ᲤᲔᲮᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲑᲐᲜᲐ
გულითადი დახვედრისა და სტუმართმოყვარეობის გამომხატველი ჟესტი. ძველად ახლო აღმოსავლეთში ცხელი კლიმატიდან გამომდინარე მიღებული იყო ჭამამდე ფეხების დაბანა, ვინაიდან იმ დროს ღია სანდლებს ატარებდნენ და ფეხით უწევდათ მტვრიან გზებზე სიარული. უბრალო ხალხი წყალსა და ჭურჭელს სთავაზობდა სტუმარს, რომ თავად დაებანა ფეხები (მსჯ. 19:21). შეძლებული მასპინძელი ჩვეულებრივ ამ საქმეს მონას ასრულებინებდა, რადგან ეს მონის საქმედ ითვლებოდა. როცა დავითმა აბიგაილს ცოლობა შესთავაზა, მან თანხმობის ნიშნად შეუთვალა მას: „მოახლედ წამოვა შენი მხევალი, ჩემი ბატონის მსახურებს ფეხები რომ დაჰბანოს“ (1სმ. 25:40—42). თუ თავად მასპინძელი ჰბანდა სტუმარს ფეხებს, ეს უდიდესი თავმდაბლობის და სტუმრისადმი პატივისცემისა და სიყვარულის მაჩვენებელი იყო.
ფეხების დაბანა არა მარტო სტუმართმოყვარეობის გამომხატველი ჟესტი იყო, არამედ სავალდებულო პროცედურა ძილის წინ (ქბ. 5:3). განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლევიან მღვდლებს კარავში შესვლამდე და სამსხვერპლოსთან მსახურების დაწყებამდე ხელ-ფეხის დაბანა მოეთხოვებოდათ (გმ. 30:17—21; 40:30—32).
იესო ქრისტეს დედამიწაზე ყოფნის დროს მასპინძელი სტუმარს წყალს სთავაზობდა ფეხების დასაბანად, ეამბორებოდა და თავზე ზეთს სცხებდა. ფარისეველმა სიმონმა იესოს მიმართ ამ სამიდან არც ერთი სტუმართმოყვრული ჟესტი არ გამოავლინა. ამიტომ, როცა ცოდვილმა ქალმა იესოს ფეხები ცრემლებით დაუსველა, თმით შეუმშრალა, ფეხები დაუკოცნა და ნელსაცხებელი სცხო, ქრისტემ სიმონს ყურადღება მიაქცევინა იმაზე, რაც მან, როგორც მასპინძელმა, არ გააკეთა, და შემდეგ ქალს უთხრა: „გეპატია ცოდვები“ (ლკ. 7:36—50).
იესო ქრისტემ თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო საღამოს, ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, ფეხები დაჰბანა თავის მოციქულებს, რითაც მათ მაგალითი მისცა და თავმდაბლობა ასწავლა. მას ეს ფეხების დაბანის რიტუალის დასაწესებლად არ გაუკეთებია (ინ. 13:1—16). მანამდე მოციქულები იმაზე დავობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი. იმავე საღამოს, მას შემდეგ, რაც იესომ მათ ფეხები დაჰბანა, მათ შორის კვლავ გაცხარებული დავა ატყდა პირველობის თაობაზე (ლკ. 22:24—27). თუმცა ადვილად ვერავინ დაივიწყებდა იმას, რაც იმ საღამოს იესომ გააკეთა. იესო და მისი მოციქულები გარკვეული მიზნით შეიკრიბნენ იმ ოთახში. ისინი ვინმეს სტუმრები არ ყოფილან. ასე რომ ყოფილიყო, მათ მსახური დაჰბანდა ფეხებს. თუმცა არც ერთმა მოციქულმა არ მოიწადინა სხვების მომსახურება. ვახშმისას იესომ შესაფერი დრო შეარჩია, წამოდგა, მოსასხამი გვერდზე გადადო, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა, ტაშტში წყალი ჩაასხა და მოციქულებს ფეხები დაჰბანა. ამგვარად მან თვალსაჩინოდ დაანახვა მათ, რომ ერთმანეთს თავმდაბლად უნდა მომსახურებოდნენ, სიყვარული საქმით დაემტკიცებინათ და სხვების ინტერესები საკუთარზე წინ დაეყენებინათ. სტუმართმოყვარე ქრისტიანი ქალებიც ასე იქცეოდნენ. ეს კარგად ჩანს პავლე მოციქულის სიტყვებიდან, რომელმაც ქრისტიანი ქვრივების მიერ გაკეთებულ კარგ საქმეთა შორის სტუმრებისთვის ფეხების დაბანაც მოიხსენია (1ტმ. 5:9, 10). ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ფეხების დაბანას სავალდებულო ქრისტიანულ რიტუალად არ წარმოგვიდგენს. იესო ქრისტეს მიერ დატოვებული მაგალითი კარგი შეხსენებაა ქრისტიანებისთვის, რომ სიყვარულით მოემსახურონ თავიანთ და-ძმებს, რაშიც თუნდაც უმნიშვნელო და ერთი შეხედვით, ნაკლებად საპატიო საქმეების კეთებაც იგულისხმება (ინ. 13:34, 35; იხ. ᲑᲐᲜᲐᲝᲑᲐ).