იეჰოვა არ ამცირებს მოდრეკილ გულს
„შესაწირავი ღმერთისა — სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო“ (ფსალმუნი 50:19).
1. როგორ განიხილავს იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს, რომლებმაც ჩაიდინეს სერიოზული ცოდვა, მაგრამ ამჟღავნებენ მონანიებას?
იეჰოვას შეუძლია „ღრუბლით მოიბუროს, რომ აირიდოს ჩვენი ცოდვები“ (გოდება იერემიასი 3:44). მაგრამ მას სურს, რომ მისაწვდომი იყოს თავის მსახურთათვის. მაშინაც კი, თუ რომელიმე მისი თაყვანისმცემელი ჩადის სერიოზულ ცოდვას, მაგრამ ინანიებს, ჩვენი ზეციერი მამა არ ივიწყებს ყველაფერ კარგს, რაც ამ ადამიანს ჰქონდა გაკეთებული. ამიტომ მოციქულ პავლეს შეეძლო ეთქვა თანაქრისტიანთათვის: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“ (ებრაელთა 6:10).
2, 3. რა უნდა მიიღონ მხედველობაში ქრისტიანმა უხუცესებმა ცოდვის ჩამდენ თანამორწმუნეებთან დაკავშირებით?
2 ქრისტიანმა უხუცესებმაც უნდა გაითვალისწინონ თანამორწმუნეების მრავალწლიანი ერთგული მსახურება ღმერთისადმი. ამაში შედის იმათი საღვთო მსახურება, ვინც გადადგა ცრუ ნაბიჯი ან ჩაიდინა მძიმე ცოდვა, მაგრამ ამჟღავნებს მონანიებას. ქრისტიანი მწყემსები ეძებენ ღმერთის სამწყსოს ყველა წევრის სულიერ კეთილდღეობას (გალატელთა 6:1, 2).
3 მომნანიებელ წესრიგის დამრღვევს ესაჭიროება იეჰოვასაგან მოწყალება. მაგრამ საჭიროა უფრო მეტი. ეს ნათელი ხდება დავითის სიტყვებიდან, რომელიც ჩაწერილია 50-ე ფსალმუნის 12-დან 21-ე მუხლებში.
საჭიროა სუფთა გული
4. რატომ ლოცულობდა დავითი სუფთა გულისა და ახალი სულის შესახებ?
4 თუ ღმერთისადმი მიძღვნილი ქრისტიანი ცოდვის გამო ცუდ სულიერ მდგომარეობაში იმყოფება, კიდევ რა ესაჭიროება მას იეჰოვას მოწყალებისა და პატიების გარდა? დავითი ევედრებოდა ღმერთს: „სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში [და ჩადევი ჩემში ახალი ურყევი სული, აე]“ (ფსალმუნი 50:12). როგორც ჩანს, დავითი ამას ითხოვდა იმიტომ, რომ გრძნობდა, მის გულში ჯერ კიდევ იყო მძიმე ცოდვისაკენ მიდრეკილებები. შეიძლება, ჩვენ არ ვიყოთ ისეთ ცოდვებში ჩაფლული, როგორშიც გაეხვია დავითი ბარშებაყთან და ურიასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთვის საჭიროა იეჰოვასაგან დახმარება, რათა არ მივეცეთ ცდუნებას ჩავიდინოთ რაიმე სერიოზული ცოდვა. ამასთან, ჩვენ შეიძლება პირადად გვესაჭიროება ღმერთის დახმარება, რათა ჩვენი გულიდან მოვიშოროთ მკვლელობისა და ქურდობის ტოლფასი ისეთი ცოდვილი თვისებები, როგორიცაა: სიხარბე და სიძულვილი.
5. ა) რას ნიშნავს გქონდეს სუფთა გული? ბ) რა სურდა დავითს, როცა ითხოვდა ახალ სულს?
