შუამავალი
ორი დაპირისპირებული მხარის შემრიგებელი; შუამდგომელი; შუაკაცი. ბიბლიაში ეს სიტყვა გამოიყენება კანონის შეთანხმების შუამავალ მოსესა და ახალი შეთანხმების შუამავალ იესოსთან (გლ. 3:19; 1ტმ. 2:5).
შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი იყო სისხლის დაღვრა. ებრაელების მიმართ მიწერილი წერილის ღვთივშთაგონებული დამწერი საუბრობს ორ ძირითად შეთანხმებაზე — კანონის შეთანხმებასა და ახალ შეთანხმებაზე. დამწერი ახალი შეთანხმების შუამავლად ქრისტეს მოიხსენიებს (ებ. 9:15). ბიბლეისტები დღემდე კამათობენ ებრაელების 9:16-ში ჩაწერილ სიტყვებზე. შესაბამისად, ეს მუხლი ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში სხვადასხვანაირად არის გადმოტანილი: „რადგან სადაც არის ანდერძი, იქ აუცილებელია, რომ მოკვდეს მეანდერძე“ (სსგ); „ვინაიდან, სადაც ანდერძია, იქ აუცილებელია მოანდერძის სიკვდილი“ (კს, აფ); „სადაც შეთანხმებაა, საჭიროა შეთანხმების დამდები ადამიანის სიკვდილი“ (აქ).
სიტყვასიტყვით თარგმანებში სიტყვა დიათეკე ამ მუხლში გადმოტანილია სიტყვით „შეთანხმება“ (Int; The Interlinear Greek-English New Testament, ალფრედ მარშალის თარგმანი).
სიტყვა დიათეკეს შეთანხმებად თარგმნა ზუსტად გადმოსცემს დამწერის აზრს. ბევრ თარგმანში სიტყვა „ანდერძის“ გამოყენება არ შეესაბამება ბერძნულ სეპტუაგინტასა და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ბევრ ადგილას სიტყვა დიათეკეს გამოყენებას (ლკ. 1:72; სქ. 3:25; 7:8; რმ. 9:4; 11:27; ებ. 8:6—10; 12:24). გარდა ამისა, სიტყვა „ანდერძი“ არ შეესაბამება პავლეს საუბრის თემას, რადგან კონტექსტში ის კანონის შეთანხმებასა და ახალ შეთანხმებაზე საუბრობს. არც კანონის შეთანხმება ყოფილა ანდერძი და არც ახალი შეთანხმება.
ებრაელების 9:16-ში მოციქული პავლე, როგორც ჩანს, იმაზე საუბრობს, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის (და არა ორ ადამიანს შორის) შეთანხმების დადება მსხვერპლის შეწირვას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ღმერთთან დაახლოება და მასთან შეთანხმების დადება, ჩვეულებრივ, მსხვერპლის შეწირვით ხდებოდა (განსაკუთრებით ებრაელებში). ზოგჯერ შეთანხმების დადებისას მსხვერპლს ანაწევრებდნენ. აშკარაა, რომ ღვთის თვალში კანონის შეთანხმებისა და ახალი შეთანხმების ძალაში შესასვლელად სისხლის დაღვრა მოითხოვებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი არ აღიარებდა მათ კანონიერად და არც მათში მონაწილეთ მოექცეოდა შეთანხმების თანახმად (ებ. 9:17). კანონის შეთანხმება ცხოველების — ხარებისა და თხების — შეწირვით შევიდა ძალაში, რომლებმაც ჩაანაცვლეს შუამავალი მოსე (ებ. 9:19). ახალი შეთანხმების დადებისას მსხვერპლი იყო სრულყოფილი ადამიანის, იესო ქრისტეს სიცოცხლე (ლკ. 22:20; იხ. აქ, დანართი, გვ. 1763, 1764).
კანონის შეთანხმების შუამავალი. მოსე იყო იეჰოვასა და ისრაელს შორის დადებული კანონის შეთანხმების შუამავალი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვა მას პირისპირ ელაპარაკებოდა (რც. 12:8), თუმცა სინამდვილეში მასთან ღვთის წარმომადგენელი ანგელოზი ლაპარაკობდა (სქ. 7:38; გლ. 3:19; ებ. 2:2). ისრაელისთვის ღვთის წარმომადგენელი მოსე იყო (გმ. 19:3, 7, 9; 24:9—18). მას, როგორც კანონის შეთანხმების შუამავალს, იეჰოვას მთელი სახლი ებარა (რც. 12:7) და ისრაელს შეთანხმების დაცვასა და შეთანხმებით გათვალისწინებული კურთხევების მიღებაში ეხმარებოდა.
