ბარტიმეოსი
[ძე ტიმეოსისა (პატივდებულისა)]
ბრმა მათხოვარი, რომელსაც იესომ თვალი აუხილა. ბარტიმეოსი და მასთან ერთად სხვა მათხოვარი (სახელი უცნობია) იერიხონის გარეთ ისხდნენ, როცა იესო დიდძალ ხალხთან ერთად ქალაქს მიუახლოვდა. როცა ბარტიმეოსმა ჩოჩქოლის მიზეზი გამოიკითხა, ყვირილი მორთო: „დავითის ძეო, იესო, შემიწყალე!“. ბევრი უწყრებოდა მას და გაჩუმებას სთხოვდა, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა გაჰყვიროდა. იესომ მას დაუძახა, მანაც მოსასხამი მიაგდო, იესოსკენ გაემართა და შეევედრა, თვალი აეხილა მისთვის. იესომ დაინახა ბარტიმეოსის რწმენა, თან გული დაეწვა და თვალი აუხილა მას. გახარებული ბარტიმეოსი მას გაჰყვა და ღმერთს ადიდებდა (მრ. 10:46—52; მთ. 20:29—34; ლკ. 18:35—43).
მარკოზისა და მათეს სახარებების მიხედვით იესომ ბარტიმეოსი მაშინ განკურნა, როცა იერიხონიდან გამოდიოდა, ლუკას სახარების მიხედვით კი ეს მოხდა „იმ დროს, როცა იესო იერიხონს უახლოვდებოდა“ (მთ. 20:29; მრ. 10:46; ლკ. 18:35). ზოგის აზრით სახარებებში ორი სხვადასხვა შემთხვევაა აღწერილი. ამასთან დაკავშირებით პროფესორ-არქეოლოგი ჯოზეფ ფრი აღნიშნავს: „არქეოლოგია ნათელს ჰფენს ამ ერთი შეხედვით შეუსაბამობას. XX საუკუნის დასაწყისში, როცა ერნსტ ზელინი გერმანიის აღმოსავლური საზოგადოებიდან (1907—1909) იერიხონში გათხრებს აწარმოებდა, გამოვლინდა, რომ იესოს დროს იერიხონი ორად იყოფოდა ... ქალაქის ძველი ებრაული ნაწილი დაახლოებით კილომეტრ-ნახევრით იყო დაშორებული ქალაქის რომაული ნაწილისგან. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მათე ქალაქის ებრაულ ნაწილს გულისხმობდა, როცა წერდა, რომ ქრისტე იქიდან გამოვიდა, ხოლო ლუკა — რომაულ ნაწილს, რომელსაც იესო უახლოვდებოდა. ამგვარად, ქრისტე ძველი ქალაქიდან ახლისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა უსინათლო ბარტიმეოსს და განკურნა ის“ (Archaeology and Bible History, 1964, გვ. 295).