დაბადება (ბიბლიის წიგნი)
ხუთწიგნეულის, იგივე პენტატევხის (ბერძნ. „ხუთი გრაგნილი“) პირველი წიგნი; ბერძნულ სეპტუაგინტაში მას ეწოდება „გენეზისი“ (ნიშნავს წარმოშობას, წარმოქმნას), ხოლო ებრაულად მისი სახელწოდებაა „ბერეშით“ (თავდაპირველად), რაც წიგნის პირველი სიტყვიდან არის აღებული.
სად და როდის დაიწერა. წიგნი „დაბადება“, როგორც ჩანს, თავდაპირველად ერთი ხელნაწერის (თორა) ნაწილი იყო. სავარაუდოდ, მისი წერა მოსემ ძვ. წ. 1513 წელს დაასრულა სინას უდაბნოში. დაბადების 1:1, 2-ის შემდეგ (აღწერილია ცისა და დედამიწის შექმნა) წიგნი აღწერს ადამიანის საცხოვრებლად დედამიწის მომზადების პროცესს, რომელიც ათასობით წელს გრძელდებოდა (იხ. შემოქმედება; დღე). ამის შემდეგ ის მოიცავს პერიოდს ადამიანის შექმნიდან ძვ. წ. 1657 წელს იოსების სიკვდილამდე (იხ. ქრონოლოგია [ადამიანის შექმნიდან დღემდე]).
დამწერი. ერთ დროს სკეპტიკოსების მიერ წამოჭრილი აზრი, რომ მოსეს დროს დამწერლობა არ არსებობდა, დღეს საყოველთაოდ უარყოფილია. როგორც ფ. ჯ. უაიზმენი აღნიშნავს თავის წიგნში, არქეოლოგიური კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ „დამწერლობა კაცობრიობის ადრეული ხანიდან არსებობს“ (New Discoveries in Babylonia About Genesis, 1949, გვ. 35). თითქმის ყველა თანამედროვე მეცნიერი აღიარებს, რომ დამწერლობა მოსემდე (ძვ. წ. მეორე ათასწლეული) გაცილებით ადრე შეიქმნა. გამოსვლის 17:14-ში ჩაწერილი ფრაზა „ჩაწერე ეს წიგნში სამახსოვროდ“, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსეს დროს იყენებდნენ დამწერლობას. ადამი, როგორც სრულყოფილი ადამიანი, შეძლებდა რომელიმე დამწერლობის გამოგონებას, რადგან ღმერთმა მას მეტყველების უნარი უბოძა, რომელსაც სრულყოფილად ფლობდა და პოეტურადაც შეეძლო აზრების გამოთქმა (დბ. 2:19, 23).
საიდან მოიპოვა მოსემ წიგნ „დაბადებაში“ ჩაწერილი ინფორმაცია?
„დაბადებაში“ ჩაწერილი მთელი ინფორმაცია მოსეს დაბადებამდე მომხდარ მოვლენებს ეხება. შეიძლება ეს ინფორმაცია ღვთის გამოცხადებით იქნა მიღებული. აშკარაა, რომ ადამიანის შექმნამდე მომხდარი მოვლენების შესახებ ცნობები სწორედ ამ გზით გადაეცა მოსეს ან მოსემდე ვინმე სხვას (დბ. 1:1—27; 2:7, 8). ამ ცნობებმა და სხვა დეტალებმა მოსემდე შეიძლება ზეპირგადმოცემებითაც მიაღწია. იმ პერიოდში ადამიანები დღეგრძელები იყვნენ, ამიტომ ადამიდან მოსემდე ინფორმაცია შეიძლება მხოლოდ ხუთი კაცის — მეთუშალახის, სემის, ისაკის, ლევისა და ამრამის — მეშვეობით გადაცემულიყო. იმ დროს არსებული ხელნაწერები შესაძლოა კიდევ ერთი წყარო ყოფილიყო, საიდანაც მოსეს შეეძლო „დაბადებაში“ ჩაწერილი ცნობების მოძიება. ამ აზრს ემხრობოდა XVIII საუკუნეში მოღვაწე ჰოლანდიელი თეოლოგი კამპეგიუს ვიტრინგა. თავისი მოსაზრების საფუძვლად მას მოჰყავდა „დაბადებაში“ ხშირად მოხსენიებული ებრაული სიტყვა თოლედოთ, რომელიც ზოგ თარგმანში გადმოტანილია როგორც „თაობები“, თუმცა მისი უფრო ზუსტი თარგმანია „ისტორია“, „ამბავი“ ან „წარმოშობა“ (დბ. 2:4; 5:1; 6:9; 10:1; 11:10, 27; 25:12, 19; 36:1, 9; 37:2). აქედან გამომდინარე, ბიბლიის გერმანული (Elberfelder), ფრანგული (Crampon) და ესპანური (Bover-Cantera) თარგმანები ამ ებრაულ სიტყვას „ისტორიად“ თარგმნის, ქართულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ კი ის გადმოტანილია როგორც „წარმოშობა“ და „ამბავი“. ფაქტია, ადამიანებს ოდითგანვე ამოძრავებდათ იმის სურვილი, რომ ზუსტი ისტორიული ცნობები ჰქონოდათ.
