ᲗᲐᲛᲐᲨᲘ, ᲗᲐᲛᲐᲨᲝᲑᲔᲑᲘ
ძველთაგანვე ადამიანები დიდ ინტერესს იჩენდნენ გართობის მიმართ. იუბალის შესახებ, რომელიც ადამიდან მოყოლებული მეშვიდე თაობას მიეკუთვნებოდა, ბიბლიაში ნათქვამია, რომ „მისგან წამოვიდა ყველა მექნარე და მესტვირე“ (დბ. 4:21). დროთა განმავლობაში — წარღვნის შემდგომ პერიოდში, თუ უფრო ადრე არა — ადამიანებმა სხვადასხვა თამაშები გამოიგონეს.
ეგვიპტე და შუამდინარეთი. ეგვიპტის, პალესტინისა და შუამდინარეთის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სხვადასხვა ფორმის დაფები, კოჭები და სათამაშოები, რომელთაგან ზოგი ჯერ კიდევ აბრაამამდე არსებობდა. ეგვიპტის ერთ-ერთი ტაძრის ჭიშკრის რელიეფზე ასახულია რამსეს III, რომელიც შაშს ეთამაშება თავის ხარჭას. უმეტეს თამაშებში სვლა განისაზღვრებოდა კოჭების გაგორებით ან ჯოხების სროლით.
ეგვიპტურ ნახატებზე ასახულია არა მარტო ცეკვისა და დაკვრის სცენები, არამედ ისიც, თუ როგორ ჟონგლიორობდნენ ბურთით ეგვიპტელი გოგონები. არსებობდა სხვა უწყინარი თამაშებიც, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ბაგირის გადაწევა. პოპულარული იყო აგრეთვე ბურთულებით თამაში.
ისრაელი. ბიბლიაში პირდაპირ არაფერი წერია იმის შესახებ, თუ რა თამაშები იყო გავრცელებული ებრაელებში. თუმცა, აქა-იქ მოხსენიებულია გართობის გარკვეული სახეობები, აგრეთვე მუსიკა, სიმღერა, ცეკვა და საუბრები. ზაქარიას 8:5 მოიხსენიებს ქალაქის მოედნებზე მოთამაშე გოგო-ბიჭებს, იობის 21:11, 12 კი — მომღერალ და მოცეკვავე ყმაწვილებს. იესოს დროს ბავშვები დგამდნენ სამხიარულო და სევდიან სცენებს (მთ. 11:16, 17). პალესტინაში აღმოაჩინეს ბავშვების სათამაშოები: ჩხარუნები, სასტვენები, მინიატურული ქვაბები და ეტლები. იობის 41:5 შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ იმ პერიოდში ფრინველებსაც ათვინიერებდნენ. როგორც ჩანს, ისრის მიზანში სროლა და შურდულიდან ტყორცნაც გავრცელებული იყო (1სმ. 20:20—22, 35—40; მსჯ. 20:16). თუმცა შეჯიბრის სულით გაჟღენთილი თამაშები იუდეველებში არ იყო გავრცელებული ელინისტურ ეპოქამდე.
ისრაელში პოპულარობით სარგებლობდა გამოცანები. ეს კარგად ჩანს იქიდან, რომ სამსონმა ფილისტიმელებს გამოცანა უთხრა გამოსაცნობად (მსჯ. 14:12—14).
საბერძნეთი. დაახლოებით იმ პერიოდში, როცა ესაიამ იუდაში წინასწარმეტყველება დაიწყო, საბერძნეთში ძვ. წ. 776 წელს საფუძველი ჩაეყარა ცნობილ ოლიმპიურ თამაშებს. შეჯიბრებები იმართებოდა ზევსის პატივსაცემად. ქალაქი ოლიმპია განთქმული იყო იქ გამართული თამაშებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეჯიბრებები იმართებოდა აგრეთვე საბერძნეთის სხვა სამ ქალაქშიც. კორინთთან ახლოს ისთმოსში ეწყობოდა პოსეიდონისადმი მიძღვნილი ისთმოსის თამაშობანი; დელფოში იმართებოდა პითიური თამაშობანი, ხოლო ქალაქ ნემეასთან ახლოს — ნემეის ასპარეზობანი, რომლებიც აგრეთვე ზევსისთვის პატივის მისაგებად ეწყობოდა.
ოლიმპიური თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა, რასაც ღრმა რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. მსხვერპლშეწირვა და ოლიმპიური ცეცხლის თაყვანისცემა დღესასწაულის მნიშვნელოვან მხარეს წარმოადგენდა. კორინთთან ახლოს ისთმოსის თამაშობანი ორ წელიწადში ერთხელ ეწყობოდა.
