ნოე
1. [ებრ. ნოახ, შესაძლოა ნიშნავს დასვენებას, ნუგეშს] — ლამექის ვაჟი; ადამიდან მეათე თაობა შეთის ხაზით; დაიბადა ძვ. წ. 2970 წელს, ადამის სიკვდილიდან 126 წლის შემდეგ. როცა ლამექმა მას ნოე დაარქვა, თქვა: „ნუგეშისცემით შეგვიმსუბუქებს შრომასა და ტანჯვას, რადგან დასწყევლა მიწა იეჰოვამ“ (დბ. 5:28—31).
თანამედროვეებისგან განსხვავებით უბიწო. ნოეს დღეებში ქვეყნიერება ძალიან გაირყვნა. იმ დროს ანგელოზებს, რომლებმაც დატოვეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო, ცოლებად მოჰყავდათ ქალები და უჩნდებოდათ შვილები, სახელგანთქმულები, რომლებმაც ძალადობით აავსეს დედამიწა (დბ. 6:1—4; იუდ. 6). შედეგად, ადამიანთა „გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო“ და „გაიხრწნა დედამიწა, რადგან ყოველ ხორციელს გაეხრწნა თავისი გზა დედამიწაზე“ (დბ. 6:5, 11, 12). ნოე არ აჰყვა მათ, ამიტომ ღვთის სიტყვაში მასზე ნათქვამია: „ნოე მართალი კაცი იყო, მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის უბიწო, და ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“ (დბ. 6:8, 9). ნოეს უბიწო იმიტომ ეწოდა, რომ უღვთო ქვეყნიერებისგან განსხვავებით, ის ზუსტად იცავდა ღვთის მოთხოვნებს (შდრ. დბ. 6:22; იხ. სრულყოფილება).
იეჰოვამ იმდროინდელი მსოფლიოს განადგურება განიზრახა. იეჰოვამ იმდროინდელი უღვთო ქვეყნიერების განადგურების დრო დანიშნა. მან თქვა: „მუდამ არ მოუთმენს ჩემი სული ადამიანს, რადგან მხოლოდ ხორცია ის. ამიტომ მისი დღეები ითვლიდეს ას ოც წელიწადს“ (დბ. 6:3). ეს ღვთის განაჩენი იყო. აქედან 20 წლის შემდეგ ნოეს პირველი ვაჟი (შესაძლოა იაფეთი) დაიბადა (ძვ. წ. 2470) და, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ორი წლის შემდეგ კიდევ ერთი ვაჟი, სემი მოევლინა ქვეყანას. ქამის დაბადება არ არის მოხსენიებული ბიბლიაში, მაგრამ ნოეს სამი ვაჟი უკვე ზრდასრული და დაქორწინებული იყო, როცა ღმერთმა ნოეს მითითებები მისცა კიდობნის აშენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმ დროს წარღვნამდე მხოლოდ 40 ან 50 წელი იყო დარჩენილი (დბ. 6:13—18). ნოე, რომელსაც იეჰოვამ დაუდო შეთანხმება (დბ. 6:18), ოჯახის მხარდაჭერით შეუდგა საქმეს როგორც მშენებელი და „სიმართლის მქადაგებელი“ და იმ ბოროტ თაობას მოახლოებული განადგურების შესახებ აფრთხილებდა (2პტ. 2:5).
წარღვნის დროს გადარჩენა. ხალხს არ სჯეროდა, რომ ღმერთი გაანადგურებდა ბოროტ ქვეყნიერებას. თავისი მტკიცე რწმენისა და უპირობო მორჩილების გამო „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა“ (დბ. 6:22). მისი ურყევი რწმენის გამო წიგნ „ებრაელების“ დამწერმა ნოე მოწმეთა „დიდ ღრუბელში“ მოიხსენია: „რწმენით ნოემ, როდესაც ღმერთმა გააფრთხილა იმის შესახებ, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისადმი შიში გამოავლინა და თავისი ოჯახის გადასარჩენად კიდობანი ააგო. რწმენით მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის წყალობით“ (ებ. 11:7; 12:1).
