ᲛᲝᲐᲑᲘ
მოაბელები
1. ლოტის ვაჟი, რომელიც მას უფროსი ქალიშვილისგან შეეძინა. თავის ნახევარძმა ამონის მსგავსად, მოაბიც მაშინ ჩაისახა, როცა ლოტმა და მისმა ქალიშვილებმა ცოარი დატოვეს და ცხოვრება მთიან მხარეში, გამოქვაბულში დაიწყეს. მოაბი მოაბელების მამა გახდა (დბ. 19:30—38).
2. ტერიტორიას, რომელზეც ძველად მოაბელები ცხოვრობდნენ, ერქვა „მოაბი“ და „მოაბის მიწა“ (დბ. 36:35; რც. 21:20; რთ. 1:2; 1მტ. 1:46; 8:8; ფს. 60:8). ადრე ამ მიწაზე ემიმები ცხოვრობდნენ, რომლებიც, როგორც ჩანს, მოაბელებმა განდევნეს (კნ. 2:9—11; შდრ. 18—22 მუხლები). ისრაელის უდაბნოში ხეტიალის დასასრულს მოაბის მიწა, როგორც ჩანს, გაფართოვდა და მოიცვა სამხრ.-ით მდებარე ზერედის ხევიდან ჩრდ.-ით მდებარე არნონის ველამდე არსებული ტერიტორია (მათ შორის მანძილი დაახლოებით 50 კმ-ს შეადგენდა) და მკვდარი ზღვის დას.-დან არაბეთის უდაბნოს აღმ.-მდე არსებული მხარე (რც. 21:11—13; კნ. 2:8, 9, 13, 18, 19). მკვდარი ზღვიდან ზევით მკვეთრად აჭრილი ეს ტერიტორია უმთავრესად წარმოადგენს ვიწრო ხეობებით დასერილ ზეგანს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის დონიდან საშუალოდ 900 მეტრზე მდებარეობს. ძველ დროში აქ უხვი საძოვრები იყო დიდი რაოდენობით ცხვრის გამოსაკვებად (2მფ. 3:4) და გაშენებული იყო ვენახები და ხილნარი (შდრ. ეს. 16:6—10; იერ. 48:32, 33). ამ ადგილას მარცვლეულიც მოჰყავდათ (შდრ. კნ. 23:3, 4).
იყო დრო, როცა მოაბი ვრცელდებოდა არნონის ჩრდ.-დან „მოაბის ხრიოკ ველამდე ... იორდანის გადაღმა, იერიხონის მახლობლად“ (რც. 22:1). თუმცა ისრაელების იქ დასახლებამდე ეს მიწა ამორეველ მეფე სიხონს ჰქონდა დაპყრობილი, რის გამოც არნონი მოაბის ჩრდილოეთი საზღვარი გახდა (რც. 21:26—30; მსჯ. 11:15—18). სიხონმა ამონელებიც დაამარცხა და ისინი ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისკენ განდევნა. მოაბისა და ამონის ტერიტორიის ნაწილის დაპყრობის შედეგად ამორეველები შუაში ჩასახლდნენ და ამგვარად, ჩრდილოეთის მხრიდან მოაბის მომიჯნავეები ამორეველები გახდნენ, ხოლო სამხრეთის მხრიდან — ედომელები (მსჯ. 11:13, 21, 22; შდრ. კნ. 2:8, 9, 13, 14, 18). მთელი მოაბის მხარე მოიცავდა დაახლოებით 100 კმ-ს ჩრდ.-დან სამხრ.-მდე და 40 კმ-ს აღმ.-დან დას.-მდე.
