„ყოველდღე“ ჩვენი მიძღვნის თანახმად ცხოვრება
„თუ ვინმეს უნდა გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს [წამების ძელს, აქ] და მომყვებოდეს“ (ლუკა 9:23).
1. როგორც ქრისტიანებს, რომელი საშუალებით შეგვიძლია დავადგინოთ ჩვენი წარმატება?
„ნამდვილად ვიყავით თუ არა ჩვენი საქმისადმი მიძღვნილები?“ ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის ჯონ ფ. კენედის სიტყვების თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი მაღალი თანამდებობის პირთა წარმატების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს. კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობით ეს კითხვა მოემსახურებოდა ჩვენი, როგორც ქრისტიანი მსახურების წარმატების შემოწმებას.
2. როგორ განმარტავს ერთ-ერთი ლექსიკონი სიტყვა „მიძღვნას“?
2 მაგრამ რა არის მიძღვნა? „უებსტერის ახალი ლექსიკონის მეცხრე გამოცემა“ (Webster’s Ninth New Collegiate Dictionary) განმარტავს მას, როგორც „ღვთაებრივი არსებისადმი ან წმინდა სამსახურისადმი მიძღვნის აქტს ან რიტუალს“, „განსაკუთრებული მიზნისთვის მიძღვნას ან განკუთვნებას“, „თავგანწირვას“. როგორც ჩანს, ჯონ ფ. კენედი ამ სიტყვას „თავგანწირვის“ მნიშვნელობით იყენებდა. ხოლო ქრისტიანებისთვის მიძღვნა ბევრად უფრო მეტს ნიშნავს.
3. რა არის ქრისტიანული მიძღვნა?
3 იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი [წამების ძელი, აქ] და გამომყვეს [ყოველთვის მომყვებოდეს, აქ]“ (მათე 16:24). ღმერთისადმი მისი ნების შესასრულებლად მიძღვნა არ ნიშნავს, უბრალოდ, თაყვანისცემის ერთი აქტის შესრულებას კვირაობით ან მაშინ, როცა თაყვანისცემის ადგილზე იმყოფები. ის მთლიანად მოიცავს პიროვნების ცხოვრების წესს. იყო ქრისტიანი, ნიშნავს, უარყო საკუთარი თავი და ემსახურო ღმერთს, რომელსაც იესო ქრისტე ემსახურებოდა — იეჰოვას. გარდა ამისა, როცა ქრისტიანი ინარჩუნებს სიმტკიცეს ნებისმიერი ტანჯვის დროს, რომელსაც ქრისტეს მიმდევრობის გამო ექვემდებარება, ის თავის „წამების ძელს“ ატარებს.
სრულყოფილი მაგალითი
4. რას ასიმბოლოებდა იესოს ნათლობა?
4 დედამიწაზე ყოფნისას, იესომ აჩვენა, თუ რას შეიცავს იეჰოვასადმი მიძღვნა. თავისი გრძნობები მან ასე გამოხატა: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე“. შემდეგ დაუმატა: „აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო“ (ებრაელთა 10:5–7). როგორც მიძღვნილი ერის წევრი, ის დაბადებიდან იყო იეჰოვასადმი მიძღვნილი. მიუხედავად ამისა, დედამიწაზე მსახურების დასაწყისში მან წარადგინა საკუთარი თავი მოსანათლად იმის ნიშნად, რომ მზად იყო იეჰოვას ნების შესასრულებლად, რაც მისთვის საკუთარი სიცოცხლის გამომსყიდველურ მსხვერპლად შეწირვას ნიშნავდა. ამრიგად, მან დაუტოვა ქრისტიანებს მაგალითი, აკეთონ ყველაფერი, რაც სურს იეჰოვას.
5. როგორ გამოხატა იესომ სამაგალითო თვალსაზრისი მატერიალური საგნების შესახებ?