5 იეჰოვა მოითხოვს, რომ მის მსახურებს ჰქონდეთ „სუფთა გული“, ანუ სუფთა მოტივები და განზრახვები. დავითი გრძნობდა, რომ მან არ გამოავლინა ასეთი სისუფთავე, ამიტომ ევედრებოდა ღმერთს განეწმინდა მისი გული და მოეყვანა მის ნორმებთან თანხმობაში. ფსალმუნმომღერალს ასევე სურდა ჰქონოდა ახალი, სამართლიანი სული, ანუ გონებრივი მიდრეკილებები. მას ესაჭიროებოდა ისეთი სული, რომელიც დაეხმარებოდა წინააღმდეგობა გაეწია ცდუნებისათვის და მტკიცედ ჩაჭიდებოდა იეჰოვას კანონებსა და ნორმებს.
უკიდურესად აუცილებელია სულიწმიდა
6. რატომ ევედრებოდა დავითი იეჰოვას არ წაეღო მისგან სულიწმიდა?
6 თუ ჩვენი შეცდომების ან ცოდვების გამო სასოწარკვეთილებაში ვართ ჩავარდნილნი, შეიძლება გვეგრძნო, რომ ღმერთმა მიგვატოვა და წაიღო ჩვენგან თავისი სულიწმიდა ანუ მოქმედი ძალა. დავითს გააჩნდა ასეთი გრძნობები, ვინაიდან ის ევედრებოდა იეჰოვას: „ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს“ (ფსალმუნი 50:13). მომნანიებელი და თავმდაბალი დავითი გრძნობდა, რომ ცოდვებმა ის უღირსი გახადა იეჰოვას სამსახურისათვის. იყო ღმერთისაგან უკუგდებული, ნიშნავს დაკარგო მისი კეთილგანწყობილება, ნუგეში და კურთხევა. დავითს სულიერი განახლებისათვის ესაჭიროებოდა იეჰოვას სულიწმიდა. თუ მასზე დავანებული იქნებოდა სულიწმიდა, მეფეს შეეძლო ლოცვით ეძებნა ღმერთისაგან ხელმძღვანელობა, რათა ესიამოვნებინა იეჰოვა, გაქცეოდა ცოდვას და ემეფა სიბრძნით. დავითი გრძნობდა თავის ცოდვებს სულიწმიდის მომცემის წინააღმდეგ და მართებულად ლოცულობდა, რათა არ წაეღო იეჰოვას მისგან სულიწმიდა.
7. რატომ უნდა ვილოცოთ სულიწმიდის შესახებ და ვერიდოთ მის დანაღვლიანებას?
7 რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? ჩვენ უნდა ვილოცოთ სულიწმიდის შესახებ და უნდა ვერიდოთ მის დანაღვლიანებას იმით, რომ არ მივყვებით მის ხელმძღვანელობას (ლუკა 11:13; ეფესელთა 4:30). სხვაგვარად, ჩვენ დავკარგავდით სულიწმიდას და ვერ გამოვავლენდით მის ნაყოფებს, რომლებსაც ღმერთი იძლევა: სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, სულგრძელობას, სახიერებას, სიკეთეს, რწმენას, სიმშვიდეს, თავდაჭერილობას. იეჰოვა ღმერთი წაიღებდა ჩვენგან თავის სულიწმიდას განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ მოუნანიებლად განვაგრძობდით ცოდვების ჩადენას, თავად იეჰოვას წინააღმდეგ.
გადარჩენის სიხარული
8. რა უნდა გაგვაჩნდეს ჩვენ აუცილებლად იმ შემთხვევაში, თუ ვცოდავთ, მაგრამ გვინდა რომ გვქონდეს გადარჩენის სიხარული?
8 მომნანიებელ ცოდვილს, რომელიც განიცდის სულიერ განახლებას, კვლავ შეუძლია გაიხაროს იეჰოვას მიერ გადარჩენის იმედით. სწორედ ეს სწყუროდა დავითს, როცა სთხოვდა ღმერთს: „დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით [მზადყოფნის სულით, აე] გამამაგრე“ (ფსალმუნი 50:14). როგორი შესანიშნავი იყო იეჰოვას მიერ გადარჩენის მტკიცე იმედით გახარება! (ფსალმუნი 3:9). ღმერთის წინააღმდეგ ცოდვის ჩადენის შემდეგ დავითი იეჰოვასაგან ეძებდა ხსნას, რათა მისი სიხარული აღდგენილიყო. მოგვიანებით, იეჰოვას თავისი ძის, იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის მეშვეობით შემოგვთავაზა ხსნა. თუ ჩვენ, ღმერთისადმი მიძღვნილი მსახურნი ჩავდივართ მძიმე ცოდვას, მაგრამ გვსურს აღვიდგინოთ გადარჩენის სიხარული, აუცილებელია გაგვაჩნდეს მომნანიებელი პოზიცია, რათა არ შევცოდოთ სულიწმიდის წინააღმდეგ (მათე 12:31, 32; ებრაელთა 6:4–6).
