უცხოელი
წარმოშობით არაისრაელი; უცხოტომელი; ებრაული სიტყვები ნოქრი და ბენ-ნექარ უცხო ქვეყნის ვაჟს ნიშნავს (კნ. 14:21; გმ. 12:43). ისრაელში უცხოელები იყვნენ მოჯამაგირეები, ვაჭრები, ტყვეები, აღთქმული მიწის დაპყრობისას ცოცხლად ან თავიანთ მიწაზე დატოვებული ქანაანელები და სხვა დროებით მცხოვრებლები (იეს. 17:12, 13; მსჯ. 1:21; 2სმ. 12:29—31; 1მფ. 7:13; ნემ. 13:16).
კანონის შეთანხმება უცხოელების უფლებებს ზღუდავდა, თუმცა ისრაელები სამართლიანად და მიუკერძოებლად უნდა მოპყრობოდნენ იმ უცხოელებს, რომლებიც ქვეყნის კანონებს დაიცავდნენ, და სტუმართმოყვარულად მიეღოთ ისინი. ვინაიდან უცხოელებს ისრაელებთან მჭიდრო კავშირი არ ჰქონდათ, ისინი სტატუსით განსხვავდებოდნენ წინადაცვეთილი პროზელიტებისგან, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს კანონის შეთანხმების დაცვის პასუხისმგებლობა და ისრაელის კრებულის წევრები გახდნენ. სხვაობა უცხოელსა და მდგმურს შორისაც არსებობდა. მდგმური შედარებით დიდხანს ცხოვრობდა აღთქმულ მიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მდგმურის უფლებებს ზღუდავდა, მას გარკვეულ უპირატესობასაც ანიჭებდა (იხ. ხიზანი).
ქანაანსა და ეგვიპტეში ისრაელთა ხიზნობის დროს ბევრი არაისრაელი გახდა იაკობის ვაჟებისა და მათი შთამომავლების სახლეულობის წევრი. ზოგი მოჯამაგირე იყო, ზოგი კი — ფულით ნაყიდი მონა, რომელიც აბრაამთან დადებული შეთანხმების თანახმად უნდა წინადაცვეთილიყო (დბ. 17:9—14). ისრაელზე დაქორწინებული უცხოელები და მათი შთამომავლები იმ უამრავ ჭრელ ხალხს შორის იყვნენ, რომლებიც ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელს გაჰყვნენ (გმ. 12:38; ლვ. 24:10; რც. 11:4).
აღთქმულ მიწაზე დასახლების შემდეგ ისრაელს ურთიერთობა მოუწევდა იმ ქანაანელებთან, რომლებიც არ განდევნეს (მსჯ. 2:2, 3). სხვა ქვეყნებიდან იქ ჩადიოდნენ ვაჭრები და ხელოსნები (ეზკ. 27:3, 17; 2სმ. 5:11; 1მფ. 5:6—18). რაც უფრო გამდიდრდებოდნენ ისრაელები, მით უფრო მეტი მოჯამაგირე ეყოლებოდათ (შდრ. კნ. 8:11—13; ლვ. 22:10). ზოგიერთი უცხოელი ისრაელთა ჯარშიც მსახურობდა. ისინი პატივს სცემდნენ თავიანთ ებრაელ მეთაურებს და მათ რელიგიურ შეხედულებებს, როგორც ეს გათელების, ქერეთელებისა და ფელეთელების მაგალითიდან ჩანს (2სმ. 15:18—21).
უცხოელებთან დაკავშირებული კანონები. იეჰოვას მიერ ისრაელთან დადებული კანონის შეთანხმება არეგულირებდა უცხოელებთან ურთიერთობას, იცავდა ქვეყანას და უზრუნველყოფდა მისი მოქალაქეებისა და მათზე დამოკიდებული პირების ეკონომიკურ უსაფრთხოებას და რელიგიურ თუ პოლიტიკურ ერთობას. ისრაელებს არ უნდა ჰქონოდათ ახლო ურთიერთობა უცხოელებთან, მით უმეტეს თაყვანისმცემლობის საკითხებში (გმ. 23:23—25; კნ. 7:16—26; იეს. 23:6, 7) და შეთანხმება არც მათთან უნდა დაედოთ და არც მათ ღმერთებთან (გმ. 34:12—15; 23:32; კნ. 7:2). იეჰოვა ისევ და ისევ უმეორებდა მათ, რომ თაყვანი არ ეცათ უცხოელთა ღმერთებისთვის (გმ. 20:3—7; 23:31—33; 34:14) და არ დაინტერესებულიყვნენ მათი რელიგიური წეს-ჩვეულებებით (კნ. 12:29—31).