5 მონათვლის შემდეგ იესომ დაიწყო ცხოვრება, რომელიც საბოლოოდ მისი მსხვერპლად შეწირვით დასრულდა. მას არ აინტერესებდა ფულის შოვნა ან იოლი ცხოვრება. პირიქით, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მსახურება. ის შეაგონებდა თავის მოციქულებს, ‘უწინარეს ეძიათ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე’ და თვითონაც ამ სიტყვების თანახმად ცხოვრობდა (მათე 6:33). ერთხელ მან ასეთი სიტყვებიც კი თქვა: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ — ბუდეები. კაცის ძეს კი არ გააჩნია, სად მიიდრიკოს თავი“ (მათე 8:20). მას შეეძლო თავისი სწავლებების გამოყენება მიმდევრებისგან ფულის გამოძალვის მიზნით. რადგან დურგალი იყო, მას შეეძლო დროის გამოყოფა ლამაზი ავეჯის გასაკეთებლად და გასაყიდად, რის შედეგადაც ვერცხლის რამდენიმე ზედმეტი მონეტა ექნებოდა. მაგრამ მას არ გამოუყენებია თავისი ხელობა მატერიალური კეთილდღეობის ძიებისთვის. როგორც ღმერთის მიძღვნილი მსახურები, ვბაძავთ თუ არა იესოს იმით, რომ სწორი თვალსაზრისი გვაქვს მატერიალურ საგნებზე? (მათე 6:24–34).
6. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს იმაში, რომ ვიყოთ ღმერთისადმი მიძღვნილი, თავგანწირული მსახურები?
6 ღმერთისადმი მსახურების პირველ ადგილზე დაყენებით იესო არ ეძებდა საკუთარ ინტერესებს. მისი ცხოვრება, რომლის სამწელიწად-ნახევარი მსახურებაში გაატარა, თავგანწირული იყო. ერთხელ, დატვირთული დღის შემდეგ იესომ სადილისთვისაც კი არ გამოყო დრო, რადგან სურდა, ესწავლებინა ადამიანებისთვის, რომლებიც „დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:36; მარკოზი 6:31–34). თუმცა „გზით დაქანცული“ იყო, მან პირველმა დაუწყო ლაპარაკი სამარიელ ქალს, რომელიც სიქარში მდებარე იაკობის ჭასთან მივიდა (იოანე 4:6, 7, 13–15). საკუთარ თავზე წინ ის ყოველთვის სხვების კეთილდღეობას აყენებდა (იოანე 11:5–15). ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს იმით, რომ ღმერთისა და სხვებისადმი მსახურებისთვის დიდსულოვნად შევწირავთ საკუთარ ინტერესებს (იოანე 6:38). ჩვენ ვიცხოვრებთ ჩვენი მიძღვნის თანახმად, თუ მხოლოდ საჭირო მინიმუმის შესრულების გარდა, ვიფიქრებთ, ნამდვილად როგორ ვასიამოვნოთ ღმერთს.
7. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს ყოველთვის იეჰოვასადმი პატივის მიგებაში?
7 როცა ადამიანებს ეხმარებოდა, იესო არცერთ შემთხვევაში არ ცდილობდა ყურადღების თავისკენ მიპყრობას. ის ღმერთისადმი იყო მიძღვნილი, რათა მისი ნება შეესრულებინა. ამიტომ ის ყოველთვის ცდილობდა, რომ დიდება ყოველი შესრულებული საქმისთვის მიეღო იეჰოვას, თავის მამას. როცა ერთ-ერთმა მთავარმა მიმართა მას, როგორც ‘კეთილ მოძღვარს’ და ტიტულად სიტყვა „კეთილი“ გამოიყენა, იესომ შეასწორა მისი ნათქვამი: „არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღვთისა“ (ლუკა 18:18, 19; იოანე 5:19, 30). იესოს მსგავსად, მაშინვე წარვმართავთ თუ არა ჩვენსკენ მომართულ პატივს იეჰოვასკენ?
