მეძავი
ძირითადად, ეს სიტყვა გამოიყენება ისეთი ქალის მიმართ, რომელიც გასამრჯელოს სანაცვლოდ ვინმესთან სქესობრივ ურთიერთობას ამყარებს ქორწინების გარეშე. ბერძნული სიტყვა პორნე (მეძავი, როსკიპი) მომდინარეობს ფუძიდან, რომელიც ნიშნავს გაყიდვას, ხოლო ებრაული სიტყვა ზონაჰ (მეძავი, როსკიპი) მომდინარეობს ზმნის ფუძიდან ზანაჰ, რაც მეძაობასა და უზნეო სქესობრივ კავშირს ნიშნავს.
ღმერთი თავიდანვე განსჯიდა მეძაობას. ედემის ბაღში ადამისა და ევას შეუღლებისას მან ქორწინების სრულყოფილი ნორმა დაადგინა და თქვა: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დბ. 2:24). მიუხედავად ამისა, ღმერთი თავის მსახურებსაც რთავდა მრავალი ცოლისა და ხარჭის ყოლის ნებას, ვიდრე დანიშნულ დროს იესო ქრისტეს მეშვეობით აღადგენდა ქორწინების სრულყოფილ ნორმას. იესომ გაიმეორა მამამისის მიერ ზემოთ მოყვანილი სიტყვები. მოციქულმა პავლემაც აღნიშნა, რომ ეს კანონი ქრისტიანული კრების წევრებზე ვრცელდებოდა. მან თქვა, რომ ამ კანონის დამრღვევი ქრისტიანი მეძავს უერთდება და მისი „ერთხორცი“ ხდება (მთ. 19:4—9; 1კრ. 6:16).
ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურების დამოკიდებულება მეძაობის მიმართ კარგად ჩანს აბრაამის შვილთაშვილის, იუდას შემთხვევიდან. ქანაანში ხიზნად ცხოვრებისას, სადაც მეძაობა ნებადართული იყო, იუდა დაწვა თავისი ვაჟის, ერის ქვრივთან, მეძავის ტანსაცმელში გადაცმულ თამართან. როცა გაირკვა, რომ თამარი ფეხმძიმედ იყო, იუდას ამბავი მიუტანეს: „უმეძავია შენს რძალს, თამარს, და თავისი მეძაობით დაორსულებულა კიდეც“. იუდამ ბრძანა, დაეწვათ თამარი (ჯერ უნდა მოეკლათ, შემდეგ კი დაეწვათ, როგორც სისაძაგლე), რადგან იუდას ვაჟ შელაზე დანიშნულად ითვლებოდა. მაგრამ, როცა ყველაფერს ნათელი მოეფინა, იუდას თავი არ უმართლებია, რომ მეძავთან კავშირი ჰქონდა. თამარზე მან თქვა: „ის ჩემზე მართალია, რადგან არ მივეცი იგი ჩემს ვაჟს, შელას“. მას არც დაუდანაშაულებია თამარი, რომ მისგან შვილების ყოლის მიზნით ასეთი საქციელი ჩაიდინა, რადგან მაზლის ვალდებულების შესასრულებლად იუდამ არ მიათხოვა ის თავის ვაჟ შელას (დბ. 38:6—26).
კანონის ძალაში ყოფნის დროს. ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემულ კანონში ეწერა: „არ აქციო მეძავად შენი ასული, რომ არ შეურაცხყო იგი, რათა არ იმეძაოს იმ მიწამ და არ აივსოს აღვირახსნილობით“ (ლვ. 19:29). მეშვიდე მცნება კრძალავდა მრუშობას (გმ. 20:14; კნ. 5:18), რისთვისაც ქალიც უნდა დაესაჯათ სიკვდილით და კაციც (ლვ. 20:10). სიკვდილით ისჯებოდა ის ქალიც, რომელსაც გათხოვებისას თავი ქალწულად მოჰქონდა, სინამდვილეში კი არ იყო (კნ. 22:13—21). დანიშნული ქალი მრუშად ითვლებოდა, თუ სხვა კაცთან დაწვებოდა. ის უნდა მოეკლათ (კნ. 22:23, 24). გასათხოვარი ქალი, რომელიც კაცთან დაწვებოდა, ცოლად უნდა გაჰყოლოდა ამ კაცს, თუ მამამისი წინააღმდეგი არ იქნებოდა (გმ. 22:16, 17; კნ. 22:28, 29).