ზემოხსენებული მიზეზების გამო ვიტრინგას მსგავსად სხვებიც მიიჩნევენ, რომ „დაბადებაში“ გამოყენებული ებრაული სიტყვა თოლედოთ მიუთითებს მოსეს ხელთ არსებულ ისტორიულ ჩანაწერებზე, რომლებზეც მან „დაბადების“ ძირითადი ნაწილი დააფუძნა. მათი აზრით ის მამაკაცები (ადამი, ნოე, ნოეს ვაჟები, სემი, თერახი, ისმაელი, ისაკი, ესავი და იაკობი), რომელთა კონტექსტშიც ეს სიტყვა გამოიყენება, თავად იყვნენ ამ ხელნაწერების ავტორები ან პირველი მფლობელები. მაგრამ ამით შეუძლებელია იმის ახსნა, თუ საიდან აღმოჩნდა ყველა ეს ხელნაწერი მოსეს ხელში. გაურკვეველია ისიც, რატომ უნდა გამოეყენებინა მოსეს ერთ-ერთ ძირითად წყაროდ იმ მამაკაცების (მაგ., ისმაელი და ესავი) ჩანაწერები, რომლებიც იეჰოვასადმი ერთგულებით არ გამოირჩეოდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ ფრაზები „ეს არის ... ამბავი“ და „ეს არის ... წარმოშობის წიგნი“ უბრალოდ შესავლის ფუნქციას ასრულებდა და ვრცელ ისტორიას უფრო პატარა მონაკვეთებად ყოფდა. თავის სახარებას მათეც მსგავსი სიტყვებით იწყებს (მთ. 1:1; იხ. წერა).
დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, თუ საიდან მიიღო მოსემ „დაბადებაში“ ჩაწერილი ინფორმაცია. მას შეეძლო ზემოთ განხილული სამივე საშუალებით მოეპოვებინა ცნობები, კერძოდ, ღვთიური გამოცხადებით, ზეპირგადმოცემებითა თუ წერილობითი წყაროებით. მთავარი ის არის, რომ ყველაფერი, რაც წინასწარმეტყველმა მოსემ დაწერა, იეჰოვა ღმერთისგან იყო შთაგონებული (2პტ. 1:21).
ეს წიგნი მომავალი თაობებისთვის ღვთივშთაგონებული სახელმძღვანელო უნდა გამხდარიყო. ის რეგულარულად უნდა წაეკითხათ ხალხისთვის (კნ. 31:10—12; 2მფ. 23:2, 3; ნემ. 8:2, 3, 18) და ისრაელის მეფეებს უნდა ეხელმძღვანელათ მისით (კნ. 17:18, 19).
