გარდასახვა
სასწაულებრივი მოვლენა, რომლის მოწმენიც იყვნენ პეტრე, იაკობი და იოანე. ამ დროს იესოს „სახე მზესავით გაუნათდა და ტანსაცმელი სინათლესავით გაუბრწყინდა“ (მთ. 17:1—9; მრ. 9:2—10; ლკ. 9:28—36). მარკოზი წერს, რომ იესოს „ტანსაცმელი გაუქათქათდა და ისე გაუთეთრდა, რომ დედამიწაზე ვერც ერთი მრეცხავი ვერ გაათეთრებდა“, ხოლო ლუკა გვატყობინებს, რომ მას „სახე სხვანაირი გაუხდა“. გარდასახვა მოხდა მთაზე ახ. წ. 32 წლის პასექის დღესასწაულის შემდეგ, იერუსალიმში იესოს ბოლო შესვლამდე კარგა ხნით ადრე. როგორც ჩანს, ამ დროს ღამე იყო, რადგან მოციქულებს „ძილი მოერიათ“ (ლკ. 9:32). ღამით ეს მოვლენა უფრო თვალსაჩინო იქნებოდა. მათ ღამე იქ გაატარეს, რადგან მეორე დღემდე არ ჩამოსულან მთიდან (ლკ. 9:37). ბიბლია არაფერს ამბობს, თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა გარდასახვა.
მთაზე ასვლამდე იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“. პეტრემ მიუგო: „შენა ხარ ქრისტე“. მაშინ იესომ უთხრა მათ, რომ მოკვდებოდა და მკვდრეთით აღდგებოდა (მრ. 8:27—31). მაგრამ მან აღუთქვა მოწაფეებს, რომ ზოგიერთი მათგანი არ იგემებდა სიკვდილს, სანამ არ იხილავდნენ „კაცის ძეს თავის სამეფოში მომავალს“ და „ღვთის სამეფოს, ძლიერებით მოსულს“ (მთ. 16:28; მრ. 9:1). ეს დაპირება შესრულდა „ექვსი დღის შემდეგ“ (ლუკას სახარების თანახმად რვა დღის შემდეგ. ლუკამ, როგორც ჩანს, პირობის მიცემისა და მისი შესრულების დღეებიც მიათვალა), როცა პეტრე, იაკობი და იოანე იესოსთან ერთად ავიდნენ „მაღალ მთაზე“ (მთ. 17:1; მრ. 9:2; ლკ. 9:28), სადაც იესო ლოცვისას მათ წინაშე გარდაიქმნა.
სად მოხდა გარდასახვა. გარდასახვამდე იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარეაში იყვნენ, სადაც დღეს სოფელი ბანიასი მდებარეობს (მრ. 8:27). ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქრისტე და მისი მოციქულები „მაღალ მთაზე“ ასასვლელად შორს წასულიყვნენ (მრ. 9:2). ახ. წ. მეოთხე საუკუნიდან გავრცელებული შეხედულების თანახმად ისინი თაბორის მთაზე ავიდნენ, მაგრამ საეჭვოა ასე ყოფილიყო, რადგან თაბორი ფილიპეს კესარეის სამხრ. სამხრ.-დას-ით 70 კმ-ში მდებარეობს (იხ. თაბორი №1).
ხერმონის მთა ფილიპეს კესარეიდან ჩრდ.-აღმ-ით სულ რაღაც 25 კმ-ში მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2 814 მ-ია და შეიძლება სწორედ ეს ყოფილიყო ის მაღალი მთა (მთ. 17:1). აქედან გამომდინარე, გარდასახვა შესაძლოა ხერმონის მთაზე მოხდა. ასე ფიქრობს დღეს მრავალი მეცნიერი, თუმცა ბიბლია არაფერს გვამცნობს ამის შესახებ, რის გამოც რთულია ზუსტი ადგილმდებარეობის დასახელება.
რა მნიშვნელობა ჰქონდა გარდასახვას?
