ციდკია
[იეჰოვაა სიმართლე].
1. ქენაანას ძე; ცრუწინასწარმეტყველი, რომელმაც დაარწმუნა მეფე ახაბი, რომ სირიელებს გალაადის რამოთს წაართმევდა. იმის საჩვენებლად, რომ ახაბი სირიელებს გაანადგურებდა, ციდკიამ სცენა გაითამაშა — რკინის რქები გაიკეთა და რქენა დაიწყო. როცა იეჰოვას ჭეშმარიტმა წინასწარმეტყველმა მიქაიამ ახაბს უბედურება უწინასწარმეტყველა, ციდკიამ მიქაიას სილა გააწნა (1მფ. 22:11, 23, 24; 2მტ. 18:10, 22, 23).
2. მთავარი მეფე იეჰოიაკიმის დროს (იერ. 36:12).
3. მაასეიას ძე; ბაბილონში გადასახლებულთა შორის მცხოვრები მრუში ცრუწინასწარმეტყველი. მასზე და მის თანამოაზრე ახაბზე იერემიამ იწინასწარმეტყველა, რომ მეფე ნაბუქოდონოსორი ცეცხლში შეწვავდა (იერ. 29:21—23).
4. იოშიას ძე, რომელიც თავისი ცოლისგან, ხამუტალისგან შეეძინა; იუდას სამეფოს უკანასკნელი მეფე. ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ის თავის ვასალად აქცია და სახელი მათანია ციდკიათი შეუცვალა. 11-წლიანი მეფობის მანძილზე ციდკია „ბოროტებას სჩადიოდა ... იეჰოვას თვალში“ (2მფ. 24:17—19; 2მტ. 36:10—12; იერ. 37:1; 52:1, 2).
ციდკია იოშიას მეოთხე ვაჟი იყო, თუმცა 1 მატიანეს 3:15-ში ის მესამე ვაჟად მოიხსენიება (შდრ. 2მფ. 23:30, 31; 24:18; იერ. 22:11). ციდკია თავისი ღვიძლი ძმის, შალუმის (იეჰოახაზი) წინ სავარაუდოდ იმიტომ არის დასახელებული, რომ მასზე ბევრად დიდხანს იმეფა.
ციდკია ცხრა წლის, თავის ძმისშვილ იეჰოიაქინზე სამი წლით უფროსი იქნებოდა, როცა მამამისი, მეფე იოშია სასიკვდილოდ დაიჭრა მეგიდოში ფარაონ ნექოსთან ბრძოლაში (დაახლ. ძვ. წ. 629). ამის შემდეგ ხალხმა ციდკიას ალალი ძმა 23 წლის იეჰოახაზი გაამეფა. მისმა მეფობამ სამ თვეს გასტანა, რადგან ფარაონმა ნექომ ის ტახტიდან გადააყენა და მის ადგილას იეჰოახაზის ნახევარძმა (აგრეთვე ციდკიასი), 25 წლის ელიაკიმი (იეჰოიაკიმად გადარქმეული) დასვა. იეჰოიაკიმის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოიაქინი გამეფდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ პერიოდში შემოარტყეს ალყა იერუსალიმს ბაბილონელთა ჯარებმა მეფე ნაბუქოდონოსორის მეთაურობით. ძვ. წ. 617 წელს იეჰოიაქინი ბაბილონის მეფეს ჩაჰბარდა. მან მხოლოდ სამ თვესა და ათ დღეს იმეფა (2მფ. 23:29—24:12; 2მტ. 35:20—36:10).
მმართველობის დასაწყისი. ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმში ციდკია გაამეფა და მას იეჰოვა დააფიცა, რომ მისი ერთგული ვასალი იქნებოდა (2მტ. 36:10, 11; ეზკ. 17:12—14; შდრ. 2მტ. 36:13).
მეფობის დასაწყისში ციდკიას ეახლნენ ედომის, მოაბის, ამონის, ტვიროსისა და სიდონის მაცნეები, სავარაუდოდ, მეფე ნაბუქოდონოსორის წინააღმდეგ გაერთიანების შესათავაზებლად (იერ. 27:1—3; 1-ლ მუხლში გადამწერმა შეცდომით ციდკიას მაგივრად იეჰოიაკიმი დაწერა; იხ. Rbi 8, სქ.). წმინდა წერილიდან არ ჩანს, დაიყოლიეს თუ არა მაცნეებმა მეფე ციდკია. შეიძლება ვერც ვერაფერს გახდნენ, რადგან იერემია ციდკიასა და მის ქვეშევრდომებს ურჩევდა ბაბილონის მეფეს დამორჩილებოდნენ. მაცნეების ხელით იერემიამ უღელი გაუგზავნა ამ ერებს იმის ნიშნად, რომ ისინიც დამორჩილებოდნენ ნაბუქოდონოსორს (იერ. 27:2—22).
