წარმოადგენენ თუ არა იეჰოვას მოწმეები სექტას?
იესო ქრისტეს ბრალს სდებდნენ ლოთობასა და გაუმაძღრობაში, შაბათის დარღვევასა და ცრუ მოწმეობაში, ღმერთის გმობასა და სატანის მაცნედ ყოფნაში. მას, ასევე, ძირგამომთხრელ, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობას აბრალებდნენ (მათე 9:34; 11:19; 12:24; 26:65; იოანე 8:13; 9:16; 19:12).
იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგენის შემდეგ სერიოზული ბრალდების სამიზნე მისი მოწაფეებიც იყვნენ. პირველი საუკუნის ქრისტიანების ერთი ჯგუფი მოწინააღმდეგეებმა წაათრიეს ქალაქის უფროსებთან და ყვიროდნენ: „ეს ქვეყნიერების ამრევ-დამრევები აქაც მოვიდნენ“ (საქმე 17:6). სხვა შემთხვევაში მოციქული პავლე და მისი ამხანაგი სილა მიიყვანეს მთავრებთან და ქალაქ ფილიპეს მოსახლეობის ძლიერ აღშფოთებას აბრალებდნენ (საქმე 16:20).
პავლეს მოგვიანებით ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის იყო ‘საძაგელი სენი და ამბოხების ამტეხი იუდეველებს შორის, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცხოვრობდნენ’ და რომ ის ‘ტაძრის შებღალვას’ ცდილობდა (საქმე 24:5, 6). რომაელ იუდეველთა უფროსმა მამაკაცებმა ზუსტად აღწერეს იესოს მიმდევრების მდგომარეობა შემდეგი სიტყვებით: „რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ მოძღვრების შესახებ ყველგან დაობენ“ (საქმე 28:22).
ნათელია, რომ იესო ქრისტეს მიერ დაფუძნებული ეს ახალი ჯგუფი ზოგიერთს მიაჩნდა უკიდურესი შეხედულებებისა და წეს-ჩვეულებების მქონე რელიგიურ ჯგუფად, რომლის ქცევა განსხვავდებოდა იმ დღეებში საყოველთაოდ აღიარებული საზოგადოებრივი ნორმებისგან. რასაკვირველია, დღეს მრავალი ჩათვლიდა ქრისტიანებს მავნე სექტად. ბრალმდებლები ხშირად საზოგადოების გამოჩენილ და პატივცემულ პიროვნებებს წარმოადგენდნენ, ეს კი, როგორც ჩანს, მათ მტკიცებებს უფრო დამაჯერებელს ხდიდა. იესოსა და მისი მოწაფეების წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს მრავალი ადამიანი უჯერებდა. მაგრამ, როგორც შენ, შესაძლოა, იცი, ყოველი მტკიცება იყო ცრუ! ის ფაქტი, რომ ადამიანები გამოთქვამდნენ მათ, არ ხდიდა ამ ბრალდებებს ჭეშმარიტს.
როგორი ვითარებაა დღეს? მართებულია კი ვილაპარაკოთ იეჰოვას მოწმეებზე, როგორც უკიდურესი შეხედულებებისა და წეს-ჩვეულებების მქონე რელიგიურ ჯგუფზე, რომლის ქცევა განსხვავდება საყოველთაოდ აღიარებული საზოგადოებრივი ნორმებისგან? წარმოადგენენ თუ არა იეჰოვას მოწმეები სექტას?
რას გვიჩვენებენ ფაქტები
ქალაქ სანქტ-პეტერბურგის (რუსეთი) მთავრობის მოხელემ თქვა: „იეჰოვას მოწმეები წარმოგვედგინა, როგორც სიბნელეში მყოფი ფარული სექტა, რომლის წევრები შეუბრალებლად ხოცავენ ბავშვებს და თავს იკლავენ“. მიუხედავად ამისა, რუსეთში მცხოვრები ადამიანები რამდენიმე ხნის წინ უკეთესად გაეცნენ იეჰოვას მოწმეების ნამდვილ ხასიათსა და თვისებებს. საერთაშორისო კონგრესის ჩასატარებლად იეჰოვას მოწმეებთან ერთად მუშაობის შემდეგ იმავე მოხელემ შენიშნა: „ახლა მე ვხედავ ნორმალურ, მომღიმარე ადამიანებს, რომლებიც ზოგიერთ ჩემს ნაცნობზე ბევრად უფრო უკეთესებიც კი არიან. ისინი წარმოადგენენ მშვიდობიან და წყნარ ხალხს და ძლიერ უყვართ ერთმანეთი“. ის აგრძელებს: „მე ნამდვილად არ მესმის, თუ რატომ ლაპარაკობენ ადამიანები მათ შესახებ ასეთ სიცრუეს“.
