სმ. 15:1—6).
უცნობია, რას ნიშნავს 2 სამუელის 15:7-ში ჩაწერილი სიტყვები: „ორმოცი წლის თავზე“. სეპტუაგინტაში (ლაგარდის გამოცემა), ფეშიტასა და ვულგატაში ამ ადგილას წერია „ოთხი წლის თავზე“. თუმცა, თუ ამ ოთხ წელს ავითვლით სამეფო კარზე აბესალომის უფლებების საბოლოო აღდგენიდან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას თავისი აღთქმის შესასრულებლად ექვსი წელი მოეცადა (2სმ. 14:28). ვინაიდან სამწლიანი შიმშილობა, ფილისტიმელებთან ომი და ადონიას მიერ ტახტის ხელში ჩაგდების მცდელობა დავითის მეფობის დროს მოხდა, თუმცა იმ მოვლენების შემდეგ, რაზეც ამ სტატიაშია საუბარი, ცხადი ხდება, რომ ავტორი 40-წლიანი პერიოდის ათვლას იწყებს დავითის 40-წლიანი მმართველობის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე და სავარაუდოდ გულისხმობს სამუელის მიერ დავითის მეფედ ცხებიდან ორმოც წელს. ამ შემთხვევაში გასაგებია, თუ რატომ მოიხსენიება აბესალომი ყმაწვილად (2სმ. 18:5), რადგან ის ძვ. წ. 1077-1070 წლებში დაიბადა.
როცა აბესალომმა იფიქრა, რომ მთელ სამეფოში საკმაოდ ჰყავდა მხარდამჭერები, გამოგონილი მიზეზით თანხმობა მიიღო მამისგან, რომ წასულიყო ხებრონში, იუდას ძველ დედაქალაქში. იქიდან მან სწრაფად გაუწია ორგანიზება ტახტის ხელში ჩაგდების ფართომასშტაბიან შეთქმულებას და მთელ სამეფოში დაგზავნა თავისი ხალხი, რომ ის მეფედ გამოეცხადებინათ. მას შემდეგ, რაც თავისი მმართველობისთვის ღვთის კურთხევების მოსაპოვებლად მსხვერპლი შესწირა, მან თავისი მამის ყველაზე პატივდებული მრჩეველი ახითოფელიც მიიმხრო. ამის შემდეგ ბევრი გადავიდა მის მხარეს (2სმ. 15:7—12).
შექმნილი კრიტიკული მდგომარეობისა და ყოველი მხრიდან თავდასხმის საშიშროების გამო დავითმა გადაწყვიტა, სასახლიდან გაეხიზნა მთელი სახლეულობა და მსახურები, მიუხედავად იმისა, რომ მის მხარეს იყო მრავალი ერთგული მამაკაცი, მათ შორის უფროსი მღვდლები — აბიათარი და ცადოკი. ეს მღვდლები მან იერუსალიმში გაგზავნა, რომ მისთვის იქ მომხდარი ამბები შეეტყობინებინათ. როცა დავითი ფეხშიშველი და თავდაფარული მოთქმით ადიოდა ზეთისხილის მთაზე, შეხვდა თავის მეგობარ ხუშაის და ისიც იერუსალიმში გაგზავნა ახითოფელის რჩევის ჩასაშლელად (2სმ. 15:13—37). დავითს ისეთი ხალხი შეხვდა გზად, რომლებიც შექმნილი ვითარების თავისდა სასიკეთოდ გამოყენებას ცდილობდნენ — ერთი მისგან წყალობას ითხოვდა, მეორე კი მოჯანყე სულით აღვსილი ბოღმას ანთხევდა. დავითი მშვიდად შეხვდა ამ ყველაფერს და ბოროტს ბოროტით არ მიაგო, რითაც გამოჩნდა, რომ სრულიად განსხვავდებოდა აბესალომისგან. როცა მის დისშვილ აბიშაის სურდა, თავი წაეცალა შიმეისთვის, რომელიც ქვებს ისროდა და იწყევლებოდა, დავითმა დაუშალა და უთხრა: „ჩემი საკუთარი ვაჟი, ჩემგან გამოსული, მოსაკლავად დაეძებს ჩემს სულს და ბენიამინელისა რაღა გიკვირთ! თავი დაანებეთ, იწყევლოს, რადგან იეჰოვამ უთხრა! იქნებ თავისი თვალით დაინახოს იეჰოვამ და დღევანდელი წყევლის ნაცვლად ყოველივე კარგი მომაგოს იეჰოვამ“ (2სმ. 16:1—14).
