აშთეროთ-კარნაიმი
ადგილი, სადაც ელამის მეფემ, ქედარლაომერმა დაამარცხა რეფაიმები (დბ. 14:5). ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის აშთაროთის სრული სახელი, და რომ „კარნაიმი“ (რქები) მიუთითებს ნამგალა მთვარის ორ რქაზე, რომლებიც ქალღმერთ ასტარტას სიმბოლოს წარმოადგენდა, ან ქალაქთან ახლოს მდებარე მთის ორ მწვერვალზე. თუმცა არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ ეს სახელი ნიშნავს კარნაიმთან მდებარე აშთეროთს. ამგვარად, სახელწოდება მიუთითებს ქალაქ აშთეროთზე, რომელთანაც კარნაიმი მოიხსენიება ცალკეულ, თუმცა მოსაზღვრე ქალაქად. მიიჩნევენ, რომ კარნაიმი დღევანდელი შაიხ-საადის ადგილზე მდებარეობდა, რომელიც ახლოსაა აშთაროთის (თელ-აშთარა) საყოველთაოდ აღიარებულ ადგილთან (იხ. აშთაროთი).