ყველა შეჯიბრების პროგრამაში შედიოდა სირბილი, ჭიდაობა, კრივი, ბადროსა და ხელშუბის ტყორცნა, ეტლებით რბოლა და სხვა. მონაწილეები ფიცს დებდნენ, რომ შეჯიბრების დაწყებამდე ათთვიან საწრთვნელ ვარჯიშებს გაივლიდნენ, რასაც მათი დროის უმეტესი ნაწილი დასჭირდებოდა. საწრთვნელ ვარჯიშებს მკაცრად ადევნებდნენ თვალს მსაჯები, რომლებიც მონაწილეებთან ერთად ცხოვრობდნენ. ასპარეზობაში მონაწილეებს წრთვნების დროს უფრო რთულ ილეთებს ასრულებინებდნენ, ვიდრე მოეთხოვებოდათ; მორბენლებს ფეხებზე სიმძიმეს აბამდნენ და ისე არბენინებდნენ, მოკრივეებს კი მძიმე უნიფორმებს აცმევდნენ. ხშირად წლები სჭირდებოდა იმას, რომ ადამიანი ფორმაში ჩამდგარიყო და სასურველი უნარ-ჩვევები გამოემუშავებინა, რათა გამარჯვება მოეპოვებინა. ჯილდო უბრალო ფოთლებისგან დაწნული გვირგვინი იყო. ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულს ველური ზეთისხილის ფოთლებისგან დაწნულ გვირგვინს ადგამდნენ, ისთმოსის თამაშობანის დროს — პალმის ფოთლების გვირგვინს, პითიური თამაშობანის დროს — დაფნის გვირგვინს, ხოლო ნემეის ასპარეზობის დროს — ნიახურის ფოთლებისგან დაწნულ გვირგვინს. ჯილდო ხშირად ფინიშის ხაზთან, არბიტრის გვერდით გამოჰქონდათ; მისი დანახვა მორბენლებს სტიმულს მატებდა, ბოლომდე ებრძოლათ გამარჯვების მოსაპოვებლად. თუ ვინმე რომელიმე წესს დაარღვევდა, ასპარეზობიდან ითიშებოდა. თამაშები სალაპარაკო თემად იყო ქცეული საზოგადოებაში უშუალოდ თამაშების დაწყებამდე, მათი მიმდინარეობის დროს თუ დასრულების შემდეგ. გამარჯვებულ სპორტსმენებს ადიდებდნენ, აღმერთებდნენ, უხვად ასაჩუქრებდნენ და ზეიმებს უმართავდნენ. კორინთში გამარჯვებულ სპორტსმენებს მთელი სიცოცხლე პენსიით უზრუნველყოფდნენ.
რომი. რომაული თამაშობები ძალიან განსხვავდებოდა ბერძნული თამაშობებისგან. რომაულ თამაშებში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა გლადიატორთა ორთაბრძოლას და სხვა წარმოდგენებს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. გლადიატორთა ბრძოლებს საფუძველი ძვ. წ. მესამე საუკუნეში ჩაეყარა როგორც დაკრძალვაზე შესასრულებელ რელიგიურ მსახურებას. მას შესაძლოა ბევრი რამ ჰქონდა საერთო უძველეს წარმართულ რიტუალებთან, რომელთა დროსაც თაყვანისმცემლები სხეულს ისერავდნენ და სისხლს იდენდნენ თავიანთი ღვთაებების ან გარდაცვლილთა პატივსაცემად (1მფ. 18:28; შდრ. ლვ. 19:28, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელებს ეკრძალებოდათ ასეთი რამის გაკეთება). რომაული თამაშობები მოგვიანებით ღვთაება სატურნს მიეძღვნა. ვერაფერი აკავებდა მოასპარეზეებს სისასტიკისა და დაუნდობლობის გამოვლენისგან. იმპერატორმა ტრაიანემ ერთხელ 10 000 გლადიატორი გამოიყვანა არენაზე, რომელთაგან უმეტესობამ წარმოდგენის დამთავრებამდე იქვე დაასრულა სიცოცხლე. გლადიატორთა არენაზე მაღალი ფენის წარმომადგენლებიც კი გასულან, მათ შორის იყო რამდენიმე სენატორი, წარჩინებული ქალბატონები და ერთი იმპერატორი, სახელად კომოდუსი. ნერონის დროიდან მოყოლებული ქრისტიანების დიდი ნაწილი არენაზე დახოცეს.
