ბენ-ჰადადი
[ძე ჰადადისა]
ბიბლიაში მოხსენიებული სირიის სამი მეფის სახელი; ჰადადი იყო ქარიშხლის ღვთაება, რომელსაც სირიასა და მის მიმდებარე მხარეებში ეთაყვანებოდნენ.
1. ბიბლიაში მოხსენიებულ სირიის მეფეთაგან პირველი ბენ-ჰადადი ტაბრიმონის ვაჟი და ხეზიონის შვილიშვილი იყო. მას შეთანხმება ჰქონდა დადებული ისრაელის მეფე ბააშასთან. როცა ბააშამ იერუსალიმის ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრში რამას მშენებლობა დაიწყო, შეშფოთებულმა იუდას მეფე ასამ მოისყიდა ბენ-ჰადადი, რათა ჩრდილოეთ სამეფოსთან შეთანხმება დაერღვია, თავს დასხმოდა ისრაელს და ბააშასთვის მშენებლობა შეეწყვეტინებინა. იუდას მეფის სასახლისა და ტაძრის საგანძურებიდან გამოტანილი ოქრო-ვერცხლის სანაცვლოდ ბენ-ჰადადი შეიჭრა ისრაელში და ნაფთალის ტერიტორიასა და გალილეის ზღვის მხარეში რამდენიმე ქალაქი აიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, ბააშამ თავი ანება მშენებლობას და სატახტო ქალაქში, თირცაში დაბრუნდა (1მფ. 15:16—21; 2მტ. 16:1—6). ეს მოხდა დაახლოებით ძვ. წ. 962 წელს (2 მატიანის 16:1-ის მიხედვით „ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს“, რომლის ათვლაც, სავარაუდოდ, ძვ. წ. 997 წელს ისრაელის სამეფოს გაყოფიდან იწყება) (იხ. ასა №1).
2. სირიის კიდევ ერთი მეფის, ბენ-ჰადადის, მმართველობა ისრაელის მეფე ახაბის (დაახლ. ძვ. წ. 940—920) მმართველობის პერიოდს ემთხვევა. ახაბის სიკვდილამდე დაახლოებით ხუთი წლით ადრე „სირიის მეფე ბენ-ჰადადმა“ 32 მეფესთან (სავარაუდოდ, ვასალები) ერთად გაილაშქრა სამარიაზე, ალყაში მოაქცია ის და ახაბს უპირობო დანებება მოსთხოვა (1მფ. 20:1—6). ქვეყნის უხუცესებთან მოთათბირების შემდეგ ახაბმა გადაწყვიტა, არ დანებებოდა სირიელებს. როცა სირიელთა ჯარი თავდასხმისთვის ემზადებოდა, ხოლო ბენ-ჰადადი თავის მოკავშირე მეფეებთან ერთად კარვებში თვრებოდა, ღვთის რჩევისამებრ ახაბი მოულოდნელად დაესხა თავს სირიელთა ბანაკს და სძლია მას (1მფ. 20:7—21).
ბენ-ჰადადმა დაიჯერა თავის მრჩეველთა ნათქვამი, თითქოს იეჰოვა „მთათა ღმერთი“ იყო და ისრაელების დამარცხება მხოლოდ ვაკეზე თუ შეიძლებოდა. ამიტომ მომდევნო წელს ბენ-ჰადადი თავისი ჯარით გალილეის ზღვის აღმოსავლეთით მდებარე (?) აფეკს მიადგა (იხ. აფეკი №5). ამჯერად სირიელთა ჯარში მეთაურობა 32 მეფის ნაცვლად გამგებლებს დაევალათ, სავარაუდოდ, იმ მოსაზრებით, რომ გამგებლები უფრო ერთსულოვნად და მოწესრიგებულად იბრძოლებდნენ და დაწინაურების სურვილით მეფეებზე მეტად გამოიჩენდნენ თავს ბრძოლაში. თუმცა ბენ-ჰადადის საბრძოლო ტაქტიკა და წარმოდგენა ისრაელის ღმერთზე მცდარი აღმოჩნდა. ის ვერაფერს გახდა ისრაელის მცირერიცხოვან ჯართან, რომელიც იეჰოვას წინასწარმეტყველს ჰყავდა გაფრთხილებული და რომელსაც სამყაროს უზენაესი მეფე, იეჰოვა ღმერთი უჭერდა მხარს. სირიელთა ჯარი დამარცხდა, ბენ-ჰადადმა კი აფეკს შეაფარა თავი. მაგრამ მეფე ახაბმა გაათავისუფლა თავისი დაუძინებელი მტერი ბენ-ჰადადი, რომელიც მას დაჰპირდა: „დაგიბრუნებ იმ ქალაქებს, რომლებიც მამაჩემმა მამაშენს წაართვა. გქონდეს ქუჩები დამასკოში, როგორც მამაჩემს ჰქონდა სამარიაში“ (1მფ. 20:22—34).
არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ სირიის რომელი მეფე იყო ბენ-ჰადადი — მეფე ბააშასა და მეფე ასას დროს მცხოვრები, მისი შვილი თუ შვილიშვილი. თუ ბენ-ჰადად I (ასას თანამედროვე) ახაბისა და იეჰორამის (დაახლ. ძვ. წ. 917—905) თანამედროვე ბენ-ჰადადი იყო, მაშინ მას, სულ მცირე, 45 წელი უნდა ემეფა, რაც სავსებით დასაშვებია.
ზოგი ფიქრობს, რომ ახაბის თანამედროვე სირიის მეფე ბენ-ჰადად II იყო, რისთვისაც ზემოხსენებული პირობის შინაარსს იმოწმებენ (1მფ. 20:34). ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ახაბის მამას, ომრის, ქალაქები ბენ-ჰადადის მამამ წაართვა. მაგრამ თუ აქ იგულისხმება ბენ-ჰადად I-ის მიერ ბააშასთვის ქალაქების წართმევა, მაშინ ბენ-ჰადად I ახაბის მმართველობის დროს მცხოვრები ბენ-ჰადად II-ის მამა (ან წინაპარი) გამოდის. შესაბამისად, ახაბის „მამა“ შესაძლოა მისი რომელიმე წინამორბედი იყო და არა მაინცდამაინც მისი წინაპარი (იხ. ბელშაცარი).
ბენ-ჰადადმა ახაბისთვის მიცემულ პირობაში სამარია მოიხსენია. ვინაიდან სამარია ომრიმ ააშენა და ისრაელის სატახტო ქალაქად აქცია, სირიელებს ისრაელის ქალაქები ომრის მმართველობის დროს უნდა ეგდოთ ხელთ. ქუჩების მიცემაში, როგორც ჩანს, ვაჭრობის ხელშესაწყობად ბაზრების გახსნა იგულისხმებოდა.
ასე იყო თუ ისე, ბიბლიური ცნობები იმაზე მიანიშნებს, რომ ახაბის დროს სხვა ბენ-ჰადადი, პირობითად ბენ-ჰადად II მეფობდა. როგორც ჩანს, ბენ-ჰადადმა ბოლომდე არ შეასრულა ქალაქების დაბრუნების პირობა, რადგან ახაბმა თავისი მეფობის ბოლო წელს იეჰოშაფატთან ერთად სცადა სირიელებისთვის გალაადის რამოთის (იორდანის აღმ-ით) წართმევა, თუმცა წარუმატებლად. ბენ-ჰადად II, სავარაუდოდ, ის უცნობი „სირიის მეფეა“, რომელმაც „ეტლების ოცდათორმეტ მეთაურს“ უბრძანა, მხოლოდ ახაბზე მიეტანათ იერიში (1მფ. 22:31—37). იეჰორამის მმართველობის დროს სწორედ მან გაგზავნა თავისი კეთროვანი მხედართმთავარი ნაამანი ელისესთან განსაკურნავად. სირიის ეს მეფე ეთაყვანებოდა ღვთაება რიმონს (ბენ-ჰადად I-ის მამის, ტაბრიმონის სახელის ნაწილი) (2მფ. 5:1—19).
ბენ-ჰადადი თავისი მხედართმთავრის განკურნების მიუხედავად მაინც მტრობდა ისრაელს და მოთარეშე რაზმებს უსევდა (2მფ. 6:8; შდრ. 2მფ. 6:23). ელისემ იმდენჯერ შეატყობინა წინასწარ ისრაელის მეფეს მოთარეშეთა ადგილსამყოფელი, რომ ბენ-ჰადადს თავის მსახურთა ერთგულებაში ეჭვი შეეპარა. როცა გაიგო, რომ იმას, რასაც თავის საძინებელში ამბობდა, ისრაელის მეფეს ელისე ეუბნებოდა, დოთანში ელისეს შესაპყრობად ძლიერი ჯარი გაგზავნა. ელისემ ჯარისკაცებს სასწაულებრივად მოჰგვარა ერთგვარი სიბრმავე და შემდეგ პირდაპირ შუა სამარიაში, ისრაელის სატახტო ქალაქში მიიყვანა. ამ შემთხვევამ, ამასთანავე, შესაძლოა სამარიაში მიყვანილი სირიელების მიმართ გამოვლენილმა გულმოწყალებამ და მშვიდობით შინ გაშვებამ განაპირობა ის, რომ ბენ-ჰადადს მეტად აღარ გაუშვია თავისი ხალხი სათარეშოდ, თუმცაღა მტრული დამოკიდებულება არ შეუცვლია (2მფ. 6:9—23).
მოგვიანებით ისრაელის სამეფოს განადგურების სურვილით შეპყრობილმა ბენ-ჰადადმა მთელი თავისი ჯარი მიაყენა სამარიას და ალყაში მოაქცია, რასაც საშინელი შიმშილობა მოჰყვა (2მფ. 6:24—29). თუმცა ერთ საღამოს იეჰოვამ სირიელთა ბანაკს დიდი ჯარის ხმა ჩაასმინა. მათ ეგონათ, რომ იეჰორამმა დასახმარებლად ხეთელები და ეგვიპტელები დაიქირავა, ამიტომ გათენებას არ დალოდებიან, ისე გაიქცნენ სირიაში, მთელი ავლადიდება კი ბანაკში ხელუხლებელი დატოვეს (2მფ. 7:6, 7).
