უგალობეთ იეჰოვას ქებათა ქება
„ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად“ (გამოსვლა 15:1).
1. იეჰოვას რომელი თვისებები და ღირსებები აღგვძრავს განვადიდოთ ის?
ას ორმოცდამეათე ფსალმუნი ცამეტჯერ მოგვიწოდებს, ვადიდოთ იეჰოვა, ანუ იაჰ. ბოლო მუხლი განაცხადებს: „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი [იაჰ, აქ]. ადიდეთ უფალი [იაჰ, აქ]!“ ჩვენ, იეჰოვას მოწმეებმა, ვიცით, რომ იეჰოვა ღირსია, მიიღოს ჩვენგან განდიდება. ის არის უნივერსალური სუვერენი, უზენაესი, მარადისობის მეფე, ჩვენი შემოქმედი, ჩვენი მწყალობელი. ის არის სწორუპოვარი, შეუდარებელი, უბადლო და უებრო აბსოლუტურად ყველაფერში. ის ყოვლისმცოდნეა, ყოვლისშემძლე და სამართლიანობაში სრულყოფილი, ის სიყვარულის განსახიერებაა. ის ყველაზე კეთილია; ის ერთგულია (ლუკა 18:19; გამოცხადება 15:3, 4). განა არ არის ღმერთი ღირსი, მიიღოს ჩვენგან ქება? უეჭველად, ღირსია!
2. რომელი მრავალი საფუძვლის გამო ვამჟღავნებთ მადლიერებას იეჰოვას მიმართ?
2 იეჰოვა ღირსია მიიღოს ჩვენგან არა მხოლოდ თაყვანისცემა და განდიდება, არამედ, ასევე, მადლიერება ყველაფრისთვის, რაც გააკეთა ჩვენთვის. ის გვაძლევს ‘ყველა კეთილ მისაცემელს და ყველა სრულყოფილ ნიჭს’ (იაკობი 1:17). ის არის სიცოცხლის წყარო (ფსალმუნი 35:10). ყველაფერი, რითაც ჩვენ, ადამიანთა მოდგმის წარმომადგენლები, ვტკბებით, მისგან არის, რადგან ის ჩვენი დიდებული შემოქმედია (ესაია 42:5). აგრეთვე, თავისი სულის, ორგანიზაციისა და სიტყვის მეშვეობით ის გვაძლევს მრავალ სულიერ კურთხევას. მან შემოგვწირა თავისი ძე, რომლის გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე გვაპატია ცოდვები (იოანე 3:16). ჩვენ გვაქვს სამეფოს იმედი — ‘ახალი ცის და ახალი დედამიწის, რომლებზეც დამკვიდრდება სიმართლე’ (2 პეტრე 3:13). ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა თანაქრისტიანებთან (რომაელთა 1:11, 12). ჩვენ გვაქვს უპირატესობა და ბედნიერება, ვიყოთ მისი მოწმეები (ესაია 43:10–12). და ასევე, ჩვენ გვაქვს ძვირფასი პრივილეგია, მივმართოთ ლოცვით (მათე 6:9–13). ჭეშმარიტად, ჩვენ გვაქვს მრავალი საფუძველი, რომ გამოვამჟღავნოთ იეჰოვას მიმართ მადლიერება!
როგორ შეგვიძლია განვადიდოთ იეჰოვა
3. როგორ შეგვიძლია ვაქოთ იეჰოვა და გამოვთქვათ ჩვენი მადლიერება?
3 როგორ შეგვიძლია, იეჰოვასადმი მიძღვნილ მსახურებს, განვადიდოთ ის და გამოვთქვათ მადლიერება? ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობის მიღებით: კარდაკარ დამოწმებით, განმეორებითი მონახულებებით, ბიბლიის საშინაო შესწავლის ჩატარებითა და ქუჩაში დამოწმებით. აგრეთვე, ღმერთის განდიდება შეგვიძლია არაფორმალური დამოწმებით ყველგან, სადაც კი გვეძლევა შესაძლებლობა. ამასთანავე, იეჰოვას განდიდება შეგვიძლია პატიოსანი ქცევით, ფაქიზი და წესიერი ჩაცმულობითა და გარეგნობითაც კი. ხშირად იეჰოვას მოწმეებს პატივს სცემენ ასეთი თვისებების გამო. გარდა ამისა, იეჰოვას მიმართ ქება და მადლიერება შეგვიძლია გამოვხატოთ ლოცვით (იხილე პირველი ნეშტთა 29:10–13).
