კორინთელებისთვის მიწერილი წერილები
ახ. წ. პირველ საუკუნეში მოციქული პავლეს მიერ საბერძნეთში მცხოვრები ქრისტიანებისთვის მიწერილი ორი ღვთივშთაგონებული კანონიკური წერილი; ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ისინი რიგით მე-7 და მე-8 წიგნებია, სხვა ქართულ თარგმანებში კი — მე-14 და მე-15. პავლე საკუთარ თავს ორივე წერილის დამწერად მოიხსენიებს. პირველი წერილის შესავალ სიტყვებში ის მიმართავს „ღვთის კრებას კორინთში“, მეორე წერილში კი — „ღვთის კრებას კორინთში და წმინდებს აქაიაში“ (1კრ. 1:1, 2; 2კრ. 1:1).
არავინ ხდის სადავოს, რომ ორივე წერილი პავლეს დაწერილია. მოციქულის გარდა, სხვებიც ადასტურებენ პავლეს ავტორობას და მათ საყოველთაოდ აღიარებას. I—III საუკუნის მწერლები მათ დამწერად პავლეს მოიხსენიებდნენ და ამ წერილებიდან ციტირებდნენ. ამასთან ე. წ. ათანასეს კანონში (ახ. წ. 367) კორინთელების ორი წერილი მოხსენიებულია პავლეს თოთხმეტ წერილს შორის. ეს ჩვენთვის ცნობილი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების წიგნების პირველი ნუსხაა და 30 წლით უფრო ძველია, ვიდრე ახ. წ. 397 წელს კართაგენში (აფრიკა) საეკლესიო კრებაზე, იმავე სინოდზე, გამოქვეყნებული ნუსხა.
პავლეს მსახურება კორინთში. პავლე კორინთში დაახლ. ახ. წ. 50 წელს ჩავიდა. თავიდან ის ყოველ შაბათს სიტყვით გამოდიოდა სინაგოგაში და „იუდეველებსა და ბერძნებს არწმუნებდა“ (სქ. 18:1—4). მაგრამ მას შემდეგ, რაც სინაგოგაში მას არაერთხელ შეეწინააღმდეგნენ და შეურაცხყვეს, მოციქულმა ყურადღება კორინთელ უცხოტომელებზე გადაიტანა. შეხვედრების ჩასატარებლად მან სინაგოგაზე მიშენებულ სახლში გადაინაცვლა. შედეგად, „ირწმუნა მრავალმა ... და მოინათლა“. ხილვაში უფალმა უთხრა მას: „ამ ქალაქში ბევრი ხალხი მყავს“. ამიტომ მოციქული იქ წელიწადსა და ექვს თვეს დარჩა და „ღვთის სიტყვას ასწავლიდა“ (სქ. 18:5—11). ვინაიდან პავლეს კორინთის კრების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღოდა, მას თამამად შეეძლო ეთქვა: „ათი ათასი აღმზრდელიც რომ გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გავხდი თქვენი მამა ქრისტე იესოში სასიხარულო ცნობის მეშვეობით“ (1კრ. 4:15).
კორინთი აღვირახსნილი ქალაქი იყო, რაც დროთა განმავლობაში ქრისტიანულ კრებაზეც აისახა. პავლეს წერილით მოუწია კრების გაკიცხვა, რადგან მათ შორის ისეთ სიძვას ჰქონდა ადგილი, „რომლის მსგავსი უცხოტომელებშიც კი არ [იყო]“ — ვიღაცა მამამისის ცოლთან ცხოვრობდა (1კრ. 5:1—5). პავლემ მათთვის ადვილად გასაგები მაგალითით ერთგულებისკენ მოუწოდა. მან იცოდა, რომ იქაურებისთვის კარგად იყო ცნობილი ისთმოსის თამაშობანი, რომელიც კორინთის მახლობლად ტარდებოდა. პავლე წერდა: „განა არ იცით, რომ რბოლის დროს ყველა მორბენალი გარბის, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის. შეჯიბრების მონაწილეები ყველაფერში თავშეკავებას ავლენენ. ისინი ამას ხრწნადი გვირგვინის მისაღებად აკეთებენ, ჩვენ კი — უხრწნელისა“ (1კრ. 9:24, 25).