კრიტიკოსების „დოკუმენტური ჰიპოთეზა“. ბიბლიის ზოგმა კრიტიკოსმა შეიმუშავა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც „დაბადება“ ერთი მწერლის ან შემდგენლის, კერძოდ, მოსეს ნაშრომი კი არ არის, არამედ რამდენიმე მწერლის, რომელთაგან ზოგი მოსეს სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ ცხოვრობდა. მათი აზრით, წიგნ „დაბადებაში“ არსებობს ენობრივ-სტილისტური სხვაობები, რის საფუძველზეც მათ შეიმუშავეს ე. წ. დოკუმენტური ჰიპოთეზა. ამ თეორიის თანახმად, არსებობდა სამი წყარო ან რედაქცია, რომელთაც უწოდეს „იაჰვისტი“ (ლათ. „J“), „ელოჰისტი“ (ლათ. „E“) და „სამღვდელმსახურო“ (ლათ. „P“). ვინაიდან ზოგი მოვლენა ორჯერ არის მოხსენიებული და წიგნის სხვადასხვა ნაწილში მსგავსი მონაკვეთები გვხვდება, სხვა კრიტიკოსები ამ წყაროების ჩამონათვალს კიდევ ზრდიან და აცხადებენ, რომ წიგნი „დაბადება“ დაფუძნებულია 14 დამოუკიდებელ წყაროზე. მართალია, მათი აზრით, ეს წყაროები (ან დამწერები) სხვადასხვა შეხედულებასა თუ რელიგიურ სწავლებას უჭერს მხარს, მაგრამ ამ წყაროების შერწყმის შედეგად „დაბადება“ მაინც ერთ მთლიან ნაშრომს წარმოადგენს. თავიანთი მოსაზრებების დასამტკიცებლად მათ უამრავი აზრმოკლებული არგუმენტი მოჰყავთ, რომელთაგან ზოგიერთზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
ამ თეორიის ჩამოყალიბების საფუძველი ის იყო, რომ „დაბადებაში“ ღმერთი სხვადასხვა ტიტულით არის მოხსენიებული. კრიტიკოსთა აზრით, სწორედ ეს მიანიშნებს, რომ წიგნს არაერთი დამწერი ჰყავდა. მაგრამ ამ შეხედულების უსუსურობა იქიდანაც ჩანს, რომ „დაბადების“ მოკლე მონაკვეთში ღმერთთან მიმართებით გამოიყენება შემდეგი ტიტულები: „უზენაესი ღმერთი“ (ʼელ ელჲონ, დბ. 14:18); „ზეცისა და დედამიწის შემქმნელი“ (14:19); „უზენაესი უფალი“ (ʼადონაი, 15:2); „ყოველივეს მხილველი“ (16:13); „ყოვლისშემძლე ღმერთი“ (ʼელ შადდაი, 17:1); „ღმერთი“ (ʼელოჰიმ, 17:3); „ჭეშმარიტი ღმერთი“ (ჰაʼელოჰიმ, 17:18); „მთელი დედამიწის მოსამართლე“ (18:25). ზემოხსენიებული არგუმენტის გამოყენება იმის დასამტკიცებლად, რომ ეს მონაკვეთები სხვადასხვა დამწერის შედგენილია პასუხგაუცემელ კითხვებს წამოჭრის და აბსურდამდე მიგვიყვანს. სინამდვილეში, ღვთის არაერთი წოდება წიგნ „დაბადებაში“ მათი შინაარსიდან გამომდინარე არის გამოყენებული და უკეთ გვაცნობს იეჰოვას თვისებებს, საქმეებსა და თავის ხალხთან მის ურთიერთობას.
ამ ჰიპოთეზის მომხრეთა აზრით, დაბადების 1:1-ში სიტყვა ბარა ʼ („შექმნა“) მიანიშნებს, რომ ეს მონაკვეთი „სამღვდელმსახურო“ (ლათ. „P“) წყაროზეა დაფუძნებული. თუმცა იგივე სიტყვა დაბადების 6:7-შიც გვხვდება, რომელსაც „იაჰვისტის“ რედაქციას მიაკუთვნებენ. აგრეთვე, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არაერთ ადგილას გამოყენებული გამოთქმა „ქანაანის მიწა“ (მაგ. დბ. 12:5; 13:12ა; 16:3; 17:8) „სამღვდელმსახურო“ რედაქციის დამწერისთვის დამახასიათებელი გამოთქმაა. შესაბამისად, ისინი ამტკიცებენ, რომ ეს მონაკვეთები მისი დაწერილია. მაგრამ ეს ფრაზა 42-ე, 44-ე, 47-ე და 50-ე თავებშიც გვხვდება, რომლებიც იმავე კრიტიკოსების აზრით, „იაჰვისტისა“ და „ელოჰისტის“ რედაქციებს ეფუძნება. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ მათი თეორიები საჭიროა „დაბადებაში“ ერთი შეხედვით არსებული არათანმიმდევრულობის ასახსნელად, გამოკვლევამ ცხადყო, რომ თავად ეს თეორიები სავსეა არათანმიმდევრულობებით.
თუ სხვადასხვა წყაროს მიკუთვნებულ მონაკვეთებს დავაჯგუფებთ (წინადადება-წინადადება ამოვიღებთ და შემდეგ შევაერთებთ), მივიღებთ არაერთ არალოგიკურ და არათანმიმდევრულ მონათხრობს. თუ იმას დავიჯერებთ, რომ გვიანდელ ეპოქაში მცხოვრებმა შემდგენმა გამოიყენა ეს წყაროები და გააერთიანა, მაშინ ისიც უნდა ვირწმუნოთ, რომ მანამდე ისრაელი ერი საუკუნეების მანძილზე ამ არათანმიმდევრულ მონათხრობებს იყენებდა და ისტორიულად მიიჩნევდა. რომელი მწერალი, განსაკუთრებით კი ისტორიკოსი, შეადგენდა ასეთ ერთმანეთთან დაუკავშირებელ მონათხრობებს?! და ეს ასეც რომ ყოფილიყო, რომელი ერი აღიარებდა ასეთ მონათხრობებს თავისი ისტორიის ნაწილად?!