კანონის შეთანხმების ძალაში შესვლა. მოციქული პავლე წერს, რომ „ერთის შუამავალი არ არსებობს, ღმერთი კი მხოლოდ ერთია“ (გლ. 3:20). კანონის შეთანხმებაში ღმერთი ერთ მხარეს წარმოადგენდა, ისრაელი კი — მეორე მხარეს. ცოდვილი მდგომარეობის გამო ისრაელს არ შეეძლო ღმერთთან მიახლოება შეთანხმების დასადებად. მათ შუამავალი სჭირდებოდათ. მათი უსუსურობა გამოჩნდა მოსესთვის ნათქვამ სიტყვებში: „შენ გველაპარაკე და ჩვენ მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით“ (გმ. 20:19; ებ. 12:18—20). იეჰოვამ წყალობა გამოავლინა — კანონის შეთანხმების შუამავლად მოსე დანიშნა და შეთანხმების ძალაში შესასვლელად ცხოველური შესაწირავი დააწესა. ცხადია, მოსეც არასრულყოფილი და ცოდვილი იყო, თუმცა აბრაამის მსგავსად ისიც ღვთის კეთილგანწყობით სარგებლობდა (ებ. 11:23—28; იხ. მართლად აღიარება [როგორ „ჩაეთვალა“ სიმართლედ]). შეთანხმების ძალაში შესასვლელად მოსემ უხელმძღვანელა მსხვერპლშეწირვას, შემდეგ შეწირული ცხოველების სისხლი შეასხურა „შეთანხმების წიგნს“, წიგნი წაუკითხა ხალხს და გააცნო შეთანხმების პირობები, რომელთა შესრულებაზეც ხალხმა თანხმობა განაცხადა. შემდეგ მოსემ ხალხსაც (სავარაუდოდ, ხალხის წარმომადგენელი უხუცესები) შეასხურა სისხლი და თქვა: „ეს არის სისხლი შეთანხმებისა, იეჰოვამ რომ დაგიდოთ ამ სიტყვების გამო“ (გმ. 24:3—8; ებ. 9:18—22).
სამღვდელოების დანიშვნა. ღვთის მიერ არჩეული აარონის საგვარეულოს მღვდლები თვითნებურად ვერ დაიწყებდნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას. მღვდელმსახურებად ისინი შუამავალ მოსეს მეშვეობით უნდა დანიშნულიყვნენ. ძვ. წ. 1512 წლის 1—7 ნისანს მათი დანიშვნისას მოსემ განსაკუთრებული შემადგენლობის ზეთი სცხო კარავს, მის მოწყობილობასა და აარონს. აარონსა და მის ვაჟებს ხელები შესაწირავებით აუვსო, მათი ხელები იეჰოვას წინაშე შეარხია და ასე დანიშნა ისინი მღვდელმსახურებისთვის ანუ ძალაუფლებით აუვსო ხელები. შემდეგ საცხები ზეთი და სამსხვერპლოდან აღებული სისხლი შეასხურა მათ. ამგვარად, მოსეს როგორც შუამავლის მოვალეობაში შედიოდა სამღვდელოების დანიშვნა და მღვდელმსახურების ამოქმედება, რაც კანონის შეთანხმების ნაწილი იყო (ლვ. 8; ებ. 7:11; იხ. მღვდლად დანიშვნა).
ძვ. წ. 1512 წლის 8 ნისანს, როცა ახლად დანიშნული სამღვდელოება პირველად შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას, მოსემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა — ყველაფერს უხელმძღვანელა და აარონთან ერთად ხალხი აკურთხა (ლვ. 9). მოსემ, როგორც შუამავალმა, დიდი წვლილი შეიტანა იმ ყველაფრის ამოქმედებაში, რაც კანონის შეთანხმებას უკავშირდებოდა.
სხვა საშუამავლო საქმეები. 600-ზე მეტი კანონისგან შემდგარი კანონთა კრებული, რომელშიც სამღვდელოებისთვის მიცემული წესებიც შედიოდა, ისრაელს მოსეს მეშვეობით მიეცა. ღვთის ძალით მოსემ უამრავი სასწაული მოახდინა ხალხის სასიკეთოდ. ის ხალხს ღმერთთან შუამდგომლობდა და სთხოვდა იეჰოვას, რომ დაენდო ისინი თავისი სახელისთვის (გმ. 32:7—14; რც. 14:11—20; 16:20—22; 21:7; კნ. 9:18—20, 25—29; 10:8—11). საკუთარ კეთილდღეობაზე წინ მოსე იეჰოვას სახელსა და ხალხის ინტერესებს აყენებდა (გმ. 32:30—33; რც. 11:26—29; 12:9—13).
