ხიზკია
[იეჰოვა აძლიერებს].
1. იუდას მეფე (ძვ. წ. 745 —717); როგორც ჩანს, ის გამეფდა თავისი მამის, ახაზის სიკვდილის შემდეგ ისრაელის მეფე ჰოშეას „მეფობის მესამე წელს“ (სავარაუდოდ, იგულისხმება ტიგლათფილესერ III-ისთვის ხარკის გადახდის მესამე წელი), თუმცა ოფიციალურად მისი მმართველობის დასაწყისად მომდევნო წლის (ძვ. წ. 745) ნისანი ითვლება (2მფ. 18:1). ხიზკიას მმართველობის პერიოდში წინასწარმეტყველებდნენ ესაია, ოსია და მიქა (ეს. 1:1; ოს. 1:1; მქ. 1:1). ხიზკია გამორჩეული იყო იმით, რომ მიეკრა იეჰოვას. ის სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში და იცავდა მის მცნებებს. მმართველობის დასაწყისიდანვე ის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გულმოდგინე დამცველი იყო არა მხოლოდ იუდაში, არამედ მთელ ისრაელში. თავისი წინაპარი დავითის მსგავსად, ხიზკია დადიოდა იეჰოვას გზებით, ამიტომ სამართლიანად შეიძლება იმის თქმა, რომ „არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ყოფილა მისი მსგავსი იუდას მეფეთა შორის“. შედეგად, „იეჰოვა იყო მასთან“ (2მფ. 18:3—7).
ბიბლიის შედგენაში შეტანილი წვლილი. ცნობილია, რომ ხიზკიას სურდა სოლომონის ზოგიერთი იგავის ერთ კრებულად შედგენა. ამას ცხადყოფს სიტყვები, რომლებიც წინ უძღვის წიგნ „იგავების“ ერთ მონაკვეთს (თ-ები 25—29). „ესეც სოლომონის იგავებია, რომლებიც იუდას მეფე ხიზკიას კაცებმა გადაწერეს“ (იგ. 25:1). მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ის სასიკვდილო დაავადებისგან განკურნა, ხიზკიამ დაწერა სამადლობელი სიმღერა, რომელიც ჩაწერილია ესაიას 38:10—20-ში. სიმღერაში ის მოიხსენიებს თავის „ჰანგებს სიმებიან საკრავებზე“ (მუხლი 20). ზოგს მიაჩნია, რომ 119-ე ფსალმუნიც ხიზკიას დაწერილია. თუ ეს მართლა ასეა, ხიზკიამ ის, სავარაუდოდ, გამეფებამდე დაწერა.
ხიზკიას გამეფების დროს არსებული ვითარება. მისი გამეფების დროს ღმერთი აღარ სწყალობდა იუდას სამეფოს, რადგან ხიზკიას მამამ, ახაზმა ბევრი სისაძაგლე ჩაიდინა იეჰოვას თვალში და დაუშვა, რომ იუდაში ცრუღმერთების თაყვანისმცემლობა გავრცელებულიყო. ამიტომ იეჰოვამ ქვეყანა ხელში ჩაუგდო მის მტრებს, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო იმპერიას, ასურეთს. ახაზმა ტაძრისა და სასახლის საგანძურები ასურეთის მეფეს ქრთამად მისცა. ამაზე უარესი ის იყო, რომ მან ტაძრის ნივთები დალეწა, ტაძრის კარები დაკეტა, სამსხვერპლოები დადგა „იერუსალიმის ყოველ კუთხეში“ და მათზე სხვა ღმერთებს უბოლებდა შესაწირავს. შეთანხმების მეშვეობით მისი მმართველობის დროს იუდას სამეფოს ასურეთის მეფე მფარველობდა (2მფ. 16:7—9; 2მტ. 28:24, 25). მაგრამ ხიზკია თავისი მმართველობის დასაწყისში განუდგა ასურეთის მეფეს (2მფ. 18:7).