9. რა ჰქონდა დავითს მხედველობაში, როცა ევედრებოდა ღმერთს მხარი დაეჭირა მისთვის „მზადყოფნის სულით„?
9 დავითი ევედრებოდა იეჰოვას, რომ მისთვის „მზადყოფნის სულითაც“ დაეჭირა მხარი. როგორც ჩანს, ეს არ ეხება არც ღმერთის მზადყოფნას აღმოუჩინოს დახმარება და არც მის სულიწმიდას, არამედ დავითის ამღძვრელ გონებრივ განწყობილებას. დავითს უნდოდა, რომ ღმერთს მისთვის დაეჭირა მხარი, მიეცა მზადყოფნის სული, რომ გაეკეთებინა ის, რაც სწორია და კვლავ არ ჩაედინა ცოდვა. იეჰოვა ღმერთი მუდამ უჭერს მხარს თავის მსახურებს და წამოაყენებს სხვადასხვა გამოცდებში ჩავარდნილებს (ფსალმუნი 144:14). როგორი სანუგეშოა გვესმოდეს ეს, განსაკუთრებით მაშინ თუ შევცოდეთ, მაგრამ ვინანიებთ და გვინდა ერთგულად ვემსახუროთ იეჰოვას მარადიულად!
რა უნდა ვასწავლოთ დამნაშავეებს
10, 11. ა) რა შეეძლო დავითს ესწავლებინა დამნაშავე ისრაელთათვის? ბ) რა უნდა გაეკეთებინა დავითს უპირველესად, რათა შემდეგ დასწავლება მიეცა ცოდვილთათვის?
10 თუ ღმერთი ნებას დართავდა, დავითს უანგაროდ სურდა გაეკეთებინა ისეთი რამე, რაც აჩვენებდა მის მადლიერებას იეჰოვას მოწყალების გამო და დაეხმარებოდა სხვებს. მომნანიებელმა მეფემ, რომელიც გულწრფელი ლოცვით მიმართავდა იეჰოვას, შემდეგ წამოიძახა: „ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან“ (ფსალმუნი 50:15). როგორ შეეძლო ცოდვილ დავითს ესწავლებინა ღმერთის კანონის დამრღვევთათვის? რა შეეძლო მას ეთქვა მათთვის? რა სარგებელს მოიტანდა ეს?
11 როცა დავითი დამნაშავე ისრაელებს უჩვენებდა იეჰოვას გზებს ბოროტების გზიდან მათი შემობრუნების იმედით, შეეძლო მიეთითებინა, თუ როგორი ბოროტებაა ცოდვა, რას ნიშნავს მონანიება და როგორ შეიძლება შეიძინო ღმერთისაგან წყალობა. რადგანაც დავითს განცდილი ჰქონდა წამება, იეჰოვასაგან გაკიცხვისა და უსუფთაო სინდისის გამო, ის უეჭველად თანამგრძნობი დამრიგებელი იქნებოდა მომნანიებელ მწუხარე ცოდვილთათვის. დავითს შეეძლო მოეყვანა თავისი მაგალითი და დასწავლება მიეცა სხვებისათვის მხოლოდ მას შემდეგ, როცა თავად შეასრულებდა იეჰოვას ნორმებსა და მიიღებდა მისგან პატიებას, იმიტომ, რომ იმათ, რომლებიც უარს ამბობენ დაემორჩილონ ღმერთის მოთხოვნილებებს, არა აქვთ უფლება „იქადაგონ ღმერთის კანონები“ (ფსალმუნი 49:16, 17).
12. რა სარგებელი მიიღო დავითმა იმის ცოდნისაგან, რომ ღმერთმა იხსნა ის დანაშაულისაგან სისხლისღვრაში?