ეგვიპტოლოგის, კ. კიჩინის სიტყვები კარგად აჩვენებს, რამდენად არალოგიკურია „დოკუმენტური ჰიპოთეზის“ მხარდამჭერთა მსჯელობა. ის წერს: «უკვე დიდი ხანია ხუთწიგნეულის კრიტიკოსები ამ ერთ მთლიანს ცალკეულ დოკუმენტებად ანუ წყაროებად ყოფენ ... მაგრამ „ძველი აღთქმის“ კრიტიკული შესწავლის მეთოდი — არსებული თავისებურებების საფუძველზე მონაკვეთების სხვადასხვა დოკუმენტებად და წყაროებად დაყოფა — აბსურდული ხდება, თუ ამ მეთოდს სხვა უძველესი აღმოსავლური წყაროების მიმართ გამოვიყენებთ, რომლებიც იმავე თავისებურებებით გამოირჩევა». შემდეგ მას მაგალითად მოჰყავს ერთ-ერთი ეგვიპტური ბიოგრაფია, რომელიც „დაბადების“ კრიტიკოსების თეორიული მეთოდების გამოყენებით შეიძლებოდა სხვადასხვა წყაროსთვის მიგვეკუთვნებინა. როგორც ეს ეგვიპტოლოგი წერს, ფაქტები ცხადყოფს, რომ ზემოხსენებული ბიოგრაფია „თვეების, კვირების ან რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული, შედგენილი, დაწერილი და ამოკვეთილი. შეუძლებელია, რომ ამ ბიოგრაფიის სტილი სხვადასხვა წყაროს არსებობით ყოფილიყო განპირობებული, ის უბრალოდ თემის მიხედვით იცვლებოდა და განსახილველი საკითხის შესაბამისი იყო“ (The New Bible Dictionary, ჯ. დაგლასის რედაქციით, 1980, გვ. 349). სინამდვილეში კრიტიკოსების უსუსურობა მეტ დამაჯერებლობას სძენს იმ ფაქტს, რომ მხოლოდ ერთმა კაცმა, მოსემ, ღვთივშთაგონებით დაწერა ეს ჰარმონიული და თანმიმდევრული მონათხრობი, რომელსაც „დაბადება“ ჰქვია.
ისტორიული ხასიათის წიგნი. წიგნი „დაბადება“ არის ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი წყარო, რომელიც ლოგიკურად და თანმიმდევრულად მოგვითხრობს ისტორიას ქვეყნიერების შექმნის დღიდან. „დაბადებაში“ პირველი მამაკაცისა და ქალის შესახებ ჩაწერილი ისტორიული მონათხრობის არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ გვეცოდინებოდა წარმართული ერების ლეგენდები და ალეგორიული ახსნები ადამიანის შექმნის შესახებ. წიგნ „დაბადების“ შედარება ამ წარმართულ მონათხრობებთან ნათლად ცხადყოფს ბიბლიური ჩანაწერის აღმატებულობას.
მაგალითად, ყველაზე გავრცელებული ბაბილონური ლეგენდის თანახმად, ბაბილონის მთავარმა ღვთაება მარდუქმა მოკლა ქალღმერთი თიამათი (ტიამატი), შემდეგ გაკვეთა მისი გვამი, „ორად გაჭრა ვითარცა ნიჟარა, ერთი ნახევრით ზეცა გადახურა“. ასე წარმოიქმნა ცა და დედამიწა. იმავე ლეგენდაში ნათქვამია, რომ ღმერთებმა შეკრეს ღვთაება ქინგუ, „სასჯელი დააკისრეს და სისხლი ამოართვეს; მისი სისხლისგან კაცთა მოდგმა შექმნეს“ („შუამდინარული მითოლოგია“, ზ. კიკნაძე, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1973, გვ. 142, 143, 149; იხ. აგრეთვე Ancient Near Eastern Texts, ჯეიმზ პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 67, 68). სამყაროს დასაბამის შესახებ ეგვიპტურ მითებშიც მოთხრობილია სხვადასხვა ღვთაების ქმედებები, თუმცა მათში არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქალაქის (მემფისის თუ თებეს) ღმერთმა დაუდო დასაბამი სამყაროს. ერთ-ერთი ეგვიპტური მითის თანახმად, მზის ღვთაება რამ თავისი ცრემლებით შექმნა კაცთა მოდგმა. რაც შეეხება ბერძნულ მითებს, ისინი ბაბილონურს ჰგავს. ძველი ჩინური ჩანაწერები კი, ძირითადად, კალენდრებსა და ქრონოლოგიურ გამოთვლებს შეიცავს და მათში მოცემული ინფორმაცია საინტერესო იყო მხოლოდ კონკრეტულ ადგილსა თუ პერიოდში მცხოვრები ადამიანებისთვის.