იუდაზე ხიზკიას გამეფების დროს ისრაელის ათტომიანი სამეფოს მდგომარეობა იუდასთან შედარებით კიდევ უფრო მძიმე იყო. სერიოზული ცოდვების გამო იეჰოვამ ისრაელი სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო — ისინი ასურეთის მოხარკეები გახდნენ. არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ასურეთმა დაიპყრო ისრაელი და ხალხი გადაასახლა (2მფ. 17:5—23).
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნე. გამეფებისთანავე 25 წლის ხიზკიამ ცხადყო, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობის მოშურნე იყო. თავიდან მან გააღო ტაძრის კარები და ტაძრის აღდგენა დაიწყო. ხიზკიამ მოუხმო მღვდლებსა და ლევიანებს და უთხრა: „გულით მწადია შეთანხმება დავუდო იეჰოვას, ისრაელის ღმერთს“. ეს იყო ერთგულების შეთანხმება. მან, ასე ვთქვათ, განაახლა კანონის შეთანხმება, რომელსაც უგულებელყოფდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალაში იყო. ის დიდი შემართებით შეუდგა ლევიანთა მსახურების ორგანიზებას და განაახლა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და სადიდებლების მღერა. იდგა ნისანი, როცა პასექის დღესასწაული უნდა აღნიშნულიყო, მაგრამ არც ტაძარი იყო განწმენდილი და არც მღვდლები და ლევიანები. 16 ნისანისთვის მათ განწმინდეს ტაძარი და აღადგინეს მისი მოწყობილობები. შემდეგ საჭირო იყო მთელი ისრაელისთვის გამოსყიდვის წესის შესრულება. ჯერ მთავრებმა მიიტანეს ცოდვის შესაწირავები სამეფოსთვის, საწმინდრისა და ხალხისთვის, შემდეგ კი ხალხმა შესწირა ათასობით დასაწვავი მსხვერპლი (2მტ. 29:1—36).
ხალხის უწმინდურების გამო შეუძლებელი იყო დადგენილ დროს პასექის აღნიშვნა, ამიტომ ხიზკიამ ისარგებლა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებით, რომლის თანახმადაც უწმინდურებს პასექის აღნიშვნა ერთი თვის შემდეგ შეეძლოთ. მან ბეერ-შებადან დანამდე გაგზავნა მალემსრბოლები და წერილების მეშვეობით მიიწვია არ მხოლოდ იუდა, არამედ ისრაელიც. ბევრი დასცინოდა მალემსრბოლებს, თუმცა აშერიდან, მენაშედან და ზებულონიდან ზოგმა თავი დაიმდაბლა და იერუსალიმში ჩავიდა. მსგავსად მოიქცა ზოგიერთი ეფრემელი და ისაქარისტომელი. დღესასწაულზე მრავალი არაისრაელი თაყვანისმცემელიც მივიდა. დასწრება ადვილი არ იქნებოდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის იმ დამცველთათვის, რომლებიც ჩრდილოეთ სამეფოში ცხოვრობდნენ. მაცნეების მსგავსად, ისინიც შეხვდებოდნენ ბევრ წინააღმდეგობასა და დაცინვას, რადგან ათტომიანი სამეფო სავალალო მდგომარეობაში იყო, ცრუთაყვანისმცემლობაში ჩაეფლო და ასურეთის მხრიდან საშიშროება ემუქრებოდა (2მტ. 30:1—20; რც. 9:10—13).
პასექის აღნიშვნის შემდეგ მათ შვიდ დღეს იზეიმეს უფუარობის დღესასწაული, რომელსაც ისეთი სიხარული ახლდა, რომ მთელმა კრებულმა გადაწვიტა, კიდევ შვიდ დღეს აღენიშნათ ის. ამ მშფოთვარე დროშიც კი იეჰოვამ არ მოაკლო მათ კურთხევები. „დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში, რადგან ისრაელის მეფის, სოლომონის, დავითის ვაჟის დროიდან მსგავსი რამ არ ყოფილა იერუსალიმში“ (2მტ. 30:21—27).
