ონისიმე
[სარგებლის მომცემი]
ბატონისგან გაქცეული მონა, რომელიც პავლეს დახმარებით ქრისტიანი გახდა. ონისიმე კოლოსელი ქრისტიანის, ფილიმონის მსახური იყო. მოგვიანებით იგი კოლოსედან რომში გაიქცა. მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად შეიძლება მან ბატონს ფულიც კი მოჰპარა (კლ. 4:9; ფლმ. 18). შესაძლოა ონისიმე პირადად იცნობდა პავლეს ფილიმონისგან ან რაიმე მაინც სმენოდა მასზე. მართალია, ბიბლიაში არ წერია, რომ რომელიმე მისიონერული მოგზაურობის დროს პავლე უშუალოდ კოლოსეშიც ჩასულიყო, მაგრამ ის იმ მხარეში მოგზაურობდა და იცნობდა ფილიმონს (სქ. 18:22, 23; ფლმ. 5, 19, 22). როგორც არ უნდა ყოფილიყო, რომში ონისიმე რაღაცნაირად შეხვდა პავლეს და მალე ქრისტიანი გახდა (ფლმ. 10). მიუხედავად იმისა, რომ ფილიმონისთვის ონისიმე უხეირო მონა იყო, პავლესთვის იგი კარგი თანამსახური გახდა, „ერთგული და საყვარელი ძმა“, რომელსაც იგი თავის „სათუთ გრძნობებს“ უწოდებს (კლ. 4:9; ფლმ. 11, 12).
მაგრამ ონისიმე ბატონისგან გაქცეულ მონად ითვლებოდა და იმჟამინდელი წესებით პავლე ვალდებული იყო, იგი უკან გაეგზავნა ფილიმონისთვის. თუმცა ეს არ იყო მისთვის ადვილი, რადგან ონისიმეს მეტად ძვირფას თანამსახურად მიიჩნევდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მოციქული ონისიმეს ვერ აიძულებდა უკან დაბრუნებას, თავად მას რომ არ გამოეთქვა ამის სურვილი. პავლემ იზრუნა, რომ ბატონთან მიმავალ ონისიმეს ტიქიკე გაჰყოლოდა. სწორედ მათ ჩაუტანეს კოლოსელ ქრისტიანებს პავლეს წერილი და გადასცეს მისი სათქმელი (კლ. 4:7—9). პავლემ ონისიმეს ფილიმონისთვის განკუთვნილი წერილიც გაატანა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გათავისუფლებას ელოდა და პირადად აპირებდა მასთან ჩასვლას (ფლმ. 22). როგორც ჩანს, ეს ერთგვარი სარეკომენდაციო წერილი იყო, რომლითაც პავლე ფილიმონს არწმუნებდა, რომ ონისიმე შეიცვალა და კარგი ქრისტიანი გახდა. ამასთანავე, სთხოვდა, რომ იგი უკან მიეღო არა როგორც მონა, არამედ როგორც თანაქრისტიანი. პავლე იმასაც სთხოვდა ფილიმონს, რომ მისთვის მოეკითხა ის, რაც ონისიმეს ემართა მისი (ფლმ. 12—22). ისიც აღსანიშნავია, რომ კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში, რომელიც პავლემ ონისიმეს და ტიქიკეს გაატანა, იგი იმ ქრისტიანულ პრინციპებსაც შეეხო, რომელსაც მონისა და ბატონის ურთიერთობა უნდა დაერეგულირებინა (კლ. 3:22—4:1).