ლუკას სახარება
ეს სახარება, ძირითადად, დედამიწაზე იესოს მსახურების დროს მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. ლუკას მიზანი იყო, ლოგიკური თანმიმდევრობით, ზუსტად დაეწერა ყველაფერი, რათა თეოფილე ზეპირგადმოცემით ნასწავლის უტყუარობაში დარწმუნებულიყო (ლკ. 1:3, 4). ვინაიდან ეს სახარება ბიბლიის კანონის ნაწილი გახდა, ის სასარგებლო იქნებოდა სხვებისთვისაც — იუდეველებისთვისაც და არაიუდეველებისთვისაც. წიგნი, ძირითადად, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის დაწერილი, თუმცა ზოგჯერ თემატური მთლიანობის შესანარჩუნებლად ქრონოლოგია დარღვეულია.
დამწერი და წერის დრო. მართალია, სახარებაში არ მოიხსენიება დამწერის სახელი, მაგრამ, როგორც წესი, მის ავტორად ექიმ ლუკას მიიჩნევენ (კლ. 4:14). ჯერ კიდევ ახ. წ. მეორე საუკუნით დათარიღებულ მურატორის ფრაგმენტში (დაახლ. ახ. წ. 170) ნათქვამია, რომ ეს სახარება ლუკამ დაწერა. ამ სახარების ზოგიერთი თავისებურებაც შეიძლება იმაზე მიანიშნებს, რომ დამწერი მრავალმხრივ განათლებული ექიმი იყო. ლუკას სახარების ლექსიკა დანარჩენი სამი სახარების ერთად აღებულ ლექსიკაზე გაცილებით მდიდარია. ზოგ შემთხვევაში მასში უფრო დაწვრილებით არის აღწერილი იესოს მიერ განკურნებული სნეულებები, ვიდრე სხვა სახარებებში (შდრ. მთ. 8:14; მრ. 1:30; ლკ. 4:38; მთ. 8:2; მრ. 1:40; ლკ. 5:12).
როგორც ჩანს, ლუკამ ეს სახარება წიგნ „მოციქულთა საქმეებამდე“ დაწერა (სქ. 1:1, 2). ლუკა მოციქულ პავლეს ახლდა, როცა ის მესამე მისიონერული მოგზაურობის დასასრულს იერუსალიმში ჩავიდა (სქ. 21:15—17). ეს შესაძლებლობას მისცემდა მას, ზედმიწევნით გამოეკვლია იესო ქრისტეს ისტორია იმ ქვეყანაში, სადაც ის მსახურობდა. იერუსალიმში, შემდეგ კი კესარეაში პავლეს პატიმრობის დროს ლუკას არაერთი შესაძლებლობა ექნებოდა, თვითმხილველებისგან მიეღო ინფორმაცია და გამოეკვლია წერილობითი წყაროები. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მან ეს სახარება დაწერა კესარეაში პავლეს თითქმის ორწლიანი პატიმრობის დროს (დაახლ. ახ. წ. 56—58) (სქ. 21:30—33; 23:26—35; 24:27).
უნიკალური ინფორმაცია. სხვა სამი სახარების მსგავსად, ლუკას სახარებაც უამრავ მტკიცებას შეიცავს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე. მასში ვკითხულობთ, რომ იესო ხშირად ლოცულობდა და ბოლომდე ენდობოდა თავის ზეციერ მამას (ლკ. 3:21; 6:12—16; 11:1; 23:46). ის შეიცავს უამრავ დამატებით ინფორმაციას, რაც სხვა სამ სახარებაში ჩაწერილ ინფორმაციასთან ერთად იესო ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ სრულ სურათს გვიქმნის. წიგნის პირველი ორი თავის დიდი ნაწილი არ გვხვდება სხვა სახარებებში. წიგნი უნიკალურია იმით, რომ სხვა სახარებებთან შედარებით მასში ექვსით მეტი სასწაულია ჩაწერილი და ის ორჯერ მეტ მაგალითს შეიცავს. ეს სასწაულებია: იესო თავის მოწაფეებს სასწაულებრივად აჭერინებს თევზს (5:1—6); ნაინში იესო მკვდრეთით აღადგენს ქვრივის ვაჟს (7:11—15), აგრეთვე კურნავს წელში მოხრილ ქალს (13:11—13), წყალმანკით დაავადებულ კაცს (14:1—4), ათ კეთროვანს (17:12—14) და ყურს უმთელებს მღვდელმთავრის მონას (22:50, 51). ზოგიერთი მაგალითია: ორი მევალის (7:41—47), კეთილი სამარიელის (10:30—35), უნაყოფო ლეღვის ხის (13:6—9), დიდი ვახშმის (14:16—24), დაკარგული დრაქმის (15:8, 9), გზასაცდენილი შვილის (15:11—32), უმართლო სახლის მმართველის (16:1—8), მდიდარი კაცისა და ლაზარეს (16:19—31), ქვრივისა და უმართლო მოსამართლის შესახებ (18:1—8).