პირველი კორინთელები. მესამე მისიონერული მოგზაურობისას პავლე გარკვეულ ხანს ეფესოში დარჩა (სქ. 19:1). შესაძლოა, მოციქულმა იქ ყოფნის ბოლო წელს შეიტყო შემაძრწუნებელი ამბები კორინთის კრების შესახებ. ქლოეს ოჯახისგან გაიგო, რომ კორინთელებში უთანხმოებები იყო (1კრ. 1:11). ალბათ, კორინთიდან ჩასულმა სტეფანასმა, ფორტუნატემ და აქაიკემაც შეატყობინეს პავლეს იქ არსებული მდგომარეობა (1კრ. 16:17, 18). გარდა ამისა, მას კორინთის კრებიდან წერილიც ჰქონდა მიღებული (1კრ. 7:1). ამიტომ თანამორწმუნეების სულიერი კეთილდღეობით დაინტერესებულმა პავლემ დაახლ. ახ. წ. 55 წელს კორინთის კრებას პირველი წერილი მისწერა. პირველი კორინთელების 16:8-ში პავლე ამბობს: „ეფესოში კი ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე დავრჩები,“ რაც აჩვენებს, რომ მან ეს წერილი ეფესოში დაწერა.
პირველი წერილის შესავალში პავლე მოიხსენიებს თანამსახურ სოსთენეს, რომელმაც სავარაუდოდ პავლეს კარნახით დაწერა ეს წერილი. ამაზე მიუთითებს წერილის დასკვნითი სიტყვებიც: „მე, პავლე, საკუთარი ხელით გწერთ მოკითხვას“ (1კრ. 1:1; 16:21).
მეორე კორინთელები. პავლემ კორინთელებს მეორე წერილი, როგორც ჩანს, ახ. წ. 55 წლის ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში მისწერა. მან პირველი წერილი ეფესოში დაწერა, სადაც ის, შესაძლოა, გეგმის თანახმად ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე ან უფრო დიდხანს დარჩა (1კრ. 16:8). შემდეგ პავლე ტროაში გაემგზავრა, მაგრამ ტიტეს ნახვის იმედი გაუცრუვდა. ტიტე კორინთში იყო გაგზავნილი, რათა იუდეაში მცხოვრები წმინდებისთვის დახმარება შეეგროვებინა. ტროადან მაკედონიაში ჩასული პავლე ტიტეს შეხვდა, რომელმაც მოციქულს უამბო, როგორ გამოეხმაურნენ კორინთელები მის პირველ წერილს (2კრ. 2:12, 13; 7:5—7). პავლემ მეორე წერილიც გაუგზავნა კორინთელებს მაკედონიიდან, როგორც ჩანს, ისევ ტიტეს ხელით. რამდენიმე თვის შემდეგ თვითონაც შეძლო კორინთელების მონახულება. ასე რომ, პავლე კორინთში ორჯერ ჩავიდა. მას შემდეგ, რაც პირველი მონახულების დროს კრება ჩამოაყალიბა, მეორე მონახულებაც დაგეგმა, მაგრამ ჩასვლა ვერ შეძლო. მაგრამ მესამედ როცა გაემზადა მათ მოსანახულებლად, ხელი მოემართა და დაახლ. ახ. წ. 56 წელს კორინთელები კვლავ ნახა (2კრ. 1:15; 12:14; 13:1). კორინთში მეორე მონახულების დროს მან წერილი რომაელებს მისწერა.