ბენ-ჰადად II ავად იყო, როდესაც ელისე დამასკოსკენ გაეშურა იმ საქმის შესასრულებლად, რომელიც ღმერთმა მის წინამორბედს, ელიას დაავალა (1მფ. 19:15). ბენ-ჰადადმა ძღვნით დატვირთული 40 აქლემი გაუგზავნა წინასწარმეტყველს, რათა გაეგო, გამოჯანმრთელდებოდა თუ არა. მეფის მაცნეს, ხაზაელს, ელისემ ამცნო, რომ მეფე მოკვდებოდა და მის ნაცვლად ხაზაელი გამეფდებოდა. მომდევნო დღეს ხაზაელმა ბენ-ჰადადი გაგუდა და მის ტახტს დაეპატრონა (2მფ. 8:7—15).
3. სირიის მეფე ხაზაელის ვაჟი (2მფ. 13:3). როგორც ჩანს, ბენ-ჰადად III მამამისთან ერთად ავიწროებდა ისრაელს და იტაცებდა მის ქალაქებს ისრაელის მეფე იეჰოახაზის (ძვ. წ. 876—დაახლ. 860) დროს. მაგრამ იეჰოვამ „მხსნელი“ მოუვლინა ისრაელს, სავარაუდოდ, იეჰოახაზის ვაჟის, იეჰოაშისა (დაახლ. ძვ. წ. 859—845) და მისი მემკვიდრის, იერობოამ II-ის სახით (დაახლ. ძვ. წ. 844—804) (2მფ. 13:4, 5). ელისეს ბოლო წინასწარმეტყველებისამებრ, იეჰოაშმა უკან დაიბრუნა „ბენ-ჰადადისგან, ხაზაელის ვაჟისგან, ის ქალაქები, რომლებიც მან მის მამას, იეჰოახაზს წაართვა“, რადგან სამჯერ სძლია სირიელთა ჯარს (2მფ. 13:19, 23—25). მამის მსგავსად, იერობოამ II-მაც მოიპოვა გამარჯვება სირიელებზე, აღადგინა ისრაელის საზღვრები და, ამგვარად, მხსნელად მოევლინა ქვეყანას (2მფ. 14:23—27). ბენ-ჰადად III, სავარაუდოდ, ცოცხალი აღარ იყო, როცა იერობოამი სირიაზე ილაშქრებდა, რადგან მისი სახელი არ მოიხსენიება.
წინასწარმეტყველმა ამოსმა (მსახურობდა იერობოამ II-ს დროს) „ბენ-ჰადადის საცხოვრებელი კოშკები“ ახსენა, რაც დამასკოს სამეფო სასახლეებზე მიუთითებს (ამ. 1:3—5; შდრ. 2მფ. 16:9). დაახლოებით 200 წლის შემდეგ იერემიამაც იმავე მნიშვნელობით ახსენა ბენ-ჰადადის საცხოვრებელი კოშკები (იერ. 49:23—27).
ბენ-ჰადადი უძველეს წარწერებში. სალმანასარ III-ის წარწერაში, რომელიც სირიელებთან ბრძოლას აღწერს, ნათქვამია: „ჰადადეზერი მოკვდა. ტახტი მდაბიო (სიტყვასიტყვით, არარაობის ძე) ხაზაელმა ჩაიგდო ხელში“ (Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 280). სალმანასარ III „ჰადადეზერში“ (ასურ. ადად-იდრი) ბენ-ჰადად II-ს უნდა გულისხმობდეს.
ხაზაელის ძის, ბენ-ჰადად III-ს არსებობა არქეოლოგიურადაც დასტურდება. ზაქირის სტელა მოგვითხრობს სადამსჯელო ლაშქრობის შესახებ, რომელიც სირიის მეფე „ბარჰადადმა, არამის მეფის, ხაზაელის ვაჟმა“ წამოიწყო. ის სათავეში ჩაუდგა სირიის მეფეებს, რათა „ჰამათისა და ლუათის მეფე ზაქირის“ წინააღმდეგ გაელაშქრათ (Ancient Near Eastern Texts, გვ. 655).
1940 წელს ჩრდილოეთ სირიაში, ალეპოს ჩრდ-ით დაახლოებით 6 კმ-ში აღმოჩენილ იქნა ე. წ. მელკართის სტელა. მასზე გაკეთებული წარწერის მთლიანად წაკითხვა ჭირს, თუმცა ნაწყვეტი ასე იკითხება: „ბარჰადადის მიერ აღმართული სტელა ... თავისი უფლისათვის, მელკარტისათვის“ (Ancient Near Eastern Texts, გვ. 655). რთულია იმის თქმა, ეს ბარჰადადი სამი ბენ-ჰადადიდან რომელია, ან არის თუ არა ის სხვა რომელიმე ბენ-ჰადადი.