იეჰოვას მოწმეები არ ატარებენ რიტუალურ შეხვედრებს და თავის თაყვანისმცემლობას არ ასაიდუმლოებენ. მწერალი, ჯულია მიჩელ კორბიტი, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, შენიშნავს: „ჩვეულებრივ, კვირაში რამდენჯერმე სამეფო დარბაზებში შეხვედრისას (მათი შეხვედრების ადგილებს არ ეწოდება ეკლესია), მოწმეები დროის ძირითად ნაწილს უთმობენ ბიბლიის შესწავლასა და განხილვას“. ადგილებს, სადაც ისინი ხვდებიან, გარკვევით აწერია „სამეფო დარბაზი“. შესაკრებლები ღიაა და ყველა დაპატიჟებულია დაესწროს მათ. მოულოდნელ სტუმრებს ძალიან გულთბილად ხვდებიან.
„მოწმეებმა პატიოსანი, თავაზიანი და შრომისმოყვარე ადამიანების რეპუტაცია დაიმსახურეს“, — ამატებს კორბიტი წიგნში „რელიგია ამერიკაში“ (ინგლ.). მრავალი, ვინც არ არის მოწმე, ხალისით აღიარებს, რომ იეჰოვას მოწმეებში არაფერია უცნაური ან ექსცენტრიკული. მათი ქცევა არ განსხვავდება საყოველთაოდ მიღებული საზოგადოებრივი ნორმებისგან. „ბრიტანეთის ახალი ენციკლოპედია“ (ინგლ.) იუწყება, რომ მოწმეები „დაჟინებით მოითხოვენ საკუთარ ქცევაში მაღალზნეობრივი კანონების დაცვას“.
საინფორმაციო ტელეგადაცემაში „60 წუთი“ მოწმეებზე უარყოფითი თვალსაზრისის გამოთქმის საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი სატელევიზიო სადგურის საინფორმაციო და სპეციალური პროგრამების რედაქტორმა მისწერა იეჰოვას მოწმეებს. მან თქვა: „უფრო მეტ ადამიანს რომ ეცხოვრა თქვენი რწმენის თანახმად, ეს ქვეყანა არ იქნებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა იმყოფება. მე ერთი იმ რეპორტიორთაგანი ვარ, რომლებმაც იციან, რომ თქვენი ორგანიზაცია სიყვარულზე და შემოქმედის მიმართ მტკიცე რწმენაზეა დაფუძნებული. მე მინდა იცოდეთ, რომ არიან კორესპონდენტები, რომლებიც არ ფიქრობენ თქვენს შესახებ უარყოფითად“.
საყოველთაოდ ცნობილი რელიგია
სამართლიანია თუ არა ვთქვათ, რომ იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ უკიდურესი შეხედულებების დამცველ პატარა ჯგუფს? გარკვეული აზრით, სხვა რელიგიებთან შედარებით იეჰოვას მოწმეები მცირერიცხოვანნი არიან. მაგრამ, გაიხსენე, რა თქვა იესომ: „ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14).
მიუხედავად ამისა, მოწმეები სულაც არ წარმოადგენენ უკიდურესი წეს-ჩვეულებების მქონე პატარა სექტას. 1993 წლის გაზაფხულზე, მოწმეების მიერ აღნიშნულ დღესასწაულს, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს, დაესწრო 11 მილიონზე მეტი ადამიანი. მაგრამ, რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანი არის მათი ზნეობრივი ხასიათი და სამაგალითო ქცევა, რომელმაც მთელ მსოფლიოში მათ სახელს ქება მოუტანა. რასაკვირველია, ამ ფაქტმა მრავალ ქვეყანაში ხელი შეუწყო მათ აღიარებას, როგორც ცნობილ, უტყუარ რელიგიას.