12 თავისი განზრახვების სხვა სიტყვებით გამოთქმისას, დავითმა თქვა: „მიხსენ სისხლთაგან [დანაშაულისაგან სისხლისღვრაში, აე], ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს [სამართლიანობას, აე]“ (ფსალმუნი 50:16). დანაშაული სისხლისღვრაში სასიკვდილო განაჩენის მომტანი იყო (დაბადება 9:5, 6). ამიტომ, ცოდნა იმისა, რომ გადარჩენის ღმერთმა იხსნა იგი ურიასთან დაკავშირებული სისხლისღვრის დანაშაულისაგან, მისცემდა დავითს მშვიდობას გულსა და გონებაში. მის ენას შემდეგ შეეძლო სიხარულით ეგალობა არა საკუთარი, არამედ ღმერთის სამართლიანობის შესახებ (ეკლესიასტე 7:20; რომაელთა 3:10). დავითს არ შეეძლო მის მიერ ჩადენილი უზნეობის ჩამოცილება, ან სამარხიდან ურიას დაბრუნება ზუსტად ისევე, როგორც დღეს არავის შეუძლია მის მიერ შეცდენილი ადამიანის უბიწოების განახლება ან იმის გაცოცხლება, ვინც მან მოკლა. ნუთუ არ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ამის შესახებ, როცა ვხვდებით ცდუნებას? რამდენად უფრო მადლიერნი შეგვეძლო ვყოფილიყავით იეჰოვას მოწყალების მიმართ, რომელიც მან აღმოგვიჩინა თავისი სამართლიანობით! სინამდვილეში, მადლიერებამ უნდა აღგვძრას მივმართოთ სხვები სამართლიანობისა და პატიების წყაროსაკენ.
13. მხოლოდ როგორი პირობების დროს შეუძლია ცოდვილს მისაღები სახით გახსნას ბაგეები იეჰოვას განსადიდებლად?
13 არცერთ ცოდვილს არ შეუძლია მისაღები სახით გახსნას ბაგეები იეჰოვას განსადიდებლად, ვიდრე ღმერთი მოწყალებით არ გახსნის მათ, რათა ილაპარაკონ იეჰოვას ჭეშმარიტებები. ამიტომაც გალობდა დავითი: „უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას“ (ფსალმუნი 50:17). დავითი იეჰოვასაგან მიღებული პატიების წყალობით გრძნობდა სინდისის შვებას და აღძრული იყო დამნაშავეთათვის ესწავლებინა იეჰოვას გზები და მას თავისუფლად შეეძლო მისი განდიდება. დავითის მსგავსად, ყველა ის პიროვნება, ვისაც მიეტევა ცოდვები, უნდა იყოს მადლიერი იეჰოვას მიერ მათდამი გამოვლენილი დაუმსახურებელი სიკეთის გამო და უნდა ისარგებლონ ყველა შესაძლებლობით, განადიდონ ღმერთის ჭეშმარიტება და „აუწყონ მისი დიდება“ (ფსალმუნი 42:3).
ღმერთისათვის სათნო მსხვერპლები
14. ა) როგორი მსხვერპლი იყო აუცილებელი რჯულის კავშირის თანახმად? ბ) რატომ იქნებოდა არასწორი გვეფიქრა, რომ ჩვენ შეგვიძლია რაიმე კარგი საქმეებით ხანგრძლივი ცოდვის კომპენსირება?
14 დავითმა შეიძინა ღრმა სიბრძნე და ამან აღძრა იგი ეთქვა: „რამეთუ [შენ, იეჰოვა] მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და ყოვლად დასაწველს არ ისურვებ“ (ფსალმუნი 50:18). რჯულის კავშირი მოითხოვდა, რომ ღმერთისათვის მსხვერპლად შეეწირათ ცხოველები, მაგრამ დავითის მიერ ჩადენილი მრუშობისა და მკვლელობის ცოდვები, რომლებიც ისჯებოდა სიკვდილით, ვერ იქნებოდა ასეთი მსხვერპლებით გამოსყიდული. სხვაგვარად ის არ დაიშურებდა არავითარ საშუალებას, რათა იეჰოვასათვის მსხვერპლად შეეწირა ცხოველები. მსხვერპლები უაზრობაა გულწრფელი მონანიების გარეშე. ამიტომ, არასწორი იქნებოდა გვეფიქრა რომ ჩვენ შეგვეძლო ხანგრძლივი ცოდვის კომპენსირება რაიმე კარგი საქმეებით.