შესაძლოა იმის გამო, რომ ამორეველთა მხარის ერთი ნაწილი ერთ დროს მოაბს ეკუთვნოდა, მას მაინც „მოაბის მიწას“ ეძახდნენ (კნ. 1:5). სწორედ ამ მოაბელთა ყოფილ ტერიტორიაზე დაბანაკდნენ ისრაელები მანამ, სანამ მდინარე იორდანეს გადაკვეთდნენ (რც. 31:12; 33:48—51). აქ მოხდა მეორედ იმ ისრაელი მამაკაცების აღრიცხვა, რომლებიც 20 წლისანი და 20 წელს გადაცილებულები იყვნენ (რც. 26:2—4, 63). აქვე მიიღეს ისრაელებმა ღვთისგან მითითება და მოისმინეს იურიდიული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხებოდა ლევიანებისთვის ქალაქების მიცემას, თავშესაფარ ქალაქებსა და მემკვიდრეობას (რც. 35:1—36:13). ამ ადგილიდან მოსემ უკანასკნელად მიმართა ერს, რის შემდეგაც ერმა ერთგულების შეთანხმება დადო იეჰოვასთან (კნ. 1:1—5; 29:1). ბოლოს მოსე ავიდა ნებოს მთაზე, რათა თვალი შეევლო აღთქმული მიწისთვის, და იმ მთაზე დაასრულა სიცოცხლე. მოაბის ხრიოკ ველზე ისრაელი 30 დღე გლოვობდა მოსეს (კნ. 32:49, 50; 34:1—6, 8).
მოაბის ურთიერთობა ისრაელთან. მოაბელები ენათესავებოდნენ ისრაელებს, რადგან აბრაამის ძმისწულის, ლოტის, შთამომავლები იყვნენ. მოაბურ ქვაზე გაკეთებული წარწერიდან ჩანს, რომ მათი ენები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. როგორც ჩანს, ისრაელების მსგავსად, მოაბელებიც მიჰყვებოდნენ წინადაცვეთის ჩვეულებას (იერ. 9:25, 26). თუმცაღა, მოაბს მტრული დამოკიდებულება ჰქონდა ისრაელთან, თუ არ ჩავთვლით რუთისა და დავითის მამაცი მებრძოლის, ითმას, შემთხვევებს (რთ. 1:4, 16, 17; 1მტ. 11:26, 46).
ისრაელების აღთქმულ მიწაზე შესვლამდე. მოსეს სიმღერაში, რომელიც ეძღვნებოდა წითელ ზღვასთან იეჰოვას მიერ ეგვიპტის საომარი ძალის სრულ განადგურებას, ნათქვამი იყო, რომ ამ ამბის გაგონებაზე კანკალი აიტანდა „მოაბის ძლევამოსილ მეომრებს“ (გმ. 15:14, 15). ის, რომ მოაბელებს ეშინოდათ ისრაელების, იქიდანაც გამოჩნდა, როცა 40 წლის შემდეგ მათმა მეფემ უარი განუცხადა ისრაელებს, მშვიდობიანად გაევლოთ მათ მიწაზე (მსჯ. 11:17). თუმცა იეჰოვას უშუალო მითითებით ისრაელები არ დაესხნენ თავს მოაბელებს. ისინი მივიდნენ ზერედის ხევთან, მოაბის სამხრეთ საზღვართან და ასე აუარეს გვერდი მათ მიწას (რც. 21:11—13; კნ. 2:8, 9; მსჯ. 11:18). მიუხედავად იმისა, რომ მოაბელებმა საკვები და წყალი მიჰყიდეს ისრაელებს (კნ. 2:26—29), შეიძლება ითქვას, რომ მათ არ მისცეს ისრაელებს „საკვები და წყალი“ (კნ. 23:3, 4). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოაბელებმა სტუმართმოყვარეობა არ გამოიჩინეს ისრაელების მიმართ და საკვები მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ მოგება ენახათ.
