იოელი (ბიბლიის წიგნი)
ებრაული წერილების ღვთივშთაგონებული წიგნი, რომელიც „იოელმა, ფეთუელის ვაჟმა“ დაწერა (იოლ. 1:1). ამ წინასწარმეტყველის ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ის მოიხსენიებს იუდას, იერუსალიმსა და იქ არსებულ იეჰოვას სახლს, ამიტომ შეიძლება დავასკვნათ, რომ ის იუდაში წინასწარმეტყველებდა და, შესაძლოა, იერუსალიმში ცხოვრობდა (1:9, 14; 2:17, 32; 3:1, 2, 16—20). მან აგრეთვე მოიხსენია „იეჰოშაფატის ველი“ (3:2, 12), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ წიგნი იმ დიდებული გამარჯვების შემდეგ დაწერა, რომელიც იეჰოვამ იეჰოშაფატს მოაპოვებინა. თუმცა ზუსტი თარიღის დადგენა შეუძლებელია.
დაწერის დრო. მეცნიერები იოელის წიგნის დაწერის დროდ სხვადასხვა თარიღს ასახელებენ დაწყებული ძვ. წ. 800-იანი წლებიდან დაახლ. ძვ. წ. 400 წლამდე. ამა თუ იმ თარიღის მხარდასაჭერად მათ მიერ მოყვანილ არგუმენტებზე ერთ ბიბლიურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „არგუმენტების უმეტესობა ... ყურადღებას იმაზე ამახვილებს, თუ რას არ მოიხსენიებს წინასწარმეტყველი [მათ შორის ქალდეველებს, ასურელებს, იუდას მეფეს და ათტომიან სამეფოს]. ცნობილია, რომ რაღაცის უთქმელობაზე დაფუძნებული არგუმენტები ძალიან საეჭვოა“ (The International Standard Bible Encyclopaedia, ჯ. ორის რედაქციით, 1960, ტ. III, გვ. 1690). გარდა ამისა, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, იოელი ციტირებდა სხვა წინასწარმეტყველთა წიგნებიდან, თუ სხვები ციტირებდნენ მისგან. თუ იოელი (2:32) ციტირებდა აბდიას (მე-17 მუხლი) სიტყვებს, მაშინ ის თავის წიგნს ბაბილონში გადასახლების შემდეგ დაწერდა. მეორე მხრივ, არა მხოლოდ აბდიას, არამედ გაცილებით ადრე მცხოვრებ წინასწარმეტყველ ამოსს შეეძლო იოელის სიტყვების ციტირება (იოლ. 3:16 შდრ. ამ. 1:2-ს). ასეთ შემთხვევაში იოელი თავის წიგნს არაუგვიანეს უზიას მმართველობის პერიოდში დაწერდა, დაახლ. ძვ. წ. 820 წელს (ამ. 1:1). ვინაიდან იოელის წიგნი ებრაულ კანონში ოსიასა და ამოსის წიგნებს შორის არის, დაწერის თარიღად შეიძლება ეს უკანასკნელი, უფრო ადრინდელი პერიოდი მივიჩნიოთ, თუმცა ამის თქმა დანამდვილებით შეუძლებელია.