ყურადღების ღირსია ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპის კომისიის ახალი დადგენილება. მან განაცხადა, რომ მოწმეებმა უნდა ისარგებლონ აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლებით, რომ აქვთ სრული უფლება ილაპარაკონ თავიანთი რწმენის შესახებ და ასევე სხვებსაც ასწავლონ. ძნელად თუ გამოიცემოდა ასეთი დადგენილება, იეჰოვას მოწმეებს ადამიანების ჩათრევის მიზნით მაცდუნებელი და არაეთიკური ხერხები რომ გამოეყენებინათ ან თავიანთი მიმდევრების გონების სამართავად მოხერხებული მეთოდებისთვის რომ მიემართათ.
დედამიწის ზურგზე უამრავი ადამიანია, რომელიც კარგად იცნობს იეჰოვას მოწმეებს. მილიონთაგან იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან მოწმეები და სწავლობენ ან სწავლობდნენ ბიბლიას მოწმეებთან ერთად, ვეკითხებით: თუ ცდილობდნენ ოდესმე თქვენს აზროვნებაზე გავლენის მოხდენას? იყენებდნენ თუ არა მოწმეები გონების მართვისთვის რაიმე ხერხებს? თქვენი გულწრფელი პასუხი უეჭველად იქნება — „არა“. ცხადია, ეს მეთოდები გამოყენებული რომ ყოფილიყო, უამრავი მსხვერპლის არსებობა, რომელიც მათ მოჰყვებოდა, იეჰოვას მოწმეების მიმართ კეთილგანწყობილების ნებისმიერ არგუმენტს უკუაგდებდა.
‘კაცთმოყვარეობით აღვსილნი’
სექტების წევრები ხშირად გამოეყოფიან ოჯახს, მეგობრებს და საერთოდ საზოგადოებრიობასაც კი. რა შეიძლება ითქვას იეჰოვას მოწმეების შესახებ? „მე არ მივეკუთვნები იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას“, — დაწერა ერთმა რეპორტიორმა ჩეხეთის რესპუბლიკიდან. თუმცა, მან დაუმატა: „ნათელია, რომ ისინი [იეჰოვას მოწმეები] უდიდეს ზნეობრივ ძალას ფლობენ. . . ისინი აღიარებენ ხელისუფლებებს, მაგრამ სწამთ, რომ კაცობრიობის ყველა პრობლემის გადაჭრის უნარი შესწევს მხოლოდ ღმერთის სამეფოს. მაგრამ შენიშნეთ: ისინი არ არიან ფანატიკოსები. ისინი კაცთმოყვარეობით აღვსილი ადამიანები არიან“.
ისინი არ ცხოვრობენ ნათესავებისა და სხვა ადამიანთაგან იზოლირებულ თემებში. იეჰოვას მოწმეები აღიარებენ, რომ თავიანთი ოჯახების მიმართ სიყვარული და ზრუნვა — ბიბლიაზე დაფუძნებული პასუხისმგებლობაა. ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ ყველა რასისა და რელიგიის წარმომადგენლებთან. სტიქიური უბედურებების დროს ისინი სწრაფად ეხმაურებიან და სთავაზობენ ექსტრემალურ და სხვა ჰუმანიტარულ დახმარებას.
რაც უფრო მნიშვნელოვანია, მოწმეები ატარებენ შეუდარებელ, აღმზრდელობით პროგრამას. რამდენი რელიგიაა მიზანმიმართულად ორგანიზებული, რომ ინდივიდუალურად მოინახულოს ახლოს მცხოვრები ადამიანები? იეჰოვას მოწმეები აკეთებენ ამას 200-ზე მეტ ქვეყანაში და 200-ზე მეტ ენაზე! ნათელია, იეჰოვას მოწმეები „კაცთმოყვარეობით აღვსილი“ პიროვნებები არიან.
ბიბლიის მიმართ ურყევი ერთგულება
საყოველთაო აღიარების თანახმად, იეჰოვას მოწმეთა მოძღვრებები განსხვავდება ეკლესიის მიერ მოწოდებულ სწავლებათაგან. იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ იეჰოვა არის ყოვლისშემძლე ღმერთი, ხოლო იესო არის მისი ძე და არა სამების ნაწილი. მათ რწმენასთან მჭიდროდ დაკავშირებულია აზრი, რომ მხოლოდ ღმერთის სამეფოს შეუძლია იხსნას ადამიანები ტანჯვისგან. ისინი აფრთხილებენ ადამიანებს ამ ქვეყნიერების გახრწნილი სისტემის მოახლოებული განადგურების შესახებ. ისინი ქადაგებენ ღმერთის განზრახვაზე, დაამყაროს მორჩილ ადამიანთათვის სამოთხე დედამიწაზე. ისინი არ სცემენ თაყვანს ჯვარს და არ ზეიმობენ შობას. მათ სწამთ, რომ სული მოკვდავია და რომ ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი არ არსებობს. ისინი სისხლს არც შეჭამენ, არც გადაისხამენ. ისინი თავს იკავებენ პოლიტიკაში ჩარევისგან და არ მონაწილეობენ ომებში. თუ გიკითხავს ოდესმე საკუთარი თავისთვის, რატომ არის იეჰოვას მოწმეების მოძღვრებები ამდენად განსხვავებული სხვა რელიგიების სწავლებათაგან?