იესოს გარდასახვის დროს „დიდებით გამოჩნდნენ“ მოსე და ელია (ლკ. 9:30, 31; მთ. 17:3; მრ. 9:4). წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ იეჰოვა მოავლენდა მოსეს მსგავს წინასწარმეტყველს, ქრისტეზე შესრულდა (კნ. 18:15—19; სქ. 3:19—23). მოსესა და იესოს შორის ბევრი მსგავსებაა, მაგალითად: მათი დაბადების დროს ჩვილები დახოცეს, ისინი კი გადარჩნენ (გმ. 1:20—2:10; მთ. 2:7—23); ორივენი ორმოც დღეს მარხულობდნენ (გმ. 24:18; 34:28; კნ. 9:18, 25; მთ. 4:1, 2); ორივე ღმერთმა მოავლინა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად და ხალხის გასათავისუფლებლად (გმ. 3:1—10; სქ. 7:30—37; 3:19—23); ორივეს ღმერთმა ანდო თავის ხალხთან დადებული შეთანხმების შუამავლობა (გმ. 24:3—8; ებ. 8:3—6; 9:15); იეჰოვამ ორივე გამოიყენა თავისი სახელის განსადიდებლად (გმ. 9:13—16; ინ. 12:28—30; 17:5, 6, 25, 26).
იეჰოვამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ გამოგზავნიდა ელია წინასწარმეტყველს, რომელიც ისრაელებს გულწრფელი მონანიებისკენ აღძრავდა. იესოს დედამიწაზე ყოფნისას მსგავსი საქმის შემსრულებელი და მესიის წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი იყო, რითაც შესრულდა მალაქიას 4:5, 6-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება (მთ. 11:11—15; ლკ. 1:11—17). მაგრამ, ვინაიდან გარდასახვა იოანე ნათლისმცემლის სიკვდილის შემდეგ მოხდა, ელიას გამოჩენა იმაზე მიანიშნებს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენა და იეჰოვას, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის, გამართლება დაკავშირებული იქნებოდა ღვთის სამეფოს დამყარებასთან, რომელსაც ქრისტე უხელმძღვანელებდა. გარდა ამისა, მოსე და ელია წმინდა სულით ცხებულ ქრისტიანებსაც განასახიერებდნენ, რომელთაც ქრისტესთან ერთად განდიდების იმედი აქვთ (რმ. 8:17; გმც. 11:1—6).
გარდასახვის დროს იესო, მოსე და ელია ქრისტეს „წასვლაზე [ბერძ. სიტყვა ექსოდოსის ერთ-ერთი ფორმა] ლაპარაკობდნენ, რაც იერუსალიმში უნდა შესრულებულიყო“ (ლკ. 9:31). წასვლაში, როგორც ქრისტეს სიკვდილი, ისე მისი ზეციური ცხოვრებისთვის აღდგომაც იგულისხმება.
ზოგი კრიტიკოსი ირწმუნება, რომ გარდასახვა უბრალოდ სიზმარი იყო. მაგრამ ფაქტია, რომ პეტრე, იაკობი და იოანე ერთნაირ სიზმარს ვერ ნახავდნენ. თავად იესომ მომხდარს „ხილვა“ უწოდა (მთ. 17:9) და არა მათი წარმოსახვის ნაყოფი. ქრისტე ნამდვილად იქ იმყოფებოდა, რასაც ვერ ვიტყვით მოსესა და ელიაზე, რადგან ისინი დიდი ხნის წინათ დაიხოცნენ. მათეს 17:9-ში ხილვად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ჰორამა ნანახსაც ნიშნავს. ეს არ მიუთითებს რაღაც არარეალურზე, თითქოსდა დამკვირვებელს მხედველობითი ჰალუცინაციები აქვს. მოციქულები უგონო მდგომარეობაში არ ყოფილან, ისინი საღ გონებაზე იყვნენ, როცა გარდასახვის მოწმენი გახდნენ. ისინი საკუთარი თვალით ხედავდნენ და საკუთარი ყურით ისმენდნენ, რაც იქ ხდებოდა (ლკ. 9:32).