მოგვიანებით, არნონის ხევის გადაკვეთის შემდეგ, ისრაელს დაპირისპირება მოუწია ამორეველთა მეფე სიხონთან, რომელმაც ადრე მოაბელებს არნონის ჩრდილოეთი მხარე წაართვა. იეჰოვას დახმარებით ისრაელებმა დაამარცხეს ეს მეფე და ბაშანის მეფე ოგი და მოაბის ხრიოკ ველზე დაბანაკდნენ (რც. 21:13, 21—22:1; კნ. 2:24—3:8). ისრაელების უზარმაზარი ბანაკი შიშის ზარს სცემდა მოაბელებსა და მათ მეფე ბალაკს. მართალია, ბალაკი არ ედავებოდა ისრაელს, დაებრუნებინა მათთვის მოაბის ყოფილი მიწა, რომელიც ისრაელებმა ამორეველებს წაართვეს, მაგრამ მას სამეფოს დაკარგვის ძლიერი შიში ჰქონდა. მიდიანის უხუცესებთან თათბირის შემდეგ ბალაკმა მოაბის და მიდიანის უხუცესების სახით მაცნეები გაუგზავნა წინასწარმეტყველ ბალაამს, რათა ის გასამრჯელოს სანაცვლოდ მისულიყო და ისრაელი დაეწყევლა (რც. 22:2—8; შდრ. მსჯ. 11:25). ასეთი სახით ბალაკმა ისრაელზე გაილაშქრა (იეს. 24:9). თუმცა იეჰოვამ დაწყევლის ნაცვლად ბალაამს აკურთხებინა ისრაელი და ისიც აწინასწარმეტყველებინა, რომ ისრაელი იბატონებდა მოაბზე (რც. თავები 23, 24; იეს. 24:10; ნმ. 13:1, 2; მქ. 6:5). შემდეგ, ბალაამის რჩევით, მოწინააღმდეგეებმა მოაბელი და მიდიანელი ქალები გამოიყენეს ისრაელი მამაკაცების საცდუნებლად, რათა ისინი უზნეობასა და ბაალის ფეორის კერპთაყვანისმცემლობაში ჩაებათ. ბევრი გაება ამ მახეში. შედეგად მათ იეჰოვას რისხვა დაიტეხეს და ისრაელთაგან 24 000 მამაკაცი ამოწყდა (რც. 25:1—3, 6, 9; 31:9, 15, 16). იმის გამო, რომ მოაბელებმა წყალი და პური არ მისცეს ისრაელებს და ბალაამი დაიქირავეს მათ დასაწყევლად, მოაბელები ვერ შევიდოდნენ იეჰოვას ხალხში „მათი შთამომავლებიდან მეათე თაობამდეც კი“ (კნ. 23:3, 4; იხ. ამონელები, ქორწინება ისრაელებთან).
მსაჯულების დროს. მსაჯულების პერიოდში, როგორც ჩანს, მოაბელებმა თავიანთი ტერიტორია გააფართოვეს არნონის ჩრდ.-ით და მეფე ეგლონის დროს დაიპყრეს ისრაელების ტერიტორია, სულ მცირე, იორდანეს დას.-ით პალმების ქალაქ იერიხონამდე (მსჯ. 3:12, 13; შდრ. კნ. 34:3). ისრაელები 18 წელი ემორჩილებოდნენ მოაბს. ბოლოს ეჰუდმა, ცაცია ბენიამინელმა, მოკლა მეფე ეგლონი, როცა დაიმარტოხელა. ამის შემდეგ ეჰუდი წაუძღვა ისრაელებს მოაბელებთან ბრძოლაში, რომლის დროსაც მათ გაჟლიტეს 10 000 მოაბელი, დანარჩენები კი დაიმორჩილეს (მსჯ. 3:14—30).