წარღვნამდე შვიდი დღით ადრე იეჰოვამ ნოეს უთხრა, რომ ცხოველები კიდობანში შეეყვანა. იმ კვირის მეშვიდე დღეს „შევიდნენ კიდობანში წარღვნის დაწყებამდე ნოე, მისი ვაჟები, მისი ცოლი და მისი ვაჟების ცოლები ... და დაკეტა იეჰოვამ კარი“. იმავე დღეს „მოვიდა წარღვნა და ყველა დაღუპა“ (დბ. 7:1—16; ლკ. 17:27).
კიდობანში მყოფთა წყალობით დედამიწაზე ადამიანთა და ცხოველთა მოდგმა გადარჩა. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობაც შენარჩუნდა და ნოესა და მისი ოჯახის მეშვეობით გადმოგვეცა შემოქმედების ისტორია, წარღვნიდან ადამიანის შექმნამდე დროის ათვლის სისტემა და თავდაპირველი ენა (მოგვიანებით ეწოდა ებრაული). ნოე კიდობანში ყოფნის დროს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ზუსტ ჩანაწერებს აწარმოებდა (დბ. 7:11, 12, 24; 8:2—6, 10, 12—14).
წარღვნის შემდგომი კურთხევა და ცისარტყელას შეთანხმება. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კიდობანი არარატის მთებზე გაჩერდა და ნოე და მისი ოჯახი ბოროტებისგან გაწმენდილ დედამიწაზე გადავიდნენ. იეჰოვას სიკეთისადმი, გულმოწყალებისა და მფარველობისადმი მადლიერების ნიშნად, ნოემ სამსხვერპლო ააგო და „წმინდა ცხოველებიდან და წმინდა ფრინველებიდან“ მსხვერპლი აღუვლინა იეჰოვას. ღმერთს ესიამოვნა და ნოეს უთხრა, რომ აღარასოდეს დაწყევლიდა მიწას და ასე აღარასოდეს გაანადგურებდა ცოცხალ არსებებს. დედამიწაზე არასოდეს შეწყდებოდა „თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე“ (დბ. 8:18—22).
იეჰოვამ აკურთხა წარღვნას გადარჩენილები და უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ დედამიწა“. შემდეგ მათ საკეთილდღეოდ ღმერთმა ახალი მითითებები მისცა: 1) ცხოველების ხორცის ჭამის ნება დართო; 2) სისხლის ჭამა აუკრძალა, რადგან სული სისხლშია; 3) წესად შემოიღო უფლებამოსილი პირების მიერ სიკვდილით დასჯა. ეს კანონები ნოეს სამი ვაჟისგან წარმოშობილ ყველა ადამიანს უნდა დაეცვა (დბ. 1:28; 9:1—7; 10:32).
ამ ბრძანებების გაცემის შემდეგ იეჰოვამ თქვა: „გიდებთ შეთანხმებას თქვენ და თქვენს შთამომავლობას, ყველა ცოცხალ სულს, რაც კი თქვენთან არის: ფრინველებს, ცხოველებს, დედამიწის ყველა ცოცხალ ქმნილებას ... გიდებთ შეთანხმებას: წარღვნის წყლით აღარ მოისპობა არავითარი ხორციელი და აღარ განადგურდება დედამიწა წარღვნით“. დღემდე ცისარტყელა ამ შეთანხმების ნიშანი ანუ შემხსენებელია (დბ. 9:8—17; ეს. 54:9).
ნოე დათვრა. წარღვნის შემდეგ ნოემ 350 წელს იცოცხლა. ბიბლიაში გულახდილად წერია: „დაიწყო ნოემ მიწის დამუშავება და ვენახი გააშენა. დალია ღვინო, დათვრა და შუა კარავში გაშიშვლდა“ (დბ. 9:20, 21). ეს არ ნიშნავს, რომ ნოეს ჩვევაში ჰქონდა სიმთვრალე. ბიბლიაში ეს შემთხვევა იმიტომ ჩაიწერა, რომ წარმოდგენა შეგვიქმნას ინციდენტზე, რომელიც მის სიმთვრალეს მოჰყვა და რამაც მსოფლიო ისტორიაზე მოახდინა გავლენა. წარღვნამდე ნოე სასმელს მიძალებული არ იყო იმ ბოროტ საზოგადოებაში, რომელიც უეჭველია, გადამეტებულ სმასა და ღრეობას იყო გადაყოლილი. ამან ისინი უგრძნობი გახადა და ეჭვგარეშეა, ეს ღვთის გაფრთხილების უგულებელყოფის ერთ-ერთი მიზეზი იყო; მათ არაფერი ანაღვლებდათ, „სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მთ. 24:38, 39; ლკ. 17:27).