4. რომელია მრავალ შესანიშნავ შესაძლებლობათაგან ერთ-ერთი, რითაც შეგვიძლია განვადიდოთ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა?
4 ამასთანავე, შესანიშნავ შესაძლებლობათაგან ერთ-ერთი, რითაც შეგვიძლია განვადიდოთ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა, არის სამეფოს მელოდიური საგალობლები, რომელთა საშუალებითაც მას და მის ღირსებებს ქებას შევასხამთ. მრავალი მუსიკოსი და კომპოზიტორი ეთანხმება აზრს, რომ ადამიანის ხმა არის ყველაზე შესანიშნავი მუსიკალური ინსტრუმენტი. კლასიკური მუსიკის ავტორები ისწრაფვოდნენ, დაეწერათ ოპერები, რადგან სიმღერის დროს ადამიანის ხმის მოსმენით გრძნობდნენ დიდ კმაყოფილებას.
5. რა მიზეზით უნდა ვეპყრობოდეთ სამეფოს სიმღერებს სერიოზულად?
5 რამდენად უნდა სიამოვნებდეს იეჰოვას ადამიანთა სიმღერის მოსმენა, განსაკუთრებით კი, როდესაც გალობით გამოხატავენ ქებასა და მადლიერებას! ამიტომ, სერიოზულად უნდა ვეპყრობოდეთ სამეფო საგალობლებს სხვადასხვა შეხვედრებზე — კრების შეხვედრებსა და სარაიონო კონგრესებზე, საოლქო, სპეციალურ ერთდღიან და საერთაშორისო კონგრესებზე. ჩვენი საგალობლების წიგნი სავსეა ნამდვილად საუცხოო მელოდიებით, რომელთა სილამაზეს ხშირად აქებენ გარეშე პირები. რაც უფრო შევიგრძნობთ სამეფოს საგალობლების სიღრმეს, მით უფრო მივანიჭებთ სიამოვნებას სხვებს და თვითონაც ვისარგებლებთ.
გალობა იეჰოვას სადიდებლად ბიბლიურ დროში
6. როგორ გამოთქვეს ისრაელებმა მადლიერება, მეწამულ ზღვასთან გათავისუფლებისთვის?
6 ღმერთის სიტყვა მოგვითხრობს, რომ მოსემ და დანარჩენმა ისრაელებმა საზეიმო სიმღერით აღნიშნეს მეწამულ ზღვასთან ფარაონის ჯარისგან გათავისუფლება. მათი სიმღერა იწყებოდა ამ სიტყვებით: „ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი. ჩემი ძალი და დიდებაა უფალი, მხსნელად მყავდა იგი; ჩემი ღმერთია და მას ვაქებ“ (გამოსვლა 15:1, 2). ადვილი წარმოსადგენია, როგორი აღფრთოვანებითა და სიხარულით მღეროდნენ ამ სიტყვებს ისრაელები სასწაულებრივი გათავისუფლების შემდეგ!
7. რომელ სხვა შესანიშნავ მაგალითებს აღწერს ებრაული წერილები, როცა ისრაელები გალობით განადიდებდნენ იეჰოვას?
7 პირველი ნეშტთას 16:1, 4–36-ში მოცემული ცნობის თანახმად ვკითხულობთ: როდესაც დავითმა იერუსალიმში კიდობანი შეიტანა, ხალხი სიმღერითა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრით განადიდებდა იეჰოვას. ეს ნამდვილად სასიხარულო შემთხვევა იყო. ინსტრუმენტალური მუსიკის თანხლებით, გალობა იეჰოვას სადიდებლად ასევე, იყო მეფე სოლომონის მიერ იერუსალიმის ტაძრის მიძღვნის დროს. მეორე ნეშტთას 5:13, 14-ში ვკითხულობთ: „ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ, როცა იქუხა საყვირების და წინწილების ხმამ, უფლის ქებით: რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო. და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა და სამსახურის გაწევა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აღავსო ღვთის სახლი“. რას გვიჩვენებს ყოველივე ეს? იმას, რომ იეჰოვა ისმენდა ამ მელოდიურ ქებას და, ასევე, რომ ის სიამოვნებას ჰგვრიდა მას, რასაც ცხადყოფს სასწაულებრივი ღრუბელი. მოგვიანებით, ნეემიას დღეებში, იერუსალიმის კედლების კურთხევის ზეიმის დროს გალობდა ორი გუნდი (ნეემია 12:27–42).