იერუსალიმისა და სასახლის დაპყრობის შემდეგ აბესალომთან მივიდა ხუშაი. აბესალომმა დაიჯერა, რომ ის მას ემხრობოდა, თუმცა სარკასტულად შენიშნა, რომ ადრე დავითის ერთგული „მეგობარი“ იყო. ახითოფელის რჩევით აბესალომი სახალხოდ შევიდა თავისი მამის ხარჭებთან, რითაც ცხადყო, რომ მასა და დავითს შორის ყველანაირი კავშირი გაწყდა და ტახტის დათმობას არ აპირებდა (2სმ. 16:15—23). ამგვარად შესრულდა ნათანის მიერ ღვთივშთაგონებით წარმოთქმული წინასწარმეტყველების ბოლო ნაწილი (2სმ. 12:11).
ახითოფელმა სთხოვა აბესალომს, უფლება მიეცა, ჯარს გასძღოლოდა დავითის წინააღმდეგ და იმავე ღამეს სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინა მისთვის, ვიდრე ის ჯარის თავმოყრას მოასწრებდა. აბესალომს მოეწონა ეს რჩევა, მაგრამ ხუშაის აზრის მოსმენაც გონივრულად ჩათვალა. ხუშაის ესმოდა, რომ დავითს დრო სჭირდებოდა, ამიტომ ისეთი სურათი დაუხატა აბესალომს, რითაც შეეხებოდა მის პატივმოყვარეობას და შეარყევდა მის გაბედულებას (მანამდე ის ქედმაღლობასა და მზაკვრობას უფრო ავლენდა, ვიდრე ნამდვილ სიმამაცეს). ხუშაის რჩევით, აბესალომს დრო სჭირდებოდა, რომ დიდძალი ჯარი შეეკრიბა, შემდეგ კი თავად გასძღოლოდა მას. აბესალომმა ხუშაის რჩევა ამჯობინა, რაშიც იეჰოვას ხელი გამოჩნდა. როგორც ჩანს, ახითოფელი მიხვდა, რომ აჯანყება მარცხით დასრულდებოდა და თავი მოიკლა (2სმ. 17:1—14, 23).
დროულად რომ გაეფრთხილებინა, ხუშაიმ ახითოფელის რჩევის შესახებ შეუთვალა დავითს. აბესალომის მხრიდან საიდუმლო შიკრიკების შეპყრობის მცდელობის მიუხედავად, მან შეატყობინა ეს ამბავი მეფეს. დავითმა გადაკვეთა იორდანე, გადაიარა გალაადის მთები და მივიდა მახანაიმში, რომელიც ერთ დროს იშ-ბოშეთმა თავის დედაქალაქად გამოაცხადა. დავითს იქ გულუხვად და თბილად შეხვდნენ. ბრძოლისთვის მოსამზადებლად დავითმა თავისი მზარდი ჯარი სამ რაზმად დაყო, რომელთაც სათავეში ჩაუყენა იოაბი, აბიშაი და გათელი ითაი. მეფე დაითანხმეს, ქალაქში დარჩენილიყო, რადგან ასე უკეთესი იქნებოდა. დავითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთოდ არ ცდილობდა აბესალომზე შურისძიებას და სახალხოდ სთხოვა სამივე მეთაურს: „ჩემი გულისთვის ცუდად არ მოექცეთ ყმაწვილ აბესალომს“ (2სმ. 17:15—18:5).