როცა ნოეს კარავში ეძინა, ქამმა და შესაძლოა მისმა ვაჟმა ქანაანმაც უპატივცემულობა გამოავლინეს ნოეს მიმართ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბოლოს გამოფხიზლდა ნოე და გაიგო, როგორ მოექცა უმცროსი შვილი“. ამ შემთხვევაში ქამი მიიჩნევა „უმცროს შვილად“. მაგრამ ბიბლიაში ეს გამოთქმა ზოგჯერ შვილიშვილთანაც გამოიყენება, რომელიც ამ შემთხვევაში ქანაანი იყო. როგორც უნდა ყოფილიყო, ქანაანის მამამ, ქამმა თავის ორ ძმას მოუყვა ამის შესახებ, ნაცვლად იმისა, რომ დაეფარა ნოეს სიშიშვლე, როგორც ეს მისმა ძმებმა გააკეთეს. ამ ამბის გაგების შემდეგ, ნოემ დაწყევლა ქანაანი და აკურთხა სემის ღმერთი იეჰოვა (დბ. 9:20—27).
ნიმროდის ურჩობა. წარღვნის შემდგომ პერიოდში ნოე პირველი პატრიარქი იყო (დბ. 10:1—32). მიუხედავად ამისა, მისი სიცოცხლის მანძილზე ცრუ რელიგიამ კვლავ იჩინა თავი მათ შორის, ვისაც ნიმროდი ხელმძღვანელობდა. მათი ურჩობა იმაში გამოვლინდა, რომ სურდათ აეშენებინათ კოშკი, რომელიც ცას მისწვდებოდა, რათა არ გაფანტულიყვნენ „მთელი დედამიწის ზურგზე“. ეს ეწინააღმდეგებოდა ღვთის მითითებას, რომ „აევსოთ დედამიწა“, აგრეთვე ეს იყო ნოეს, როგორც ღვთის წინასწარმეტყველის წინააღმდეგ წასვლა. ნოე აბრაამის დაბადებამდე დაახლოებით ორი წლით ადრე მოკვდა. აქედან გამომდინარე, მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ აღასრულა იეჰოვამ განაჩენი ბაბილონის გოდლის მშენებლებზე და გაფანტა ისინი მთელი დედამიწის ზურგზე. ნოესა და სემს მონაწილეობა არ მიუღიათ გოდლის მშენებლობაში, ამიტომ ენების არევა მათ არ შეხებიათ. ისინი კვლავაც ლაპარაკობდნენ ადამიანთა თავდაპირველ ენაზე, რომელიც ღმერთმა ადამს მისცა (დბ. 9:1, 28, 29; 11:1—9).
წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. წინასწარმეტყველები ესაია და ეზეკიელი, აგრეთვე იესო ქრისტე, პეტრე და პავლე მოციქულები მოიხსენიებდნენ ღვთის მსახურ ნოეს. იესო და პეტრე „კაცის ძის მოსვლასა“ და „უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის“ მომავალ დღეს ნოეს დღეებს ადარებდნენ. იეჰოვამ დაიცვა ნოე და მისი ოჯახი, გაანადგურა ბოროტი ქვეყნიერება და „ამით აჩვენა უღვთოებს, რა მოუვათ მომავალში“ (2პტ. 3:5—7; 2:5, 6; ეს. 54:9; ეზკ. 14:14, 20; მთ. 24:37—39; ებ. 11:7; 1პტ. 3:20, 21).
2. [ებრ. ნოʽაჰ] — ცელოფხადის ხუთი ქალიშვილიდან ერთ-ერთი, მენაშეს ტომიდან. ვინაიდან ცელოფხადი ისე მოკვდა, რომ ვაჟი არ ჰყოლია, იეჰოვამ თქვა, რომ მის ქალიშვილებს უნდა მიეღოთ მამის საგვარეულო ქონება მემკვიდრეობად. ეს იყო იურიდიული პრეცედენტი. მოგვიანებით ისიც დადგინდა, რომ მემკვიდრე ქალიშვილები თავისივე ტომში უნდა გათხოვილიყვნენ მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, რათა სამკვიდრო ტომიდან ტომში არ გადასულიყო (რც. 26:28—33; 27:1—11; 36:6—12; იეს. 17:3, 4).