როცა მოსე და ელია იესოს შორდებოდნენ, პეტრემ, რომელსაც „არ ესმოდა, რას ამბობდა“, იესოს შესთავაზა, მისთვის, მოსესა და ელიასთვის სამი კარავი დაედგათ (ლკ. 9:33). ამას რომ ამბობდა, ღრუბელი გაჩნდა (ლკ. 9:34), რაც სავარაუდოდ გარდასახვის დროს იეჰოვას იქ ყოფნაზე მიუთითებდა (როგორც უდაბნოში აღმართულ შეხვედრის კარავში) (გმ. 40:34—38). ღრუბლიდან გაისმა იეჰოვას ხმა: „ეს არის ჩემი ძე, რჩეული, მას უსმინეთ“ (ლკ. 9:35). წლების შემდეგ, როცა გარდასახვაზე საუბრობდა, პეტრემ დაადასტურა, რომ ხმა ზეციდან „ღვთისგან, მამისგან“ იყო (2პტ. 1:17, 18). გარდასახვის დროს, როგორც ჩანს, მოსე წარმოადგენდა წმინდა წერილების კანონს, ელია კი წინასწარმეტყველთა წიგნებს. წმინდა წერილების ეს ორივე ნაწილი ქრისტეზე მიუთითებდა და მასზე შესრულდა. მართალია ღმერთი ადრე წინასწარმეტყველთა მეშვეობით საუბრობდა, მაგრამ ახლა მიანიშნა, რომ თავისი ძის მეშვეობით ისაუბრებდა (გლ. 3:24; ებ. 1:1—3).
მოციქული პეტრე გარდასახვას წინასწარმეტყველური სიტყვის საოცარ დადასტურებად მიიჩნევდა. ვინაიდან მან საკუთარი თვალით იხილა ქრისტეს დიდებულება, შეეძლო თავისი მკითხველისთვის ეუწყებინა „იესო ქრისტეს ძალისა და იმ დროის შესახებ, როცა ის მოსული იქნება“ (2პტ. 1:16, 19). მოციქულმა თავად ნახა, როგორ შესრულდა იესოს დაპირება, რომ მისი მიმდევრებიდან ზოგიერთი არ იგემებდა სიკვდილს, სანამ არ იხილავდა „ღვთის სამეფოს, ძლიერებით მოსულს“ (მრ. 9:1). სავარაუდოდ იოანეს 1:14-ში მოციქული იოანე გარდასახვაზე საუბრობდა.
იესომ სამივე მოციქული გააფრთხილა: „არავის მოუყვეთ ამ ხილვის შესახებ, სანამ კაცის ძე მკვდრეთით არ აღდგება“ (მთ. 17:9). ისინი ასეც მოიქცნენ და თვით სხვა მოციქულებისთვისაც არაფერი უთქვამთ (ლკ. 9:36). როცა მთიდან ჩამოდიოდნენ სამივენი იმაზე მსჯელობდნენ, „რას ნიშნავდა ეს მკვდრეთით აღდგომა“ (მრ. 9:10). იმ დროს გავრცელებული ერთ-ერთი რელიგიური შეხედულების თანახმად ელია უნდა გამოჩენილიყო მიცვალებულთა აღდგომამდე, რაც მესიის მმართველობის დაწყების ნიშანი იქნებოდა. ამიტომაც დაინტერესდნენ მოციქულები: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?“. იესომ დაარწმუნა ისინი, რომ ელია უკვე მოსული იყო. მოციქულები მიხვდნენ, რომ იესო იოანე ნათლისმცემელს გულისხმობდა (მთ. 17:10—13).
გარდასახვას, როგორც ჩანს, ქრისტე უნდა გაემაგრებინა მოახლოებულ ტანჯვასა და სიკვდილთან შესახვედრად, მისი მიმდევრები კი ენუგეშებინა და მათი რწმენა განემტკიცებინა. ამ მოვლენამ დაადასტურა, რომ იესოს ღმერთი იწონებდა. ეს იყო წინასწარი ჩვენება ქრისტეს მომავალი დიდებისა და სამეფო ძალაუფლებისა. ის აგრეთვე იყო მისი, როგორც სრული ძალაუფლებით აღჭურვილი მეფის, მოსვლის ჩვენება.