სახარებაში მოხსენიებული მოვლენების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა გვეხმარება, დავადგინოთ, როდის დაიბადნენ იოანე ნათლისმცემელი და იესო და როდის დაიწყეს მსახურება (ლკ. 1:24—27; 2:1—7; 3:1, 2, 23; იხ. აღწერა, აღრიცხვა).
სანდოობა. ლუკას სახარების სარწმუნოობასა და ბიბლიის სხვა წიგნებთან შეთანხმებულობას ცხადყოფს მასში ებრაული წერილებიდან მოყვანილი არაერთი მუხლი და ციტატა (შდრ. ლკ. 2:22—24; გმ. 13:2; ლვ. 12:8; ლკ. 3:3—6; ეს. 40:3—5; ლკ. 7:27; მლ. 3:1; ლკ. 4:4, 8, 12; კნ. 8:3; 6:13, 16; ლკ. 4:18, 19; ეს. 61:1, 2). ამ წიგნის უტყუარობის კიდევ ერთი მტკიცებაა იერუსალიმისა და მისი ტაძრის შესახებ იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები განადგურების შესრულება (ლკ. 19:41—44; 21:5, 6).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები ლუკადან
იესოს ცხოვრების შესახებ ლუკას მონათხრობი, რომელიც ქრისტეს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების უტყუარობაში დასარწმუნებლად დაიწერა და ყველა ერის ადამიანისთვის საინტერესოა.
ის, სავარაუდოდ, ახ. წ. 56—58 წლებით თარიღდება და დაწერის თარიღის მიხედვით სახარებებს შორის მეორეა.
იესოს მსახურებამდე განვითარებული მოვლენები (1:1—4:13)
გაბრიელი ამცნობს მარიამს, რომ ღვთის ძეს გააჩენს; მისი დაბადებისას ანგელოზები ამბობენ, რომ ის არის „უფალი ქრისტე“.
12 წლის იესო კითხვებს უსვამს მასწავლებლებს ტაძარში.
იოანე ნათლავს მას. ამ დროს წმინდა სული გადმოდის იესოზე და ზეციდან ხმა აცხადებს, რომ ის არის ღვთის ძე.
სატანა არაერთხელ, ამაოდ ცდილობს იესოს ცდუნებას.
მსახურების ადრეული ეტაპი. იესო, ძირითადად, გალილეაში ქადაგებს (4:14—9:62)
ნაზარეთის სინაგოგაში იესო ესაიას გრაგნილიდან კითხულობს საკუთარი მისიის შესახებ. მსმენელები მის მოკვლას ცდილობენ.
ასწავლის კაპერნაუმის სინაგოგაში, დევნის დემონებს და კურნავს უამრავ ავადმყოფს.
სადავოს ხდიან იესოს უფლებას, მიუტევოს ცოდვები და შაბათ დღეს განკურნოს.
იესო მთელ ღამეს ლოცულობს და 12 მოციქულს ირჩევს.
წარმოთქვამს მთაზე ქადაგებას.
კურნავს ასისთავის მონას და მკვდრეთით აღადგენს ქვრივის ვაჟს.