თავისი მეფობის დასაწყისშივე ციდკიამ გაურკვეველი მიზეზით ბაბილონში გაგზავნა ელაშა და გემარია. თუ თხრობაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობა არ არის დარღვეული, ისინი ციდკიას მეფობის მეოთხე წელს უნდა გამგზავრებულიყვნენ (იერ. 28:1, 16, 17; 29:1—3).
ციდკია თავადაც ეწვია ბაბილონს მეფობის მეოთხე წელს, როგორც ჩანს, ნაბუქოდონოსორისთვის ხარკის მისართმევად და თავის ერთგულებაში დასარწმუნებლად. ციდკიას თან ახლდა სამეფო კარის მესაწოლე სერაია, რომელსაც წინასწარმეტყველმა იერემიამ ის გრაგნილი ანდო, რომელშიც ბაბილონისთვის გამოტანილი იეჰოვას განაჩენი ეწერა (იერ. 51:59—64).
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ბაბილონში გადასახლებულ იუდეველებს შორის წინასწარმეტყველება ეზეკიელმა დაიწყო (ეზკ. 1:1—3; შდრ. 2მფ. 24:12, 17). ციდკიას მეფობის მეექვსე წლის მეექვსე თვეს (ძვ. წ. 612) ეზეკიელმა ხილვაში ნახა იერუსალიმი, სადაც ხალხი ცრუ ღმერთებს, მათ შორის თამუზსა და მზეს ეთაყვანებოდა (ეზკ. 8:1—17).
აჯანყებები ნაბუქოდონოსორის წინააღმდეგ. ციდკიამ არ გაითვალისწინა იერემიას მეშვეობით გადაცემული იეჰოვას სიტყვები, აგრეთვე გატეხა ნაბუქოდონოსორის წინაშე დადებული ფიცი და დაახლოებით სამი წლის შემდეგ (დაახლ. ძვ. წ. 609) ნაბუქოდონოსორს აუჯანყდა, დახმარებისთვის კი ეგვიპტეს მიმართა (2მფ. 24:20; 2მტ. 36:13; იერ. 52:3; ეზკ. 17:15). ბაბილონელთა ჯარები ნაბუქოდონოსორის მეთაურობით იერუსალიმისკენ დაიძრნენ და „მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს“ ალყაში მოაქციეს ქალაქი (ეზკ. 24:1—6).
ქალაქს ალყა ახალი შემორტყმული ჰქონდა, რომ მეფე ციდკიამ ფაშხური, მალქიას ძე და მღვდელი ცეფანია, მაასეიას ძე იერემიასთან გაგზავნა იმის გასაგებად, გაეცლებოდა თუ არა ნაბუქოდონოსორი ქალაქს. იერემიამ მათ იეჰოვას განაჩენი გაუმხილა და უთხრა, რომ ბაბილონელები ქალაქსა და მის მცხოვრებლებს შავ დღეს დააწევდნენ (იერ. 21:1—10). ამის შემდეგ იერემია იეჰოვას მითითებით პირადად ეწვია ციდკიას და ამცნო, რომ იერუსალიმი განადგურდებოდა, მეფე კი ბაბილონის ტყვეობაში ბუნებრივი სიკვდილით მოკვდებოდა (იერ. 34:1—7).
ალყაში მოქცეულმა ციდკიამ და მთავრებმა გადაწყვიტეს რამენაირად იეჰოვას გული მოეგოთ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ებრაელ მონებს გაათავისუფლებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საიუბილეო წელი ჯერ არ იყო დამდგარი. მაგრამ მოგვიანებით შეთანხმება დაარღვიეს და გათავისუფლებული მონები უკან დაიბრუნეს (იერ. 34:8—22). როგორც ჩანს, მონები უკან მას შემდეგ დაიბრუნეს, რაც ეგვიპტემ დახმარების ხელი გაუწოდა იერუსალიმს და ბაბილონელებმა დროებით მოხსნეს ალყა (იერ. 37:5). მონების ბატონებს ეტყობა ეგონათ, რომ ბაბილონელები დამარცხდნენ და ალყა საბოლოოდ მოიხსნა, ამიტომ უკან დაიბრუნეს მონები.
