სინათლის ნათებები მოციქულთა დღეებში
„შუქი იღვრება წმიდისათვის და გულმართალთათვის — მხიარულება“ (ფსალმუნი 96:11).
1. რით ჰგვანან დღეს მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ადრინდელ ქრისტიანებს?
როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები რამდენად დიდად ვაფასებთ ფსალმუნის 96:11-ში ჩაწერილ სიტყვებს! ‘სინათლემ არაერთხელ გამოანათა’ ჩვენთვის. ნამდვილად, ზოგიერთმა ჩვენგანმა ათწლეულების განმავლობაში მრავალჯერ იხილა იეჰოვასგან გამომდინარე ელვისებური ნათება. ყოველივე ეს გვახსენებს იგავნის 4:18-ს, სადაც ვკითხულობთ: „მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე“. ტრადიციებისადმი კი არა, საღვთო წერილისადმი მადლიერების გრძნობით, ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, ვგავართ ადრინდელ ქრისტიანებს. მათი პოზიცია ნათლად ჩანს ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ისტორიული წიგნებიდან, რომლებიც ღვთიური შთაგონებით დაიწერა.
2. სინათლის ნათებების პირველი შემთხვევებიდან, რომელი ნათება იხილეს იესოს მიმდევრებმა?
2 სინათლის ნათების პირველი შემთხვევებიდან, რომლებიც იესო ქრისტეს ადრინდელმა მიმდევრებმა მიიღეს, ზოგიერთი მესიას ეხებოდა. ანდრიამ უთხრა თავის ძმას, სიმონ-პეტრეს: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (იოანე 1:41). რამდენიმე ხნის შემდეგ ზეციერმა მამამ შესაძლებლობა მისცა მოციქულ პეტრეს, რომ დაედასტურებინა ეს ფაქტი, როცა უთხრა იესო ქრისტეს: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა“ (მათე 16:16, 17; იოანე 6:68, 69).
სინათლის მოფენა მათ სამქადაგებლო დავალებაზე
3, 4. როგორ გაანათლა აღდგომის შემდეგ იესომ თავისი მიმდევრები მათ მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით?
3 აღდგომის შემდეგ იესო ქრისტემ სინათლე იმ ვალდებულებას მოჰფინა, რომელიც ყველა მის მსახურს უნდა შეესრულებინა. როგორც ჩანს, მან გალილეაში შეკრებილ 500 მოწაფეს უთხრა: „ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათე 28:19, 20; 1 კორინთელთა 15:6). იმ დროიდან ქრისტეს ყოველი მიმდევარი მქადაგებელი უნდა ყოფილიყო და მათი სამქადაგებლო დავალება არ უნდა შემოფარგლულიყო ‘ისრაელის სახლის დაკარგული ცხვრებით’ (მათე 10:6). მონანიების ნიშნად არც იოანეს ნათლობით უნდა მონათლულიყვნენ, რათა ცოდვები მიტევებოდათ. ნაცვლად ამისა, ხალხი უნდა მოენათლათ „მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“.
4 სანამ იესო ზეცაში ამაღლდებოდა, მისმა 11-მა ერთგულმა მოციქულმა ჰკითხა: „ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ, უფალო, ისრაელს სამეფოს?“ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად იესომ მათ სამქადაგებლო დავალებასთან დაკავშირებული შემდეგი მითითებები მისცა: „თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“. ამ დრომდე ისინი მხოლოდ იეჰოვას მოწმეები იყვნენ, ახლა კი ქრისტეს მოწმეებიც უნდა ყოფილიყვნენ (საქმეები 1:6–8).
5, 6. სინათლის რომელი ნათებები იხილეს იესოს მოწაფეებმა ორმოცდამეათე დღის ზეიმზე?
5 სინათლის რამდენად ბრწყინვალე ნათებები იხილეს იესოს მიმდევრებმა მხოლოდ ათი დღის შემდეგ! ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის ზეიმზე მათ პირველად შეიგნეს იოველის 3:1, 2-ის მნიშვნელობა: „[მე, იეჰოვა] მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ. თქვენს ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს“. იესოს მოწაფეებმა იხილეს სულიწმიდა, ცეცხლის ენების მსგავსი სახით, დავანებული ყოველი მათგანის, დაახლოებით 120 მამაკაცისა და ქალის თავზე, რომლებიც იერუსალიმში შეიკრიბნენ (საქმეები 1:12–15; 2:1–4).
