უამრავი ხალხი
ეს ფრაზა ხშირად გვხვდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. ზოგჯერ ის გამოიყენება დიდძალ ხალხთან მიმართებით, რომლებიც იესო ქრისტეს სახალხოდ ქადაგებას ისმენდნენ (მთ. 14:14; 19:2; 20:29). მოციქულმა იოანემ სიმბოლური „დიდი ბაბილონის“ განადგურების ხილვის შემდეგ „ციდან დიდი ხმა, როგორც დიდძალი ხალხის ხმა“ მოისმინა (გმც. 19:1). გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხის“ ვინაობა ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა.
ამ თავის დასაწყისში მოციქულმა იოანემ „ისრაელის ძეთა ყველა ტომიდან“ 144 000 ღვთის მონის ბეჭედდასმა მოიხსენია (გმც. 7:2—8). შემდეგ იხილა „უამრავი ხალხი“ ყველა ერიდან, ტომიდან, ხალხიდან და ენიდან. ისინი ღვთის ტახტის წინ იდგნენ და ხსნას ღმერთსა და კრავს უმადლოდნენ. ისინი „დიდი გასაჭირიდან“ იყვნენ მოსულები, ღმერთს მის ტაძარში ემსახურებოდნენ და ღმერთმა თავისი კარავი მათზე გაშალა. მისი ძე (კრავი; ინ. 1:29) მათ სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვებოდა და აღარ შეაწუხებდათ შიმშილი და წყურვილი. ღმერთი მოსწმენდდა მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან (გმც. 7:9—17).
გავრცელებული შეხედულებები. „უამრავი ხალხის“ ვინაობის შესახებ არაერთი მოსაზრება არსებობს. ბევრი ბიბლეისტის აზრით, დასაწყისში მოხსენიებული 144 000 ბეჭედდასმული სულიერ ისრაელს მიეკუთვნება და ასიმბოლოებს ქრისტიანულ კრებას, ვიდრე ისინი დედამიწაზე არიან. მათ მიაჩნიათ, რომ „უამრავი ხალხი“ იმავე ქრისტიანულ კრებას წარმოადგენს, ოღონდ უკვე ზეცაში, კრების წევრების სიკვდილამდე ერთგულებისა და ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენის შემდეგ. სხვები ფიქრობენ, რომ 144 000 ბეჭედდასმული პირდაპირი გაგებით „ისრაელის ძეთა ყველა ტომიდან“ (გმც. 7:4) იყო, ანუ გაქრისტიანებული ებრაელები იყვნენ, ხოლო — „უამრავი ხალხი“ უცხოტომელი ქრისტიანები. გამოცხადების მე-7 თავისა და სხვა პარალელური მონაკვეთების განხილვა ამ შეხედულებების უზუსტობას ცხადყოფს და სხვა დასკვნამდე მივყავართ.
შეხედულება, რომ 144 000 ბეჭედდასმული წარმოადგენს ქრისტიანული კრების წევრებს დედამიწაზე, ხოლო „უამრავი ხალხი“ ზეციური ცხოვრებისთვის აღდგენილ ქრისტიანებს, არ ეთანხმება გამოცხადების მე-14 თავში 144 000-ის შესახებ ჩაწერილ ინფორმაციას. ამ თავში 144 000 კრავთან დგას „სიონის მთაზე“. ებრაელების 12:18—24-ში პავლე ქრისტიანებს სინას მთას მიახლოებულ ისრაელებს ადარებს და ეუბნება: „თქვენ კი მიუახლოვდით სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს — ზეციერ იერუსალიმს; მიუახლოვდით უთვალავ ანგელოზს, ერთად შეკრებილებს, და ზეცაში ჩაწერილ პირმშოთა კრებას“. მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადების 14:3-ის თანახმად, 144 000 დედამიწიდან არის ნაყიდი, კონტექსტიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი დედამიწაზე კი არა, ზეცაში კრავთან, იესო ქრისტესთან ერთად არიან (გმც. 14:3, 4). ეს საფუძველს აცლის შეხედულებას, რომ 144 000 წარმოადგენს ქრისტიანულ კრებას დედამიწაზე, „უამრავი ხალხი“ კი — იმავე კრებას ზეცაში.
გარდა ამისა, „უამრავი ხალხის“ შესახებ ხილვის დასაწყისში მოციქული იოანე აშკარად განასხვავებს მათ 144 000 ბეჭედდასმულისგან. ის ამბობს: „ამის [144 000-ის ბეჭედდასმის] შემდეგ გავიხედე და, აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო“ (გმც. 7:9). ამგვარად ის „უამრავ ხალხს“ ცალკე ჯგუფად წარმოაჩენს და მკვეთრ განსხვავებას აკეთებს განსაზღვრულ რაოდენობასა (144 000) და განუსაზღვრელ რაოდენობას შორის („უამრავი ხალხი“). „უამრავი ხალხი“ იმითაც განსხვავდება 144 000-ისგან, რომ ისრაელის ძეებიდან კი არ არიან, არამედ ყველა ერიდან, ტომიდან, ხალხიდან და ენიდან. ისინი კრავთან კი არ დგანან 144 000-ვით, როგორც ეს გამოცხადების 14:1-ში წერია, არამედ მის წინ. ყველა ეს ფაქტი ადასტურებს, რომ „უამრავი ხალხი“ განსხვავდება 144 000 ბეჭედდასმულისგან და სრულიად სხვა ჯგუფს წარმოადგენს.