8. ა) როგორც მიძღვნილი მამაკაცი, როგორ გამოეყო იესო ქვეყნიერებას? ბ) როგორ უნდა მივბაძოთ მას?
8 დედამიწაზე თავისი მიძღვნილი ცხოვრების განმავლობაში იესომ ცხადყო, რომ ღმერთისადმი მსახურებისთვის იყო განკუთვნილი. ის წმინდად ინახავდა თავს და ამიტომ მას, როგორც ‘უბიწო და უმანკო კრავს’ შეეძლო, შეეთავაზებინა თავი გამომსყიდველურ მსხვერპლად (1 პეტრე 1:19; ებრაელთა 7:26). ის იცავდა მოსეს რჯულის ყველა მცნებას და ამრიგად ასრულებდა მას (მათე 5:17; 2 კორინთელთა 1:20). ის ცხოვრობდა ზნეობრივ ნორმებზე დაფუძნებული თავისი სწავლებების თანახმად (მათე 5:27, 28). არავის შეეძლო სამართლიანად დაედანაშაულებინა იესო ცუდ მოტივებში. ნამდვილად, მან ‘შეიძულა ურჯულოება’ (ებრაელთა 1:9). როგორც ღმერთის მონებმა, მოდი, მივბაძოთ იესოს იმით, რომ იეჰოვას თვალში წმინდად შევინახოთ ჩვენი ცხოვრება და მოტივებიც კი.
გამაფრთხილებელი მაგალითები
9. რომელ გამაფრთხილებელ მაგალითზე მიუთითებდა პავლე და რატომ უნდა განვიხილოთ ეს მაგალითი?
9 იესოს მაგალითის საპირისპიროდ, ჩვენ გვაქვს ისრაელების გამაფრთხილებელი მაგალითი. საკუთარი დანაპირების შემდეგაც კი, რომ შეასრულებდნენ ყოველივეს, რასაც იეჰოვა ეტყოდა, ისინი არ ასრულებდნენ მის ნებას (დანიელი 9:11). მოციქული პავლე ურჩევდა ქრისტიანებს, ესწავლათ ისრაელების შემთხვევიდან. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა, რომლების შესახებაც პავლემ შეატყობინა კორინთელებს თავის პირველ წერილში და ვნახოთ, რომელ მახეებს უნდა მოერიდონ ჩვენს დროში ღმერთისადმი მიძღვნილი მსახურები (1 კორინთელთა 10:1–6, 11).
10. ა) როგორ ‘შენატროდნენ ბოროტს’ ისრაელები? ბ) რატომ იყვნენ ისრაელები უფრო პასუხისმგებლები, როცა მეორედ დრტვინავდნენ საკვების შესახებ და რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ გამაფრთხილებელი მაგალითიდან?
10 უპირველეს ყოვლისა, პავლე გვაფრთხილებდა „არ შევნატროდეთ ბოროტს“ (1 კორინთელთა 10:6). ამან შეიძლება გაგვახსენოს ისრაელების შემთხვევა, როცა ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ საჭმელად მხოლოდ მანანა ჰქონდათ. იეჰოვამ მოუვლინა მათ მწყერი. დაახლოებით ერთი წლით ადრე, ისრაელების მიერ იეჰოვასადმი თავიანთი მიძღვნის გამოცხადებამდე, მსგავსი შემთხვევა მოხდა სინის უდაბნოში (გამოსვლა 16:1–3, აქ, 12, 13). მაგრამ მდგომარეობა ცოტა განსხვავებული იყო. როცა იეჰოვამ პირველად უზრუნველყო მწყრით, მან არ აგებინა პასუხი მათი დრტვინვისთვის. ამ შემთხვევაში კი მდგომარეობა შეიცვალა. „ჯერაც კბილებში ჰქონდათ ხორცი, შეჭმა ვერ მოასწრეს, რომ აღინთო უფლის რისხვა ხალხზე და მუსრი გაავლო უფალმა ხალხს“ (რიცხვნი 11:4–6, 31–34). რა შეიცვალა? როგორც მიძღვნილ ერს, ახლა მათ მოეთხოვებოდათ პასუხი. უმადურობამ ყოველივე იმისთვის, რითაც იეჰოვამ უზრუნველყო, გამოიწვია იეჰოვას წინააღმდეგ ჩივილი, თუმცა შეჰპირდნენ ყოველივეს შესრულებას, რასაც ის ეუბნებოდა! იეჰოვას მიერ მოწოდებულ საზრდოზე დღესაც მსგავსად გამოთქვამენ უკმაყოფილებას. ზოგიერთი ადამიანი არ არის მადლიერი სულიერი საზრდოსთვის, რომლითაც იეჰოვა ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით უზრუნველყოფს (მათე 24:45–47). მაგრამ გახსოვდეს, რომ ჩვენი მიძღვნა მოითხოვს, ჩავიბეჭდოთ გონებაში მადლიერების გრძნობა იმისთვის, რაც იეჰოვამ გააკეთა ჩვენთვის და მივიღოთ სულიერი საზრდო, რომლითაც იეჰოვა გვამარაგებს.