ეს იყო ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ნამდვილი აღდგენა და განახლება და არა ემოციების ნიადაგზე მხოლოდ ერთხელ გამართული შეკრება, რაც შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან გამოჩნდა. სახლში დაბრუნებამდე დამსწრეებმა გაანადგურეს წმინდა სვეტები, მოსპეს მაღლობები და სამსხვერპლოები, აჩეხეს წმინდა ბოძები მთელ იუდასა და ბენიამინში და ეფრემსა და მენაშეშიც კი (2მტ. 31:1). ხიზკიამ ხალხს მაგალითი მისცა და დაამტვრია მოსეს გაკეთებული სპილენძის გველი, რადგან ხალხმა ის კერპად აქცია და მსხვერპლს უბოლებდა (2მფ. 18:4). ამ დიდებული დღესასწაულის შემდეგ ხიზკიამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განსამტკიცებლად ორგანიზება გაუწია მღვდელთა დანაყოფებს და იზრუნა ტაძარში მომსახურეთა რჩენაზე. მან მოუწოდა ხალხს, დაეცვათ ლევიანებისა და მღვდლებისთვის განკუთვნილი მეათედებისა და პირველნაყოფის შესახებ კანონი. ხალხი მთელი გულით გამოეხმაურა მის მოწოდებას (2მტ. 31:2—12).
საშიშროება ასურეთის მხრიდან. ამ დაძაბულ პერიოდში, როცა ასურეთი თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებდა, ხიზკია ისრაელის ღმერთს, იეჰოვას მიენდო. ის განუდგა ასურეთის მეფეს და დაამარცხა ფილისტიმელთა ქალაქები, რომლებიც, როგორც ჩანს, ასურეთს მიემხრნენ (2მფ. 18:7, 8).
ხიზკიას მეფობის მეოთხე წელს (ძვ. წ. 742) ასურეთის მეფემ სალმანასარმა ალყაში მოაქცია სამარია, ხიზკიას მეფობის მეექვსე წელს (ძვ. წ. 740) კი მტერმა დაიპყრო ის. ასურელებმა გადაასახლეს ათტომიანი სამეფოს მოსახლეობა და მათ მიწაზე სხვები ჩაასახლეს (2მფ. 18:9—12). იუდას პატარა სამეფო, რომელიც ღვთის თეოკრატიულ მმართველობას წარმოადგენდა და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას იცავდა, მრისხანე მტრების გარემოცვაში აღმოჩნდა.
სარგონ II-ის ამბიციურ შვილს, სინახერიბს უნდოდა, თავისი გამარჯვებებისთვის იერუსალიმის დაპყრობაც მიემატებინა, მით უმეტეს, რომ ხიზკიამ თავისი მამის, მეფე ახაზის მიერ ასურეთთან დადებული შეთანხმება დაარღვია. ხიზკიას მეფობის მე-14 წელს (ძვ. წ. 732) სინახერიბი „მიადგა იუდას გამაგრებულ ქალაქებს და დაიპყრო ისინი“. იერუსალიმისთვის საშიშროების თავიდან ასაცილებლად ხიზკიამ სინახერიბს თანხა შესთავაზა, სინახერიბმაც წარმოუდგენლად დიდი თანხა — 300 ვერცხლის ტალანტი (დაახლ. $1 982 000) და 30 ოქროს ტალანტი (დაახლ. $11 560 000) დააკისრა მას. ხიზკია იძულებული გახდა, მიეცა მისთვის მთელი ვერცხლი, რაც ტაძარში და მეფის სასახლის საგანძურში იყო, და ის ძვირფასი ლითონებიც, რომლებითაც მან ტაძრის კარები და წირთხლები მოავარაყა. ასურეთის მეფე დაკმაყოფილდა, თუმცა მცირე ხნით (2მფ. 18:13—16).