ამ უძველესი წყაროებიდან არც ერთი არ გვაწვდის ისეთ ისტორიულ, გენეალოგიურ თუ ქრონოლოგიურ ცნობებს, როგორებსაც წიგნი „დაბადება“. უძველესი ხალხების ჩანაწერების უმეტესობა ძალიან ბუნდოვან და ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს შეიცავს მათი წინაპრების შესახებ. ამის საპირისპიროდ, ისრაელი ერის ადრეული ისტორია დეტალური და კონკრეტულია. და ეს ასეც უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ თავისი ხალხის მიმართ ღვთის განზრახვას. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისრაელ ერს უშუალოდ ღმერთი ხელმძღვანელობდა და პირადი ურთიერთობა ჰქონდა მათ წინაპრებთან, კერძოდ, აბრაამთან, ისაკსა და იაკობთან. მოგვიანებით ღმერთმა მოსეს განსაკუთრებული საქმე გააკეთებინა. მან მოსეს შუამავლობით ისრაელს კანონი მისცა, რის საფუძველზეც ისინი ერად ჩამოყალიბდებოდნენ. ისრაელის ისტორია მხოლოდ ისრაელის საკეთილდღეოდ კი არ ჩაიწერა, არამედ ყველა იმ ადამიანის საკეთილდღეოდ, რომლებიც ეცნობიან ჭეშმარიტ ღმერთს და მისი მსახურები ხდებიან.
მათ საპასუხოდ, ვინც „დაბადების“ ბევრ მონაკვეთს ზღაპრად ან ფოლკლორად მიიჩნევს, ბიბლეისტი ვილჰელმ მელერი წერდა: „შეუძლებლად მიმაჩნია ვინმეს იმაში დარწმუნება, რომ რომელიმე ხალხის იგავ-არაკები ან მითები დროთა განმავლობაში ფაქტებად ხდებოდა მიჩნეული და, რომ დღეს მზად უნდა ვიყოთ, ისტორიულ ფაქტებად მივიჩნიოთ სიმღერა ნიბელუნგებზე ან წითელქუდას ზღაპარი. არადა კრიტიკოსების აზრით, სწორედ ასე მოხდა ისრაელის შემთხვევაში“ (The International Standard Bible Encyclopaedia, ჯ. ორის რედაქციით, 1960, ტ. II, გვ. 1209). შემდეგ ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ წინასწარმეტყველებმა სოდომისა და გომორას განადგურება ისტორიულ ფაქტად მიიჩნიეს (ეს. 1:9; ამ. 4:11), აბრაამი, ისაკი, იაკობი და იოსები კი — რეალურ პიროვნებებად (ეს. 29:22; მქ. 7:20). უფრო მეტიც, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში აბრაამი ბევრგან მოიხსენიება. მათეს 22:32-ში მკვდრეთით აღდგომაზე საუბრისას თავად იესო ქრისტემ მოიხსენია იგი. აბრაამი, ისაკი და იაკობი რეალური პიროვნებები რომ არ ყოფილიყვნენ, იესო სხვა მაგალითს მოიყვანდა (მთ. 22:31—33).