გადამწყვეტი ბრძოლა და სიკვდილი. დავითის გამოცდილმა მებრძოლებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს აბესალომის ახლადჩამოყალიბებულ ჯარს. ბრძოლამ ეფრემის ტყეში გადაინაცვლა. ჯორზე ამხედრებულმა აბესალომმა ტოტებგაბარჯღული დიდი ხის ქვეშ გაიარა, თმებით გაიხლართა ტოტებში და ცასა მიწას შორის გამოეკიდა. ერთმა კაცმა დაინახა ეს, იოაბს შეატყობინა და უთხრა, რომ ვერ გადავიდოდა დავითის თხოვნას და ვერ მოკლავდა აბესალომს, „ათასი ვერცხლიც“ (თუ შეკელი იყო, დაახლ. $2 200) რომ მიეცათ. მაგრამ იოაბისთვის ეს დაბრკოლება არ გამხდარა. მან სამი ისარი ჩასცა გულში აბესალომს, რის შემდეგაც ათი კაცი შეუერთდა თავიანთ მეთაურს და მოკლეს აბესალომი. მისი გვამი ორმოში ჩააგდეს და ზედ ქვები დაახვავეს იმის ნიშნად, რომ დამარხვის ღირსი არ იყო (2სმ. 18:6—17; შდრ. იეს. 7:26; 8:29).
მახანაიმში მისულ მაცნეებს დავითმა უპირველესად თავისი ვაჟის ამბავი ჰკითხა. როცა აბესალომის სიკვდილის შესახებ გაიგო, ზემოთა ოთახში ავიდა, ბოლთას სცემდა და მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ, შვილო, შვილო, აბესალომ! მე მაინც მოვმკვდარიყავი შენ მაგივრად, აბესალომ, შვილო, შვილო!“ (2სმ. 18:24—33). მხოლოდ იოაბის პირდაპირი და შეულამაზებელი სიტყვების შემდეგ მოეგო გონს დავითი, რომელიც უზომოდ იყო დამწუხრებული ამ მშვენიერი და გონებამახვილი ახალგაზრდის უგუნური ცხოვრებისა და ტრაგიკული სიკვდილის გამო, რომლის შეუკავებელმა ამბიციამ ღვთის ცხებულის წინააღმდეგ აამხედრა და დაღუპა (2სმ. 19:1—8; შდრ. იგ. 24:21, 22).
მე-3 ფსალმუნის ეპიგრაფიდან ჩანს, რომ დავითმა ის აბესალომის აჯანყების დროს დაწერა.
აბესალომის ძეგლი. აბესალომმა სვეტი აღიმართა იერუსალიმთან ახლოს „მეფის ველზე“, რომელსაც „შავეს ველიც“ ეწოდება (2სმ. 18:18; დბ. 14:17). ძეგლის აგების მიზეზი ის იყო, რომ არ ჰყავდა ვაჟები, რომლებიც სიკვდილის შემდეგ გაიხსენებდნენ. მისი ვაჟები, რომლებიც 2 სამუელის 14:27-ში არიან მოხსენიებული, როგორც ჩანს, ბავშვობაში დაიხოცნენ. აბესალომი ამ ძეგლის ადგილას არ დაუმარხავთ. მისი გვამი ეფრემის ტყეში ორმოში დატოვეს (2სმ. 18:6, 17).
კედრონის ხევში დგას ქვის სვეტი, რომელსაც აბესალომის სამარხი ეწოდება, თუმცა არქიტექტურიდან გამომდინარე, ის მიეკუთვნება ბერძნულ-რომაულ ეპოქას, შესაძლოა ჰეროდეს პერიოდს. ამიტომ არავითარი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ეს სვეტი აბესალომს უკავშირდება.