8. რა გვიჩვენებს, რომ ისრაელები სერიოზულად ეკიდებოდნენ სიმღერას?
8 სინამდვილეში, გალობა ტაძარში თაყვანისცემის იმდენად მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, რომ მუსიკალური აკომპანირებისთვის 4 000 ლევიანი იყო დაყენებული (პირველი ნეშტთა 23:4, 5). მათ უნდა დაეკრათ მომღერლებისთვის. მუსიკა, განსაკუთრებით კი, მომღერლები, თაყვანისცემაში იკავებდნენ მნიშვნელოვან ადგილს არა აუცილებლად კანონის მნიშვნელოვანი საკითხების გადმოსაცემად, არამედ თაყვანისცემისთვის სწორი განწყობილების შესაქმნელად. ის ეხმარებოდა ისრაელებს, აღფრთოვანებით ეცათ თაყვანი იეჰოვასთვის. მიაქციე ყურადღება მომღერლების მზადებასა და დაწვრილებით აღწერას: „უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად, იყო ორასოთხმოცდარვა“ (პირველი ნეშტთა 25:7). მიაქციე ყურადღება, რამდენად სერიოზულად ეკიდებოდნენ გალობას იეჰოვას სადიდებლად. ისინი იყვნენ სიმღერაში განსწავლულნი და თავიანთი საქმის მცოდნენი!
9. რა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სიმღერას ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში?
9 მოდით, დავბრუნდეთ ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში; რას ვხედავთ იქ? თუმცა, გაცემის ღამეს იესოს გონება მრავალი მნიშვნელოვანი საკითხით იყო დაკავებული, მან საჭიროდ ჩათვალა, იეჰოვას სადიდებლად, საგალობელი სიმღერებით დაესრულებინა პასექის დღესასწაული და დაეწესებინა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო (მათე 26:30). აგრეთვე, ვკითხულობთ, რომ „შუაღამის ჟამს“ პავლე და სილა, მას შემდეგ, რაც ცემეს და დააპატიმრეს, „ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი უსმენდნენ მათ“ (საქმე 16:25).
გალობა სადიდებლად — ჩვენი თაყვანისცემის მნიშვნელოვანი ნაწილია
10. რომელი მრავალი მოწოდებაა მოცემული ღმერთის სიტყვაში, განვადიდოთ ის საგალობლებით?
10 იქნებ ფიქრობ, რომ სამეფოს საგალობლები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიანიჭო? თუ ასეა, იქნებ გმართებს კიდევ ერთხელ შეაფასო სადიდებელი საგალობლების საკითხი იმ მნიშვნელოვანი თვალსაზრისით, რომელიც აქვთ იეჰოვა ღმერთს და იესო ქრისტეს? რაოდენ აღსავსეა ღმერთის სიტყვა მრავალი მოწოდებით, განვადიდოთ იეჰოვა და ვუგალობოთ ქებათა ქება! მაგალითად, ესაიას 42:10-ში ვკითხულობთ: „უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, მისი სადიდებელი ქვეყნის კიდეთაგან, ვინც ზღვაში დახვალთ და ყველამ, რაც მას ავსებს, კუნძულებო და მისთა მკვიდრნო!“ (ასევე, იხილე ფსალმუნი 95:1; 97:1).
11. რა გაფრთხილება მოგვცა მოციქულმა პავლემ გალობასთან დაკავშირებით?
11 მოციქულმა პავლემ იცოდა, რომ გალობას შეუძლია აამაღლოს ჩვენი სულიერი განწყობილება, ამიტომ ორჯერ შეგვახსენა ამის შესახებ. ეფესელთა 5:18, 19-ში ვკითხულობთ: „აღივსეთ სულით. ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით და გალობით და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს თქვენს გულებში“. აგრეთვე, კოლასელთა 3:16-ში ნათქვამია: „უფლის სიტყვა უხვად დამკვიდრდეს თქვენში ყოველი სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, სადიდებლით და სასულიერო სიმღერებით, და უმღერეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლით“.
12. რომელი მაგალითი გვაქვს, რომ ჩვენი საგალობლები გვეხმარება, ვასწავლოთ და შთავაგონოთ ერთმანეთს?