რამდენად ღირებულია. წიგნი „დაბადება“ მოგვითხრობს სამყაროს წარმოშობის ისტორიას. მასში ლაკონიურად არის აღწერილი შემოქმედების სასწაულები, რათა არ დაიჩრდილოს წიგნის მთავარი მიზანი. ამგვარად, ის ძალიან განსხვავდება შემოქმედების შესახებ წარმართული მითებისგან, რომლებშიც სასწაულებს მთავარი ადგილი უკავია და ხაზგასმის მიზნით ისინი აშკარა სიცრუითა და აბსურდული ამბებით არის გადმოცემული. „დაბადება“ მოგვითხრობს შემოქმედებაზე, გვანახვებს, რა მიზნით შექმნა ღმერთმა ადამიანი და რა მდგომარეობა უკავია მას ღმერთთან მიმართებით და ცხოველებთან მიმართებით. წიგნიდან ვიგებთ, რატომ ვიტანჯებით და ვკვდებით და ხსნის რა იმედი არსებობს; აგრეთვე იმას, რომ ყველა ადამიანი ერთი კაცისგან, ადამისგან წარმოიშვა, რომელმაც შესცოდა და შთამომავლებს მარადიული სიცოცხლე დააკარგვინა. ამგვარად, ჩვენთვის ცნობილი ხდება, როგორ შეუძლია ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მსხვერპლს ყველა ადამიანის ცოდვების გამოსყიდვა. „დაბადებიდან“ ჩანს, როგორ დააყენა ეჭვქვეშ სატანა ეშმაკმა ღვთის უზენაესობის კანონიერება. ის სატანის განადგურებისა და კაცობრიობის ხსნის იმედს გვაძლევს; გვამცნობს, როგორ ჩაეყარა საფუძველი წარღვნის შემდეგ ქალაქ ბაბილონსა და, შესაბამისად, მთელ ცრუ რელიგიას, რაც წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული დიდი ბაბილონის ამოცნობაში გვეხმარება (იხ. დიდი ბაბილონი).
იესომ თქვა, რომ ღვთის ყველა მსახური მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდეს თაყვანს (ინ. 4:24). „დაბადება“ სიმართლეს გვიმხელს ადამიანის წარმოშობისა და მის მიმართ ღვთის დამოკიდებულების შესახებ. ვინაიდან მასში ჩაწერილი სინამდვილეა და არა მითები, ჩვენ ვიცით სიმართლე კაცობრიობის ისტორიის შესახებ. „დაბადებიდან“ კარგად ჩანს, რომ წარღვნამდე მცხოვრებმა ადამიანებმა ედემის ბაღში მომხდარის შესახებ იცოდნენ სიმართლე, რადგან ეს ბაღი ჯერ კიდევ არსებობდა და მათ შეეძლოთ მის შესასვლელთან მდგომი ქერუბიმებისა და მბრუნავი ცეცხლოვანი მახვილის ნახვა (დბ. 3:24). მაგრამ საკუთარ სურვილებს აყოლილები უგულებელყოფდნენ ფაქტებს, რომლებიც თვალწინ ჰქონდათ. თავად ნოე ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად სცემდა ღმერთს თაყვანს, რაც კაცობრიობის ნამდვილ ისტორიას შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ წარღვნის შემდეგ ნიმროდი ღმერთს ეურჩა, ამაში სხვებიც აიყოლია და ბაბილონის გოდლის აშენება დაიწყო, სემის ხაზში მოსული პატრიარქები ჭეშმარიტ გზას მიჰყვებოდნენ. როცა ღმერთმა დადგენილ დროს ისრაელები ერად ჩამოაყალიბა და მათ კანონი მისცა, ეს მათთვის სრულიად ახალი, რადიკალური ცვლილება არ ყოფილა. კანონში ჩაწერილიდან ბევრი რამ მათთვის პატრიარქალური წყობიდან იყო ნაცნობი. ამის შესახებ ერთ ბიბლიურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: «თეოკრატია წინასწარ მომზადების გარეშე არ იქნებოდა შემოღებული. „დაბადებაში“ ჩაწერილია მოვლენები, რომლებიც წინ უსწრებდა თეოკრატიის დანერგვას» (Cyclopædia, მაკ-კლინტოკი და სტრონგი, 1881, ტ. III, გვ. 782).
ამან, თავის მხრივ, გზა მოუმზადა მესიასა და ქრისტიანულ მრწამსს. იესო ქრისტეს მოსვლის შემდეგ ისინი, ვინც კეთილსინდისიერად ცდილობდნენ კანონის დაცვას, მალევე მიხვდნენ, თუ ვინ იყო ის სინამდვილეში. ის მოულოდნელად არ მოსულა და არც ყოველგვარი საფუძვლისა და ისტორიული მტკიცებების გარეშე არ გამოუცხადებია თავი დიდებულ მხსნელად და წინამძღოლად. „დაბადებიდან“ მოყოლებული წმინდა წერილების მეშვეობით გულმართალ ადამიანებს შეეძლოთ ამოეცნოთ ქრისტე და მიჰყოლოდნენ მას. ამგვარად, ებრაელი ქრისტიანებისგან ჩამოყალიბდა ძლიერი ორგანიზაციის ბირთვი, რომელიც მომზადებული იყო უცხოტომელებისთვის სარწმუნო ცნობის სახარებლად. ამ წარმართი ხალხების წინაპრებმა ისინი ჭეშმარიტებას დააშორეს. ისინი იყვნენ „ისრაელისგან გაუცხოებულები და დანაპირების შეთანხმებებისთვის უცხოები, უიმედოები და უღმერთოები ... ქვეყნიერებაში“ (ეფ. 2:12). ამიტომ გაქრისტიანებამდე მათ თავიდან უნდა ესწავლათ ღვთის პრინციპები.