15. როგორი პოზიცია აქვს ღმერთისადმი მიძღვნილ ადამიანს, რომელიც მოდრეკილი სულისაა?
15 დავითმა დაუმატა: „შესაწირავი ღმერთისა — სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო“ (ფსალმუნი 50:19). მომნანიებელი ცოდვილის შემთხვევაში ღმერთისათვის მისაღები მსხვერპლია „მოდრეკილი სული“. ასეთ ადამიანს არ აქვს აგრესიული პოზიცია. ღმერთისადმი მიძღვნილი ადამიანის გული, რომელსაც მოდრეკილი სული აქვს, ღრმად არის დამწუხრებული ცოდვის გამო, იგი გახდა თავმდაბლი, იმიტომ რომ განიცადა ღმერთისაგან გაკიცხვა და მასში არის მზადყოფნა გააკეთოს ყველაფერი, რათა კვლავ მოიპოვოს ღმერთის კეთილგანწყობილება. ჩვენ არ შეგვიძლია შევთავაზოთ ღმერთს რაიმე ძვირფასი, სანამ არ მოვინანიებთ ჩვენს ცოდვებს და არ მივცემთ ჩვენს გულს განსაკუთრებული ერთგულებისათვის (ნაუმი 1:2).
16. როგორ უყურებს ღმერთი იმ ადამიანს, რომელიც წუხს თავისი ცოდვის გამო?
16 ღმერთი არ უარყოფს ისეთ მსხვერპლს, როგორიცაა მოდრეკილი და მორჩილი გული. ამიტომ, მიუხედავად ყოველგვარი სიძნელეებისა, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით როგორც ღმერთის ხალხი, მოდით, ნუ მივეცემით სასოწარკვეთილებას, თუ ჩვენ რაიმე სახით წავიბორძიკეთ ცხოვრების გზაზე, რის გამოც ჩვენი გული შეღაღადებს ღმერთს მოწყალებას, მაშინ ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული. მაშინაც კი, თუ ჩვენ ჩავიდენთ მძიმე ცოდვას, მაგრამ ვინანიებთ, იეჰოვა არ უკუაგდებს ჩვენს მოდრეკილ გულს. ის ჩვენ გვაპატიებს იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე და დაგვიბრუნებს თავის კეთილგანწყობილებას (ესაია 57:15; ებრაელთა 4:16; 1 იოანე 2:1). მაგრამ ჩვენი ლოცვები, დავითის ლოცვების მსგავსად, იმის შესახებ უნდა იყოს, რომ ღმერთმა დაგვიბრუნოს თავისი კეთილგანწყობილება და არა იმის შესახებ, რომ გავექცეთ აუცილებელ გაკიცხვას ან გამოსწორებას. ღმერთმა აპატია დავითს, მაგრამ მან ის დასაჯა კიდეც (2 მეფეთა 12:11–14).
ზრუნვა წმინდა თაყვანისმცემლობის შესახებ
17. რა უნდა გააკეთონ ცოდვილებმა გარდა იმისა, რომ ითხოვენ ღმერთისაგან პატიებას?
17 თუ ჩავიდინეთ რაიმე მძიმე ცოდვა, ეს უსათუოდ ძლიერ მოგვდრიკავს და მომნანიებელი გული აღგვძრავვს ვითხოვოთ ღმერთისაგან პატიება. მიუხედავად ამისა, მოდით, სხვებისთვისაც ვილოცოთ. თუმცა, დავითი ელოდა კვლავ როდის შესძლებდა მოსაწონი სახით ღმერთისათვის ეცა თაყვანი, თავის ფსალმუნში მას ეგოისტურად არ დავიწყებია სხვები. მასში ჩართულია იეჰოვასადმი ასეთი ვედრება: „კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა“ (ფსალმუნი 50:20).
18. რატომ ლოცულობდა მომნანიებელი დავითი სიონის შესახებ?