12 დაუკვირდი, რომ თითოეულ შემთხვევაში პავლე რამდენჯერმე მოიხსენიებს გალობას, როდესაც მიუთითებს ‘ფსალმუნებს, გალობებს, სულიერ საგალობლებს, თქვენს გულებში ფსალმუნებს’. ამასთანავე, კოლასელთა მიმართ იმავე მოწოდებაში მან თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია ‘ვასწავლოთ და შთავაგონოთ ერთმანეთს’. და როგორც ჩვენი საგალობლების მრავალი სათაურიდან ჩანს, სწორედ ამას ვაკეთებთ: „ყველა ქმნილებავ, ადიდეთ იეჰოვა!“ (ნომერი 5), „იყავით მტკიცენი და შეურყეველნი!“ (ნომერი 10), „იხარეთ სამეფოს იმედით!“ (ნომერი 16), „ნუ გეშინიათ მათი!“ (ნომერი 27), „აქეთ იეჰოვა, ჩვენი ღმერთი!“ (ნომერი 100).
13. როგორ გვიჩვენებს „ერთგული და გონიერი მონა“ საგალობლის მნიშვნელობას, როგორც ჩვენი თაყვანისცემის ნაწილს?
13 ამ მრავალი მოწოდების თანახმად, ‘ერთგულმა და გონიერმა მონამ’ დაამყარა წესრიგი, რომლის მიხედვითაც ჩვენი შეკრებები: კრების შეხვედრები, სარაიონო, საოლქო, სპეციალური ერთდღიანი და საერთაშორისო კონგრესები იხსნება და მთავრდება სამეფოს საგალობლებით (მათე 24:45). ამასთანავე, საგალობლები გათვალისწინებულია შეხვედრების განმავლობაში სხვა დროისთვისაც. რადგანაც ჩვენი შეხვედრები, ჩვეულებრივ, სამეფოს საგალობლით იწყება, განა არ უნდა გავიხადოთ ჩვევად, ვიყოთ პუნქტუალურები და მოვიდეთ ცოტა ადრე, რომ მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი თაყვანისცემის ამ ნაწილში? და რამდენადაც შეხვედრები მთავრდება სიმღერით, განა არ უნდა დავრჩეთ დასკვნით სიმღერასა და ლოცვამდე, რომელიც დაუყოვნებლივ მოჰყვება მას?
14. ჩვენი პროგრამისთვის შესაბამისი საგალობლების ამორჩევის რომელი მაგალითები გვაქვს?
14 ჩვენს შეხვედრებზე საგალობლები ამორჩეულია პროგრამასთან შეთანხმებულად. მაგალითად, 1993 წელს საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით, „ღვთიური სწავლება“, საგალობელი, ნომერი 191, „გაითავისე ჭეშმარიტება“, რომელიც ამხნევებს ქრისტიანებს, იბრძოლონ სატანის, ქვეყნიერებისა და ცოდვილი სხეულის წინააღმდეგ, უშუალოდ მოჰყვებოდა სამ მოხსენებას, რომლებშიც ეს მტრები განიხილებოდა. მსგავსად ამისა, საგალობელი, ნომერი 164, „შვილები — ძვირფასი მემკვიდრეობა უფლისაგან“, რომელიც შეიცავდა მრავალ რჩევა-დარიგებას მშობლებისთვის, თან სდევდა მოხსენებას, რომელშიც ყურადღება გამახვილებული იყო მშობლების მოვალეობაზე, აღზარდონ თავისი შვილები. სიმღერა, ნომერი 70, „იყავი იერემიას მსგავსი“ წინ უძღვებოდა იერემიას წინასწარმეტყველებაზე დამყარებულ მოხსენებათა რიგს. სამეფო მსახურების სხვადასხვა ასპექტების განხილვას კი მოჰყვა მსახურებისკენ აღმძვრელი საგალობელი, ნომერი 156, სახელწოდებით, „მსურს“. ასეთივე მზრუნველობით ამოირჩევა საგალობლები „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის, სამსახურებრივი შეხვედრისა და თეოკრატიული სამსახურის სკოლისთვის. აქედან გამომდინარე, როდესაც უხუცესები გამოდიან საჯარო მოხსენებით და პროგრამის გახსნისთვის საგალობელს აცხადებენ, უნდა ამოარჩიონ ისეთი საგალობელი, რომელიც შეესაბამება მათი გამოსვლის თემას.
15. როგორ შეუძლია კრების თავმჯდომარეს, აღძრას მადლიერება გალობის მიმართ?