ამგვარად, წიგნი „დაბადება“ დიდ დახმარებას გვიწევს ბიბლიის დანარჩენი წიგნების გაგებაში. ის ქრისტიანული სწავლებების გასაგებადაც მნიშვნელოვანია. ამ წიგნიდან ვითარდება ბიბლიის თემა — იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება და დედამიწასთან დაკავშირებით მისი განზრახვის შესრულება სამეფოს მეშვეობით, რომელსაც სათავეში აღთქმული შთამომავალი უდგას. დაბადების 3:15-ში ჩაწერილი პირველი და უმთავრესი წინასწარმეტყველების გარდა, ის შეიცავს უამრავ წინასწარმეტყველებას, რომელთაგან უმეტესობა მისი დაწერის შემდეგ შესრულდა.
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები დაბადებიდან
წიგნი მოგვითხრობს, თუ როგორ შექმნა ღმერთმა დედამიწა და მოამზადა ადამიანთა დასასახლებლად, რა როლს ასრულებს ადამიანი ღვთის განზრახვაში და როგორ ეპყრობოდა ღმერთი ერთგულ ადამიანებს კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე დაახლ. 2 300 წლის მანძილზე.
მოიცავს პერიოდს ფიზიკური სამყაროს შექმნიდან ეგვიპტეში იოსების სიკვდილამდე (ძვ. წ. 1657).
ზეცისა და დედამიწის შექმნა და ადამიანთა დასასახლებლად დედამიწის მომზადება (1:1—2:25)
ცოდვისა და სიკვდილის დასაბამი. წინასწარმეტყველება შთამომავალზე, როგორც მხსნელზე (3:1—5:5)
გველს შეცდომაში შეჰყავს ქალი, რომელიც ადამსაც აჭმევს აკრძალულ ნაყოფს.
ღმერთს განაჩენი გამოაქვს გველისთვის, ქალისა და ადამისთვის. ქალის შთამომავალი გაანადგურებს გველს.
კაენი, ადამისა და ევას პირმშო, კლავს თავის ძმას, აბელს.
ღვთის განაჩენი სრულდება და ადამი 930 წლისა კვდება.
ბოროტი ანგელოზები და ადამიანები ხრწნიან დედამიწას, რის გამოც ღმერთი წარღვნას ატეხს მას (5:6—11:9)
ადამის ვაჟის, შეთის ხაზში იბადება ნოე. მის დღეებში ურჩი ანგელოზები ქორწინდებიან ქალებზე და უჩნდებათ ნეფილიმები, რომლებიც მოძალადენი არიან.
იეჰოვა აცხადებს, რომ წარღვნით გაანადგურებს ბოროტებს, თუმცა მითითებას აძლევს ნოეს, რომ ოჯახისა და ცხოველების ძირითადი სახეობების გადასარჩენად კიდობანი ააგოს.
წარღვნის წყლები მთელ დედამიწას ფარავს. კიდობნის გარეთ მყოფი ადამიანები, ფრინველები და ხმელეთის სხვა ბინადარნი იხოცებიან.
წარღვნის შემდეგ იეჰოვა კრძალავს სისხლის ჭამას, ადგენს სიკვდილით დასჯას მკვლელობისთვის, დებს ცისარტყელას შეთანხმებასა და პირობას, რომ აღარასოდეს მოავლენს წარღვნას.
წარღვნის შემდეგ დაბადებული მეორე თაობის დროს ხალხი ღვთის განზრახვას არ ემორჩილება, მთელ დედამიწაზე არ იფანტება და გოდლის შენებას იწყებს. იეჰოვა მათ ენას ურევს და ფანტავს.
იეჰოვას ურთიერთობა აბრაამთან (11:10—25:26)
ღვთის მოწოდების თანახმად, სემის შთამომავალი აბრამი ქალაქ ურს ტოვებს.