რატომ დაიწერა. ტიტემ კარგი ამბავი მიუტანა პავლეს. კორინთელებისთვის მიწერილმა პირველმა წერილმა მათში ღვთისმოსაწონი დანაღვლიანება, მონანიება, გულმოდგინება, გამართლება, აღშფოთება, შიში და უსამართლობის გამოსწორების სურვილი გამოიწვია. მეორე წერილში პავლემ შეაქო ისინი რჩევის გათვალისწინებისთვის და მოუწოდა, მთელი გულით ეპატიებინათ მომნანიებელი კაცისთვის, რომელიც როგორც ჩანს კრებიდან გარიცხული იყო, და ენუგეშებინათ ის (2კრ. 7:8—12; 2:1—11; შდრ. 1კრ. 5:1—5). პავლემ წაახალისა ისინი, კვლავაც დახმარებოდნენ იუდეაში მცხოვრებ გაჭირვებულ თანამორწმუნეებს (2კრ. 8:1—15). ამასთანავე, კრებაში იყვნენ ისეთები, ვინც ისევ და ისევ ეჭვქვეშ აყენებდნენ პავლეს მოციქულობას, რის გამოც მას თავის დაცვა უწევდა. წერილში პავლე მკაცრად ელაპარაკა მათ და ამაყობდა მოციქულის უფლებამოსილებით არა თავისთვის, არამედ ღვთისთვის, ანუ ღვთის კრების გადასარჩენად (2კრ. 5:12, 13; 10:7—12; 11:16—20, 30—33; 12:11—13).
ნათელს ჰფენს ებრაულ წერილებს. კორინთელებისთვის მიწერილ ღვთივშთაგონებულ წერილებში პავლე თავისი მსჯელობის დასამტკიცებლად ებრაული წერილებიდან ციტირებდა. მან გამოაშკარავა ცრუმოციქულთა ქვეყნიური სიბრძნის უგუნურება და კორინთელებს დაანახვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ღვთის აღმატებული სიბრძნის შეძენა. ამისათვის მან გაიმეორა საუკუნეებით ადრე ფსალმუნმომღერლის მიერ წარმოთქმული სიტყვები: „ადამიანთა ფიქრები ... ერთი ამონასუნთქივითაა“ (ფს. 94:11; 1კრ. 3:20), და ურჩი იუდეველებისთვის ესაიას დასმული კითხვა: „ვინ გაზომა იეჰოვას სული? ვის შეუძლია ... მისცეს მას ცოდნა?“ (ეს. 40:13; 1კრ. 2:16). პავლემ განმარტა, რომ ქრისტიან მსახურებს შეეძლოთ მატერიალური დახმარების მიღება. ამის დასადასტურებლად მოიყვანა კანონის 25:4-ში ჩაწერილი სიტყვები, „არ აუკრა პირი მლეწავ ხარს“, და ცხადყო, რომ ეს სიტყვები უმთავრესად ღვთის მსახურებს ეხებოდა და არა ცხოველებს (1კრ. 9:9, 10). პავლემ ციტატები მოიყვანა ესაიას 25:8-დან და ოსიას 13:14-დან, სადაც საუბარია სიკვდილის შთანთქმაზე, რითაც ცხადყო, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღდგომის დაპირება დიდი ხნის წინათ დადო (1კრ. 15:54, 55). ამასთანავე, მან დაწვრილებით ისაუბრა უფლის ვახშმის დაფუძნების დროს იესოს მიცემულ მითითებებზე, რითაც ნათელი მოჰფინა ამ ღონისძიებას (ლკ. 22:19, 20; 1კრ. 11:23—34).
პავლემ პირდაპირი თუ ირიბი ციტატები მოიყვანა კანონის 17:7-დან, ლევიანების 26:11, 12-დან, ესაიას 43:6-დან, 52:11-დან და ოსიას 1:10-დან, რითაც ქრისტიანებს სულიერი სიწმინდისადმი ღვთის უცვლელი დამოკიდებულება დაანახვა (1კრ. 5:13; 2კრ. 6:14—18). მან ცხადყო, რომ ძველად მცხოვრებ ღვთის მსახურებს არ ავიწყდებოდათ გაჭირვებულთა დახმარება და ხელგაშლილ ქრისტიანებს იეჰოვა კეთილგანწყობით უყურებდა (ფს. 112:9; 2კრ. 9:9). მისი სიტყვებიდან ისიც გამოჩნდა, რომ კანონში მოცემული პრინციპი, „ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს საქმე“, ქრისტიანულ კრებაზეც ვრცელდებოდა (კნ. 19:15; 2კრ. 13:1). ებრაული წერილებიდან აღებული ამ თუ სხვა ციტატებით მან ეს მუხლები ჩვენთვის უფრო გასაგები გახადა და დაგვანახვა, როგორ გამოვიყენოთ ისინი.