15 სიმღერის დაწყებამდე მისი სახელწოდების ან თემის გაცხადებით თავმჯდომარეს შეუძლია გააძლიეროს მადლიერება საგალობლის მიმართ. ჩვენ ვგალობთ არა ნომრის მიხედვით, არამედ წერილებიდან ამოღებული თემების მიხედვით. საგალობლის სათაურის ქვემოთ მოცემული მუხლის მოხსენიება, ასევე, ეხმარება კრებას მეტად დააფასოს ის. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ ყველამ უნდა შეიგრძნოს საგალობლის სული.
იეჰოვას გულკეთილობის მიმართ გალობით გამოამჟღავნე მადლიერება
16. როგორ შეგვიძლია შევიგრძნოთ საგალობლების სული?
16 რადგანაც სამეფოს საგალობლების ტექსტები აღსავსეა მნიშვნელობით, სიმღერის დროს საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ სიტყვებზე. უნდა შევიგრძნოთ ყოველი საგალობლის სული. ზოგიერთი, მაგალითად, სულის ერთ-ერთი ნაყოფის, სიყვარულის გრძნობით არის გამსჭვალული (გალატელთა 5:22). ამ საგალობლებს ვმღერით ღრმა გრძნობითა და გულითადობით. სხვა საგალობლები მხიარულია და უნდა შევეცადოთ ისინი სიხარულით ვიმღეროთ. აგრეთვე, შეიძლება იყოს მარშის სტილში, ენერგიული სიმღერები, რომლებიც უნდა შესრულდეს ენთუზიაზმითა და გაბედულებით. თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მოგვიწოდებენ, ჩვენს გამოსვლებში გამოვამჟღავნოთ სითბო და გულითადობა ისევე, როგორც ენთუზიაზმი. საგალობლებში კი სითბოს, გრძნობებისა და ენთუზიაზმის გამოხატვა უფრო მნიშვნელოვანია.
17. ა) საგალობლების შესრულების გამო, რა მსჯავრდადებას არ ვისურვებდით, რომელიც დაედო ურწმუნო ისრაელებს? ბ) რა მოჰყვება შედეგად, თუ სერიოზულად ვეპყრობით საგალობლებში მოცემულ შეგონებას?
17 თუ სამეფოს საგალობლების შესრულების დროს ჩვენი გონება დაკავებულია სხვა ფიქრებით და მთლიანად არ ვაფასებთ სიტყვების მნიშვნელობას, გარკვეულწილად არ ვემსგავსებით კი ურწმუნო ისრაელებს, მსჯავრდადებულებს იმისთვის, რომ პატივს სცემდნენ ღმერთს ბაგეებით, გულით კი შორს იყვნენ მისგან? (მათე 15:8). ჩვენ არ გვსურს, ვიყოთ მსჯავრდადებულნი სამეფოს საგალობლების ასეთი შესრულებისთვის, ხომ ასეა? სამეფო საგალობლების ღირსეული შესრულებით წავახალისებთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ, ახალგაზრდების ჩათვლით, ჩვენს გარშემო მსხდომ ადამიანებსაც. დიახ, თუ სამეფო დარბაზებში საგალობლების ყველა შემსრულებელი სერიოზულად მოეკიდება მათში ჩადებულ შეგონებას, ეს ძლიერ გაამხნევებს, იმსახურონ გულმოდგინედ და თავი აარიდონ არასწორი მოქმედებების მახეს.
18. როგორი შთაბეჭდილება მოახდინა, სამეფო საგალობლების შესრულებამ, ერთ ქალზე?
18 კვლავ და კვლავ სამეფოს საგალობლების შესრულება ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს გარეშეებზე. ერთხელ „საგუშაგო კოშკმა“ ამის შესახებ მოიხსენია: «ის, რომ [ჩვენი] გალობა, ასევე, ემსახურება მრავალ ადამიანთან იეჰოვა ღმერთის შესახებ შემეცნების მიტანას, ჩანს ერთი ქალის შემთხვევიდან, რომელიც მოინათლა 1973 წელს, ქალაქ ნიუ-იორკში, იანკის სტადიონზე გამართულ კონგრესზე, სახელწოდებით, „ღვთიური გამარჯვება“. სამეფო დარბაზში პირველად მოსვლის დროს ის ორივე შეხვედრას დაესწრო. როდესაც კრება მღეროდა. . . საგალობელს „თვალი არ მოწყვიტო ჯილდოს!“ სიტყვებმა და შესრულებამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ გადაწყვიტა — ეს იყო ადგილი, სადაც სურდა ყოფილიყო. შემდეგ, მიუახლოვდა ერთ-ერთ მოწმეს და სთხოვა, დაეწყოთ მასთან ბიბლიის შესწავლა, მან წარმატებებს მიაღწია შემეცნებაში და გახდა იეჰოვას ქრისტიანი მოწმე».