ამ და სხვა მიზეზების გამო ისრაელში, ალბათ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მეძავები უცხოელები იყვნენ. „იგავები“ არაერთ გაფრთხილებას იძლევა „უზნეო ქალისა“ და „უცხო ქალის“ შესახებ, რომლებიც აცდუნებდნენ კაცებს (იგ. 2:16; 5:20; 7:5; 22:14; 23:27).
კანონი მღვდლებს მეძავზე დაქორწინებას უკრძალავდა. მღვდლის ასული, რომელიც იმეძავებდა, უნდა მოეკლათ, შემდეგ კი დაეწვათ (ლვ. 21:7, 9, 14). იეჰოვას საწმინდარში შესაწირავად არ უნდა მიეტანათ „მეძავის ქირა“, რადგან მეძავები საძაგელნი იყვნენ იეჰოვასთვის (კნ. 23:18).
ორი მეძავის საქმის ბრძნულად და გონივრულად გადაჭრის შემდეგ ხალხს ნდობა გაუორკეცდა სოლომონის, როგორც ისრაელის ტახტზე დავითის ღირსეული მემკვიდრის მიმართ. შესაძლოა, მსაჯულებმა ვერ გადაჭრეს ეს საკითხი, რის გამოც ის მეფეს წარუდგინეს (კნ. 1:17; 17:8—11; 1სმ. 8:20). როგორც ჩანს, ეს ქალები იმ გაგებით კი არ იყვნენ მეძავები, რომ სხეულით ვაჭრობდნენ, არამედ მრუშობა ჩაიდინეს. ისინი წარმოშობით ან იუდეველები იყვნენ, ან, რაც უფრო სავარაუდოა, უცხოელები (1მფ. 3:16—28).
ტაძრის მეძავები. ცრუ რელიგიებში ტაძრის მეძაობა ძალიან გავრცელებული იყო. ისტორიკოსი ჰეროდოტე წერდა: „ბაბილონელთა ჩვეულებებს შორის შემდეგი არის ყველაზე სამარცხვინო: ყოველი ადგილობრივი ქალი უნდა დაჯდეს აფროდიტეს ტაძარში და ერთხელ თავის სიცოცხლეში დაწვეს უცხოელ მამაკაცთან“ (I, 199). მეძაობა ბაალის, აშთორეთის და ქანაანისა თუ სხვა ქვეყნების ღმერთებისა და ქალღმერთების თაყვანისცემის განუყოფელი ნაწილი იყო.
გახრწნილი თაყვანისმცემლობის ნაწილი იყო ტაძრის მეძავი კაცების არსებობაც (1მფ. 14:23, 24; 15:12; 22:46).
„სამარისკენ მიმავალი გზა“. „იგავების“ მე-7 თავში მეფე სოლომონი აღწერს თავისი თვალით დანახულს და ააშკარავებს მეძავის მეთოდებსა და იმ შედეგებს, რომელთაც მის მახეში გაბმულნი იმკიან. ის საუბრობს მეძავის სახლთან შებინდებისას მოსეირნე ახალგაზრდაზე და მას უგუნურად მოიხსენიებს, ანუ ისეთად, ვისაც „გული აკლია“ (იხ. გული). გამომწვევად ჩაცმული მეძავი ჩასაფრებულია; ხედავს თუ არა ახალგაზრდას, მისკენ მიდის; ტკბილად ელაპარაკება, თუმცა სინამდვილეში ჯიუტია და ცბიერი გული აქვს. მეძავს მართლად მოაქვს თავი და ეუბნება, რომ იმ დღეს მშვიდობის მსხვერპლი შესწირა (ამგვარად მიანიშნა, რომ სახლში ბევრი საჭმელი ჰქონდა, რადგან მშვიდობის მსხვერპლის შემწირველი და მისი ოჯახი შესაწირავიდან წილს იღებდა) (იგ. 7:6—21).