სამშენებლო და საინჟინრო საქმიანობა. ხარბი სინახერიბის მხრიდან თავდასხმის საშიშროების წინაშე მდგომი ხიზკია ბრძნულად მოიქცა და სამხედრო სტრატეგიას მიმართა. მან იერუსალიმის გარეთ არსებული წყლის წყაროები გადაკეტა, რათა ალყის შემთხვევაში ასურელებს საკმარისი წყლის მარაგი არ ჰქონოდათ. მან გაამაგრა ქალაქი და „მრავალი შუბი და ფარი დაამზადა“. თუმცა ხიზკიას მხოლოდ საბრძოლო იარაღის იმედი არ ჰქონდა. როცა ჯარის მეთაურები და ხალხი შეკრიბა, მან გამამხნევებელი სიტყვებით მიმართა მათ: „გამბედაობა მოიკრიბეთ და გამაგრდით! ნუ შეგაშინებთ და ნუ შეგაძრწუნებთ ასურეთის მეფე და მისი ბრბო, რადგან ჩვენთან უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მასთან! მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი იეჰოვაა, ჩვენი ღმერთი, რათა დაგვეხმაროს და ჩვენთვის იბრძოლოს“ (2მტ. 32:1—8).
ხიზკიას წყალსადენი ძველი დროის საინჟინრო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში იყო. ის მიიკლაკნებოდა დაახლოებით 533 მ-ის სიგრძეზე, იწყებოდა დავითის ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილის აღმოსავლეთით მდებარე გიხონის წყაროდან და უერთდებოდა დავითის ქალაქის ქვემოთ ტიროპეონის ველზე მდებარე სილოამის აუზს, რომელიც ქალაქის სამხრეთ ნაწილში აგებული ახალი გალავნის შიგნით იყო (2მფ. 20:20; 2მტ. 32:30). არქეოლოგებმა ძველებრაული ასოებით შესრულებული წარწერა აღმოაჩინეს ვიწრო გვირაბის კედელზე (გვირაბის საშუალო სიმაღლე 1,8 მ-ს შეადგენდა). აქ მოყვანილია ტექსტის ნაწილი: „აი, ასე გაჭრეს გვირაბი: [როცა წერაქვებით მუშაობდნენ, ორივე მხრიდან მოუყვებოდნენ] და ჯერ კიდევ გასათხრელი იყო სამი წყრთა, გაიგონეს ერთმანეთის ხმა, რადგან კლდეში ნაპრალი იყო ... როცა გვირაბი გაიყვანეს და კლდე გაჭრეს, ერთმანეთი დაინახეს და წერაქვი წერაქვს მოხვდა. წამოვიდა წყალი წყაროდან წყალსაცავისკენ 1 200 წყრთაზე. მათ თავს ზემოთ კლდე 100 წყრთაზე იყო აღმართული“. (Ancient Near Eastern Texts, ჯ. ბ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 321). ასე რომ, ამ გვირაბს ორივე მხრიდან ჭრიდნენ კლდეში და ბოლოს მუშები შუაში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს მართლაც საინჟინრო ხელოვნების ნიმუში იყო.
სინახერიბის დამარცხება იერუსალიმთან. ხიზკიას მოლოდინი გამართლდა — სინახერიბმა გადაწყვიტა, თავს დასხმოდა იერუსალიმს. როცა მის ჯარს ჯერ კიდევ ალყა ჰქონდა შემორტყმული გამაგრებულ ქალაქ ლაქიშისთვის, სინახერიბმა თავისი ჯარის ნაწილი და მეთაურთა ჯგუფი იერუსალიმში გაგზავნა დანებების მოთხოვნით. ამ ჯგუფის წარმომადგენელი იყო რაბშაკე (სამხედრო წოდება), რომელიც ებრაულ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობდა. ის ხმამაღლა დასცინოდა ხიზკიას, მასხრად იგდებდა იეჰოვას და იკვეხნიდა, რომ სხვა ხალხების ღმერთების მსგავსად, რომლებმაც ვერ შეძლეს თავიანთ თაყვანისმცემელთა ქვეყნების დახსნა ასურეთის მეფის ხელიდან, იეჰოვაც ვერ დაიხსნიდა იერუსალიმს (2მფ. 18:13—35; 2მტ. 32:9—15; ეს. 36:2—20).