ღმერთი ქანაანში ჩასულ აბრამს ჰპირდება, რომ მისი შთამომავლები დაიმკვიდრებენ იმ მიწას.
ლოტი შორდება თავის ბიძა აბრამს და სახლდება სოდომთან ახლოს. ის ტყვედ მიჰყავთ, თუმცა მოგვიანებით აბრამი ათავისუფლებს. მელქისედეკი აკურთხებს აბრამს.
აბრამს ხარჭად მოჰყავს აგარი, რომელიც მას ისმაელს უჩენს.
იეჰოვა აბრამს სახელს უცვლის და აბრაამს არქმევს, სარაის კი — სარას. ღმერთი დებს წინადაცვეთის შეთანხმებას.
იეჰოვას ანგელოზი აბრაამს უცხადებს, რომ სარას ეყოლება ვაჟი, ისაკი.
აბრაამი იგებს სოდომისთვის გამოტანილი განაჩენის შესახებ და მართლებს შუამდგომლობს.
ანგელოზები ლოტსა და მის ოჯახს მოუწოდებენ, დატოვონ სოდომი. ლოტის ცოლი დაუმორჩილებლობისთვის კვდება.
იბადება ისაკი. ძუძუს მოწყვეტის დღეს ისმაელი დასცინის ისაკს, რის გამოც მას სახლიდან უშვებენ.
იეჰოვას მითითებისამებრ აბრაამი ცდილობს ისაკის შეწირვას. ღმერთი კიდევ ერთხელ არწმუნებს მას, რომ დადებულ შეთანხმებას შეასრულებს.
სარას სიკვდილის შემდეგ აბრაამს ისაკისთვის მოჰყავს ცოლი.
ისაკის ცოლი რებეკა აჩენს ტყუპებს, ესავსა და იაკობს.
იაკობი (ისრაელი) და მისი 12 ვაჟი. სიცოცხლის შესანარჩუნებლად ეგვიპტეში გადასვლა (25:27—50:26)
მას შემდეგ, რაც ესავისგან პირმშოობის უფლება შეიძინა, მოგვიანებით კი რებეკას მითითებებს მიჰყვა და ისაკისგან ესავისთვის განკუთვნილი კურთხევა მიიღო, იაკობი ცოლის მოსაყვანად ფადან-არამში მიდის.
რებეკას ძმისგან, ლაბანისგან მოტყუებული იაკობი ცოლად ირთავს ლეას, შემდეგ კი — რახელს. ვიდრე იაკობი ოჯახთან ერთად ტოვებს ფადან-არამს, ლეა, რახელი და მათი ორი მოახლე იაკობს 11 ვაჟსა და ერთ ქალიშვილს, დინას უჩენენ.
იაკობი ანგელოზს ერკინება, რომელიც ბარძაყის სახსარს უზიანებს. ის მანამდე არ ეშვება ანგელოზს, სანამ კურთხევას არ იღებს. მას იაკობის ნაცვლად ისრაელი ერქმება.
ესავთან მშვიდობიანი შეხვედრის შემდეგ იაკობი სუქოთში სახლდება, შემდეგ კი — შექემში, სადაც დინას აუპატიურებენ.
რახელი აჩენს ბენიამინს, იაკობის მე-12 ვაჟს, და მშობიარობის დროს კვდება.
რახელის პირმშოს, იოსების ნახევარძმები სიძულვილის გამო ყიდიან მას. ის ეგვიპტეში ფოტიფარის მონა ხდება.
ცრუ ბრალდებების გამო პატიმრობაში მყოფი იოსების გარშემო მოვლენები ისე ვითარდება, რომ მისი სიზმრების ახსნის უნარის შესახებ ფარაონიც იგებს.
იოსები ხსნის შიმშილობის შესახებ ფარაონის სიზმრებს და ეგვიპტეში მეორე კაცი ხდება.
ქანაანში ჩამოვარდნილი შიმშილობა აიძულებს იაკობის ვაჟებს, საკვებისთვის ეგვიპტეში ჩავიდნენ. დროთა განმავლობაში იოსები თავის ვინაობას უმხელს ნახევარძმებს.
იაკობი თავის სახლეულობასთან ერთად გადადის ეგვიპტეში. მათზე იოსები ზრუნავს.
მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველურ კურთხევებს წარმოთქვამს იოსების ორ ვაჟზე, ეფრემსა და მენაშეზე, და თავის 12 ვაჟზე, იაკობი ეგვიპტეში კვდება.