იმ პერიოდში, როცა შიმშილობა ჩამოვარდა იუდაში, ელიმელექი თავის ცოლთან, ნაომისთან, და ორ ვაჟთან, მახლონთან და ქილიონთან, ერთად მოაბში გადასახლდა, სადაც პური იშოვებოდა. მისი ვაჟები იქ მოაბელ ქალებზე, რუთსა და ორფაზე, დაქორწინდნენ. ელიმელექისა და მისი ვაჟების მოაბის მიწაზე გარდაცვალებისა და იმის შემდეგ, რაც ისრაელში მდგომარეობა გამოსწორდა, ნაომი რუთთან ერთად ბეთლემში დაბრუნდა. იქ ელიმელექის ნათესავმა, ბოაზმა ცოლად შეირთო რუთი, რომელსაც მიტოვებული ჰქონდა მოაბელთა პოლითეისტური ტრადიციები და იეჰოვას თაყვანისმცემელი გამხდარიყო. ამგვარად, მოაბელი რუთი გახდა დავითის და, შესაბამისად, იესო ქრისტეს წინაპარი (რთ. 1:1—6, 15—17, 22; 4:13, 17).
აგრეთვე მსაჯულების პერიოდში ისრაელებმა დაიწყეს მოაბელთა ღმერთების თაყვანისცემაც, რომელთა შორის იყო ქემოში (მსჯ. 10:6; რც. 21:29; იერ. 48:46). იმის გამო, რომ ისრაელები ჩაებნენ ცრუ თაყვანისმცემლობაში, რაც მეზობელ ერებში იყო მიღებული, მათ დაკარგეს იეჰოვას კეთილგანწყობა და მტრების ხელში აღმოჩნდნენ (მსჯ. 10:7—10). სამუელის დრომდე ორგულ ისრაელებს მოაბელები ჩაგრავდნენ (1სმ. 12:9—11).
საულის, დავითისა და სოლომონის მმართველობის დროს. მოაბელებთან დაძაბულობა წლების შემდეგაც გრძელდებოდა. ისრაელის პირველი მეფე საული მათთან ბრძოლაში წარმატებას აღწევდა (1სმ. 14:47). რამდენადაც მოაბელები საულს მტრად მიიჩნევდნენ, გასაკვირი არ არის, რომ მოაბის მეფე დასთანხმდა საულის მიერ დევნილ დავითს, რომ მოაბის მიწაზე, კერძოდ მიცფეში, ეცხოვრათ მის მშობლებს (1სმ. 22:3, 4).
მოგვიანებით, როცა დავითი თავად გახდა მეფე, კვლავ მოხდა ომი ისრაელსა და მოაბს შორის. დავითმა სრულიად დაიმორჩილა მოაბელები და მათ ხარკი დააკისრა. როგორც აღმოჩნდა, ბრძოლაში მოაბელ მებრძოლთა ორი მესამედი დაიხოცა. როგორც ჩანს, დავითმა მიწაზე დააწვინა ისინი მწკრივად, შემდეგ კი გადაზომა, რათა მათგან ორი მესამედი დაეხოცა, ხოლო ერთი მესამედი ცოცხალი დაეტოვებინა (2სმ. 8:2, 11, 12; 1მტ. 18:2, 11). არ არის გამორიცხული, რომ ბენაიამ, იეჰოიადას ვაჟმა, იმავე ბრძოლაში „დასცა მოაბელი არიელის ორი ვაჟი“ (2სმ. 23:20; 1მტ. 11:22). იმით, რომ დავითმა სრული გამარჯვება მოიპოვა მოაბელებზე, შესრულდა 400 წლით ადრე ბალაამის პირით წარმოთქმული წინასწარმეტყველება: „ვარსკვლავი ამოვა იაკობიდან და კვერთხი აღიმართება ისრაელიდან. მოაბს შუბლს დაულეწავს და გაპარტახების ძეებს — თავის ქალას“ (რც. 24:17). ამასთანავე, როგორც ჩანს, ეს გამარჯვება ჰქონდა ფსალმუნმომღერალს მხედველობაში, როცა თქვა, რომ ღმერთი მოაბელებს თავის „დასაბან ჭურჭლად“ მიიჩნევდა (ფს. 60:8; 108:9).