მსგავსებები მოსესა და ქრისტეს შუამავლობას შორის. მათი მდგომარეობა, ვისთანაც ახალი შეთანხმება დაიდო, ჰგავს ძველი ისრაელის მდგომარეობას. ქრისტიანებიც ცოდვილები არიან. ვინაიდან ცხოველთა სისხლით შეუძლებელია ცოდვების წაშლა (ებ. 10:4), საჭირო გახდა უკეთესი შესაწირავი. ეს უკეთესი შესაწირავი იესო ქრისტე იყო (ებ. 10:5—10). ებრაელების მიმართ მიწერილი წერილის დამწერმა კანონით გათვალისწინებული შესაწირავების მოხსენიების შემდეგ ამაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა: „განა ქრისტეს სისხლი უფრო არ განწმენდს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან, რათა წმინდა მსახურება შევუსრულოთ ცოცხალ ღმერთს? . . ამიტომაც არის ის ახალი შეთანხმების შუამავალი, რათა მისი სიკვდილის საშუალებით, რამაც პირველი შეთანხმების დარღვევებისგან გამოსასყიდით გაგვათავისუფლა, მოწოდებულებმა მიიღონ მარადიული მემკვიდრეობის დანაპირები. სადაც შეთანხმებაა, საჭიროა შეთანხმების დამდები ადამიანის სიკვდილი, ვინაიდან შეთანხმება ძალაში სიკვდილის შემთხვევაში შედის; შეთანხმების დამდები ადამიანის სიცოცხლეში ის ძალაში არ არის“ (ებ. 9:11—17).
შემდეგ პავლე ყურადღებას ამახვილებს, რომ პირველი შეთანხმება უსისხლოდ არ შესულა ძალაში. შეთანხმების შუამავლობისას მოსემ იზრუნა მსხვერპლის შეწირვაზე და სისხლი შეასხურა „შეთანხმების წიგნს“ (ებ. 9:18—28). მსგავსად, ახალი შეთანხმების შუამავალი, იესო ქრისტე, საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღების შემდეგ იეჰოვა ღმერთის წინაშე წარდგა და მას თავისი სისხლის საფასური წარუდგინა. ამასთან, როგორც კანონის შეთანხმება დაიდო ერთან და არა ცალკეულ ადამიანებთან (გმ. 24:7, 8), ისე ახალი შეთანხმება დაიდო ღვთის „წმინდა ერთან“ ანუ „ღვთის ისრაელთან“ (1პტ. 2:9; გლ. 6:15, 16).
ისინი, ვისი შუამავალიც ქრისტეა. მოციქული პავლე ამბობს, რომ „ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი — კაცი, ქრისტე იესო, რომელმაც საკუთარი თავის შეწირვით შესაბამისი გამოსასყიდი გაიღო ყველასთვის“ — იუდეველებისთვის და უცხოტომელებისთვის (1ტმ. 2:5, 6). ის არის ღმერთსა და სულიერი ისრაელებისგან შემდგარ კრებას შორის დადებული ახალი შეთანხმების შუამავალი (ებ. 8:10—13; 12:24; ეფ. 5:25—27). ქრისტე შუამავალი გახდა, რათა მოწოდებულებმა „მიიღონ მარადიული მემკვიდრეობის დანაპირები“ (ებ. 9:15). ის ანგელოზებს კი არა, „აბრაამის შთამომავლობას“ ეხმარება (ებ. 2:16). მისი დახმარებით იეჰოვა იშვილებს მათ, ვისთანაც ახალი შეთანხმება დადო და თავის სულიერ ძეთა სახლეულობაში მიიღებს. საბოლოოდ, ისინი ზეცაში იქნებიან როგორც ქრისტეს ძმები და მის მსგავსად გახდებიან აბრაამის შთამომავლობის ნაწილი (რმ. 8:15—17, 23—25; გლ. 3:29). ქრისტეს მეშვეობით მათ მიიღეს დაპირებული წმინდა სული, რომლითაც ბეჭედდასმულნი არიან და რომელიც მომავლის, ანუ ზეციერი მემკვიდრეობის საწინდარია (2კრ. 5:5; ეფ. 1:13, 14). როგორც გამოცხადების 7:4—8-დან ჩანს, საბოლოოდ ბეჭედდასმულთა რიცხვი 144 000-ს შეადგენს.