19. რომელი საბოლოო გამხნევება გვეძლევა, ვიმღეროთ სამეფო საგალობლები მთელი გულით?
19 უმეტესწილად, ჩვენს შეხვედრებზე დამსწრეებს შედარებით მცირე შესაძლებლობა აქვთ, გამოხატონ თავისი გრძნობები და მადლიერება. მაგრამ, ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია გამოხატოს გრძნობები იეჰოვას გულკეთილობის მიმართ იმით, რომ შეუერთდება სამეფოს საგალობლების შესრულებას. გარდა ამისა, განა არა ვართ კარგ განწყობაზე შეხვედრების დროს? ამიტომ, ჩვენ უნდა ვიგალობოთ! (იაკობი 5:13). ნამდვილად, რაც უფრო ვაფასებთ იეჰოვას გულკეთილობასა და მის დაუმსახურებელ სიკეთეს, მით უფრო მთელი სულით ვიგალობებთ მის სადიდებლად.
როგორ უპასუხებდი?
□ რომელი ორი ძირითადი საფუძვლის გამო ვადიდებთ იეჰოვას?
□ როგორ შეგვიძლია ვაქოთ იეჰოვა და გამოვთქვათ ჩვენი მადლიერება?
□ რომელია მრავალ შესანიშნავ შესაძლებლობათაგან ერთ-ერთი, რომლითაც შეგვიძლია განვადიდოთ იეჰოვა?
□ რომელი მაგალითებია მოცემული წმინდა წერილებში, საგალობლებით იეჰოვას განდიდების შესახებ?
□ როგორ შეგვიძლია ღირსეულად შევასრულოთ სამეფოს საგალობლები?
[ჩარჩო მე-7 გვერდზე]
დატკბით ამ საგალობლებით!
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთს უჭირს ისწავლოს საგალობლების გარკვეული რიცხვი. მაგრამ, ზოგ კრებას არა აქვს განსაკუთრებული პრობლემა საგალობლების უმეტესი ნაწილის შესრულებასთან. შესაძლოა, საჭიროა მხოლოდ მეტი ძალისხმევა, რომ შეისწავლო ის, რაც უცნობია. ხშირად, ერთხელ შესწავლილს კრება უფრო აფასებს, ვიდრე იმ საგალობლებს, რომლებიც არ მოითხოვდნენ ძალისხმევას. ამის შემდეგ ყველას, ვინც ესწრება კრებას, შეუძლია გაბედულად იმღეროს. დიახ, მათ შეუძლიათ დატკბნენ ამ საგალობლებით!
[ჩარჩო მე-11 გვერდზე]
იმღერეთ სამეფოს საგალობლები ერთად შეკრების დროს
ჩვენი სამეფო საგალობლების შესრულება არ უნდა იყოს შემოფარგლული სამეფო დარბაზით. პავლე და სილა ციხეში გალობდნენ იეჰოვას სადიდებლად (საქმე 16:25). აგრეთვე, მოსწავლემ, იაკობმა, თქვა: „ვისაც უხარია, იგალობოს [იგალობოს ღმერთის სადიდებლად, აქ, სქოლიო] (იაკობი 5:13). ერთად შეკრების დროს, ყველა კარგ განწყობაზეა. ამიტომ, რატომ არ ვიმღეროთ სამეფოს საგალობლები? განსაკუთრებული აღფრთოვანება შეიძლება გამოიწვიოს აკომპანირებამ პიანინოზე ან გიტარაზე. გარდა ამისა, არსებობს კასეტები სამეფოს საგალობლების ჩანაწერებით; მოწმეთა მრავალ ოჯახს აქვს ამ კასეტების ალბომი. ის ემსახურება არა მხოლოდ სიმღერის აკომპანირებას, არამედ, ასევე შესანიშნავია, როგორც მუსიკალური ფონი.
[სურათი მე-7, 8 გვერდებზე]
მეწამულ ზღვასთან გათავისუფლების შემდეგ ისრაელებმა თავისი სიხარული საგალობელში გამოხატეს.
[სურათი მე-10 გვერდზე]
სიხარულით აღსავსე საგალობელი დღეს ქრისტიანული თაყვანისცემის ნაწილია.