წარმართული თამაშობები პალესტინაში. ძვ. წ. მეორე საუკუნეში ანტიოქე ეპიფანეს მმართველობის დროს გაბერძნებულმა ებრაელებმა ისრაელში ბერძნული კულტურისა და სპორტული შეჯიბრებების დანერგვა დაიწყეს. როგორც ერთ-ერთი აპოკრიფული წიგნის, პირველი მაკაბელების პირველი თავიდან ვიგებთ, იერუსალიმში გაიხსნა სასწავლებელი, სადაც ტანვარჯიშს ასწავლიდნენ. 2 მაკაბელების 4:12—15-ში ნათქვამია, რომ მღვდლებიც კი უარს ამბობდნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე, რათა თამაშებში მიეღოთ მონაწილეობა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ ამგვარი წარმართული ჩვეულებების დამკვიდრებას ისრაელში.
ძვ. წ. პირველ საუკუნეში ჰეროდე დიდმა იერუსალიმში ააშენა თეატრი, ვაკე ადგილზე კი — ამფითეატრი. მან კესარეაშიც ააგო თეატრი და ამფითეატრი. კეისრის პატივსაცემად მანვე დააწესა თამაშები, რომლებიც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართებოდა. ჭიდაობის, ეტლებით რბოლისა და სხვა სახის შეჯიბრებების გარდა, ჰეროდემ შემოიტანა ისრაელში რომაული თამაშობებიც, მათ შორის მხეცების ორთაბრძოლა და სიკვდილმისჯილთა მხეცებისთვის მიგდება. იოსებ ფლავიუსი გვამცნობს, რომ ამ ყველაფრის გამო შეურაცხყოფილმა იუდეველებმა ჰეროდეს მოკვლის მიზნით შეთქმულება მოაწყვეს, თუმცა უშედეგოდ (იუდეველთა სიძველენი, XV, 8, 1—4; XV, 9, 6).
ქრისტიანთა შეხედულება. ახ. წ. II—III საუკუნეებში მოღვაწე მწერალმა ტერტულიანემ აღწერა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ პირველ ქრისტიანებს გართობის იმ სახეობების მიმართ, რომლებიც რომაელებში იყო გავრცელებული. მან აღნიშნა: „[ქრისტიანების] ენას, თვალსა და ყურს საერთო არაფერი აქვს უგუნურ საცირკო სანახაობასთან, უსირცხვილო თეატრალურ წარმოდგენასთან, არენაზე გამართულ სიმხეცესთან და სხეულის ამაო წრთვნასთან“. მან დასძინა: „რას გიშავებთ იმით, რომ ჩვენ სხვა სახის სიამოვნებაზე ვფიქრობთ? ... ჩვენ უარს ვამბობთ იმაზე, რაც თქვენ განიჭებთ სიამოვნებას; ხოლო ის, რაც ჩვენ გვსიამოვნებს, თქვენ არ მოგწონთ“ (აპოლოგია, XXXVIII, 4, 5). ზოგადად ფიზიკურ ვარჯიშთან დაკავშირებით ქრისტიანთა შეხედულება ასახულია იმ დარიგებაში, რომელიც მოცემულია პავლე მოციქულის მიერ ტიმოთესადმი მიწერილ პირველ წერილში (1ტმ. 4:7—10).