6 ასევე, ორმოცდამეათე დღეს მოწაფეებმა პირველად შეიგნეს, რომ ფსალმუნის 15:10 იესო ქრისტეს აღდგომას ეხებოდა. ფსალმუნმომღერალმა თქვა: „[შენ, იეჰოვა ღმერთო,] არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას“. მოწაფეები მიხვდნენ, რომ ეს სიტყვები მეფე დავითს არ ეხებოდა, რადგან მისი სამარხი იმ დღემდე მათ შორის იყო. არ არის გასაკვირი, რომ იმ ადამიანებიდან, რომლებმაც ახალი სინათლის განმარტება მოისმინეს, დაახლოებით 3 000-მა ისე ირწმუნა, რომ იმავე დღეს მოინათლა! (საქმეები 2:14–41).
7. რომელი ბრწყინვალე სინათლე იხილა მოციქულმა პეტრემ რომის ჯარის ოფიცერთან, კორნელიოსთან ყოფნისას?
7 ისრაელები მრავალი საუკუნის განმავლობაში აფასებდნენ თავიანთ შესახებ ღმერთის ნათქვამს: „მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნის მოდგმათა შორის“ (ამოსი 3:2). ამიტომ, მოციქულმა პეტრემ და მასთან ერთად რომის ჯარის ოფიცრის კორნელიოსის სახლში მისულებმა სინათლის ნამდვილად ბრწყინვალე ნათება იხილეს, როცა წმინდა სული პირველად გადმოვიდა წინადაუცვეთელ არაებრაელ მორწმუნეებზე. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა სულიწმიდა ნათლობამდე იყო მიცემული. მაგრამ ასეც უნდა მომხდარიყო. სხვანაირად პეტრეს არ ეცოდინებოდა, რომ ეს წინადაუცვეთელი არაებრაელები მომზადებული იყვნენ მოსანათლავად. პეტრემ სრულად დააფასა ეს არაჩვეულებრივი მოვლენა და თქვა: „ვის შეუძლია წყლით ნათლისღება დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა? “ რასაკვირველია, დამსწრეთაგან არავის შეეძლო სამართლიანად შეკამათება და ამიტომ ეს არაებრაელები მოინათლნენ (საქმეები 10:44–48; შეადარე საქმეები 8:14–17).
წინადაცვეთა აღარ არის საჭირო
8. რატომ გაუჭირდა ზოგიერთ ადრინდელ ქრისტიანს წინადაცვეთის უარყოფა?
8 ჭეშმარიტების შემდეგი ბრწყინვალე ნათება წინადაცვეთის საკითხს ეხებოდა. წინადაცვეთის წესმა არსებობა დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 1919 წელს, როცა იეჰოვამ კავშირი დადო აბრაამთან. მაშინ იეჰოვამ უბრძანა აბრაამს, რომ ის და მისი სახლეულებიდან მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელი უნდა წინადაცვეთილიყო (დაბადება 17:9–14, 23–27). მაშასადამე, წინადაცვეთა გახდა აბრაამის შთამომავლების გამოსაცნობი ნიშანი. და რამდენად ეამაყებოდათ ეს წესი! ამის შედეგად გამოთქმა „წინდაუცვეთელი“, ზიზღის გამომხატველ გამოთქმად იქცა (ესაია 52:1; პირველი მეფეთა 17:26, 27). ადვილი გასაგებია, რატომ უნდოდა ზოგიერთ ადრინდელ ებრაელ ქრისტიანს ამ ნიშნის შენარჩუნება. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სერიოზულად ეპაექრებოდა პავლესა და ბარნაბას ამ საკითხზე. საკითხის გადასაწყვეტად პავლე და სხვები იერუსალიმში წავიდნენ, რათა რჩევა მიეღოთ ქრისტიანული ხელმძღვანელი კორპორაციისგან (საქმეები 15:1, 2).
9. საქმეების მეთხუთმეტე თავში აღწერილის თანახმად, სინათლის რომელი ნათებები გაირკვა პირველი ხელმძღვანელი კორპორაციისთვის?