მასაჩუსეტსის (აშშ) გაზეთი „დეილი ჰემპშირ გაზეტ“-ი (ინგლ.) გამოთქვამს აზრს, რომ იეჰოვას მოწმეების მიერ „ბიბლიის ზუსტი განმარტება კრძალავს ბევრ ისეთ მოქმედებას, რომელიც სხვებისთვის ჩვეულებრივად დაშვებულია. . . ისინი ცდილობენ მიყვნენ პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითს და ბიბლიის სიტყვას“. „რელიგიის ენციკლოპედია“ (ინგლ.) აღიარებს: „ყველაფერი, რაც მათ სწამთ დაფუძნებულია ბიბლიაზე. რწმენის თითქმის ყოველ მოძღვრებას ისინი ‘ამტკიცებენ მუხლით’ (ესე იგი, ეყრდნობიან ბიბლიურ ციტატას), რადგან ბიბლიას უდავო ავტორიტეტად თვლიან, რაც ტრადიციას საერთოდ აღარ უტოვებს ადგილს“. წიგნი „რელიგია ამერიკაში“ (ინგლ.) ცხადყოფს: „ეს ჯგუფი ურყევად სწავლობს ბიბლიას, რომლის მოძღვრებები მტკიცდება მასზევე დაფუძნებული მითითებების გულმოდგინედ დამუშავებული სისტემით“.
ვინ არის მათი წინამძღოლი?
ბიბლიის მოძღვრებების მიმართ ზუსტად ასეთი ერთგულების შედეგად იეჰოვას მოწმეთა შორის არ მოიპოვება დღეს არსებული სექტებისთვის დამახასიათებელი თაყვანისცემა და ცოცხალი ლიდერების გაღმერთება. მოწმეები უარყოფენ საერთო წარმოდგენას ადამიანების დაყოფაზე სასულიერო და საერო პირებად. სხვათა შორის, „რელიგიის ენციკლოპედია“ (ინგლ.) იეჰოვას მოწმეების შესახებ გვამცნობს: „სასულიერო წოდება და განსაკუთრებული ტიტულები აკრძალულია“.
იეჰოვას მოწმეები მისდევენ იესო ქრისტეს, როგორც თავის წინამძღოლს და როგორც ქრისტიანული კრების თავს. იესომ თქვა: „დაე ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე, და თქვენ ყველანი ძმები ხართ. არც თქვენი მამა უწოდოთ არავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ, — ზეციერი. დაე ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღოლი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე“ (მათე 23:8-12).
ნათელია, რომ ისევე როგორც იესო არ იყო გაუმაძღარი და ლოთი, ასევე იეჰოვას მოწმეები არ წარმოადგენენ სექტას. აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანთაგან, ვისზეც ცრუ ცნობებმა იესოსა და მისი მოწაფეების შესახებ გავლენა მოახდინა ყველა კი არ ახსენებდა მას ცუდად. ზოგიერთი, შეიძლება, უბრალოდ არასწორად იყო ინფორმირებული. თუ შენ გაქვს კითხვები იეჰოვას მოწმეებისა და მათი რწმენის შესახებ, რატომ არ გაიცნობდი მათ უფრო უკეთესად? სამეფო დარბაზების კარები ფართოდ არის გახსნილი ყველასთვის, ვინც ეძებს ჭეშმარიტებას.
გარდა ამისა, შენ შეგიძლია ისარგებლო მათ მიერ ჩატარებული ზუსტი ბიბლიური შემეცნების გულდასმითი ძიებით და ისწავლო როგორ სცე თაყვანი ღმერთს იესოს სიტყვების თანახმად: „დგება ჟამი, და ახლა არის, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულით და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23).