ცდუნებას აყოლილი ახალგაზრდა თავს ვეღარ დააღწევს ცოდვას; ის განსჯადაკარგული დასაკლავი ხარივით და ბორკილდადებულივით მიჰყვება მეძავს და სასჯელს დაიტეხს. სოლომონი ამბობს, რომ ახალგაზრდა მანამდე „მიჰყვება მას, სანამ ისარი არ გაუგლეჯს ღვიძლს“, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ ის სასიკვდილო დარტყმას მიიღებს, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ის არა მარტო საკუთარ სხეულს უქმნის სქესობრივი გზით გადამდები მომაკვდინებელი დაავადებების საშიშროებას (სიფილისის შორს წასული ფორმის დროს ბაქტერიები შლიან ღვიძლს), არამედ ისიც კი „არ იცის, რომ ასე სულს დაიღუპავს“. მან საფრთხე შეუქმნა საკუთარ სიცოცხლეს და მძიმედ შესცოდა ღვთის წინაშე. დასასრულ სოლომონი ამბობს, რომ „მისი [მეძავის] სახლი სამარისკენ მიმავალი გზაა, სიკვდილის ბნელ ოთახებში ჩამავალი“ (იგ. 7:22, 23, 27; შდრ. იგ. 2:16—19; 5:3—14).
„ანადგურებს ყველაფერს, რაც ძვირფასია“. იგავების 29:3-ში ნათქვამია: „სიბრძნის მოყვარული კაცი მამას ახარებს; მეძავების მეგობარი კი ანადგურებს ყველაფერს, რაც ძვირფასია“. უპირველესად, ასეთი ადამიანი ყველაზე ძვირფას რამეს — ღმერთთან ურთიერთობას ანადგურებს. სხვა იგავი იძლევა გაფრთხილებას: „სხვებს არ მისცე შენი ღირსება და შენი წლები იმას, რაც გაგანადგურებს, რათა უზნეო ქალებს არ შეალიო შენი ძალა და რაც ტანჯვით მოგიპოვებია, უცხოს სახლში არ დარჩეს“ (იგ. 5:9, 10).
ამიტომ ბრძენი კაცი გვირჩევს: „არ მიიზიდოს შენი გული მისმა [უცხო ქალის] სილამაზემ ... რადგან ერთი პურის ფულიღა რჩებათ მეძავის გამო და სხვისი ცოლი ძვირფას სულს ინადირებს“ (იგ. 6:24—26). შესაძლოა ეს ნიშნავს, რომ მეძავთან საქმის დამჭერი ისრაელი მამაკაცი მთელ თავის ქონებას ფლანგავდა და ღატაკდებოდა (შდრ. 1სმ. 2:36; ლკ. 15:30), ის კი, ვინც სხვის ცოლთან მრუშობდა, სულს კარგავდა (კანონით მრუშები სიკვდილით ისჯებოდნენ). თუმცა შესაძლებელია, რომ ბიბლიის ამ მონაკვეთში მეძავში მრუში ცოლი იგულისხმება.
იმავე თავის ბოლო მუხლებში ნათქვამია: „ასევე არ დარჩება დაუსჯელი ის, ვინც მოძმის ცოლთან დაწვება ან ვინც შეეხება მას. არ სძულთ ქურდი, რომელსაც შია და თავისი სულის დასანაყრებლად იპარავს, მაგრამ თუ დაიჭირეს, შვიდმაგად აზღვევინებენ, სახლიდან გაატანინებენ მთელ თავის ქონებას. ვინც ქალთან მრუშობს, უგუნურია. ამის ჩამდენი სულს ინადგურებს. უბედურება და დამცირება არ ასცდება მას, სირცხვილი არ ჩამოშორდება. ეჭვი კაცს განარისხებს. დაუნდობელი იქნება ის შურისძიების დღეს. არანაირ გამოსასყიდზე არ დათანხმდება, არ დამშვიდდება, რამდენად დიდი საჩუქარიც არ უნდა შეაძლიო“ (იგ. 6:29—35).