უცხოელებთან დამოყვრება ძირითადად იმიტომ იკრძალებოდა, რომ ეს საფრთხეს უქმნიდა თაყვანისმცემლობის სიწმინდეს (გმ. 34:16; კნ. 7:3, 24; იეს. 23:12, 13). ისრაელებს უნდა გაენადგურებინათ ქანაანის მიწაზე მცხოვრები შვიდი ერის ქალაქების მოსახლეობა (კნ. 7:1; 20:15—18). მაგრამ სხვა ქალაქებიდან, რომლებიც ამ შვიდ ერს არ მიეკუთვნებოდა, ისრაელ მეომარს შეეძლო ტყვე ქალწული შეერთო ცოლად, როცა ის განწმენდის პერიოდს დაასრულებდა. რადგან ქალაქის აღების დროს ქალწულის მშობლებს ხოცავდნენ, მასზე დაქორწინება უცხოელ ტომსა და ოჯახთან კავშირის გაბმას არ ნიშნავდა (კნ. 21:10—14; რც. 31:17, 18; კნ. 20:14).
ამასთან, წინადაუცვეთელ უცხოელებს არ ჰქონდათ პასექის ჭამის უფლება (გმ. 12:43). მაგრამ მათ, როგორც ჩანს, შეეძლოთ მღვდლების მეშვეობით კანონის შესაბამისი შესაწირავის მიტანა (ლვ. 22:25). ცხადია, ისინი ვერასოდეს შევიდოდნენ საწმინდარში (ეზკ. 44:9), თუმცა იერუსალიმში ჩასულებს შეეძლოთ ღვთის სახლისკენ მიბრუნებულებს ელოცათ. ისინი, ალბათ, ხელცარიელები ანუ შესაწირავის გარეშე არ ჩავიდოდნენ იქ (1მფ. 8:41—43).
უცხოელი ვერ მიიღებდა მონაწილეობას ქვეყნის მართვაში და ვერ გახდებოდა ისრაელის მეფე (კნ. 17:15). თუ ისრაელს, ხიზანს ან მდგმურს შემთხვევით შემოაკვდებოდა ვინმე, მათ შეეძლოთ თავშესაფარ ქალაქში გაქცევა, თუმცა არსად წერია, რომ ამ ღონისძიებით სარგებლობა უცხოელებსაც შეეძლოთ (რც. 35:15; იეს. 20:9).
ისრაელებს ეკრძალებოდათ მკვდარი ცხოველის ჭამა, რომლისგანაც სისხლი არ იყო გამოშვებული, თუმცა ის უცხოელისთვის შეეძლოთ მიეყიდათ (კნ. 14:21). შაბათის წელს ისრაელისთვის არ შეეძლოთ ვალის გადახდის დაძალება, უცხოელისთვის კი შეეძლოთ (კნ. 15:1—3). ისრაელებს თანამემამულეებისგან სარგებლის გამორთმევის უფლება არ ჰქონდათ, თუმცა ეს კანონი უცხოელებზე არ ვრცელდებოდა (კნ. 23:20).
პრობლემების სათავე. იესო ნავეს ძისა და მსაჯულების დროს ქვეყანაში ბევრი უცხოელი იყო, რის გამოც ისრაელებს პრობლემები არ ელეოდათ (იეს. 23:12, 13). მართალია, ისრაელებმა დაიმონეს ქანაანელები, რომლებიც აღთქმული მიწის დაპყრობის შემდეგ დარჩნენ იქ (იეს. 16:10; 17:13; მსჯ. 1:21, 27—35), მაგრამ იმის გამო, რომ იეჰოვას მითითებისამებრ არ განდევნეს ისინი და არ მოსპეს მათი თაყვანისმცემლობა (მსჯ. 2:1, 2), ქანაანელთა უმეტესობა ისევ კერპთაყვანისმცემელი იყო და უზნეო რიტუალებს იცავდა. შედეგად, ისრაელები ებმებოდნენ ცრუ თაყვანისმცემლობის მახეში (ფს. 106:34—39). განსაკუთრებით ისინი ბაალებსა და აშთორეთის გამოსახულებებს სცემდნენ თაყვანს (მსჯ. 2:11—13). ქანაანელები დავითისა და სოლომონის მეფობის დროსაც ცხოვრობდნენ ისრაელში. ტაძრისა და სხვა სამშენებლო პროექტების დროს სოლომონმა მათ მონური სამუშაო დააკისრა (1მფ. 9:20, 21; იხ. მონური შრომა).
სოლომონი არ დაემორჩილა ღვთის მითითებას და ბევრი უცხოელი ქალი მოიყვანა ცოლად, რომლებმაც დროთა განმავლობაში მისი გული იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობიდან უცხო ღმერთების თაყვანისმცემლობისკენ მიდრიკეს (1მფ. 11:1—8). მმართველ კლასში ცრუ რელიგიის შეჭრა ქვეყნისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. ამან გამოიწვია ერის გაყოფა და საბოლოოდ ბაბილონში გადასახლება, რადგან იუდასა და ისრაელის მეფეებმა ხალხი ცრუ თაყვანისმცემლობაში გახვიეს. საბოლოოდ, ერზე შესრულდა ყველა ის წყევლა, რომლებიც წინასწარმეტყველების თანახმად კანონის დარღვევის გარდაუვალი შედეგი იქნებოდა (1მფ. 11:9—11; 2მფ. 15:27, 28; 17:1, 2; 23:36, 37; 24:18, 19; კნ. 28:15—68).