11. ა) როგორ შებღალეს ისრაელებმა იეჰოვასადმი თაყვანისცემა კერპთაყვანისმცემლობით? ბ) როგორ შეიძლება, კერპთაყვანისმცემლობის რომელიმე სახეობამ ზეგავლენა მოახდინოს ჩვენზე?
11 შემდეგ პავლემ გაგვაფრთხილა: „არც კერპთაყვანისმცემლები იყოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი“ (1 კორინთელთა 10:7). აქ მოციქული, როგორც ჩანს, მიუთითებდა ხბოსადმი თაყვანისცემაზე, რომელსაც სინაის მთასთან იეჰოვასთან კავშირის დადების შემდეგ ჰქონდა ადგილი. შესაძლოა შენ თქვა: „როგორც იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახური, მე არასდროს ჩავებმები კერპთაყვანისმცემლობაში“. მაგრამ ყურადღება მიაქციე, რომ თავიანთი თვალსაზრისით ისრაელებმა არ შეწყვიტეს იეჰოვასადმი თაყვანისცემა; თუმცა მათ შემოიღეს ის, რაც სისაძაგლეა ღმერთისთვის — ხბოსადმი თაყვანისცემა. რას შეიცავდა თაყვანისცემის ეს ფორმა? ხალხმა მიიტანა შესაწირავები ხბოს წინაშე, ხოლო შემდეგ „დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. მერე ადგნენ და ცეკვა-თამაში გამართეს“ (გამოსვლა 32:4–6). დღეს ზოგიერთი ადამიანი შეიძლება აცხადებდეს, რომ იეჰოვას სცემს თაყვანს. მაგრამ მათი ცხოვრება, შესაძლოა, დასტრიალებს არა იეჰოვასადმი თაყვანისცემას, არამედ ქვეყნიურ სიამოვნებას და ისინი ცდილობენ, ყოველივე ამას იეჰოვასადმი მსახურება შეუთავსონ. მართალია, ეს არ წარმოადგენს ისეთ უკიდურესობას, როგორიც ოქროს ხბოსადმი თაყვანისცემა იყო, მაგრამ თავისი პრინციპით არცთუ ისე განსხვავდება მისგან. საკუთარი სურვილებისგან ღმერთის შექმნა შორს არის იეჰოვასადმი მიძღვნის თანახმად ცხოვრებისგან (ფილიპელთა 3:19).
12. რას ვსწავლობთ საკუთარი თავის უარყოფის შესახებ ისრაელების შემთხვევიდან ბაალ-ფეღორთან დაკავშირებით?