იგავების 6:30—35 შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ ხალხი არ ძრახავს მას, ვინც შიმშილის გამო იპარავს, რადგან გარკვეულწილად ესმით მისი. მაგრამ, თუ ფაქტზე დაიჭერენ, მას ნაქურდალის ანაზღაურება მოუწევს, თანაც სარგებლით (ეს განსაკუთრებით მოსეს კანონის ძალაში ყოფნის დროს ხდებოდა [გმ. 22:1, 3, 4]. შესაძლოა იგავში სიტყვა „შვიდმაგად“ ჯარიმის სრულად გადახდაზე მიუთითებს). ქურდისგან განსხვავებით მრუში თავის ცოდვას ვერ გამოისყიდის. სირცხვილი არ ჩამოშორდება მას და დამსახურებულ სასჯელს ვერაფრით დააღწევს თავს.
თუ ქრისტიანი, რომელიც ქრისტეს სულიერი სხეულის ნაწილია, მეძავთან იმრუშებს ან სიძვას ჩაიდენს, ის ქრისტეს წაართმევს სხეულის ნაწილს და მას მეძავის სხეულის ნაწილად აქცევს, რითაც მისი ერთხორცი ხდება. ამგვარად, ის, როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილი, თავისი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს (1კრ. 6:15—18).
გადასარჩენად საჭიროა უზნეო ცხოვრების მიტოვება. იმ მეძავების მდგომარეობა უიმედო არ არის, რომლებიც ამ საზიზღარ საქციელს ზურგს შეაქცევენ და რწმენას გამოავლენენ იესო ქრისტეს გამოსასყიდისადმი. ისინი კი, ვინც უზნეო ცხოვრებას არ მიატოვებენ, ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს (გლ. 5:19—21; ეფ. 5:5). მოციქულმა პავლემ კორინთელ ქრისტიანებს თავის წერილში შეახსენა, რომ ზოგიერთი მათგანი მეძავი და მრუში იყო, მაგრამ მიატოვა უზნეო ცხოვრება, განიბანა და უფალ იესო ქრისტეს სახელით მართლად იქნა აღიარებული (1კრ. 6:9—11). ისრაელში ბევრმა მეძავმა ცხადყო, რომ მათ რელიგიურ წინამძღოლებზე უკეთესი გულის მდგომარეობა ჰქონდათ. მწიგნობრებისა და ფარისევლებისგან მოძულებულმა მეძავმა ქალებმა თავმდაბლობა გამოიჩინეს და იოანე ნათლისმცემლის ქადაგებას გამოეხმაურნენ. იესომ ისინი მაგალითად მოიყვანა, როცა რელიგიურ წინამძღოლებს უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით ... გადასახადების ამკრეფები და მეძავები თქვენზე წინ მიდიან ღვთის სამეფოში“ (მთ. 21:31, 32).