ყველაფრის მიუხედავად, დავითის ვაჟმა, სოლომონმა, დაარღვია ღვთის კანონი და დაქორწინდა მოაბელ ქალებზე, რომლებიც არ ეთაყვანებოდნენ იეჰოვას. მათთვის რომ ესიამოვნებინა, სოლომონმა სათაყვანო მაღლობი აუგო მოაბელთა ღმერთ ქემოშს. დაახლოებით სამი საუკუნე იდგა ეს სათაყვანო მაღლობი, სანამ ის იოშიამ არ გაანადგურა (1მფ. 11:1, 7; 2მფ. 23:13).
იუდეველთა გადასახლებამდე. იუდასა და ისრაელის სამეფოების გაყოფიდან რაღაც დროის შემდეგ მოაბელები კვლავ დაეპატრონნენ არნონის ჩრდ.-ით მდებარე მხარეს. მოაბური ქვის სახელით ცნობილ შავი ბაზალტის სტელაზე გაკეთებულ წარწერაში მოაბის მეფე მეშა ამბობს, რომ ისრაელის მეფე ომრის ეკუთვნოდა მედებას მხარე. იმის გამო, რომ მედების ზეგანი რეუბენის ტერიტორიაზე მდებარეობდა (იეს. 13:15, 16), როგორც ჩანს, ისრაელებს ეს ტერიტორია მოაბელებმა წაართვეს, ამიტომ მოგვიანებით ომრის მისი ხელახლა დაპყრობა მოუწია.
როგორც ჩანს, მოაბი ისრაელების გავლენის ქვეშ მოექცა ომრისა და ახაბის მეფობის დროს. თუმცა ახაბის სიკვდილის შემდეგ მოაბის მეფე მეშა, რომელიც „ისრაელის მეფეს 100 000 ბატკანსა და 100 000 გაუპარსავ ვერძს უგზავნიდა ხარკად“, აჯანყდა (2მფ. 1:1; 3:4, 5). მოაბურ ქვაზე აღნიშნულია ამ აჯანყების შესახებ (სურათი, ტ. 1, გვ. 946). მეფე მეშა აცხადებს, რომ მან დაიმორჩილა, დაიპყრო ან ააშენა (აღადგინა) ქალაქები. მათგან 10 ქალაქი, თუ ისინი სწორად არის გაიგივებული ბიბლიაში მოხსენიებულ გეოგრაფიულ ადგილებთან, აშკარად ისრაელის ტერიტორიაზე მდებარეობდა არნონის ჩრდ.-ით. ეს ქალაქებია: დიბონი, ატაროთი, აროერი, კირიათაიმი, ნებო, ბაალ-მეონი (რც. 32:34, 37, 38), მედება, ბამოთ-ბაალი, იაჰაცი (იეს. 13:9, 17—19) და ბეცერი (იეს. 20:8).
მეშას პროპაგანდისტული წარწერისგან განსხვავებით ბიბლიაში წერია, რომ მოაბელებმა დამამცირებელი მარცხი იწვნიეს. იეჰორამმა (ის გახდა ისრაელის სამეფოს მეფე ახაბის სიკვდილიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ) იუდას მეფე იეჰოშაფატისა და ედომის მეფის მხარდაჭერით მოაბელთა აჯანყების ჩახშობა გადაწყვიტა. ის სამხრეთიდან, ედომის უდაბნოს გზით წავიდა. მაგრამ მათ იქ ვერ ნახეს წყალი მეომრებისა და პირუტყვისთვის, ამიტომ, გადაწყვიტეს, რჩევა წინასწარმეტყველ ელისესთვის ეკითხათ. ელისემ თქვა, რომ იუდას მეფე იეჰოშაფატის ხათრით იეჰოვა დაეხმარებოდა და ხევს წყლით ამოავსებდა, რაც შესრულდა კიდეც. მეორე დილით მზის შუქზე მოელვარე წყლის ზედაპირი მოაბელებს სისხლად მოეჩვენათ. მათ არასწორად დაასკვნეს, რომ ერთმანეთის მოკავშირე ჯარებს ერთმანეთი ამოეხოცათ. მოაბელებმა სიფრთხილე დაკარგეს და ისრაელის ბანაკში მივიდნენ, თუმცაღა საქმე გასაქცევად გაუხდათ. ისრაელებმა შეუტიეს მოაბელებს, დაანგრიეს მოაბელთა ქალაქები, კარგი მიწის ნაკვეთები ქვით ამოავსეს, ხეები მოჭრეს და ჩახერგეს ყველა წყარო. როცა მოაბის მეფე მეშამ დაინახა, რომ ქალაქი კირ-ხარასეთი ალყაში იყო მოქცეული, 700 მეომარი წაიყვანა, რათა ედომის მეფემდე მიეღწია, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს მან თავისი პირმშო წაიყვანა და დასაწვავ მსხვერპლად შესწირა გალავანზე. ამ ან სხვა მიზეზის გამო ისინი „დიდად განრისხდნენ ისრაელზე“. ისრაელებმაც მოხსნეს ალყა (2მფ. 3:6—27).
