ამინ
ეს არის ებრაული სიტყვა ’ამენის ქართული და ბერძნული ტრანსლიტერაცია. ის ნიშნავს „დაე, იყოს ასე“ ან „ჭეშმარიტად“. ეს ებრაული სიტყვა მომდინარეობს ფუძიდან (’ამან), რომელიც ნიშნავს „იყო ერთგული“, „იყო სანდო“.
ებრაულ წერილებში ეს სიტყვა გამოიყენება ვინმეს მიერ ოფიციალურად ფიცის ან შეთანხმების დადებასა და პასუხისმგებლობის აღებაზე (რც. 5:22; კნ. 27:15—26; ნემ. 5:13). ის აგრეთვე არის წარმოთქმული ლოცვის (1მტ. 16:36), განმადიდებელი სიტყვების (ნემ. 8:6) ან ხმამაღლა ნათქვამი განზრახვის დამადასტურებელი გამოთქმა (1მფ. 1:36; იერ. 11:5). ფსალმუნების პირველი ოთხი წიგნი მთავრდება ამ სიტყვით, რაც შესაძლოა, იმაზე მიანიშნებს, რომ ისრაელის კრებული ფსალმუნის ან საგალობლის დასასრულს ამბობდა „ამინს“ (ფს. 41:13; 72:19; 89:52; 106:48).
ებრაული სიტყვა ’ამან იეჰოვასთან მიმართებით გვხვდება გამოთქმაში „ერთგული ღმერთი“ (კნ. 7:9; ეს. 49:7). ის აგრეთვე გამოიყენება იმის აღსანიშნავად, რომ ღვთის შეხსენებები და დაპირებები სანდო და ერთგულია (ფს. 19:7; 89:28, 37). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში წოდება „ამინ“ გამოყენებულია იესო ქრისტეს, „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმის“ მიმართ (გმც. 3:14). ქადაგებისას და სწავლებისას იესო განსაკუთრებული სახით იყენებდა ამ სიტყვას. ის ხშირად ამბობდა მას ფაქტის, დაპირების ან წინასწარმეტყველების წარმოთქმამდე იმის ხაზგასასმელად, რომ მისი სიტყვები ჭეშმარიტი და სანდო იყო (მთ. 5:18; 6:2, 5, 16; 24:34). ამ შემთხვევებში ბერძნული სიტყვა ამენ ჭეშმარიტებად ითარგმნა. იოანეს სახარებაში ბევრ ადგილას ეს სიტყვა ზედიზედ არის გამეორებული (ინ. 1:51). იესოს მიერ სიტყვა „ამინის“ ამგვარად გამოყენება არ გვხვდება სხვა რელიგიურ ლიტერატურაში. იესო ღვთისგან უფლებამოსილი იყო, ამიტომ მას შეეძლო ამინის ამგვარად გამოყენება (მთ. 7:29).
თუმცა, როგორც 2 კორინთელების 1:19, 20-დან ჩანს, წოდება „ამინ“ იესოსთან მიმართებით მხოლოდ იმ გაგებით არ გამოიყენებოდა, რომ ის ჭეშმარიტების გამცხადებელი ან ღვთის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი და წარმომადგენელი იყო. ეს წოდება იმასაც გულისხმობდა, რომ სწორედ იესოს მეშვეობით შესრულდებოდა ღვთის დაპირებები. სიკვდილამდე იესოს ერთგულებამ და მორჩილებამ დაადასტურა და შესაძლებელი გახადა ღვთის განზრახვასთან დაკავშირებული დაპირებების შესრულება. ის იყო იეჰოვას გაცხადებული განზრახვის, ღვთის მიერ დაფიცებული სიტყვების ცოცხალი დასტური (შდრ. ინ. 1:14, 17; 14:6; 18:37).
სიტყვა „ამინ“ წერილებში გვხვდება ბევრჯერ, განსაკუთრებით პავლეს წერილებში, მაგალითად, როცა დამწერი ღმერთს განადიდებს (რმ. 1:25; 16:27; ეფ. 3:21; 1პტ. 4:11) ან გამოთქვამს სურვილს, რომ მისი წერილის ადრესატებმა რაიმე სახით მიიღონ ღვთის წყალობა (რმ. 15:33; ებ. 13:20, 21). ის აგრეთვე გამოიყენება, როცა დამწერი მთელი გულით ემოწმება ვინმეს ნათქვამს (გმც. 1:7; 22:20).
1 მატიანეს 16:36-სა და ფსალმუნებში ჩაწერილი ლოცვებიდან (41:13; 72:19; 89:52; 106:48) და კანონიკური წერილებიდან ჩანს, რომ ლოცვის დასასრულს მართებულია ამინის თქმა. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ყველა ლოცვა არ მთავრდება ამ სიტყვით, მაგალითად, დავითის მიერ სოლომონზე წარმოთქმული ბოლო ლოცვა (1მტ. 29:19) ან ტაძრის მიძღვნისას სოლომონის ლოცვა (1მფ. 8:53—61), ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ წარმოთქვამდნენ მას (შდრ. 1მტ. 29:20). აგრეთვე ბიბლიაში ჩაწერილი იესოს ლოცვები (მთ. 26:39, 42; ინ. 17:1—26) და მისი მოწაფეების მიერ წარმოთქმული ლოცვა, რომელიც ჩაწერილია საქმეების 4:24—30-ში, არ მთავრდება ამ სიტყვით. თუმცა ზემოთ მოყვანილი ფაქტები იმაზე მოწმობს, რომ ლოცვის დასასრულს სწორი იქნება ამინის თქმა. აგრეთვე 1 კორინთელების 14:16-ში ჩაწერილი სიტყვებიდან ჩანს, რომ ქრისტიანულ შეხვედრაზე შეკრებილები ლოცვის დასასრულს, ჩვეულებრივ, ამინს ამბობდნენ. გარდა ამისა, გამოცხადების 5:13, 14; 7:10—12-სა 19:1—4-ში ზეციერი ქმნილებების მიერ ამ სიტყვის გამოყენება მხარს უჭერს იმას, რომ მართებულია ამ სიტყვის ლოცვაზე ან რაიმე სერიოზულ განაცხადზე თანხმობის ნიშნად წარმოთქმა და ამ ერთი სიტყვით ნდობის, მოწონებისა და იმედის გამოხატვა.