ამ პერიოდში ციდკიამ იეჰუქალი, შელემიას ძე და ცეფანია, მღვდელ მაასეიას ძე გაგზავნა იერემიასთან თხოვნით, რომ ამ უკანასკნელს ხალხისთვის ელოცა. ციდკიას ალბათ იმის იმედი ჰქონდა, რომ იერუსალიმი ნაწინასწარმეტყველებ განადგურებას გადაურჩებოდა. მაგრამ იეჰოვას პასუხიდან გამოჩნდა, რომ ღვთის განაჩენი უცვლელი იყო — ქალდეველები დაბრუნდებოდნენ და იერუსალიმს გაანადგურებდნენ (იერ. 37:3—10).
მოგვიანებით, იერუსალიმიდან ბენიამინის მიწისკენ მიმავალი იერემია ბენიამინის კარიბჭესთან შეიპყრეს და ცრუდ დასდეს ბრალი ქალდეველთა მხარეს გადასვლაში. იერემია ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ ზედამხედველ ირიას არ სურდა მისი მოსმენა და მთავრებს მიჰგვარა, რომლებმაც საპატიმროში ჩასვეს, იეჰონათანის სახლში. კარგა ხნის შემდეგ, როცა იერუსალიმი კვლავ ბაბილონელთა ალყაში აღმოჩნდა, ციდკიამ იერემია თავისთან მოაყვანინა და გამოკითხვა დაუწყო. იერემიამ გააფრთხილა ციდკია, რომ ბაბილონის მეფეს ხელში ჩაუვარდებოდა. წინასწარმეტყველი მეფეს შეევედრა, იეჰონათანის სახლში არ დაებრუნებინა, რაზეც მისგან თანხმობა მიიღო. ციდკიამ დაპატიმრებული იერემია მცველების ეზოში გადააყვანინა (იერ. 37:11—21; 32:1—5).
ციდკია სუსტი ნებისყოფის მმართველი იყო. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა მთავრებმა მას იერემიას სიკვდილით დასჯა სთხოვეს იმ მოტივით, რომ ის ალყაში მოქცეულ ხალხს საბრძოლო სულისკვეთებას უკარგავდა. ციდკიას პასუხი ასეთი იყო: „აი, თქვენს ხელთაა ის, რადგან რას გააწყობს მეფე თქვენთან?!“. თუმცა ამის შემდეგ ციდკიამ ებედ-მელექს იერემიას დახსნის უფლება მისცა და თან 30 კაცის წაყვანა ურჩია. მოგვიანებით ციდკია ისევ შეხვდა იერემიას და დააიმედა, რომ არ მოკლავდა და არც მტერს ჩაუგდებდა ხელში. ციდკიას ქალდეველთა მხარეს გადასულ იუდეველთა შურისძიების ეშინოდა, ამიტომ ყურად არ იღო იერემიას გაფრთხილება და ბაბილონის მთავრებს არ ჩაჰბარდა. მან სიმხდალე მაშინაც გამოიჩინა, როცა იერემიას სთხოვა, მათი პირადი საუბარი მთავრებისთვის არ გაემხილა (იერ. 38:1—28).
იერუსალიმის დაცემა. ციდკიას მეფობის მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს (ძვ. წ. 607) იერუსალიმი დაეცა. ღამით ციდკია მეომრებთან ერთად გაიქცა, მაგრამ იერიხონის ხრიოკ ველზე შეიპყრეს და ნაბუქოდონოსორს მიჰგვარეს რიბლაში. ბაბილონის მეფემ მას თვალწინ დაუხოცა ვაჟები. მაშინ ციდკია 32 წლის იყო, შესაბამისად მისი ვაჟები დიდები არ იქნებოდნენ. ამის შემდეგ მას თვალები დასთხარეს, ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს. მან სული საპატიმროში განუტევა (2მფ. 25:2—7; იერ. 39:2—7; 44:30; 52:6—11; შდრ. იერ. 24:8—10; ეზკ. 12:11—16; 21:25—27).
5. იექონიას (იეჰოიაქინი) ვაჟი, სავარაუდოდ, არა იმ შვიდ ვაჟთაგანი, რომლებიც მას ბაბილონში პატიმრობისას შეეძინა (1მტ. 3:16—18).
6. ერთ-ერთი მღვდელი ან იმ მღვდლის წინაპარი, რომელმაც ნეემიას დროს სხვებთან ერთად ბეჭედი დაასვა „მტკიცე შეთანხმებას“ (ნემ. 9:38; 10:1, 8).