ასეთი სამარცხვინო მარცხი მოაბელებმა უცხო მიწაზე კი არა, საკუთარ ქვეყანაში განიცადეს. ბუნებრივია, აღდგენით სამუშაოებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა. ამიტომ, გონივრულია ვიფიქროთ, რომ მოაბი ამონისა და სეირის მთიანი მხარის მკვიდრთა სამხედრო ძალის მხარდაჭერით იუდას თავს დაესხა იეჰოშაფატის მეფობის ადრეულ პერიოდში. იეჰოვას ჩარევით, ამ სამი ერის მეომრები ერთმანეთს დაერივნენ და ამოხოცეს ერთმანეთი (2მტ. 20:1, 22—24). ზოგი მკვლევრის აზრით, ამ მოვლენასთან დაკავშირებით არის მინიშნება 83-ე ფსალმუნის 4—9 მუხლებში (შდრ. 2მტ. 20:14 ფს. 83-ის ეპიგრაფთან).
მომდევნო წლებში მოაბსა და ისრაელს შორის მტრობა გრძელდებოდა. წინასწარმეტყველ ელისეს სიკვდილის შემდეგ მოაბელთა მოთარეშე რაზმები რეგულარულად იჭრებოდნენ ისრაელში (2მფ. 13:20). დაახლოებით ორი საუკუნის შემდეგ, იეჰოიაკიმის მეფობის დროს, მოაბელთა მსგავსმა მოთარეშე რაზმებმა დიდი წვლილი შეიტანეს იუდას განადგურებაში (2მფ. 24:2). ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებისას, გადარჩენილი იუდეველების ნაწილი მოაბში გაიქცა, თუმცა როცა გამგებლად გედალია დაინიშნა, ისინი კვლავ დაბრუნდნენ იუდაში (იერ. 40:11, 12).
გადასახლების შემდეგ. მას შემდეგ, რაც ბაბილონში გადასახლებული ისრაელების ნაწილი ძვ. წ. 537 წელს სამშობლოში დაბრუნდა, ზოგი ებრაელი მამაკაცი მოაბელ ქალზე დაქორწინდა. ეზრამ შეაგონა ისინი და უთხრა, უცხოელი ცოლები შვილებიანად გაეშვათ (ეზრ. 9:1, 2; 10:10, 11, 44). წლების შემდეგ ნეემიასაც იგივე სიტუაცია დახვდა. ბევრ ისრაელს მოაბელი ცოლი ჰყავდა მოყვანილი (ნემ. 13:1—3, 23).
