მონდომება
შეუპოვრობა, ძალის დაძაბვა, სიბეჯითე, თავგამოდება. ჩვეულებრივ, მონდომება დაკავშირებულია სასარგებლო და სანაქებო საქმესთან. ის სიზარმაცისა და უსაქმურობის საპირისპიროა.
ბიბლიაში „მონდომებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ზოგჯერ ითარგმნება ძლიერ სურვილად, ყოველი ღონის ხმარებად, რიგ შემთხვევებში — საჩქაროდ ან საქმედ.
მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ არ მოდუნებულიყვნენ კარგის კეთებაში. ის წერდა: „მაგრამ გვსურს, რომ თითოეული თქვენგანი ამავე მონდომებას [სიტყვასიტყვით აჩქარებას] იჩენდეს, რათა აღსასრულამდე სრულად იყოს დარწმუნებული იმედში, რომ არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს“ (ებ. 6:11, 12; შდრ. იგ. 10:4; 12:24; 18:9). იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: „ძალ-ღონე არ დაიშუროთ ვიწრო კარში შესასვლელად, რადგან გეუბნებით: ბევრი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შევლენ“ (ლკ. 13:24). მონდომებისა და გულმოდგინების კარგ მაგალითს პავლე იძლეოდა (კლ. 1:29; 2თს. 3:7—9). თუმცაღა მონდომების საუკეთესო მაგალითს იეჰოვა და მისი ძე გვაძლევენ (ინ. 5:17; ეს. 40:26).
უმოქმედონი და უნაყოფონი რომ არ გახდნენ, ქრისტიანებმა თავიანთი მხრიდან (ღვთის განზრახვის საპასუხოდ) ყოველი ღონე უნდა იხმარონ, რომ რწმენას დაურთონ ზნეობა, ცოდნა, თავშეკავება, მოთმინება, ღვთისადმი ერთგულება, ძმათმოყვარეობა და სიყვარული (2პტ. 1:4—8). ამისთვის კი დაუცხრომელი მონდომება (2ტმ. 2:15; ებ. 4:11) და შეუნელებელი ყურადღებაა საჭირო (ებ. 2:1). ამ ყველაფრისთვის ძალას იეჰოვა იძლევა თავისი სულის მეშვეობით. მოციქული პავლე მონდომების აუცილებლობაზე შესანიშნავად ამახვილებს ყურადღებას: „საქმეში ნუ იზოზინებთ. სულით აენთეთ. ემსახურეთ იეჰოვას, როგორც მისმა მონებმა“. მონდომება ღვთის ყველა მსახურისგან მოითხოვება („თუ მსახურება გვაქვს, ვიმსახუროთ“), განსაკუთრებით კი მათგან, ვინც ქრისტიანულ შეხვედრებს უძღვება და ხელმძღვანელობს კრებას, როგორც ნათქვამია კიდეც: „ვინც ხელმძღვანელობს, ეს საქმე მთელი მონდომებით აკეთოს“ (რმ. 12:7, 8, 11).
ქრისტიანული კრების ღარიბი წევრები, რომლებსაც კრება უწევს დახმარებას, მონდომებული უნდა იყვნენ. ბიბლიაში შემდეგი პრინციპია ჩაწერილი: „ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს“. მათ, ვინც არ მუშაობს, ასეთი მითითება ეძლევათ: „წყნარად იმუშაონ და საკუთარი შრომით მოპოვებული ჭამონ“ (2თს. 3:10—12). მან, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მაგრამ ოჯახზე არ ზრუნავს, „რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“ (1ტმ. 5:8). იმ გაჭირვებულ ქვრივთა სიაში, რომლებსაც კრება რეგულარულად უწევდა მატერიალურ დახმარებას, მხოლოდ იმ ქვრივების სახელები უნდა შეეტანათ, რომლებიც აქტიურები იყვნენ ქრისტიანულ მსახურებაში და გულმოდგინენი ყოველ კარგს საქმეში (1ტმ. 5:9, 10).
მონდომების საზღაური. მონდომებულ ადამიანს დიდი ჯილდო ელის ახლაც და მომავალშიც. „მუყაითის ხელი სიმდიდრეს მოიხვეჭს“ (იგ. 10:4). „მუყაითის ხელი იხელმწიფებს“ (იგ. 12:24). მას სიუხვე ექნება (იგ. 13:4). გამრჯე ქალზე ნათქვამია: „დგებიან მისი ვაჟები და ბედნიერს უწოდებენ მას, დგება მისი ქმარი და აქებს მას ... მიეცით მას თავისი ხელის ნაყოფი და მისმა საქმეებმა განადიდონ იგი კარიბჭეებთან“ (იგ. 31:28, 31). ქრისტეს სულიერ ძმებს ეხება შემდეგი სიტყვები: „უფრო მეტად ეცადეთ, რომ განმტკიცდეთ თქვენს მოწოდებასა და რჩეულობაში, ვინაიდან, თუ ასე მოიქცევით, არასოდეს დაეცემით, და ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს მარადიულ სამეფოში შესასვლელი ფართოდ გაგეღებათ“ (2პტ. 1:10, 11).