გედალია
[იეჰოვა დიდია].
1. ლევიანი მგალობელი, რომელიც დავითის მეფობის დროს წილისყრით აირჩიეს მუსიკოს მსახურთა 24 ჯგუფიდან მეორის ხელმძღვანელად. თითოეული ჯგუფი 12 მამაკაცისგან შედგებოდა (1მტ. 25:3, 9, 31).
2. წინასწარმეტყველ სოფონიას პაპა და, სავარაუდოდ, მეფე ხიზკიას შთამომავალი (სფ. 1:1).
3. ფაშხურის ძე; ერთ-ერთი იერუსალიმელი მთავარი, რომელმაც მეფე ციდკიას წინაშე იერემიას ბრალი დასდო, თითქოს იგი ხელიდან ძალას აცლიდა მებრძოლებსა და მთელ ხალხს, რის გამოც მისი მოკვლა მოითხოვა. მეფემ მთავრებს უფლება მისცა, სურვილისამებრ ემოქმედათ, რის შემდეგაც მათ იერემია ტალახიან ჭაში ჩააგდეს (იერ. 38:1—6).
4. „შაფანის ძის ახიკამის ძე“. ძვ. წ. 607 წელს, იერუსალიმის განადგურების შემდეგ მეფე ნაბუქოდონოსორმა გედალია სამშობლოში დარჩენილ იუდეველთა ზედამხედველად დააყენა. იგი მიცფაში დასახლდა, სადაც იერემია წინასწარმეტყველიც ჩავიდა საცხოვრებლად. როცა ტყვეობას გადარჩენილმა იუდეველთა ჯარის მეთაურებმა გედალიას ზედამხედველად დანიშვნის ამბავი გაიგეს, თავის ხალხთან ერთად მასთან მიცფაში ავიდნენ. გედალიამ მათ უთხრა, რომ თუ ბაბილონის მეფის მსახურები გახდებოდნენ, ხელი მოემართებოდათ და ეს სიტყვები ფიცით განამტკიცა. მან აგრეთვე მოუწოდა მათ, რომ შეეგროვებინათ ღვინო, ზეთი და ზაფხულის ხილი. გედალიასთან სხვადასხვა მხარეში, მათ შორის მოაბის, ამონის და ედომის მიწაზე გაფანტული იუდეველებიც მიდიოდნენ.
როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არ მოსწონდა ამონის ძეთა მეფეს, ბაალისს და გედალიას მოსაკლავად მან ისმაელი მიიმხრო. როდესაც ეს იოხანანმა და სხვა ჯარის მეთაურებმა გაიგეს, მათ გააფრთხილეს გედალია, თუმცა მან არ დაიჯერა. იოხანანი პირადადაც ესაუბრა გედალიას და უთხრა, რომ შეთქმულების ჩასაშლელად ისმაელის მოსაკლავადაც მზად იყო. თუმცა გედალიას არაფრის მოსმენა არ სურდა, რადგან ისმაელზე ნათქვამს სიცრუედ მიიჩნევდა. როცა ისმაელი ათ კაცთან ერთად მიცფაში ჩავიდა, გედალიამ სიფრთხილის არანაირი ზომა არ მიიღო და მათთან ერთად საჭმელად დაჯდა. ისმაელმა და მასთან მყოფმა კაცებმა ისარგებლეს ამით და მოკლეს როგორც გედალია, ისე მასთან მყოფი იუდეველები და ქალდეველები (2მფ. 25:22—25; იერ. 39:14; 40:5—41:3).
5. ეზრას თანამედროვე მღვდელი, რომელსაც უცხოელი ცოლი ჰყავდა, მაგრამ პირობა დადო, რომ გაუშვებდა (ეზრ. 10:18, 19).