მოაბი წინასწარმეტყველებაში. ვინაიდან მოაბი დიდი ხნის მანძილზე მტრობდა ისრაელს, წინასწარმეტყველებაში მოაბი იეჰოვას ხალხის დაუძინებელ მტრებს შორისაა მოხსენიებული (შდრ. ეს. 11:14). იმის გამო, რომ ედომი შეურაცხყოფდა ისრაელს და ამპარტავნობას ავლენდა, მოაბი საბოლოოდ სოდომივით გაპარტახდებოდა (სფ. 2:8—11, იხ. აგრეთვე იერ. 48:29). ძვ. წ. მეცხრე საუკუნის მიწურულისთვის ამოსმა დაწერა, რომ იეჰოვა უბედურებას დაატეხდა მოაბს იმის გამო, რომ მან „კირად აქცია ედომის მეფის ძვლები“ (ამ. 2:1—3). ამ სიტყვების საფუძველზე ზოგი ასკვნის, რომ 2 მეფეების 3:26, 27-ში საუბარი იმაზე მიდის, თითქოს მეფე მეშამ საკუთარი ვაჟი კი არ შესწირა, არამედ ედომის მეფის პირმშო, რაც ნაკლებად სარწმუნოა. თუმცა ერთი იუდაური გადმოცემის თანახმად, მოვლენა, რის შესახებაც ამოსი საუბრობს, უკავშირდება მეშას წინააღმდეგ გამართულ ომს. ამ ომიდან რაღაც დროის შემდეგ მოაბელებმა ამოთხარეს ედომის მეფის ძვლები, დაწვეს და ფაქტიურად კირად აქციეს. თუმცა ბიბლიური ჩანაწერების საფუძველზე შეუძლებელია იმის განსაზღვრა, დროის რომელ მონაკვეთში მოხდა ეს.
წინასწარმეტყველმა ესაიამ ძვ. წ. მერვე საუკუნეში (ამ პერიოდში ასურეთი მსოფლიო მპყრობელი იყო), როგორც ჩანს, მეფე ახაზის სიკვდილის დროს, თქვა, რომ ერთიმეორის მიყოლებით დაატყდებოდა უბედურება მოაბელთა ქალაქებს (თავები 15, 16). თავისი წინასწარმეტყველება ესაიამ ასე დაასრულა: „ახლა კი ასე ამბობს იეჰოვა: სამ წელიწადში დიდი აურზაურით დამცირდება მოაბის დიდება; მხოლოდ ცოტანი დარჩებიან, ისიც უსუსურნი“ (ეს 16:14).
ისტორიული წყაროები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, დროის რა პერიოდში შესრულდა ესაიას და ამოსის ეს წინასწარმეტყველებები. თუმცა, იმის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია, რომ ასურეთის იმპერიის უღელი მოაბმაც მოირგო. ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III მოიხსენიებს მოაბის მეფე სალამანუს მათ შორის, ვინც მას ხარკს უხდიდა. სინახერიბი აცხადებდა, რომ იღებდა ხარკს მოაბის მეფე კამუსუნადბისგან. ასურელი მონარქები ასარხადონი და ასურბანიფალი მოიხსენიებენ, რომ მოაბელი მეფეები მუსური და კამაშალთუ მათი ქვეშევრდომები იყვნენ (Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ-ები 282, 287, 291, 294, 298). არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს, რომ ძვ. წ. მერვე საუკუნისთვის მოაბის ტერიტორიაზე ბევრი ადგილი გაუკაცრიელებული იყო.
ძვ. წ. მეშვიდე საუკუნეში წარმოთქმული იერემიას წინასწარმეტყველება იმ დროზე მიანიშნებდა, როცა იეჰოვა პასუხს აგებინებდა მოაბს (იერ. 9:25, 26). ამ წინასწარმეტყველების შესასრულებლად იეჰოვამ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი გამოიყენა (იერ. 25:8, 9, 17—21; 27:1—7). მოაბელთა ბევრ ქალაქს გაპარტახება ელოდა (იერ. 48 თავი). როგორც ჩანს, იმ დროს, როცა იუდაზე ბაბილონელთა ხელით იეჰოვას განაჩენი აღსრულდა, მოაბელებმა თქვეს: „იუდა სხვა ერებივითააო“. ამგვარად, მოაბელებმა არ აღიარეს, რომ განაჩენი სინამდვილეში იეჰოვამ აღასრულა, და რომ იუდას მკვიდრნი მისი ხალხი იყო. ამის გამო მოაბელებს უბედურება დაატყდებოდათ თავს, რის შემდეგაც ყველა გაიგებდა, თუ ვინ იყო იეჰოვა (ეზკ. 25:8—11; შდრ. ეზკ. 24:1, 2).
ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერს, რომ იერუსალიმის განადგურებიდან მე-5 წელს ნაბუქოდონოსორი დაბრუნდა, რომ შებრძოლებოდა კელე-სირიას, ამონს და მოაბს, რის შემდეგაც ეგვიპტეში შეიჭრა („იუდეველთა სიძველენი“, X, 181, 182 [ix, 7]). მოაბის აოხრებას არქეოლოგიაც ადასტურებს. ერთ წყაროში აღნიშნულია: „არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფს, რომ მოაბის დიდი ნაწილი გაუკაცრიელდა დაახლ. მეექვსე საუკუნის დასაწყისიდან, ხოლო ბევრი ადგილი დაახლოებით მერვე საუკუნიდან. მეექვსე საუკუნიდან მოყოლებული ამ მიწაზე მომთაბარე ტომები დახეტიალობდნენ იმ დრომდე, სანამ პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა არ შეიცვალა და აქ კვლავ არ დასახლდა ხალხი. ეს დაახლოებით ძვ. წ. ბოლო საუკუნეებში მოხდა“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible, ჯ. ა. ბატრიკის რედაქციით, 1962, ტ. 3, გვ. 418; შდრ. ეზკ. 25:8—11).
მოგვიანებით, იერემიას 48:47-ში ნაწინასწარმეტყველები სიტყვების თანახმად, ბაბილონის დამპყრობმა კიროსმა შესაძლოა მოაბელ ტყვეებს სამშობლოში დაბრუნების ნება დართო.
მოაბთან დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები იმდენად ზუსტად შესრულდა, რომ ამ ფაქტს ვერავინ უარყოფს. საუკუნეების წინ მოაბმა, როგორც ერმა, არსებობა შეწყვიტა (იერ. 48:42). დღეს ნანგრევებად არის ქცეული ისეთი ქალაქები, როგორიცაა ნებო, ხეშბონი, აროერი, ბეთ-გამული და ბაალ-მეონი, რომლებიც ერთ დროს მოაბელებს ეკუთვნოდა. დღემდე უცნობია ბევრი მათი ქალაქის ადგილსამყოფელი.
მოაბელების გადაშენების მიზეზს მხოლოდ ბიბლია გვიხსნის. ყურადღება მიაქციეთ, რა წერია 1959 წელს გამოცემულ ერთ ენციკლოპედიაში: „ისრაელმა ძლიერება შეინარჩუნა, მაშინ როცა მოაბი გადაშენდა. ფაქტია, რომ მოაბს გამუდმებით თავს ესხმოდნენ უდაბნოში მოთარეშე რაზმები; მოაბის გაპარტახებაზე მიანიშნებს დანგრეული ციხე-სიმაგრეებისა და კოშკების მთელი ჯაჭვი, რომელთა აშენებას რომაელებსაც კი აიძულებდნენ. თუმცა ახსნა მხოლოდ ისრაელში მოიძებნება, განსაკუთრებით კი წინასწარმეტყველების მიერ წარმოთქმულ სიტყვებში“ (Encyclopædia Britannica, ტ. 15, გვ. 629).
იქიდან გამომდინარე, რომ მოაბი როგორც ერი აღარ არსებობს, მისი მოხსენიება დანიელის 11:41-ში როგორც „უკანასკნელ დროს“ არსებული ერთ-ერთი ერისა (დნ. 11:40), სიმბოლურ მნიშვნელობას უნდა ატარებდეს. როგორც ჩანს, მოაბელებში ისინი იგულისხმებიან, ვისზე კონტროლსაც ჩრდილოეთის მეფე ვერ მოიპოვებს.
მოაბური ქვის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მეშა, №2.