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები პირველი კორინთელებიდან
პავლემ ეს წერილი კორინთელებს მას შემდეგ გაუგზავნა, რაც მათ შორის უთანხმოებებსა და უზნეობასთან დაკავშირებით აღმაშფოთებელი ამბავი გაიგო. წერილში მან ქორწინების შესახებ მათ კითხვებსაც უპასუხა.
დაიწერა ეფესოში დაახლ. ახ. წ. 55 წელს.
მოუწოდებს ერთობისკენ (1:1—4:21)
ადამიანთა მიმდევრობა უთანხმოებას იწვევს.
მნიშვნელოვანია ღვთის შეხედულება სიბრძნესა და უგუნურებაზე.
ადამიანებით კი არა, იეჰოვათი იამაყეთ, რომელიც ქრისტეს მეშვეობით ყველაფრით უზრუნველგვყოფს.
იყავით მოწიფულები, სულიერად მოაზროვნეები. გესმოდეთ, რომ სულიერი ზრდა ღვთისგან მომდინარეობს და საძირკველი, რომელზეც ქრისტიანი საკუთარ სულიერობას აგებს, ქრისტეა.
ნურავინ გაყოყოჩდება, თითქოს თანაქრისტიანებს სჯობდეს.
დაიცავით ქრისტიანულ კრებაში ზნეობრივი სიწმინდე (5:1—6:20)
კრებიდან გარიცხეთ ყველა, ვინც მეძავი, ხარბი, კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი ან გამომძალველი გახდება.
არჩიეთ მოტყუებულად დარჩენა, ვიდრე თანაქრისტიანებს ურწმუნოებთან ედავოთ სასამართლოში.
ზნეობრივი უწმინდურება ბილწავს ღვთის ტაძარს და ხელს უშლის სამეფოში შესვლას.
რჩევები ქორწინებასა და დაუქორწინებლობაზე (7:1—40)
ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულება აუცილებელია, თუმცა მათ ერთმანეთი უნდა გაითვალისწინონ.
ვნებით აღგზნებულები უმჯობესია, დაქორწინდნენ.
დაქორწინებული ქრისტიანი არ უნდა გაშორდეს ურწმუნო მეუღლეს; იქნებ დროთა განმავლობაში დაეხმაროს, რომ მეუღლემაც დაიმკვიდროს ხსნა.
გაქრისტიანების შემდეგ აუცილებელი არ არის ოჯახური მდგომარეობის შეცვლა.
ქორწინებას დამატებითი საზრუნავი მოაქვს. დაუქორწინებლობა უფლისადმი მოუცდენლად მსახურების საშუალებას იძლევა.
იზრუნეთ სხვების სულიერ კეთილდღეობაზე (8:1—10:33)
ნუ დააბრკოლებთ სხვებს კერპთშენაწირის ჭამით.
პავლე არ იღებდა მატერიალურ დახმარებას, რათა არავინ დაბრკოლებულიყო და უარი არ ეთქვა სასიხარულო ცნობაზე.
გულთან ახლოს მიიტანეთ ის, რაც ისრაელს უდაბნოში გადახდა, რომ თქვენც ისწავლოთ და სხვებიც არ დააბრკოლოთ.
ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს.
წესრიგის დაცვა კრებაში (11:1—14:40)
დაემორჩილეთ ქრისტიანულ მეთაურობას. ქალებმა თავზე უნდა დაიფარონ.
სწორი დამოკიდებულება გქონდეთ უფლის ვახშმის მიმართ.
გამოიყენეთ სულის ძღვენი ისე, რომ მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, ვისგან მიიღეთ და რა მიზნით.
სიყვარული აღმატებული გზაა.
დაიცავით წესრიგი კრების შეხვედრებზე.
აღდგომის იმედი უტყუარია (15:1—16:24)
ქრისტეს აღდგომა გარანტიაა.
ცხებული ქრისტიანები უნდა მოკვდნენ, რომ უკვდავება და უხრწნელობა მიიღონ.
ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში. მტკიცედ იდექით რწმენაში.
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები მეორე კორინთელებიდან
წერილში კიდევ ერთხელ მახვილდება ყურადღება კრების სიწმინდის დასაცავად მიღებულ ზომებზე. პავლე კორინთელებს იუდეაში მცხოვრები ძმების დახმარების სურვილს უღვივებს და ცრუმოციქულების გავლენის შესუსტებას ცდილობს.
