იუბილე
შვიდი შვიდწლიანი პერიოდის მომდევნო, 50-ე წელი, რომლის ათვლა დაიწყო ისრაელის აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ. ებრაული სიტყვა ჲოველ ნიშნავს ვერძის რქას. 50-ე წელს ვერძის რქის საყვირს აყვირებდნენ და ისრაელის ყველა მკვიდრს თავისუფლებას უცხადებდნენ (ლვ. 25:9, 10; იხ. რქა).
აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ ისრაელებს ექვსი წლის განმავლობაში მიწა უნდა დაემუშავებინათ, დაეთესათ და მოსავალი აეღოთ, მეშვიდე წელი კი შაბათის წლად ითვლებოდა და მიწა უნდა დაესვენებინათ. ამ წელს არც თესვა შეიძლებოდა და არც გასხვლა, არც ნაგერალის მომკა და არც გაუსხლავი ვაზიდან ყურძნის მოკრეფა. რაც თავისით მოიწეოდა, მიწის პატრონს, მის მონებს, მოჯამაგირეებს, ხიზნებს, ღარიბებს, შინაურ თუ გარეულ ცხოველებს ჰქონდათ საჭმელად (ლვ. 25:2—7; გმ. 23:10, 11). ასეთი შვიდი შვიდწლიანი პერიოდის (7 × 7 = 49) მომდევნო, 50-ე წელი საიუბილეო წელი იყო.
საიუბილეო წელი ძალიან ჰგავდა შაბათის წელს. ამ წელსაც მიწას არ ამუშავებდნენ და არც მის ნაყოფს იღებდნენ (ლვ. 25:8—12). ეს იმას ნიშნავდა, რომ 50-წლიან ციკლში ისრაელები 48-ე წელს მოწეული მოსავლით საზრდოობდნენ 48-ე, 49-ე, 50-ე წელს და არასრულად 51-ე წელს, მოსავლის აღებამდე. იეჰოვას კურთხევით მეექვსე წლის უხვი მოსავალი ისრაელებს შაბათის წელსაც ჰყოფნიდათ (ლვ. 25:20—22). როცა ისრაელები ღვთის კანონს იცავდნენ, ღმერთი 48-ე წელს ისეთ მოსავალს აძლევდა, რომ შაბათის წელსაც ჰყოფნოდათ, საიუბილეო წელსაც და მომდევნო წელსაც, მოსავლის აღებამდე.
საიუბილეო წელი, ფაქტობრივად, ერთი წლის მანძილზე აღინიშნებოდა, როგორც თავისუფლების წელი. მისი დაცვა ღვთისადმი რწმენისა და მადლიერების ნიშანი იქნებოდა და ღვთის საბოძვრით გახარების შესაძლებლობა.
მეშვიდე თვის (თიშრი) მეათე დღეს, გამოსყიდვის დღეს აყვირებდნენ საყვირს (ებრ. შოფარ, ნიშნავს დაგრეხილ რქას) და მთელ მიწაზე თავისუფლებას აცხადებდნენ. ებრაელი მონებისთვის, რომლებიც მონობაში ვალების გამო აღმოჩნდნენ, ეს თავისუფლებას მოასწავებდა. მონებს ჩვეულებრივ მონობის მეშვიდე წელს ათავისუფლებდნენ (გმ. 21:2), მაგრამ საიუბილეო წელს ათავისუფლებდნენ მათაც, ვისაც მონობაში ექვსი წელი ჯერ არ ჰქონდა გატარებული. პატრონის მიერ გაყიდული (როგორც წესი, სიდუხჭირის გამო) სამემკვიდრო მიწა ისევ პატრონს გადაეცემოდა. ყველა თავ-თავის ოჯახსა და სამკვიდროს უბრუნდებოდა. არც ერთ ოჯახს არ ემუქრებოდა მუდმივი სიღარიბე. ყველას უნდა ჰქონოდა ღირსეულად ცხოვრების საშუალება. ქონების გამფლანგველის შთამომავლებიც კი არ კარგავდნენ მემკვიდრეობას. საბოლოო ჯამში, მთელი მიწა იეჰოვას ეკუთვნოდა. ისრაელები იეჰოვასთვის ხიზნები და მდგმურები იყვნენ (ლვ. 25:23, 24). თუ ღვთის კანონს დაიცავდნენ, მაშინ შესრულდებოდა ღვთის დაპირება: „არ უნდა იყოს ღარიბი თქვენ შორის“ (ლვ. 25:8—10, 13; კნ. 15:4, 5).
საიუბილეო წელთან დაკავშირებული კანონით მიწის სამუდამოდ გაყიდვა არ შეიძლებოდა. ღვთის მითითებისამებრ, თუ ვინმე თავის სამემკვიდრო მიწას გაყიდდა, მიწის ფასი უნდა გამოეთვალათ საიუბილეო წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით. იმავე პრინციპით უნდა გამოეთვალათ საფასური პატრონისთვის, რომელიც მიწის გამოსყიდვას მოინდომებდა. მიწის გაყიდვა, ფაქტობრივად, მიწის იჯარით გაცემას ნიშნავდა საიუბილეო წლამდე (ლვ. 25:15, 16, 23—28). ეს კანონი ვრცელდებოდა უგალავნო დასახლებებში მდგარ სახლებზეც, რომლებიც მინდვრის ნაწილად ითვლებოდა. მაგრამ გალავნიან ქალაქში გაყიდული სახლი საიუბილეო წელს პატრონს არ უბრუნდებოდა. გამონაკლისი იყო ლევიანთა სახლები, ვინაიდან ისინი მხოლოდ სახლებსა და ლევიანთა ქალაქების გარშემო მდებარე საძოვრებს ფლობდნენ. საიუბილეო წელს ისინი უკან იბრუნებდნენ თავიანთ სახლებს. ლევიანთა ქალაქების საძოვრების გაყიდვა არ შეიძლებოდა (ლვ. 25:29—34).