18 დიახ, დავითი მოელოდა, როდის დაუბრუნდებოდა ღმერთის კეთილგანწყობილება. მაგრამ თავმდაბალი ფსალმუნმომღერალი იმის შესახებაც ლოცულობდა, რომ „ღმერთს თავისი სურვილით კეთილი ეყო სიონისათვის“, ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმისთვის, სადაც დავითი ღმერთის ტაძრის აშენებას იმედოვნებდა. დავითის მძიმე ცოდვები მთელ ერს ემუქრებოდა, ვინაიდან ყველა ადამიანი შეიძლება დაზარალებულიყო მეფის მიერ წესრიგის დარღვევის გამო. (შეადარე 2 მეფეთა თავი 24.) მისმა ცოდვებმა არსებითად დამანგრევლად იმოქმედა „იერუსალიმის გალავნებზე“, ასე რომ, ახლა საჭირო იყო აღდგენა.
19. რის შესახებ იქნებოდა მართებული გველოცა, თუ ჩვენ შევცოდეთ, მაგრამ მოგვეტევა?
19 თუ ჩვენ ჩავიდინეთ მძიმე ცოდვა, მაგრამ მივიღეთ ღმერთისაგან პატიება, მაშინ მართებული იქნებოდა გველოცა, რომ მას რაიმე სახით გამოესწორებინა ჩვენი ყოფაქცევით გამოწვეული ნებისმიერი დაზიანება. შესაძლოა, ჩვენ სირცხვილი მივაყენეთ მის წმიდა სახელს, ზიანი — კრებას და მწუხარება ჩვენს ოჯახს. ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას შეუძლია თავისი სახელისათვის მიყენებული ნებისმიერი სირცხვილის ჩამოშორება, თავისი სულიწმიდით კრების გაძლიერება და ჩვენთვის საყვარელი იმ ადამიანების გულთა ნუგეშისცემა, რომლებსაც უყვართ ის და ემსახურებიან მას. რა თქმა უნდა, ცოდვა იყო თუ არა ჩადენილი, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ იეჰოვას სახელის განწმენდასა და მისი ხალხის კეთილდღეობაზე (მათე 6:9).
20. რა პირობებში იქნებოდა იეჰოვასათვის სასურველი ისრაელის მსხვერპლები და შესაწირავები?
20 თუ იეჰოვა აღადგენდა სიონის გალავნებს, კიდევ რა მოხდებოდა? დავითი გალობდა: „მაშინ ისურვებ [შენ, იეჰოვა] სიმართლის შესაწირავებს, ყოვლად დასაწველსა და მთლად დასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს“ (ფსალმუნი 50:21). დავითს მხურვალედ სურდა, რომ მას და მის ხალხს იეჰოვასაგან ჰქონოდა კეთილგანწყობილება, რათა შესძლებოდათ თაყვანი ეცათ მისთვის მისაღები სახით. მაშინ ღმერთისათვის სასურველი იქნებოდა ყოვლად დასაწველები და შესაწირავები. ასე მოხდებოდა, იმიტომ რომ ეს იქნებოდა სამართლიანობის მსხვერპლები, რომლებსაც შესწირავდნენ ღმერთის კეთილგანწყობილების მქონე მიძღვნილი, გულწრფელი და მომნანიებელი მსახურები. იეჰოვას მოწყალებისადმი მადლიერების გამო მის სამსხვერპლოზე ისინი აიტანდნენ ზვარაკებს — საუკუთესო და უძვირფასეს მსხვერპლებს. დღეს ჩვენ იეჰოვას პატივს ვცემთ იმით, რომ ვწირავთ მას ყოველდღე საუკუთესოს რაც გაგვაჩნია. ჩვენს შესაწირავში შედის „ჩვენი ბაგეთა მსხვერპლი“. მოწყალე ღმერთის, იეჰოვასადმი ქების მსხვერპლი (ოსია 14:3; ებრაელთა 13:15).
იეჰოვა ისმენს ჩვენს თხოვნას
21, 22. რა გაკვეთილებს შეიცავს ჩვენს სასარგებლოდ 50-ე ფსალმუნი?
