ამონი
[1—3: სანდო; ერთგული; მარადარსებული.]
1. ქალაქ სამარიის თავი ისრაელის მეფის, ახაბის მმართველობის დროს (დაახლ. ძვ. წ. 940—920). მას ჩააბარეს წინასწარმეტყველი მიქაია, მაშინ როცა ახაბი გალაადის რამოთის წინააღმდეგ იბრძოდა (1მფ. 22:10, 26; 2მტ. 18:25).
2. იუდას მეფე (ძვ. წ. 661-660), ბოროტი მეფე მენაშეს ვაჟი. სამეფო ტახტზე 22 წლის ასაკში ავიდა და მამამისის, მენაშეს მსგავსად (ვიდრე მოინანიებდა) კერპთაყვანისმცემელი იყო. სოფონიას 1:4 და 3:2—4 აღწერს იმ სავალალო ვითარებას, რომელიც ამონის მეფობის დროს იყო. გამეფებიდან ორ წელიწადში ამონი მისმა მსახურებმა მოკლეს. „მიწის ხალხმა [ʽამ ჰაʼარეც]“ მეფის წინააღმდეგ შეთქმულები დახოცა, ამონის ვაჟი იოშია გაამეფა, ხოლო თავად ამონი „უზას ბაღში“ დამარხა (2მფ. 21:19—26; 2მტ. 33:20—25). მისი სახელი შეტანილია იესოს საგვარეულო ნუსხაში (მთ. 1:10).
3. „სოლომონის მსახურთა ძეებს“ შორის მოხსენიებული, გადასახლებიდან დაბრუნებული ერთ-ერთი საგვარეულოს მამამთავარი (ნემ. 7:57—59). ეზრას 2:57-ში იგი ამის სახელით გვევლინება.
4. თებელთა ღვთაება, იგივე ნო-ამონი, რომელიც ამონ-რას სახელწოდებით ღმერთების მეფე გახდა. მისი უმაღლესი ქურუმი ყველა ეგვიპტელ ქურუმთა მთავარი იყო. იგი ჩვეულებრივ გამოისახება ადამიანის სახით, თავზე ადგას გვირგვინი, რომელზეც ორი დიდი ფრთაა დამაგრებული. სხვა მრავალი ეგვიპტური ღვთაების მსგავსად, ამონი ხშირად არის გამოსახული კრუქს ანსატათი ანუ ანხით („სიცოცხლის სიმბოლო“) ხელში. ამონი, მისი ცოლი მუტი და ხონსუ (ნაშვილები ვაჟი) თებეურ ტრიადას შეადგენენ.
ეგვიპტელები სამხედრო ნადავლის დიდ ნაწილს ამონის ტაძრის საგანძურს სწირავდნენ, ტაძრის ქურუმები კი მდიდრდებოდნენ და ძალაუფლებას იხვეჭდნენ. ე. ა. ბაჯი თავის წიგნში (A History of Egypt, 1902, ტ. V, გვ. 205—217) გამოთქვამს ვარაუდს, რომ სამღვდელოება ომისკენ წამქეზებელი იყო, რათა პირადი გამორჩენა ენახა. დროთა განმავლობაში ამონის უმაღლესმა ქურუმებმა, რომელთაც ტიტული მემკვიდრეობით ენიჭებოდათ, ფარაონებზე დიდი ძალაუფლება მოიპოვეს. ერთ-ერთმა მათგანმა, ჰერიჰორმა უკანასკნელი რამსესი შეცვალა. ჯ. ჰ. ბრესტიდის წიგნში ჰერიჰორის მმართველობის შესახებ ვკითხულობთ: „უმაღლეს ქურუმს შეეძლო ნებისმიერ დროს ნებისმიერი სურვილის კანონიერი გზით ასრულება. ამისთვის მხოლოდ ღვთაების [ამონის] განსაკუთრებული ორაკული იყო საჭირო. წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით საკულტო გამოსახულება, რომელსაც უმაღლესი ქურუმი თავის სურვილს ანდობდა, ყოველთვის მზად იყო მისთვის სასურველი პასუხის გასაცემად ... ამრიგად, ღვთაებრივ სურვილს ამოფარებული ქურუმები ოინებითა თუ მაქინაციებით იმას აკეთებდნენ, რაც მოესურვებოდათ, და თუ საჭირო გახდებოდა, კანონსა და სამართალს არაფრად ჩააგდებდნენ“ (History of Egypt, 1937, გვ. 523).
თებესა და მის ღმერთ ამონს დიდი უბედურება ეწიათ, თანაც არაერთხელ. ორი მათგანის შესახებ წმინდა წერილები გვაუწყებს. ძვ. წ. VII საუკუნეში ასურელებმა ასურბანიფალის მეთაურობით თებე გაძარცვეს და მიწასთან გაასწორეს. ეს უბედურება წინასწარმეტყველმა ნაუმმა ნინევეს მოახლოებულ განადგურებას დაუკავშირა (ნამ. 3:8). ასურელთა გამანადგურებელი დარტყმის შემდეგ თებემ ასე თუ ისე სული მოითქვა და ნაწილობრივ ძველი სიმდიდრეც დაიბრუნა, მაგრამ მისი კეთილდღეობა ხანმოკლე აღმოჩნდა. იერემიას წინასწარმეტყველების თანახმად იეჰოვა აღასრულებდა განაჩენს ეგვიპტესა და მის ღმერთებზე, მათ შორის თებესა და მის ღმერთ ამონზე. ეგვიპტე ნაბუქოდონოსორის ხელში ჩავარდებოდა და ის და მისი ღმერთები, განსაკუთრებით კი ნოს (თებე) ამონი, შერცხვებოდნენ (იერ. 46:25, 26; იხ. ნო, ნო-ამონი).