12 პავლეს მიერ მოხსენიებულთაგან შემდეგი გამაფრთხილებელი მაგალითი, ასევე, გართობის ერთ-ერთ სახეობას ეხება. „ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძავობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა“ (1 კორინთელთა 10:8). მოაბელი ქალების მიერ შემოთავაზებული უზნეო სიამოვნებით მოხიბლულმა ისრაელებმა შიტიმში ბაალ-ფეღორისადმი თაყვანისცემა დაიწყეს (რიცხვნი 25:1–3, 9). იეჰოვას ნების შესასრულებლად საკუთარი თავის უარყოფა შეიცავს მისი ზნეობრივად წმინდა ნორმების მიღებას (მათე 5:27–30). ამ წამხდარი ნორმების საუკუნეში ჩვენ შეგვახსენებენ ყველანაირი უზნეო ქცევისგან საკუთარი თავის წმინდად შენახვის აუცილებლობას და მორჩილებას იეჰოვას უფლებისადმი, გადაწყვიტოს რა არის კეთილი და რა — ბოროტი (1 კორინთელთა 6:9–11).
13. როგორ გვეხმარება ფინხასის მაგალითი, გავიგოთ, თუ რას შეიცავს იეჰოვასადმი მიძღვნა?
13 იმ დროს, როცა შიტიმში მრავალი ჩავარდა მეძაობის მახეში, ზოგიერთი ადამიანი ცხოვრობდა იეჰოვასადმი ეროვნული მიძღვნის თანახმად. ამათგან ფინხასი გამოირჩეოდა გულმოდგინებით. როცა დაინახა, რომ ისრაელთა ერთმა წინამძღოლმა თავის კარავში მიდიანელი ქალი მოიყვანა, ფინხასმა აიღო ხელში შუბი და განგმირა ორივე. იეჰოვამ უთხრა მოსეს: „ფინხასმა. . . აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, რადგან მათ შორის შური აღეძრა ჩემს გამო [ვერ აიტანა ჩემს მიმართ გამოვლენილი წინააღმდეგობა, აქ] და მე არ გავწყვიტე ისრაელიანები ჩემი შურით“ (რიცხვნი 25:11). ვერ აიტანო იეჰოვასადმი გამოვლენილი წინააღმდეგობა — ზუსტად ამას ნიშნავს მიძღვნა. ჩვენ არ შეგვიძლია დავრთოთ ნება, რომ ჩვენს გულში იეჰოვასადმი მიძღვნისთვის განკუთვნილი ადგილი სხვა რამემ დაიკავოს. ასევე, იეჰოვასადმი მსახურებაში თავგამოდება აღგვძრავს, შევინახოთ კრება წმინდად იმით, რომ არ მოვითმინოთ უხეში უზნეობის შემთხვევები და უხუცესებს შევატყობინოთ მათ შესახებ.
14. ა) როგორ გამოსცადეს იეჰოვა ისრაელებმა? ბ) როგორ გვეხმარება იეჰოვასადმი სრული მიძღვნა, არ ‘მოვდუნდეთ’?
14 პავლემ მოიხსენია სხვა გამაფრთხილებელი მაგალითი: „ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა, და ისინი გველებისაგან დაიღუპნენ“ (1 კორინთელთა 10:9). აქ პავლე საუბრობდა იმ პერიოდის შესახებ, როცა ისრაელები ღმერთის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ მოსეს წინაშე, როცა „სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში“ (რიცხვნი 21:4). ჩაგიდენია კი ოდესმე ასეთი შეცდომა? როცა იეჰოვას მიუძღვენი თავი, ფიქრობდი თუ არა, რომ არმაგედონი ზღურბლზეა მომდგარი? ნუთუ იეჰოვას მოთმინება შენს მოლოდინზე უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა? გახსოვდეს, ჩვენ არ მიგვიძღვნია თავი იეჰოვასთვის მხოლოდ გარკვეული დროით ან მხოლოდ არმაგედონამდე. ჩვენი მიძღვნა გრძელდება მარადიულად. ამიტომ „სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით“ (გალატელთა 6:9).
15. ა) ვის წინააღმდეგ დრტვინავდნენ ისრაელები? ბ) როგორ აღგვძრავს იეჰოვასადმი მიძღვნა, პატივისცემით მოვეპყრათ თეოკრატიულ ხელმძღვანელობას?