მიუხედავად იმისა, რომ ხიზკია ძალიან დამწუხრდა, ის კვლავ ენდობოდა იეჰოვას. ტაძარში შესულმა ღმერთს დახმარება სთხოვა და ხალხის ზოგიერთი მთავარი წინასწარმეტყველ ესაიასთან გაგზავნა. იეჰოვამ ესაიას მეშვეობით უთხრა მას, რომ სინახერიბი მოისმენდა ცნობას და თავის ქვეყანაში დაბრუნდებოდა, სადაც მას მოკლავდნენ (2მფ. 19:1—7; ეს. 37:1—7). ამ დროს სინახერიბმა ჯარი ლაქიშიდან გაიყვანა და ლიბნას მიადგა, სადაც შეიტყო, რომ ეთიოპიის მეფე თირჰაკა მის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო გამოსული. ამის მიუხედავად, სინახერიბმა მაცნის ხელით გაუგზავნა წერილები ხიზკიას, სადაც კვლავ ემუქრებოდა მას და დასცინოდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს. ამ შეურაცხმყოფელი წერილების მიღების შემდეგ ხიზკიამ ისინი იეჰოვას წინაშე გაშალა, რომელმაც კვლავ ესაიას პირით უპასუხა. თავის მხრივ, იეჰოვამ დასცინა სინახერიბს და დაარწმუნა ხიზკია, რომ ასურელები ვერ შევიდოდნენ იერუსალიმში. იეჰოვამ თქვა: „დავიცავ ამ ქალაქს, რომ გადავარჩინო ის ჩემი და ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის“ (2მფ. 19:8—34; ეს. 37:8—35).
ღამით იეჰოვამ თავისი ანგელოზი გაგზავნა, რომელმაც გაანადგურა სინახერიბის ჯარის 185 000 რჩეული მეომარი, „ყველა ძლიერი და მამაცი ვაჟკაცი, წინამძღოლი და მეთაური ასურეთის მეფის ბანაკში. შერცხვენილი დაბრუნდა ის თავის ქვეყანაში“. ამგვარად მოიხსნა სინახერიბის მხრიდან იერუსალიმისთვის შექმნილი საფრთხე. მოგვიანებით, როცა სინახერიბი „ნისროქის, თავისი ღვთის, სახლში თაყვანსაცემად ემხობოდა, ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა ვაჟებმა, მახვილით განგმირეს იგი“ (2მტ. 32:21; ეს. 37:36—38).
ნაპოვნია წარწერები, რომლებშიც აღწერილია ეთიოპიის ჯარზე სინახერიბის გამარჯვება. ამ წარწერებში ნათქვამია: „რაც შეეხება იუდეველ ხიზკიას, ის არ დამემორჩილა. ამიტომ ალყაში მოვაქციე მისი 46 გამაგრებული ქალაქი ... ვძლიე მათ ... თვითონ ის [ხიზკია], როგორც ჩიტი გალიაში, იერუსალიმში — მის სატახტო ქალაქში გამოვამწყვდიე“ (Ancient Near Eastern Texts, გვ. 288). აღსანიშნავია, რომ სინახერიბი არაფერს ამბობს ქალაქის აღებაზე. ეს მხარს უჭერს ბიბლიაში დაწერილს, რომ ხიზკია განუდგა ასურეთს და სინახერიბმა ვერ მოახერხა იერუსალიმის დაპყრობა. სხვა წარმართი მეფეების მსგავსად, რომლებიც წარწერებში საკუთარ თავს განადიდებდნენ, ამ წარწერაში სინახერიბი ხიზკიას მიერ გადახდილ თანხას აზვიადებს და ამბობს, რომ მისგან 800 ტალანტი ვერცხლი აიღო, ბიბლიაში კი მოხსენიებულია 300 ტალანტი.