გადატანითი მნიშვნელობა. პავლემ და პეტრემ თამაშობებთან დაკავშირებული ზოგიერთი თავისებურება იმ მიზნით მოიხსენიეს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი ესწავლებინათ. ჯილდო, რომელიც ბერძნულ თამაშებში მოასპარეზეთათვის იყო განკუთვნილი, სრულიად განსხვავდებოდა იმ ჯილდოსგან, რომელიც ელოდა ცხებულ ქრისტიანებს. ცხებულები უკვდავებას მიიღებდნენ, თამაშებში გამარჯვებულნი კი — უბრალო ფოთლებისგან დაწნულ გვირგვინს (1პტ. 1:3, 4; 5:4). მორბენალს ისე უნდა ერბინა, რომ მზერა ჯილდოს მოპოვებისკენ ჰქონოდა მიპყრობილი. უკან გახედვა შეიძლება საბედისწერო აღმოჩენილიყო (1კრ. 9:24; ფლ. 3:13, 14). ჯილდოს მისაღებად მას შეჯიბრების წესები უნდა დაეცვა, ანუ ზნეობრივად სუფთა ცხოვრებით ეცხოვრა, რათა, ასე ვთქვათ, ასპარეზობიდან არ მოხსნილიყო (2ტმ. 2:5). თავშეკავება, თვითდისციპლინა და ვარჯიში ერთობ მნიშვნელოვანი იყო (1კრ. 9:25; 1პტ. 5:10). კარგად ნავარჯიშევი მოკრივის მსგავსად, რომელიც მიზანმიმართულად იქნევდა მუშტებს და ტყუილუბრალოდ არ ხარჯავდა ენერგიას, ქრისტიანის ძალისხმევაც მიზანმიმართული უნდა ყოფილიყო და მას ყოველთვის გამარჯვებაზე უნდა ეფიქრა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქრისტიანისთვის დარტყმის ობიექტი იყო ყოველივე ის, რასაც შეიძლება იგი დამარცხებამდე მიეყვანა, მათ შორის მისივე სისუსტეები (1კრ. 9:26, 27; 1ტმ. 6:12). მოასპარეზეების მსგავსად, რომლებიც იხდიდნენ ტანსაცმელს, რომელიც ხელს შეუშლიდა რბოლაში, ქრისტიანებსაც უნდა მოეშორებინათ ყველაფერი, რაც ამძიმებდათ, მათ შორის ცოდვა, რომელსაც შეეძლო ადვილად მოექცია ისინი თავის მარწუხებში. ქრისტიანი „მორბენალი“ მზად უნდა ყოფილიყო არა მოკლე დისტანციაზე სარბენად, არამედ დიდი დისტანციისთვის, რისთვისაც მოთმინება იყო საჭირო (ებ. 12:1, 2).
ებრაელების 12:1-ში პავლე საუბრობს მოწმეთა გარშემო შემოკრებილ „დიდ ლაშქარზე [ბერძ., მარტირონი]“. იმის თქმის საფუძველს, რომ დიდ ლაშქარში პავლე არ გულისხმობდა ჩვეულებრივ დამკვირვებლებს, იძლევა წინა თავი, რომელთან კავშირსაც ის გამოხატავს სიტყვით „მაშ, ... “. პავლე მოუწოდებს ქრისტიანებს, განაგრძონ რბოლა და ყურადღება მიაპყრონ მათ კარგ მაგალითებს, რომლებმაც გაირბინეს სარბიელი, განსაკუთრებით კი — იესო ქრისტეს, რომელმაც უკვე მოიპოვა გამარჯვება და ახლა მათი „არბიტრია“.
შესაძლოა რომში გამართულ თამაშებს გულისხმობდა პავლე 1 კორინთელების 4:9-ში მოყვანილ მაგალითში, სადაც მან საკუთარი თავი და სხვა მოციქულები შეადარა არენაზე ბოლოს გამოყვანილ მონაწილეებს. ჩვეულებრივ, ეს წარმოდგენა ყველაზე სისხლიანი იყო. მას ბოლოსთვის მოიტოვებდნენ ხოლმე, მასში მონაწილეებს კი გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ. ებრაელების 10:32, 33-ში ჩაწერილი სიტყვების დაწერისასაც პავლეს შესაძლოა რომაული თამაშობები ჰქონდა მხედველობაში (იხ. ᲗᲔᲐᲢᲠᲘ). 1 კორინთელების 15:32-ში პავლემ საკუთარ თავზე თქვა: „მიბრძოლია მხეცებთან ეფესოში“, რითაც შესაძლოა იმის ხაზგასმა სურდა, რომ რომაული თამაშობების დროს მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა არენაზე. ზოგის აზრით, რომის მოქალაქეს არ მიუგდებდნენ მხეცებს არენაზე. ისინი თვლიან, რომ პავლე ზემოხსენებულ სიტყვებში გულისხმობდა მხეცისმაგვარ მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც შეხვდა ეფესოში. თუმცაღა პავლე 2 კორინთელების 1:8—10-ში მოიხსენიებს საშიშროებას, რომელმაც მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა აზიაში, სადაც ეფესო მდებარეობდა. ის აგრეთვე საუბრობს იმაზე, რომ ღმერთმა სიკვდილისგან იხსნა. მოციქულის სიტყვები უფრო იმაზე მეტყველებს, რომ ის პირდაპირი გაგებით მხეცებს ებრძოდა არენაზე და არა მოწინააღმდეგეებს ეფესოში (სქ. 19:23—41). ეს შესაძლოა ერთ-ერთი იყო იმ შემთხვევებიდან, როცა პავლემ მსახურების დროს სიკვდილს ჩახედა თვალებში (2კრ. 11:23; იხ. ᲒᲐᲠᲗᲝᲑᲐ)