ნაომი
[ჩემი სიამოვნება]
რუთის დედამთილი; რუთი დავითისა და იესო ქრისტეს წინაპარი იყო (მთ. 1:5).
ნაომი მსაჯულების პერიოდში ცხოვრობდა და იუდას ბეთლემში მცხოვრები ეფრათელი ელიმელექის ცოლი იყო. შიმშილობის დროს ის ქმარსა და ორ ვაჟთან, მახლონსა და ქილიონთან ერთად მოაბში გადავიდა საცხოვრებლად. ელიმელექი იქ გარდაიცვალა. შემდეგ მისმა ვაჟებმა ცოლად მოიყვანეს მოაბელი ქალები, რუთი და ორფა, თუმცა დაახლოებით 10 წლის შემდეგ ორივე ვაჟი ისე მოკვდა, რომ შვილები არ ჰყოლიათ (რთ. 1:1—5).
ქმარშვილდაკარგულმა ნაომიმ იუდაში დაბრუნება გადაწყვიტა. მისი დაქვრივებული რძლები მასთან ერთად დაადგნენ გზას, თუმცა ნაომიმ მათ შინ დაბრუნება და თავიანთ ქვეყანაში გათხოვება ურჩია. ის უკვე მოხუცი იყო საიმისოდ, რომ ქმარი ჰყოლოდა და ვაჟები გაეჩინა მათთვის ქმრებად. ორფა სახლში დაბრუნდა, რუთი კი მიეკრა ნაომის, რადგან უყვარდა ისიც და მისი ღმერთი იეჰოვაც (რთ. 1:6—17).
ბეთლემში დაბრუნებულმა ნაომიმ მის სანახავად მისულ ქალებს უთხრა: „ნაომის [ნიშნავს: ჩემი სიამოვნება] ნუღარ დამიძახებთ. მარა [ნიშნავს მწარეს] დამიძახეთ, რადგან მეტისმეტად გამამწარა ყოვლისშემძლემ“ (რთ. 1:18—21). ვინაიდან ქერის მკის დრო იდგა, რუთმა სიყვარული გამოავლინა და საკუთარი თავისა და ნაომის სარჩენად თავთავებს აგროვებდა. შემთხვევით ის ბოაზის ყანაში აღმოჩნდა (რთ. 2:1—18). როცა ნაომის უთხრა, თუ ვის ყანაში მუშაობდა, ნაომი მიხვდა, რომ ამაში იეჰოვას ხელი ერია, რადგან ბოაზი ელიმელექის ახლო ნათესავი იყო და შესაბამისად მათი ერთ-ერთი გამომსყიდველი. ნაომიმ რუთს ურჩია, ეს ამბავი ბოაზის ყურამდე მიეტანა (რთ. 2:19—3:18). ბოაზმა დაუყოვნებლივ იმოქმედა და კანონით გათვალისწინებული წესისამებრ ნაომისგან გამოისყიდა ელიმელექის საკუთრება. ლევირატის კანონის თანახმად, რუთი ნაომის ნაცვლად გახდა ბოაზის ცოლი. როცა მათ ვაჟი ეყოლათ, მეზობელმა ქალებმა ბავშვს ობედი დაარქვეს და თქვეს: „ნაომის ვაჟი შეეძინა“. ამგვარად, ობედი გახდა იუდასტომელი ელიმელექის სახლის კანონიერი მემკვიდრე (რთ. 4:1—22).