ნაუმი (ბიბლიის წიგნი)
ბიბლიის ეს წიგნი შეიცავს ასურეთის იმპერიის დედაქალაქისთვის, ნინევესთვის გამოტანილ წინასწარმეტყველურ განაჩენს. დაწერა ელკოშელმა ნაუმმა (ნამ. 1:1). წიგნის უტყუარობას ადასტურებს წინასწარმეტყველური განაჩენის შესრულება, რაზეც ისტორიული ფაქტები მოწმობს. წიგნი დაიწერა ძვ. წ. მე-7 საუკუნეში ეგვიპტის ქალაქ ნო-ამონის (თებე) დამამცირებელი დაცემის შემდეგ (3:8—10) ძვ. წ. 632 წელს ნინევეს ნაწინასწარმეტყველებ განადგურებამდე (იხ. ასურეთი; ნინევე).
ეთანხმება ბიბლიის სხვა წიგნებს. ნაუმის წიგნი სრულად ეთანხმება წმინდა წერილების დანარჩენ წიგნებს და იეჰოვას აღწერს განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნ, რისხვაში ნელ და ძალზედ ძლიერ ღმერთად, რომელიც თავს არ იკავებს დასჯისგან (ნამ. 1:2, 3; შდრ. გმ. 20:5; 34:6, 7; იობ. 9:4; ფს. 62:11). „კარგია იეჰოვა, ციხესიმაგრეა გაჭირვების დღეს. ის ცნობს მასში თავშესაფრის მძებნელებს“ (ნამ. 1:7; შდრ. ფს. 25:8; 46:1; ეს. 25:4; მთ. 19:17). ეს თვისებები კარგად გამოჩნდა, როცა იეჰოვამ ისრაელები ასურეთის ჩაგვრისგან დაიხსნა და შური იძია სისხლისმღვრელ ნინევეზე, რომელსაც დიდი ხანი უთმენდა.
აღსანიშნავია ნაუმის 1-ელ თავსა და 97-ე ფსალმუნს შორის მსგავსებაც. ასურეთის წინააღმდეგ იეჰოვას განაჩენის შესახებ ესაიას სიტყვები (10:24—27; 30:27—33) გარკვეულწილად ჰგავს ნაუმის მე-2 და მე-3 თავებში ჩაწერილს (შდრ. აგრეთვე ეს. 52:7; ნამ. 1:15; რმ. 10:15).
ისტორიული ფონი. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის დაპირებისამებრ სირიის მეფე რეცინისა და ისრაელის მეფე ფეკახის შეთქმულება ჩაიფუშებოდა და ისინი ტახტიდან ვერ ჩამოაგდებდნენ იუდას ორგულ მეფე ახაზს (ეს. 7:3—7), ახაზი უგუნურად მოიქცა და ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-ს (თილგათ-ფილნესერი) დახმარებისთვის მიმართა. მაგრამ „ნაცვლად იმისა, რომ გაეძლიერებინა“, ასურეთის მეფემ შეავიწროვა ახაზი და იუდას მძიმე უღელი დაადგა (2მტ. 28:20, 21). მოგვიანებით ახაზის ვაჟი და ტახტის მემკვიდრე ხიზკია განუდგა ასურეთს (2მფ. 18:7). ამის შემდეგ ასურეთის მეფე სინახერიბი შეიჭრა იუდაში, დაიპყრო გამაგრებული ქალაქები და გააპარტახა ქვეყნის დიდი ნაწილი (შდრ. ეს. 7:20, 23—25; 8:6—8; 36:1, 2). ასურეთის ჯარის მეთაურებმა შეიპყრეს იუდას მომდევნო მეფე მენაშე და ბაბილონში წაიყვანეს (იმ დროს ბაბილონი ასურეთის მორჩილებაში იყო) (2მტ. 33:11).
ნაუმის წინასწარმეტყველება ნინევეს მოახლოებული განადგურების შესახებ სასიხარულო იყო, რადგან იუდა ასურეთის მძიმე უღელქვეშ დიდი ხნის მანძილზე იტანჯებოდა. ნაუმმა ასურეთის დაცემა ისე აღწერა, თითქოს უკვე მომხდარი ყოფილიყო: „აი, მთებზე ისმის მახარობლის, მშვიდობის გამომცხადებლის ფეხის ხმა! იზეიმე შენი დღესასწაულები, იუდავ! შეასრულე შენი აღთქმები, რადგან მეტად აღარ გაივლის შენზე უვარგისი ადამიანი. სრულიად მოისპობა ის“ (ნამ. 1:15). ასურელები მეტად აღარ შეაწუხებდნენ იუდეველებს და დღესასწაულების აღნიშვნაში მათ ვერაფერი შეუშლიდა ხელს. ასურეთის ჩაგვრისგან გათავისუფლება სრული იქნებოდა (შდრ. ნამ. 1:9). ერები, რომლებიც ნინევეს განადგურების ამბავს გაიგებდნენ, მისი უბედურების გამო ტაშს შემოჰკრავდნენ, ანუ გაიხარებდნენ, რადგან ამ ქალაქის ბოროტებით ისინიც იტანჯებოდნენ (3:19).
ასურელთა სამხედრო აგრესიამ ნინევეს „სისხლისმღვრელი ქალაქის“ სახელი შეუქმნა (ნამ. 3:1). ტყვეებს სასტიკად და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ზოგს ცოცხლად წვავდნენ ან ატყავებდნენ. ზოგს აბრმავებდნენ ან ცხვირს, ყურებსა და თითებს აჭრიდნენ. ხშირად, თოკებით ცხვირში ან ტუჩებში კაუჭგამოდებულ ტყვეებს მიათრევდნენ. ნინევე დამსახურებულად განადგურდა სისხლის ღვრისთვის.
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები ნაუმიდან
ეს არის ასურეთის დედაქალაქისთვის, ნინევესთვის გამოტანილი განაჩენი.
დაიწერა ძვ. წ. 632 წელს ნინევეს განადგურებამდე.
იეჰოვა შურს იძიებს თავის მტრებზე (1:1—6)
იეჰოვა ითხოვს განსაკუთრებულ ერთგულებას. ის რისხვაში ნელია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თავს არ იკავებს დასჯისგან.
ვერავინ დაუდგება წინ მის ანთებულ რისხვას. მის წინაშე შრება ზღვები, იძვრის მთები, დნება გორები და ზანზარებს მიწა.
ბოროტების განადგურება შვებას ჰგვრის იეჰოვას მოიმედეებს (1:7—3:19)
იეჰოვა ციხე-სიმაგრეა მასზე მინდობილთათვის, მტრებს კი გაანადგურებს.
სასიხარულო ცნობა ეუწყება იუდას. „უვარგისი ადამიანი“ მოისპობა. ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას დაბრკოლება არ ექნება.
იეჰოვა შეკრებს თავის ხალხს. ნინევე აოხრდება და მისი საომარი ეტლები დაიწვება.
სისხლისმღვრელი ქალაქი გაიძარცვება თავისი ცოდვების გამო. ვერავინ უშველის მას. მისი მეომრები ქალებს ჰგვანან.
უკურნებელია ასურეთის მეფისთვის დარტყმით მიყენებული ჭრილობა.