რახაბი. წარმართული ქალაქის, იერიხონის მკვიდრი რახაბი ერთ დროს მეძავი იყო, თუმცა ღმერთი ირწმუნა და მართლად იქნა აღიარებული (იაკ. 2:25). იესო ნავეს ძის მიერ იერიხონის დასაზვერად გაგზავნილი კაცები რახაბის სახლში გაჩერდნენ (იეს. 2:1). არაგონივრული იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ისინი იქ უზნეობის ჩასადენად მივიდნენ. პროფესორებმა, კაილმა და დელიჩმა, თავიანთ ნაშრომში მათ მოტივზე აღნიშნეს: „ასეთი ადამიანის სახლში შესვლა ხალხში ეჭვებს არ ბადებდა. ამასთან, ის ფაქტი, რომ მისი სახლი ქალაქის გალავანზე იყო მიშენებული ან უშუალოდ გალავნის ნაწილი იყო, გაქცევას გაუადვილებდა მათ. უფალმა ისე უხელმძღვანელა მზვერავებს, რომ თავიანთი მიზნის მისაღწევად მათ ამ შემცოდველის სახით იპოვეს ყველაზე სასურველი ადამიანი, რომელზეც ისრაელისთვის ცოცხალი ღვთის მიერ გაკეთებული სასწაულების შესახებ ცნობამ იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მზვერავებს არა მხოლოდ გაუმხილა ქანაანელების შიში, არამედ ისრაელის ღვთის ძალაში დარწმუნებულმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და თანამემამულეებს მზვერავების ადგილსამყოფელი დაუმალა“ (Commentary on the Old Testament, 1973, ტ. II, იესო ნავეს ძე, გვ. 34). ვინაიდან ღმერთმა უბრძანა ისრაელებს, განედევნათ ქანაანელები მათი უზნეობის გამო, იერიხონი ხელში ჩაუგდო, რახაბი კი გადაარჩინა, არაგონივრული იქნებოდა, დაგვესკვნა, რომ მზვერავებმა უზნეობა ჩაიდინეს მასთან ან რახაბი ისევ განაგრძობდა მეძაობას. რწმენისა და შესაბამისი საქმეების გამო ის არ დაღუპულა. მოგვიანებით ის ცოლად გაჰყვა იუდასტომელ სალმონს და იესო ქრისტეს წინაპარი გახდა (ლვ. 18:24—30; იეს. 2; 6:22—25; მთ. 1:1, 5).
იმის შესახებ, რომ იფთახი მეძავი ქალის შვილი იყო (მსჯ. 11:1) და სამსონი ღაზაში მეძავის სახლში გაჩერდა (მსჯ. 16:1), დაწვრილებით იხ. სტატიები იფთახი; სამსონი.
სიმბოლური გაგებით. ბიბლიაში მეძავი ეწოდება ღვთისთვის მიძღვნილ ისეთ ადამიანს, ერსა თუ კრებულს, რომელიც ურიგდება ქვეყნიერებას ან ცრუ ღმერთების თაყვანისმცემელი ხდება. ასეთი მეძავი იყო ისრაელი ერი. მან უზნეო კავშირი დაამყარა უცხო ღმერთებთან და სხვა კაცებში მოსიარულე ორგული ცოლის მსგავსად მშვიდობისა და ხსნისთვის სხვა ერებს მიმართა და არა თავის „ქმარს“, იეჰოვა ღმერთს (ეს. 54:5, 6). ამასთან, იერუსალიმი იმდენად დაეცა, რომ მეძავზე უარესად იქცეოდა, რაც კარგად ჩანს წინასწარმეტყველი ეზეკიელის ღვთივშთაგონებული სიტყვებიდან: „მეძავებს საჩუქარს აძლევენ, შენ კი თვითონ ასაჩუქრებ ყველა შენს ვნებიან საყვარელს; ქრთამს სთავაზობ, რომ ყველა მხრიდან მოვიდნენ შენთან სამეძაოდ“ (ეზკ. 16:33, 34). სიმბოლური გაგებით მეძაობაში ბრალი ისრაელის ათტომიან სამეფოსაც ედებოდა და იუდას ორტომიან სამეფოსაც (ეზკ. 23:1—49).
სულიერი მეძაობის ყველაზე ცნობილი მაგალითია წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილი ალისფერ მხეცზე მჯდომი მეძავი. მას შუბლზე აწერია სახელი „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედა“, „რომელთანაც მეძაობდნენ დედამიწის მეფეები“ (გმც. 17:1—5; იხ. დიდი ბაბილონი).