პავლემ ეს წერილი კორინთში მეორედ (და საბოლოოდ) ჩასვლამდე რამდენიმე თვით ადრე, ახ. წ. 55 წელს დაწერა.
პავლეს სიყვარულით ზრუნვა; პავლესა და ტიმოთეს მდგომარეობა თანამორწმუნეებთან მიმართებით (1:1—7:16)
პავლე და ტიმოთე ქრისტეს მიმდევრობის გამო კინაღამ მოკლეს, მაგრამ ღვთისგან მათი ხსნა შეიძლება სხვებისთვისაც მანუგეშებელი იყოს.
ისინი სიწმინდითა და ღვთისგან ბოძებული გულწრფელობით იქცეოდნენ. კორინთელების რწმენაზე კი არ ბატონობდნენ, არამედ ეხმარებოდნენ, რომ სიხარული ჰქონოდათ.
პირველი წერილი სიყვარულითა და ცრემლებით დაიწერა. კორინთელებს უნდა ეპატიებინათ იმ კაცისთვის, რომელიც ადრე უზნეოდ მოიქცა, და ენუგეშებინათ ის.
პავლე და მისი თანამსახურები ღმერთმა ახალი შეთანხმების მსახურებისთვის გახადა გამოსადეგი. კორინთელები მათ გულებზე დაწერილი საშუამდგომლო წერილები არიან.
მსახურებისას ისინი ღვთის სიტყვას არ აყალბებენ, არამედ ქადაგებენ, რომ ქრისტე უფალია. ეს სასიხარულო ცნობა დაფარულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება.
მიწიერ კარავში ყოფნის მიუხედავად, პავლესა და ტიმოთეს კორინთელებთან ერთად ზეცაში მარადიული სამკვიდრებლის მიღების იმედი აქვთ. ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სასამართლო ტახტის წინაშე.
ქრისტესთან ერთობაში მყოფი ახალი ქმნილებაა. ასეთებს შერიგების მსახურება აქვთ. ისინი, როგორც ელჩები, მოუწოდებენ ყველას: „შეურიგდით ღმერთს“.
პავლე და მისი თანამსახურები მსახურებაში ბევრ რამეს იტანენ და ღვთის სულის ხელმძღვანელობას მიჰყვებიან, რითაც შუამდგომლობენ საკუთარ თავს, როგორც ღვთის მსახურებს.
გულგაფართოებულები მოუწოდებენ ძმებს, გაფართოვდნენ სიყვარულში, არ შეებან უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან და განიწმინდონ ყოველივესგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს.
პავლე დიდად ანუგეშა იმან, რომ კორინთელებმა გაითვალისწინეს პირველ წერილში ჩაწერილი რჩევები.
პავლე მოუწოდებს კორინთელებს, დაეხმარონ იუდეაში მცხოვრებ გაჭირვებულ ძმებს (8:1—9:15)
სიღარიბის მიუხედავად, მაკედონელები ამ საქმეში თავიანთი წვლილის შეტანას ითხოვენ.
ქრისტე გაღარიბდა, რომ კორინთელები (და სხვები) გამდიდრებულიყვნენ.
პავლე აქებს კორინთელებს, რომ მზად არიან სხვებისთვის გასაზიარებლად.
თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა. ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს.
არგუმენტები ცრუმოციქულების გავლენის შესასუსტებლად (10:1—13:14)
პავლე პასუხობს მათ, ვინც ამტკიცებს, რომ ის სუსტია, მათ ტერიტორიაზე შეიჭრა, ტოლს ვერ უდებს მათ, სიტყვაში გაუწაფავია, უგუნურია და მათნაირი მოციქული არ არის, რადგან თავი დაიმდაბლა და ფიზიკურად შრომობს.
პავლე წარმოშობით არც ერთს არ ჩამოუვარდება; ქრისტეს გამო გაცილებით მეტი დევნა და განსაცდელი აქვს გადატანილი; მეტად უყვარს კრებები, მეტი ხილვა და მოციქულობის დამადასტურებელი ნიშანი აქვს.
ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა.