იესოს სასწაულები — ისტორია თუ მითი?
„ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით“ (მათე 14:25).
დედამიწაზე მილიონობით მცხოვრებთათვის რწმენა იმის მიმართ, რომ იესო სასწაულებს ახდენდა, თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რწმენა თვით ღმერთის მიმართ. სახარების მწერლები — მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე — იესოს სასწაულების დაახლოებით 35 შემთხვევას აღწერენ. მაგრამ მათი მოთხრობებიდან ჩანს, რომ ის ბევრად უფრო მეტ ზებუნებრივ საქმეებს ასრულებდა (მათე 9:35; ლუკა 9:11).
იესო არ ახდენდა სასწაულებს გართობის მიზნით. ეს სასწაულები მოწმობდა იესოს მტკიცების უტყუარობაზე, რომ ის იყო ღმერთის ძე, დიდი ხნის ნანატრი მესია (იოანე 14:11). მოსემ მოახდინა სასწაულებრივი ნიშნები, როცა წარდგა მონობაში მყოფი ისრაელი ერის წინაშე (გამოსვლა 4:1–9). ლოგიკურია, რომ მესიისგან, რომლის შესახებაც ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მოსეზე დიდებული იქნებოდა, მოსალოდნელი იყო ღმერთის დახმარებით რამდენიმე ნიშნის ჩვენება (მეორე რჯული 18:15). ამრიგად, ბიბლია იესოს უწოდებს, ‘კაცს, დამტკიცებულს ღვთისაგან [იუდეველთათვის] ძალით, სასწაულებით და ნიშნებით’ (საქმეები 2:22).
წარსულში, ადამიანებმა, უმრავლეს შემთხვევაში, ეჭვის გარეშე მიიღეს იესოს ბიბლიური აღწერილობა, როგორც პიროვნების, რომელიც სასწაულებს ახდენდა. მაგრამ ბოლო ათწლეულებში, სახარების ცნობები კრიტიკოსების საპაექრო ცეცხლში მოხვდა. თავის წიგნში „ბიბლიის ტყუილები და მითები“ (Deceptions and Myths of the Bible) ლოიდ გრემი მოიხსენიებს ბიბლიურ ცნობას იესოს შესახებ, როცა მან წყალზე გაიარა და თავის მსჯელობებში ისე შორს მიდის, რომ ასეთ აზრსაც კი გამოთქვამს: „დიდი უვიცობაა ირწმუნო ეს შემთხვევა პირდაპირი გაგებით, მაგრამ მილიონებს ზუსტად ასე სწამს ის. და ამის შემდეგ გვიკვირს, თუ რა ემართება ჩვენს მსოფლიოს. ნუთუ ასეთი უცოდინარობისგან უკეთეს ქვეყანას ელოდებით? “
შეუძლებელია?
მაგრამ ასეთი კრიტიკა არ არის გონივრული. „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, განმარტავს, რომ სასწაული არის „ბუნების კანონებით აუხსნელი . . . მოვლენა“. ამ განმარტების საფუძველზე, ფერადი ტელევიზორი, დისტანციური ტელეფონი ან პორტატიული კომპიუტერი, სულ ცოტა, ერთი საუკუნის წინ სასწაულად ჩაითვლებოდა! ნუთუ გონივრულია ვიყოთ დოგმატურები და ვუწოდოთ რამეს შეუძლებელი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეგვიძლია მისი ახსნა თანამედროვე მეცნიერული შემეცნების თანახმად?
არსებობს კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც განხილვის ღირსია: ძველ ბერძნულ ენაში, რომელზეც დაიწერა „ახალი აღთქმა“, სიტყვა ‘სასწაულისთვის’ გამოყენებული იყო სიტყვა „დიʹნა·მის“, რომლის ძირითადი მნიშვნელობა არის „ძალა“. აგრეთვე ის გადაითარგმნა, როგორც „სასწაულმოქმედება“ ან ‘უნარი’ (ლუკა 6:19; 1 კორინთელთა 12:10; მათე 25:15). ბიბლია აცხადებს, რომ იესოს სასწაულები იყო „ღმერთის დიდებული ძალის“ გამოვლენა (ლუკა 9:43, აქ). იქნებოდა კი ასეთი საქმეები შეუძლებელი ყოვლისშემძლე ღმერთისთვის — პიროვნებისთვის, რომელსაც აქვს „დიდძალი დინამიკური ენერგია“ (ესაია 40:26, აქ).
უტყუარობის მტკიცება
ოთხი სახარების დაწვრილებით გამოკვლევა გვაძლევს მათი უტყუარობის შემდეგ მტკიცებას. უპირველეს ყოვლისა, ეს ცნობები შესამჩნევად განსხვავდება თქმულებებისა და ლეგენდებისგან. მაგალითად, განიხილე ცრუ ამბები, რომელიც იესოს შესახებ, მისი სიკვდილის შემდეგ მომდევნო საუკუნეებში გავრცელდა. არაკანონიკურ წიგნში, „თომას სახარება“, ნათქვამია: «როცა ეს ბიჭი, იესო, ხუთი წლის იყო. . . სოფლის გზაზე მიდიოდა, ხოლო ერთი ბიჭი მორბოდა და მხარი გაჰკრა. იესო გამოვიდა მოთმინებიდან და უთხრა მას: „შენ ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამ აქედან“ და ბავშვი მაშინვე დაეცა და მოკვდა». არ არის რთული იმის დანახვა, რომ ეს ამბავი გამოგონილია. უფრო მეტიც, აქ აღწერილი ჭირვეული, გულფიცხი ბავშვი არ ჰგავს ბიბლიურ იესოს (დაუპირისპირე ლუკას 2:51, 52).
ახლა კი განიხილე ნამდვილი სახარების ცნობები. მათში არც გაზვიადებაა, არც ტყუილის ნატამალი. იესო სასწაულებს ახდენდა ნამდვილი საჭიროების შემთხვევაში და არა უბრალო კაპრიზის დასაკმაყოფილებლად (მარკოზი 10:46–52). იესო არასდროს იყენებდა თავის ძალებს პირადი ინტერესებისთვის (მათე 4:2–4). და ის არასდროს იყენებდა მათ თავის მოსაჩვენებლად. სინამდვილეში, როცა ცნობისმოყვარე მეფე ჰეროდეს სურდა, რომ იესოს ‘სასწაული’ მოეხდინა, იესო „არაფერს პასუხობდა მას“ (ლუკა 23:8, 9).
ასევე, იესოს სასწაულები ძირფესვიანად განსხვავდება პროფესიული ილუზიონისტების, ჯადოქრებისა და რწმენით მკურნალების საქმეებისგან. მისი მძლავრი საქმეები ყოველთვის განადიდებდა ღმერთს (იოანე 9:3; 11:1–4). მის სასწაულებში არ იყო ემოციური რიტუალები, ჯადოქრული შელოცვები, მოსაჩვენებელი სანახაობები, ეშმაკობა და ჰიპნოტიზმი. როცა იესო შემთხვევით შეხვდა ბრმა მათხოვარს, სახელად ბარტიმეოსს, რომელიც ყვიროდა: ‘რაბუნი, თვალი ამიხილე’, იესომ უბრალოდ უთხრა: «„წადი, შენმა რწმენამ გიხსნა.“ და მას მყისვე აეხილა თვალი» (მარკოზი 10:46–52).
სახარების ჩანაწერები გვიჩვენებს, რომ მძლავრი საქმეების მოხდენისას იესო არ იყენებდა ისეთ დამხმარე საშუალებებს, როგორიცაა სპეციალურად დაგეგმილი ინსცენირება ან ტექნიკური ხრიკებისთვის გაშუქება. ის ახდენდა მათ სახალხოდ, ხშირად, უთვალავი თვითმხილველის წინაშე (მარკოზი 5:24–29; ლუკა 7:11–15). თანამედროვე რწმენით მკურნალებისგან განსხვავებით, განკურნების მისი მცდელობები მარცხით არასდროს მთავრდებოდა იმის გამო, რომ ზოგიერთ ავადმყოფს შესაძლოა ნაკლები რწმენა ჰქონდა. მათეს 8:16-ში ნათქვამია: „მან. . . ყველა სნეული განკურნა“.
თავის წიგნში, «„მრავალი უდავო მტკიცება“: ქრისტიანობის ფაქტები» (“Many Infallible Proofs:“ The Evidences of Cristianity), სწავლული ართურ პირსონი ქრისტეს სასწაულების შესახებ ამბობს: „მათი რიცხვი, მის მიერ გამოწვეული მრავალი მკურნალობის წამიერი და სრული ხასიათი, გარდა ამისა ფაქტი, რომ არასდროს განუცდია მარცხი მკვდრების აღდგენის შემთხვევაშიც კი, უსასრულოდ აშორებს ამ სასწაულებს თანამედროვე საუკუნის ან ნებისმიერი სხვა საუკუნის თვალთმაქცური სენსაციებისგან“.