მეორე მხრივ, შეხედულება, რომ ამ ხილვაში განსხვავება კეთდება ებრაელ ქრისტიანებსა და უცხოტომელ ქრისტიანებს შორის, ეწინააღმდეგება პავლე მოციქულის ღვთივშთაგონებით წარმოთქმულ სიტყვებს, რომ ქრისტიანულ კრებაში არ არსებობს განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის, რადგან მისი წევრები ერთნი არიან ქრისტე იესოსთან ერთობაში (რმ. 10:12; გლ. 3:28). იეჰოვა, რომელმაც ბოლომდე შეირიგა ორივე ხალხი [ებრაელები და არაებრაელები] ერთ სხეულში ქრისტეს მეშვეობით, განსხვავებას არ გააკეთებდა ამ ორ ჯგუფს შორის და იოანესთვის მიცემულ ხილვაში ებრაელებს უცხოტომელებისგან არ გამოარჩევდა (ეფ. 2:11—21; სქ. 15:7—9). თუ გავითვალისწინებთ პავლეს მიერ მოყვანილ ღვთიურ პრინციპს, ეს კიდევ უფრო ცხადი გახდება. მან თქვა: „ის კი არ არის იუდეველი, ვინც გარეგნულად არის ასეთი, და ის კი არ არის წინადაცვეთა, რაც გარეგნულად ჩანს ხორცზე, არამედ იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი და ვისი გულიც წინადაცვეთილია სულით“ (რმ. 2:28, 29). გარდა ამისა, ამ ხილვიდან არ ჩანს უცხოტომელი ქრისტიანების ბეჭედდასმა და არც ის, რომ მათ შეეძლოთ ახალი სიმღერის სწავლა, რომელსაც 144 000 მღეროდა (გმც. 14:3). ამგვარად, 144 000 ბეჭედდასმული სულიერ ისრაელს მიეკუთვნება და არა ხორციელს და მასში ებრაელი ქრისტიანებიც შედიან და უცხოტომელი ქრისტიანებიც (გლ. 6:16).
„უამრავი ხალხის“ ვინაობა. გამოცხადების მე-7 თავი და ის მუხლები, რომლებშიც მსგავსი აზრებია მოყვანილი, გვეხმარება „უამრავი ხალხის“ ვინაობის დადგენაში. გამოცხადების 7:15—17-ში ნათქვამია, რომ ღმერთი „თავის კარავს გაშლის მათზე“ და მოსწმენდს „ყოველ ცრემლს თვალებიდან“, კრავი კი „სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება“ მათ. მსგავსი აზრია გამოცხადების 21:2—4-ში: „ღვთის კარავი ადამიანებთანაა“, „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი“. ეს ხილვა ზეცაში მყოფებს კი არ ეხება, საიდანაც ახალი იერუსალიმი ჩამოდის, არამედ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს.
იბადება კითხვა: თუ „უამრავი ხალხი“ გადარჩება და დედამიწაზე იცხოვრებს, როგორ იდგებიან ისინი ღვთის ტახტისა და კრავის წინაშე? (გმც. 7:9). სიტყვა „დგომა“ ბიბლიაში ზოგჯერ იმაზე მიანიშნებს, რომ ვინმეს წინაშე მდგომი ადამიანი ან ჯგუფი მის თვალში კეთილგანწყობას ან მოწონებას იმსახურებს (ფს. 1:5; 5:5; იგ. 22:29; ლკ. 1:19). გამოცხადების მეექვსე თავში ნათქვამია, რომ „დედამიწის მეფეები, დიდებულები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყველა მონა და თავისუფალი“ ცდილობდნენ, დამალულიყვნენ «ტახტზე მჯდომის სახისგან და კრავის რისხვისგან, რადგან მოვიდა მათი რისხვის დიდი დღე და ვინ გაუძლებს [„ვინ შეძლებს დადგომას“, სსგ]?» (გმც. 6:15—17; შდრ. ლკ. 21:36). ამგვარად, ჩანს, რომ „უამრავი ხალხი“ იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც რისხვის დროს გადარჩებიან და როგორც ღვთისა და კრავის მოწონებულები მათ წინაშე წარდგომას შეძლებენ.
„სიცოცხლის წყალზე“ საუბარია აგრეთვე გამოცხადების 22:17-ში: «სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი». ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ „პატარძალი“ სულითცხებული ქრისტიანების კრებაა, რომლის ზეციერი ქმარიც იესო ქრისტეა (ეფ. 5:25—27; 2კრ. 11:2; გმც. 19:7—9; 21:9—11). ზეციერი „პატარძალი“ ყველა მსურველს იწვევს, რომ უსასყიდლოდ აიღონ სიცოცხლის წყალი. მსგავსად, გამოცხადების 7:9-ში „უამრავი ხალხის“ რაოდენობა განსაზღვრული არ არის ისევე, როგორც გამოცხადების 22:17-ში.
ზემოხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე, „უამრავ ხალხში“ შედიან ის ადამიანები, რომლებიც ზეციერ „პატარძალს“ ანუ 144 000 ბეჭედდასმულს არ მიეკუთვნებიან, მაგრამ „დიდი გასაჭირის“ დროს ღვთის მოწონებას დაიმსახურებენ და გადარჩებიან (იხ. კრება, კრებული [ღვთის ქრისტიანული კრება]; დედამიწა [განზრახვა]; ზეცა, ცა).