15 საბოლოოდ, პავლემ გაგვაფრთხილა, არ ‘ვიდრტვინოთ’ იეჰოვას მიერ დანიშნული მსახურების წინააღმდეგ (1 კორინთელთა 10:10). ისრაელები ძლიერ დრტვინავდნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ, როცა ქანაანის მიწაზე გაგზავნილი 12 მზვერავიდან 10-მა ცუდი ცნობები მოიტანა. ისინი მოსეს, თავიანთი წინამძღოლის, გადაყენებისა და ეგვიპტეში დაბრუნების შესახებაც კი ლაპარაკობდნენ (რიცხვნი 14:1–4). ვიღებთ თუ არა ჩვენ დღევანდელ ხელმძღვანელობას, რომელიც იეჰოვას წმინდა სულის მოქმედების საშუალებით გვეძლევა? უხვი სულიერი სუფრა, რომელსაც ერთგული და გონიერი მონის კლასი უზრუნველყოფს, ნათელს ხდის, თუ ვის იყენებს იესო ‘საზრდოს დროულად’ მოწოდებისთვის (მათე 24:45). იეჰოვასადმი მთელი გულით მიძღვნა მის მიერ დანიშნული მსახურებისადმი ჩვენგან პატივისცემის გამოვლენას მოითხოვს. დაე, არასდროს დავემსგავსოთ დღევანდელ მდრტვინავებს, რომლებმაც ყურადღება მიაპყრეს ახალ წინამძღოლს, რათა, ასე ვთქვათ, გაჰყვნენ მას უკან, ქვეყნიერებაში.
სულ ეს არის ჩემი შესაძლებლობა?
16. რომელი კითხვები უნდა დაუსვან ღმერთისადმი მიძღვნილმა მსახურებმა საკუთარ თავს?
16 ისრაელები არ ჩაიდენდნენ ასეთ მძიმე შეცდომებს, თუ ეხსომებოდათ, რომ უსიტყვოდ მიუძღვნეს თავი იეჰოვას. ამ ურწმუნო ისრაელების საპირისპიროდ, იესო ქრისტე ბოლომდე ცხოვრობდა თავისი მიძღვნის თანახმად. როგორც ქრისტეს მიმდევრები, ჩვენ ვბაძავთ მის მაგალითს — მთელი გულით თავდადებას — თუ ვცხოვრობთ „არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღვთის ნებით“ (1 პეტრე 4:2; შეადარე 2 კორინთელთა 5:15). დღეს იეჰოვას სურს, „რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). უპირველესად, ჩვენ უნდა ვქადაგებდეთ ‘ამ კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ’ აღსასრულის დადგომამდე (მათე 24:14, აქ). რამდენ ძალისხმევას ვახმართ ამ მსახურებას? კარგი იქნებოდა, გვეკითხა საკუთარი თავისთვის: „სულ ეს არის ჩემი შესაძლებლობა?“ (2 ტიმოთე 2:15). ყველას მდგომარეობა განსხვავებულია. იეჰოვას უხარია, როცა მას ემსახურებიან „იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“ (2 კორინთელთა 8:12; ლუკა 21:1–4). არავის შეუძლია განსაჯოს სხვა ადამიანის მიძღვნის სიღრმე და სიწრფელე. თითოეულმა პირადად უნდა შეაფასოს იეჰოვასადმი პირადი ერთგულების დონე (გალატელთა 6:4). იეჰოვასადმი სიყვარულმა უნდა აღგვძრას, შევეკითხოთ საკუთარ თავს: „რით შემიძლია გავახარო ღმერთი?“
17. რა დამოკიდებულება არსებობს ერთგულებასა და მადლიერებას შორის? მოიყვანე მაგალითი.