კანონიკურობა და უტყუარობა. ებრაელებს იოელის წიგნის კანონიკურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. მათ მცირე წინასწარმეტყველთა შორის წიგნს რიგით მეორე ადგილი მიუჩინეს. ის სრულად ეთანხმება დანარჩენ წმინდა წერილებს, რაც კარგად ჩანს „იოელისა“ და ბიბლიის სხვა წიგნებს შორის არსებული მრავალი მსგავსებიდან (იოლ. 2:2 შდრ. სფ. 1:14, 15-ს; იოლ. 2:4, 5, 10 შდრ. გმც. 9:2, 7—9-ს; იოლ. 2:11 შდრ. მლ. 4:5-ს; იოლ. 2:12 შდრ. იერ. 4:1-ს; იოლ. 2:13 შდრ. გმ. 34:6-ს, რც. 14:18-ს, ფს. 86:15-სა და 106:45-ს; იოლ. 2:31 შდრ. ეს. 13:9, 10-ს, მთ. 24:29, 30-სა და გმც. 6:12—17). იოელის წინასწარმეტყველებების შესრულება წიგნის უტყუარობის კიდევ ერთი მტკიცებაა. როგორც იოელმა იწინასწარმეტყველა, იეჰოვას განაჩენი აღსრულდა ტვიროსზე, ფილისტიმსა და ედომზე (იოლ. 3:4, 19; დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. ედომი, ედომელი; ფილისტიმი, ფილისტიმელები; ტვიროსი). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულმა პეტრემ აღნიშნა, რომ იესო ქრისტეს მოწაფეებზე ღვთის სულის გადმოსვლით შესრულდა იოელის წინასწარმეტყველება (იოლ. 2:28—32; სქ. 2:17—21). მოგვიანებით მოციქულმა პავლემ იოელის 2:32-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება მიუსადაგა იუდეველებსა და არაიუდეველებს, რომლებიც იეჰოვას სახელს რწმენით უხმობენ (რმ. 10:12, 13).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები იოელიდან
ეს ცოცხალი ენით დაწერილი წინასწარმეტყველება ყურადღებას ამახვილებს იეჰოვას შურისძიებასა და წყალობაზე.
შესაძლოა, დაიწერა დაახლ. ძვ. წ. 820 წელს უზიას გამეფებიდან 9 წლის შემდეგ, ანუ იეჰოვას მიერ მეფე იეჰოშაფატის დროს მოაბელებზე, ამონელებსა და სეირის მკვიდრებზე მოპოვებული დიდებული გამარჯვებიდან დაახლ. 100 წლის შემდეგ.
კალიები აჩანაგებენ ქვეყანას; ახლოსაა იეჰოვას დღე (1:1—2:11)
მოახლოებულ უბედურებაზე თაობიდან თაობაში ისაუბრებენ.
მცენარეები განადგურდება, რის გამოც იეჰოვას სახლში შეწყდება მარცვლეული და დასაღვრელი შესაწირავის მიტანა.
მღვდლებმა უნდა იგლოვონ და იეჰოვას დახმარება სთხოვონ.
იეჰოვას დღეს მისი „ჯარი“ გამანადგურებელ იერიშს მიიტანს ქვეყანაზე.
იეჰოვა მოუწოდებს ისრაელს, დაუბრუნდეს მას; ის გადმოღვრის თავის სულს მათზე (2:12—32)
იეჰოვა მოუწოდებს სიონის მკვიდრთ, დაუბრუნდნენ მას. ღმერთი კვლავ უხვად მისცემს მათ ყველაფერს და დაიცავს „ჩრდილოელისგან“.
იეჰოვა თავის ხალხზე გადმოღვრის თავის სულს და საკვირველებებს მოახდენს ცაში და დედამიწაზე „დიდი და შიშის მომგვრელი დღის მოსვლამდე“.
ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება ამ დიდ დღეს.
ერების გასამართლება „იეჰოშაფატის ველზე“ (3:1—21)
ღვთის ხალხისადმი ცუდი მოპყრობისთვის იეჰოვა გაასამართლებს ერებს.
იეჰოვა იწვევს ერებს, მოემზადონ მის წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩავიდნენ იეჰოშაფატის ველზე, სადაც ისინი საწნახელში დაწურულ ყურძენს დაემსგავსებიან.
ამ დროს იეჰოვა იქნება თავისი ხალხის თავშესაფარი.
ეგვიპტე და ედომი გაუდაბურდება, იუდა კი დასახლდება და მოსავალი უხვად მოუვა. იეჰოვა დამკვიდრდება სიონში.