დადასტურება ქვეყნიერების მხრიდან
პირსონი გვთავაზობს სახარების ცნობების კიდევ ერთ მხარდამჭერ არგუმენტს, როცა ამბობს: „საღვთო წერილში მოხსენიებული სასწაულების მტკიცებებიდან არ არსებობს მტრების დუმილზე უფრო მეტად შესანიშნავი დადასტურება“. იუდეველ წინამძღოლებს საკმარისზე მეტი საბაბი ჰქონდათ იესოს ავტორიტეტის შესარყევად, მაგრამ მისი სასწაულები ისე კარგად იყო ცნობილი, რომ მოწინააღმდეგეები ვერ ბედავდნენ მათ უარყოფას. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ, იყო ის, რომ ასეთი მოქმედება დემონური ძალებისთვის მიეკუთვნებინათ (მათე 12:22–24). იესოს სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგ, იუდაური თალმუდის მწერლებმა გააგრძელეს იესოსთვის სასწაულებრივი ძალების მიწერა. წიგნში, „იუდაური გამოთქმები იესოს შესახებ“ (Jewish Expressions on Jesus), ნათქვამია, რომ მათ უარყვეს იესო, როგორც პიროვნება, რომელიც „ჯადოქრობას ეწეოდა“. გააკეთებდნენ კი ასეთ შენიშვნას, თუ პატარა შესაძლებლობა მაინც ექნებოდათ იმის დასაშვებად, რომ იესოს სასწაულები მხოლოდ მითი იყო?
შემდეგ დამამტკიცებელ ფაქტს გვაძლევს საეკლესიო ისტორიკოსი ევსები. თავის წიგნში „ეკლესიის ისტორია ქრისტედან კონსტანტინემდე“ (The History of the Church From Christ to Constantine) ის ციტირებს ვინმე კვადრატუსს, რომელმაც ქრისტიანობის დასაცავად გაუგზავნა წერილი იმპერატორს. კვადრატუსი წერდა: „ჩვენი მხსნელის საქმეები ყოველთვის თვალსაჩინო იყო, რადგან ეს საქმეები ჭეშმარიტი იყო — განკურნებულ და მკვდრეთით აღდგენილ ადამიანებს ჩვენ ვხედავდით არა მხოლოდ განკურნებისა და აღდგენის მომენტში, არამედ ყოველთვის; არა მხოლოდ მაშინ, როცა მხსნელი ჩვენს შორის იყო, არამედ მისი წასვლიდან დიდი ხნის შემდეგაც; სინამდვილეში, ზოგიერთი მათგანი თვით დღემდე ცოცხალია“. სწავლულმა უილიამ ბარკლეიმ შენიშნა: „კვადრატუსი ამბობს, რომ თვით მის დროს მცხოვრები მამაკაცები, რომლებზეც შესრულდა სასწაულები, ნამდვილ მტკიცებას წარმოადგენდნენ. ეს ამბავი ჭეშმარიტი რომ არ ყოფილიყო, რომის მთავრობას არ გაუჭირდებოდა მასზე სიცრუის დაღის დასმა“.
იესოს სასწაულებისადმი რწმენა არის გონივრული, მიზანშეწონილი და სინამდვილესთან სრულიად შეთანხმებული. და მაინც იესოს სასწაულები არ არის მკვდარი ისტორია. ებრაელთა 13:8 გვახსენებს: „იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს, და უკუნისამდეც“. დიახ, დღეს ზეცაში ის ცოცხალია და უფრო გრანდიოზულად შეუძლია სასწაულებრივი ძალების გამოყენება, ვიდრე მაშინ, როცა დედამიწაზე ადამიანად იყო. გარდა ამისა, მისი სასწაულების შესახებ სახარების ცნობები 1) დღეს ქრისტიანებს პრაქტიკულ გაკვეთილებს აძლევენ, 2) უჩვენებენ იესოს პიროვნების მომხიბლავ მხარეებს და 3) მიუთითებენ ახლო მომავალზე, როცა კიდევ უფრო ეფექტურ მოვლენებს ექნება ადგილი!
მომდევნო სტატია ყურადღებას გაამახვილებს ბიბლიის სამ კარგად ცნობილ ცნობაზე, რომელიც განმარტავს ამ საკითხებს.