ხიზკიას სიცოცხლის სასწაულებრივად გახანგრძლივება. დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა სინახერიბი ემუქრებოდა იერუსალიმს, ხიზკიას წყლული გაუჩნდა. წინასწარმეტყველმა ესაიამ დაარიგა ის, რომ სიკვდილამდე საქმეები მოეგვარებინა. ამ დროისთვის ხიზკიას ჯერ არ ჰყავდა ვაჟი, ამიტომ ისე ჩანდა, თითქოს დავითის სამეფო ხაზს საფრთხე ემუქრებოდა. ხიზკია მხურვალედ ლოცულობდა და ცრემლებით ევედრებოდა იეჰოვას, რომელმაც ესაია დააბრუნა მეფესთან იმის სათქმელად, რომ სიცოცხლეს 15 წლით გაუხანგრძლივებდა. ამის ნიშნად, იეჰოვამ სასწაული მოახდინა — „ახაზის კიბის საფეხურებზე“ ჩრდილი ათი საფეხურით უკან დაბრუნდა (იხ. მზე). ამ შემთხვევიდან მესამე წელს ხიზკიას შეეძინა მენაშე, რომელიც მის შემდეგ გამეფდა (2მფ. 20:1—11, 21; 21:1; ეს. 38:1—8, 21).
ხიზკიას შეცდომა და მონანიება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ხიზკიას არაფერი გაუკეთებია გამოვლენილი სიკეთის სანაცვლოდ, რადგან გადიდგულდა. ამიტომ რისხვა აღიძრა მის წინააღმდეგ და იუდასა და იერუსალიმის წინააღმდეგ“ (2მტ. 32:25). თუმცა ბიბლიაში არ არის ნათქვამი, უკავშირდებოდა თუ არა მისი გადიდგულება იმ უგუნურ საქციელს, როცა განკურნების შემდეგ თავისი სახლის საგანძური და მთელი თავისი სამფლობელო უჩვენა ბაბილონის მეფე ბეროდაქ-ბალადანის (მეროდაქ-ბალადანი) გაგზავნილ მაცნეებს. შესაძლოა, ხიზკიამ თავისი სიმდიდრე ბაბილონის მეფისთვის შთაბეჭდილების მოსახდენად აჩვენა და ის შესაძლო მოკავშირედ მიიჩნია ასურეთის წინააღმდეგ. ცხადია, ეს ბაბილონელებს დაახარბებდა. წინასწარმეტყველი ესაია ღვთის უძველეს მტერთან, ბაბილონთან მოკავშირეობის და მასზე დამოკიდებულების წინააღმდეგი იყო. როცა ესაიამ გაიგო, როგორ შეხვდა ხიზკია ბაბილონელ მაცნეებს, იეჰოვასგან შთაგონებულმა იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა დრო, როცა ბაბილონელები ყველაფერს წაიღებდნენ ბაბილონში და ხიზკიას შთამომავალთაგან ზოგს ტყვედ წაიყვანდნენ. ხიზკიამ დაიმდაბლა თავი, ღმერთმაც სიკეთე გამოავლინა მის მიმართ და დაჰპირდა, რომ უბედურება ხიზკიას დროს არ მოხდებოდა (2მფ. 20:12—19; 2მტ. 32:26, 31; ეს. 39:1—8).
წინასწარმეტყველი იერემიას დროს იერუსალიმში ხალხის ზოგიერთმა თავკაცმა კარგად მოიხსენია ხიზკია, რადგან მან ყური დაუგდო იეჰოვას წინასწარმეტყველის, მორეშეთელი მიქას სიტყვებს (იერ. 26:17—19).
2. წინასწარმეტყველი სოფონიას წინაპარი, სავარაუდოდ, მეფე ხიზკია (სფ. 1:1).
3. ისრაელი, რომლის შთამომავლებიც ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდნენ ბაბილონის გადასახლებიდან. სავარაუდოდ, ის არ იყო მეფე ხიზკია (ეზრ. 2:1, 2, 16; ნემ. 7:6, 7, 21). შესაძლოა, ამ კაცის შთამომავალი იყო ხალხის იმ თავკაცებს შორის, რომლებმაც ნეემიას დროს ბეჭდის დასმით დაადასტურეს „მტკიცე შეთანხმება“ (ნემ. 9:38; 10:1, 14, 17).
4. ნეარიას სამი ვაჟიდან ერთ-ერთი; მეფე სოლომონის შთამომავალი (1მტ. 3:10, 23).