საიუბილეო წლის აღნიშვნა სასიკეთო გავლენას ახდენდა არა მარტო ცალკეულ ისრაელზე, არამედ მთელ ერზე. როცა საიუბილეო წელს ზედმიწევნით იცავდნენ, ყველაფერი იმ წესისა და რიგის მიხედვით ხდებოდა, რაც ღმერთს ჰქონდა თავდაპირველად გათვალისწინებული. ქვეყანა საღი პრინციპებით იმართებოდა. ეკონომიკა სტაბილური იყო და ერს მძიმე ვალი არ ედებოდა (კნ. 15:6). მიწის ფასი არ მერყეობდა, სამეფოს ვალი არ უგროვდებოდა და მოჩვენებითი კეთილდღეობის შთაბეჭდილება არ იქმნებოდა, რასაც მოსდევს ინფლაცია, დეფლაცია და ეკონომიკური კრიზისი.
თუ სათანადოდ დაიცავდნენ საიუბილეო წელს, ერი არ აღმოჩნდებოდა ისეთ სავალალო მდგომარეობაში, როგორშიც დღეს მრავალი ქვეყანაა, კერძოდ, ხალხი არ იქნებოდა დაყოფილი ორ კლასად — ძალიან მდიდრებად და ღატაკებად. თითოეულის კეთილდღეობა ერის კეთილდღეობას შეუწყობდა ხელს. არავინ დარჩებოდა უქონელი და ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამო უმუშევარი. ყველა თავის ნიჭსა და უნარს ერის კეთილდღეობას მოახმარდა. იეჰოვა უხვ მოსავალს აძლევდა ხალხს და მოძღვრავდა მათ. ასე რომ, თუ მორჩილები იქნებოდნენ, ხალხს ექნებოდა ის, რისი მიცემაც მხოლოდ ნამდვილ თეოკრატიულ წყობას შეუძლია — სრულყოფილი მთავრობა და კეთილდღეობა (ეს. 33:22).
შაბათის წლებში, კარვობის დღესასწაულის (იგივე მოსავლის აღების დღესასწაული) დროს ხალხს კანონს უკითხავდნენ (კნ. 31:10—12), რათა იეჰოვას დაახლოებოდნენ და მტერს მათთვის თავისუფლება არ წაერთმია. იეჰოვამ გააფრთხილა ისრაელები, რომ თუ მის კანონებს დაარღვევდნენ (მათ შორის შაბათისა და საიუბილეო წლის კანონებს) და არ დაემორჩილებოდნენ მას, უბედურებას დაიტეხდნენ (ლვ. 26:27—45).
აღთქმულ მიწაზე შესვლის წლიდან თუ გადავითვლით, ისრაელების პირველი საიუბილეო წელი ძვ. წ. 1424 წელს, თიშრის თვეში დაიწყო (ლვ. 25:2—4, 8—10). აღთქმულ მიწაზე შესვლის წლიდან (ძვ. წ. 1473) იერუსალიმის დაცემამდე (ძვ. წ. 607) ისრაელები ვალდებულნი იყვნენ, 17 საიუბილეო წელი აღენიშნათ. სამწუხაროდ, მათ არ დააფასეს იეჰოვა, თავიანთი მეფე, დაარღვიეს მისი კანონები, მათ შორის შაბათის კანონი და საბოლოოდ იეჰოვას კურთხევის გარეშე დარჩნენ. ისინი ვერ აცნობიერებდნენ თეოკრატიული მმართველობის უპირატესობას და თავიანთი საქციელით სხვა ერების წინაშე არცხვენდნენ იეჰოვას (2მტ. 36:20, 21).
სიმბოლური მნიშვნელობა. იუბილე გადაკვრით არის ნახსენები ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. იესო ქრისტემ თქვა, რომ ის გამოგზავნილი იყო ტყვეებისთვის გათავისუფლების შესახებ საქადაგებლად (ლკ. 4:16—18). მოგვიანებით მან ცოდვის ტყვეობიდან გათავისუფლების შესახებ თქვა: „თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით“ (ინ. 8:36). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული ღმერთი სულითცხებულ ქრისტიანებს მართლებად აღიარებდა და, როგორც ღვთის ძეებს, ახალ სიცოცხლეს აძლევდა, პავლე მოციქულს სრული უფლება ჰქონდა შემდეგი რამ დაეწერა: „სულის კანონმა, რომელიც სიცოცხლეს იძლევა ქრისტე იესოსთან ერთობაში, ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან გაგათავისუფლა“ (რმ. 8:2). ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს სხვებიც გათავისუფლდებიან ხრწნის მონობისგან და, მას შემდეგ, რაც გამოიცდებიან და დაამტკიცებენ ღვთისადმი ერთგულებას, მიიღებენ „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რმ. 8:19—21). ისინი გათავისუფლდებიან თანდაყოლილი ცოდვისგან, რომელიც სიკვდილს იწვევს. დედამიწას უპატრონებენ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ისე, როგორც ეს თავიდან ღმერთს ჰქონდა ჩაფიქრებული (გმც. 21:4; დბ. 1:28; ეს. 65:21—25).