21 50-ე ფსალმუნში დავითის მიერ წარმოთქმული გულწრფელი ლოცვა გვიჩვენებს, რომ რეაგირება უნდა მოვახდინოთ საკუთარ ცოდვაზე, მომნანიებელი სულის გამოვლინებით. ეს ფსალმუნი ასევე შეიცავს ნათელ გაკვეთილებს ჩვენს სასარგებლოდ. მაგალითად, თუ ჩვენ ჩავდივართ ცოდვას, მაგრამ ვამჟღავნებთ მონანიებას, შეგვიძლია ვიყოთ დაიმედებული ღმერთის მოწყალებაზე. მაგრამ, მოდით, იმის შესახებ ვიზრუნოთ, რომ არავითარი სირცხვილი არ მივაყენოთ იეჰოვას სახელს (3–6 მუხლები). დავითის მსგავსად, შეგვიძლია ვევედროთ ჩვენს ზეციერ მამას მოწყალების შესახებ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის საფუძველზე (მუხლი 7). ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანები და ვეძებოთ ღმერთისაგან სიბრძნე (მუხლი 8). თუ შევცოდეთ, მაშინ გვჭირდება ვევედროთ იეჰოვას განწმენდის, სუფთა გულისა და ურყევი სულის შესახებ (9–12 მუხლები).
22 50-ე ფსალმუნიდან ჩვენ ასევე შეგვიძლია დავინახოთ, რომ არასოდეს არ უნდა დავრთოთ თავს ნება გავსასტიკდეთ ცოდვაში. თუ გავაკეთებდით ამას, მაშინ იეჰოვა წაიღებდა ჩვენგან თავის სულიწმიდას ანუ მომქმედ ძალას. მაგრამ როცა გვექნება ღმერთის სული ჩვენ შევძლებთ წარმატებით ვასწავლოთ სხვებს იეჰოვას გზები (13–15 მუხლები). თუ ჩვენ ჩავდივართ ცოდვას, მაგრამ ვინანიებთ, იეჰოვა ნებას დაგვრთავს კვლავაც განვადიდოთ ის, იმიტომ, რომ იეჰოვა არასოდეს ამცირებს მოდრეკილ და მორჩილ გულს (16–19 მუხლები). ეს ფსალმუნი ასევე გვიჩვენებს, რომ ჩვენი ლოცვები არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საკუთარი თავით. პირიქით, უნდა ვილოცოთ ყველა იმ ადამიანის კურთხევისა და სულიერი კეთილდღეობის შესახებ, ვინც ახორციელებს იეჰოვასადმი წმინდა თაყვანისმცემლობას (20,21 მუხლები).
23. რატომ უნდა აღგვძრას 50-ე ფსალმუნმა ვიყოთ ვაჟკაცურნი და ოპტიმისტურნი?
23 დავითის ამ ამაღელვებელმა ფსალმუნმა უნდა აღგვძრას ვიყოთ ვაჟკაცურნი და ოპტიმისტურნი. იგი გვეხმარება გავიგოთ, რომ არ უნდა ვიფიქროთ ისე, თითქოს ყველაფერი დაკარგულია მაშინაც კი, თუ შევცოდეთ. რატომ? იმიტომ რომ, თუ ჩვენ ვინანიებთ, მაშინ იეჰოვას მოწყალებას შეუძლია გვიხსნას სასოწარკვეთილებისაგან. თუ დანაღვლიანებულები ვართ ცოდვის გამო და სავსებით ერთგულნი ვართ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის მიმართ, ის ისმენს ჩვენს სათხოვარს მოწყალების შესახებ. როგორი სანუგეშოა ცოდნა, იმისა, რომ იეჰოვა არ ამცირებს მოდრეკილ გულს!
შენ როგორ უპასუხებდი?
◻ რატომ არის ქრისტიანთათვის აუცილებელი სუფთა გული და ღმერთის სულიწმიდა?
◻ რა შეუძლია ასწავლოს მომნანიებელმა ადამიანმა იეჰოვას კანონის დამრღვევთ?
◻ როგორ უყურებს იეჰოვა მოდრეკილ და მორჩილ გულს?
◻ რა გაკვეთილებს შეიცავს 50-ე ფსალმუნი?
[სურათი 15 გვერდზე]
ლოცულობ თუ არა სულიწმიდის შესახებ და თუ ერიდები მის განაწყენებას?
[სურათი 17 გვერდზე]
იეჰოვას მიერ გამოვლენილი დაუმსახურებელი სიკეთისათვის შენი მადლიერება აჩვენე მისი ჭეშმარიტების უწყებით.