ბაბილონიდან სამშობლოში ერთგული ისრაელების დაბრუნების შემდეგ ბევრმა უცხოელი ქალები შეირთო ცოლად (ეზრ. 9:1, 2; ნემ. 13:23—25). ამ არასწორი საქციელის გამო ეზრასა და ნეემიას მკაცრი ზომების მიღება მოუწიათ — მათ ხალხს გააშვებინეს უცხოელი ცოლები და მათი შვილები (ეზრ. 10:2—4, 10—19, 44; ნემ. 13:1—3, 27—30). მსგავსად მოექცნენ წესების დამრღვევ სხვა უცხოელებსაც (ნემ. 13:7, 8, 16—21).
იერუსალიმის განადგურების დროს დამპყრობელი ბაბილონელები სასტიკად უსწორდებოდნენ იუდეველებს (გდ. 2:5—12, 19—22). ტყვეობიდან გათავისუფლებულ იუდეველებს აღთქმულ მიწაზე მოსვენებას არ აძლევდნენ მათ გარშემო მცხოვრები უცხოელები. განსაკუთრებით სირიის ბერძენი მმართველები ჩაგრავდნენ მათ. ანტიოქე IV ეპიფანეს გადაწყვეტილი ჰქონდა, იუდეველებში ბერძნული კულტურა და ენა დაენერგა, ამიტომ სასტიკად დევნიდა ყველას, ვინც თაყვანისმცემლობის წმინდად დაცვას ცდილობდა. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ საუკუნეების მანძილზე ისრაელთა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არ წყდებოდა. ამან ბევრი იუდაიზმის თავგამოდებული დამცველი გახადა, ზოგს კი უაღრესად პატრიოტული სულისკვეთება გაუღვივა. ამასთან, იუდეველები შიშობდნენ, რომ უცხოელებთან ქორწინების შედეგად მათი რასა სხვა რასებს შეერეოდა. როგორც ჩანს, ამ მიზეზების გამო ისინი აღარ ეკიდებოდნენ უცხოელებს შემწყნარებლურად, რისკენაც ებრაული წერილები მოუწოდებდა მათ (შდრ. 1მფ. 8:41—43; 2მტ. 6:32, 33; ეს. 56:6, 7).
პირველ საუკუნეში. ახ. წ. პირველ საუკუნეში იუდეველებს რელიგიური წინამძღოლების გავლენით გულგრილი დამოკიდებულება განუვითარდათ უცხოელების მიმართ და თავს შორს იჭერდნენ მათგან. ამის თვალსაჩინო მაგალითია ზიზღი სამარიელების მიმართ, რომლებიც ისრაელებისა და უცხოელების შთამომავლები იყვნენ. როგორც წესი, იუდეველებს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ სამარიელებთან და წყალსაც კი არ სთხოვდნენ დასალევად (ინ. 4:9). მაგრამ იესომ ცხადყო, რომ ასეთი რადიკალური შეხედულება არასწორი იყო (ლკ. 10:29—37).
ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე დადებულმა ახალმა შეთანხმებამ წერტილი დაუსვა იუდეველებსა და უცხოტომელებს შორის კანონით დადგენილ დაყოფას (ეფ. 2:11—16). თუმცა ამის გააზრება ადრინდელ მოწაფეებს ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგაც უჭირდათ. იუდეველებში გავრცელებული შეხედულება ჩანს უცხოტომელი კორნელიუსისთვის პეტრეს ნათქვამი სიტყვებიდან: „თქვენ კარგად იცით, რომ კანონი იუდეველს უკრძალავს უცხოტომელთან მისვლასა და ურთიერთობას“ (სქ. 10:28). იოანეს 18:28-დან ვიგებთ, რომ იუდეველების აზრით, უცხოტომელის სახლში შესვლით ისინი გაუწმინდურდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსეს კანონი ასეთი ურთიერთობის ასაკრძალავად კონკრეტულ მითითებას არ შეიცავდა, ეს შეხედულება იუდეველებს შორის, განსაკუთრებით რელიგიურ წინამძღოლებს შორის, გავრცელებული იყო. ადრინდელ იუდეველ ქრისტიანებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ, რომ თავიდან მოეშორებინათ გაბატონებული აზროვნებით განპირობებული შეზღუდვები და გაეცნობიერებინათ მოციქული პავლეს ნათქვამი, რომ ახალი ქრისტიანული პიროვნებით შემოსილთათვის არ არსებობდა „არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არც უცხოელი, არც სკვითი, არც მონა და არც თავისუფალი“, რადგან ქრისტე ყველაფერი იყო და ყოველივეში იყო (გლ. 2:11—14; კლ. 3:10, 11).
უცხოელის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა ბარბაროს, ძირითადად, მიუთითებდა მასზე, ვინც ბერძნულად არ ლაპარაკობდა (იხ. ბარბაროსი).