17 იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება ღრმავდება მისადმი მადლიერების ზრდასთან შესაბამისად. იაპონიაში მცხოვრებმა 14 წლის ბიჭმა იეჰოვას მიუძღვნა თავი და მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლა. მოგვიანებით მან უმაღლესი განათლების მიღება და მეცნიერად გახდომა ისურვა. ის არასდროს ფიქრობდა სრული დროით მსახურების შესახებ, მაგრამ, როგორც მიძღვნილ მსახურს, მას არ სურდა იეჰოვასა და მისი ხილული ორგანიზაციის მიტოვება. კარიერასთან დაკავშირებული მიზნის განსახორციელებლად ის სწავლობდა უნივერსიტეტში. იქ მან იხილა, რომ კურსდამთავრებულები იძულებული იყვნენ, მიეძღვნათ მთელი ცხოვრება თავიანთი ფირმებისთვის ან მეცნიერული საქმიანობისთვის. განცვიფრებულმა, ჰკითხა საკუთარ თავს: „აქ რას ვაკეთებ? ნუთუ ნამდვილად შემიძლია მათი ცხოვრების გზას გავყვე და ქვეყნიურ სამუშაოს მივუძღვნა თავი? განა მე უკვე მიძღვნილი არა ვარ იეჰოვასადმი?“ მადლიერების განახლებული გრძნობით მან დაიწყო საერთო პიონერად მსახურება. მისი მიძღვნის მნიშვნელობის გაგება გაღრმავდა და აღძრა გულიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მისაღებად — წასულიყო იქ, სადაც საჭირო იყო. მან დაამთავრა სამსახურებრივი დახელოვნების სკოლა და მიიღო მისიონერული დანიშნულება სხვა ქვეყანაში.
18. ა) რამდენად ბევრს ნიშნავს იეჰოვასადმი ჩვენი მიძღვნა? ბ) რომელ ძღვენს მოვიმკით იეჰოვასადმი ჩვენი მიძღვნიდან?
18 მიძღვნა ჩვენს მთელ ცხოვრებას მოიცავს. ჩვენ უნდა უარვყოთ საკუთარი თავი და „ყოველდღე“ მივყვებოდეთ იესოს შესანიშნავ მაგალითს (ლუკა 9:23). საკუთარი თავის უარყოფის შემდეგ ჩვენ არ ვითხოვთ იეჰოვასგან შვებულებას. ჩვენი ცხოვრება შეესაბამება იეჰოვას მიერ თავისი მსახურებისთვის დადგენილ პრინციპებს. ცხოვრების იმ სფეროებშიც კი, სადაც პირადი არჩევნის გაკეთება შეგვიძლია, კარგია, თუ ვუკვირდებით, ვაკეთებთ თუ არა საუკეთესოს, რომ ვიცხოვროთ იეჰოვასადმი მიძღვნილი ცხოვრების თანახმად. თუ ყოველდღე ვმსახურებთ და შეძლებისდაგვარად ვასრულებთ ყველაფერს, რომ ვასიამოვნოთ მას, ჩვენ, როგორც ქრისტიანები, წარმატებულები ვიქნებით და მივიღებთ მოწონების ღიმილით გამოხატულ კურთხევას იეჰოვასგან — პიროვნებისგან, რომელიც ჩვენი უსაზღვრო ერთგულების ღირსია.
შეგიძლია თუ არა ახსნა?
◻ რას შეიცავდა მიძღვნა იესო ქრისტესთვის?
◻ რატომ უნდა მოვერიდოთ დრტვინვას იეჰოვას წინააღმდეგ?
◻ როგორ შეგვიძლია მოვერიდოთ ჩვენს ცხოვრებაში კერპთაყვანისმცემლობის შეუმჩნეველ შემოპარვას?
◻ რისი დამახსოვრება დაგვეხმარება, რომ არ ‘ მოვდუნდეთ’ ღმერთის ნების შესრულებაში?
[სურათი მე-17 გვერდზე]
მიძღვნილ ქრისტიანებს ‘არ სწყინდებათ სიკეთის კეთება’.