ᲛᲔᲒᲘᲓᲝ
აღთქმულ მიწაზე მდებარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელიც მდებარეობდა იერუსალიმიდან ჩრდ.-ით დაახლოებით 90 კმ-ში და თანამედროვე ქალაქ ხაიფადან სამხრ.-აღმ.-ით 31 კმ-ში. ქალაქი გაშენებული იყო დაახლოებით 4 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შემაღლებულ ადგილას, რომელსაც დღეს თელ-ელ-მუთესელიმის (თელ-მეგიდო) სახელით მოიხსენიებენ, და რომელიც თითქმის 21 მ სიმაღლიდან გადაჰყურებს ველს (სურათები და რუკა, ტ. 1, გვ. 953).
სტრატეგიული მდებარეობა. სტრატეგიული მდებარეობის გამო ქალაქი გადაჰყურებდა ნაყოფიერი იზრეელის ველის დასავლეთ ნაწილს (ეზდრაელონის ველი, ცნობილია აგრეთვე „მეგიდოს ველის“ სახელით; 2მტ. 35:22; ზქ. 12:11). ქალაქს განსაკუთრებული სტრატეგიული დატვირთვა ჰქონდა, რადგან მასზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო გზები. ბიბლიაც და ისტორიული წყაროებიც მოგვითხრობს, რომ მეგიდოსთან მისი ხელსაყრელი მდებარეობის გამო არაერთი ქვეყნის მეომრებს გაუმართავთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები. ქალაქთან ახლოს „მეგიდოს წყლებთან“ მსაჯულმა ბარაკმა დაამარცხა იაბინის უძლეველი ჯარი, რომელსაც სისერა ედგა სათავეში, და რომელსაც 900 ცელიანი ეტლი ჰყავდა (მსჯ. 4:7, 13—16; 5:19). მეგიდოსთან დაიღუპა იუდას მეფე ახაზიაც, რომელიც იეჰუს ბრძანებით სასიკვდილოდ დაჭრეს იბლეამთან (2მფ. 9:27). იუდას მეფე იოშიაც მეგიდოსთან დაიჭრა სასიკვდილოდ, როდესაც გზაზე გადაუდგა ასურელების დასახმარებლად მდინარე ევფრატისკენ მიმავალ ეგვიპტის ფარაონ ნექოსა და მის ჯარს (2მფ. 23:29, 30; 2მტ. 35:22).
ამ ქალაქის ხანგრძლივი არსებობის მანძილზე სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დასტურდება, რომ მეგიდო საკმაოდ გამაგრებულ ტერიტორიას წარმოადგენდა. აღმოჩენილი ნანგრევებიდან დადგინდა, რომ ერთ დროს ამ ქალაქის კედლების სისქე 4-დან 5 მეტრამდე სისქის იყო, მოგვიანებით კი — 7,5 მეტრს აღემატებოდა, ხოლო აღმოჩენილი კედლების ნანგრევების ზოგი ნაწილი სიმაღლეში 3,3 მეტრზე მეტს აღწევდა.
ისტორია. პირველად ბიბლიაში მეგიდოს იმ ადგილას ვხვდებით, სადაც მოხსენიებულია მისი მეფე იმ 31 მეფის ჩამონათვალში, რომლებიც იესო ნავეს ძემ დაამარცხა აღთქმული მიწის თავდაპირველი დაპყრობის დროს (იეს. 12:7, 8, 21, 24). მიწის დანაწილებისას მეგიდო თავისი დაქვემდებარებული ქალაქებითურთ მენაშეს ტომს მიეცა სამკვიდროდ მიუხედავად იმისა, რომ ისაქარის ტომის ტერიტორიაზე მდებარეობდა (იეს. 17:11; 1მფ. 7:29). თუმცა, მსაჯულების პერიოდში მენაშემ ვერ შეძლო ქანაანელების განდევნა ამ გამაგრებული ტერიტორიიდან. მოგვიანებით, როცა ისრაელი გაძლიერდა, ქანაანელებს მძიმე სამუშაოს შესრულება დააკისრეს (მსჯ. 1:27, 28).
დავითის მმართველობის პერიოდში, როცა ისრაელის სამეფოს საზღვრები მაქსიმალურად გაფართოვდა, აღთქმული მიწის შემოგარენიდან ყველა ქანაანელი დაიმონეს, მათ შორის მეგიდოს მკვიდრნი. შედეგად მეგიდოც შეემატა იმ ხუთ მხარეს, რომლებიც სოლომონის სამეფო კარს სარჩოთი ამარაგებდნენ წელიწადში თითო თვე (1მფ. 4:7, 8, 12).
სოლომონმა აგრეთვე გაამაგრა მეგიდო. ის შესაძლოა ეტლების სადგომი ქალაქებიდან ერთ-ერთი იყო, სადაც მეფის 12 000 ცხენიდან გარკვეული რაოდენობა ამ ტერიტორიაზე არსებულ საჯინიბოებში იყო თავმოყრილი (1მფ. 9:15—19; 10:26). მეგიდოში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საკმაოდ დიდი ნანგრევები. ზოგი (თუმცა არა ყველა) მკვლევრის აზრით ეს იყო საჯინიბოები, რომლებიც 450-ზე მეტ ცხენს დაიტევდა. თავდაპირველად, ეს ნანგრევები სოლომონის დროით დაათარიღეს, თუმცა მოგვიანებით მოღვაწე ბევრმა არქეოლოგმა ეს თარიღი უფრო გვიანდელ პერიოდს მიაკუთვნა, სავარაუდოდ, ახაბის მმართველობის პერიოდს.
ზაქარიას წინასწარმეტყველება (12:11) მოიხსენიებს დიდ მოთქმას, რომელიც გაიმართა „მეგიდოს ველზე“, რაც შესაძლოა მეგიდოს ველზე მოკლულ მეფე იოშიას სიკვდილით გამოწვეულ გოდებაზე მიანიშნებდეს (2მფ. 23:29, 30). ებრაულ ენაზე შესრულებულ ზაქარიას ამ წინასწარმეტყველებაში სახელწოდება მეგიდო ოდნავ განსხვავებულად წერია. ტრადიციულ ებრაულ დამწერლობაში იყენებდნენ მეგიდდო-ს, მაშინ როცა, ზაქარიამ გამოიყენა ამ სიტყვის უფრო გრძელი ფორმა მეგიდდონ-ი. მსგავსი სახით ვხვდებით ამ სიტყვას გამოცხადების 16:16-ში (იხილეთ ᲰᲐᲠ-ᲛᲐᲒᲔᲓᲝᲜᲘ).