ახალი შეთანხმების ძალაში შესვლა. სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ზეცად ამაღლდა და ღვთის სახის წინაშე წარადგინა თავისი შესაწირავი, რომელიც უპირველესად ახალი შეთანხმების მონაწილეთ მოუტანს კურთხევებს (ებ. 9:24). ამ შემთხვევაში მან შეასრულა მღვდელმთავრისა და შუამავლის როლი. კანონის შეთანხმება ძალაში რომ შესულიყო, მოსემ კანონის წიგნს შეასხურა სისხლი (ვინაიდან ღმერთი პირდაპირი გაგებით იქ ვერ იქნებოდა). მსგავსად, იესო ქრისტემ ზეცაში ღვთის წინაშე წარადგინა თავისი მსხვერპლის საფასური. შემდეგ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესომ მამისგან მიღებული წმინდა სული გადმოაფრქვია დაახლოებით 120 ადამიანზე, რომლებიც პირველები გახდნენ ახალი შეთანხმების მონაწილენი. მოგვიანებით იმავე დღეს დაახლოებით 3 000 იუდეველი და პროზელიტი შეემატა კრებას (სქ. 1:15; 2:1—47; ებ. 9:19). და როგორც მოსემ წაუკითხა ხალხს კანონი, იესო ქრისტემ ნათლად აუხსნა ახალი შეთანხმების პირობები და კანონები მის მონაწილეებს (გმ. 24:3—8; ებ. 1:1, 2; ინ. 13:34; 15:14; 1ინ. 5:1—3).
იესო ქრისტე, როგორც შუამავალი და მღვდელმთავარი, უკვდავია. ის ყოველთვის ცოცხალი იქნება და უშუამავლებს სულიერი ისრაელის წევრებს, რომლებიც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს. მას მანამ შეუძლია ახალი შეთანხმების შუამავლობა, სანამ სრულად არ იხსნის თავისი შუამავლობით მოსარგებლეებს (ებ. 7:24, 25). მისი ხელმძღვანელობით ახალი შეთანხმების მიზანი მიღწეული იქნება. მაშინ შეთანხმების მონაწილენი საბოლოოდ დაინიშნებიან ზეცაში მღვდელმსახურებისთვის და თავიანთი დიდებული მღვდელმთავრის, ქრისტეს ხელმძღვანელობით მღვდლებად იმსახურებენ (გმც. 5:9, 10; 20:6).
კურთხევები, რომლებსაც სხვებიც მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ იესო მხოლოდ ახალი შეთანხმების მონაწილეთა შუამავალია, ის ამასთან ღვთის დანიშნული მღვდელმთავარი და აბრაამის შთამომავალია. ამიტომ ის სხვა ადამიანებსაც აკურთხებს, რადგან ყველა ერი სწორედ აბრაამის შთამომავლის მეშვეობით იკურთხება. ქრისტეს ანუ აბრაამის შთამომავლობის მთავარი წარმომადგენლის მეშვეობით ახალი შეთანხმების მონაწილეები პირველები იკურთხებიან (გლ. 3:16, 29) და მის მსგავსად აბრაამის შთამომავლები გახდებიან. იესოს შუამავლობით დადებული ახალი შეთანხმების საფუძველზე მეფეებად და მღვდლებად გახდომის შემდეგ ისინი დაეხმარებიან დედამიწის ყველა ერს, რომ მიიღონ კურთხევებით, რომლებიც იესოს მსხვერპლსა და მმართველობას მოჰყვება. მას შემდეგ, რაც ქრისტეს შუამავლობა თავის მიზანს მიაღწევს, ანუ „ღვთის ისრაელი“ მისთვის განკუთვნილ მდგომარეობას დაიკავებს, კურთხევებს მთელი კაცობრიობა მიიღებს (გლ. 6:16; დბ. 22:17, 18).
ამგვარად, 144 000 ბეჭედდასმულის გარდა, სხვებიც მიმართავენ იეჰოვას ლოცვით ქრისტეს სახელით და სწამთ, რომ ქრისტეს მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს. ეს მსხვერპლი არ იყო გაღებული მხოლოდ მათთვის, ვისთვისაც ქრისტე ახალი შეთანხმების შუამავალია, არამედ ყველასთვის, ვისაც სწამს ქრისტე (1ინ. 2:2). თუმცა ისინი არ არიან ახალი შეთანხმების მონაწილენი, ესმით, რომ „სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი“, რომლითაც გადარჩებიან (სქ. 4:12). ისინიც მიიჩნევენ იესო ქრისტეს თავიანთ დიდებულ ზეციერ მღვდელმთავრად, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ დაუახლოვდნენ ღმერთს და მიიღონ ცოდვების პატიება (ებ. 4:14—16). როგორც გამოცხადების 21:22—24-დან ჩანს, ხალხები ახალი იერუსალიმის სინათლით ივლიან, სადაც იეჰოვა ღმერთი სინათლე იქნება, კრავი იესო ქრისტე კი — ლამპარი.