მოჰყავს მაგალითები ორ მოვალესა და მთესველზე. ახდენს სასწაულებს, მათ შორის მკვდრეთით აღადგენს იაიროსის ქალიშვილს.
მოციქულებს ღვთის სამეფოს შესახებ საქადაგებლად გზავნის.
პეტრე აღიარებს, რომ იესო არის ქრისტე. მალევე ის და კიდევ ორი მოციქული იესოს გარდასახვის მოწმენი ხდებიან.
იესოს მსახურების ბოლო პერიოდი. ის, ძირითადად, იუდეასა და პერეაში ქადაგებს (10:1—19:27)
იესო 70 მოწაფეს აგზავნის საქადაგებლად.
ჰყვება იგავს კეთილ სამარიელზე.
ლოცვას ასწავლის მოწაფეებს და აბათილებს ბრალდებას, რომ ბელზებელის მეშვეობით დევნის დემონებს.
იძლევა გაფრთხილებას მატერიალიზმის შესახებ და მოუწოდებს მოწაფეებს, ეძებონ ღვთის სამეფო. საუბრობს მცირე სამწყსოსა და ერთგულ მმართველზე.
კურნავს წელში მოხრილ ქალს და პასუხობს მათ, ვინც უკმაყოფილოა, რომ ეს შაბათს გააკეთა.
ცხადყოფს, რომ მისი მოწაფეობის მსურველები მზად უნდა იყვნენ ყველაფრისთვის.
ჰყვება რამდენიმე იგავს, მათ შორის გზასაცდენილ შვილსა და მდიდარსა და ლაზარეზე.
აფრთხილებს მოწაფეებს, არ დააბრკოლონ სხვები. თვალსაჩინოდ ხსნის თავმდაბლობის საჭიროებას.
კურნავს ათ კეთროვანს, რომელთაგან მხოლოდ ერთი, სამარიელი ბრუნდება მადლობის სათქმელად.
„კაცის ძის დროს“ ნოესა და ლოტის დროს ადარებს.
კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავმდაბლობის აუცილებლობას, განსაკუთრებით მდიდრებისთვის. შემდეგ მიდის იერიხონში, სადაც ზაქე მისი მოწაფე ხდება.
მინებზე მოყოლილი იგავით ცხადყოფს, რომ ზეციერი სამეფო მალევე არ დამყარდება.
იესოს მსახურების ბოლო დღეები იერუსალიმსა და მის მახლობლად (19:28—24:53)
ჩოჩორზე მჯდომი იესო იერუსალიმში შედის, სადაც ხალხი სიხარულის შეძახილებით ხვდება, ის კი მოთქვამს ქალაქზე და მის განადგურებას წინასწარმეტყველებს.
ტაძრიდან ყრის გამყიდველებს, შემდეგ გადასახადებსა და მკვდრეთით აღდგომაზე გამოსაჭერ კითხვებს უსვამენ.
წინასწარმეტყველებს ტაძრისა და იერუსალიმის განადგურებას, აგრეთვე ლაპარაკობს უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასრულების შესახებ.
აწესებს თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს, რის შემდეგაც იუდა გასცემს. პეტრე ყურს ათლის მღვდელმთავრის მონას, იესო კი უმთელებს მას.
დაპატიმრებული იესო მიჰყავთ მღვდელმთავრის სახლში, შემდეგ — სინედრიონის წინაშე, ბოლოს კი — პილატესთან. პილატე მას ჰეროდესთან გზავნის, ის კი ისევ პილატესთან აბრუნებს მას.
იესოს ძელზე აკრავენ. ის სამოთხეზე ესაუბრება გვერდით ძელზე დაკიდებულ ბოროტმოქმედს. მისი სიკვდილის დროს სიბნელე მოიცავს დედამიწას და საწმინდრის ფარდა შუაზე იხევა.
მარხავენ მის ცხედარს. სამი დღის შემდეგ მკვდრეთით აღმდგარი იესო ეცხადება თავის მიმდევრებს.
ბოლოს, იესო ზეცად მაღლდება მათ თვალწინ.