9 ამ შემთხვევაში, ადრინდელ ქრისტიანებს აშკარა სასწაულის საშუალებით არ მიუღიათ სინათლე, რომ წინადაცვეთა აღარ მოეთხოვებოდა იეჰოვას მსახურებს. უფრო მეტიც, ეს მომატებული სინათლე მათ იმის საშუალებით მიიღეს, რომ იკვლევდნენ საღვთო წერილს, ხელმძღვანელობისთვის სულიწმიდას ეყრდნობოდნენ და ისმენდნენ პეტრესა და პავლეს შემთხვევებს წინადაუცვეთელი არაებრაელების რწმენაში მოქცევასთან დაკავშირებით (საქმეები 15:6–21). მიღებული გადაწყვეტილება დაწერეს წერილში, რომლის ნაწყვეტშიც ვკითხულობთ: „მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. თავი შეიკავეთ ნაკერპავთაგან და სისხლისაგან, დამხრჩვალისა და სიძვისაგან“ (საქმეები 15:28, 29). ამრიგად, ადრინდელი ქრისტიანები გათავისუფლდნენ წინადაცვეთის წესისა და მოსეს რჯულის სხვა მოთხოვნებისგან. ამიტომ, გალატელ ქრისტიანებს პავლემ უთხრა: „[ასეთი] თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ“ (გალატელთა 5:1).
სინათლე სახარებებში
10. რომელია სინათლის ის ნათებები, რომლებიც ნაჩვენებია მათეს სახარებაში?
10 ეჭვგარეშეა, რომ ახალი წელთაღრიცხვით დაახლოებით 41 წელს დაწერილი მათეს სახარება თავისი მკითხველებისთვის სინათლის მრავალ ნათებას შეიცავს. პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანთაგან შედარებით მცირე რაოდენობამ პირადად მოისმინა იესოს სწავლება. მათეს სახარება განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ იესოს ქადაგების თემა იყო სამეფო. და რა მკვეთრად უსვამდა ხაზს იესო სწორი მოტივის მნიშვნელობას! სინათლის რამდენად ბრწყინვალე ნათებები იყო მთაზე ქადაგებისას მის იგავებში (რომლებიც მეცამეტე თავში არის აღწერილი) და მის დიდებულ წინასწარმეტყველებაში 24-ე და 25-ე თავებში! ყოველივე ეს ადრინდელი ქრისტიანების საყურადღებოდ იყო მოყვანილი მათეს სახარების ცნობაში, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეთა დღის ზეიმიდან მხოლოდ დაახლოებით რვა წლის შემდეგ დაიწერა.
11. რა შეიძლება ითქვას ლუკასა და მარკოზის სახარებების შინაარსის შესახებ?
11 დაახლოებით 15 წლის შემდეგ ლუკამ დაწერა თავისი სახარება. იმ დროს, როცა ამ სახარების დიდი ნაწილი მათეს ცნობის მსგავსია, 59 პროცენტი დამატებით ცნობებს შეიცავს. ლუკამ მოგვითხრო იესოს ექვს სასწაულზე და ორჯერ უფრო მეტ თვალსაჩინო მაგალითზე, რომლებიც სახარების სხვა მწერლებმა არ მოიხსენიეს. როგორც ჩანს, რამდენიმე წლის შემდეგ მარკოზმა დაწერა თავისი სახარება, რომელშიც ყურადღება გაამახვილა იესო ქრისტეზე, როგორც მოღვაწეზე, ადამიანზე, რომელიც სასწაულებს ახდენდა. მიუხედავად იმისა, რომ მარკოზის მიერ მოთხრობილი შემთხვევების ძირითადი ნაწილი მანამდე მათემ და ლუკამ ჩაწერეს, მათგან განსხვავებით მან კიდევ ერთი იგავი მოიხსენია. ამ იგავში იესომ ღმერთის სამეფო შეადარა თესლს, რომელიც ამოდის, იზრდება და ნაყოფს ისხამსa (მარკოზი 4:26–29).
12. რამდენად გვანათლებს იოანეს სახარება?
12 შემდეგი იყო იოანეს სახარება, რომელიც მარკოზის ცნობის დაწერიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაიწერა. რა დიდი ნათელი მოჰფინა იოანემ იესოს მსახურებას, განსაკუთრებით კი ადამიანად ყოფნამდე არსებობაზე მრავალჯერ დაყრდნობით! მხოლოდ იოანემ ჩაწერა ცნობა ლაზარეს აღდგენის შესახებ და მხოლოდ მან მოგვაწოდა იესოს მიერ ერთგული მოციქულებისადმი მიმართული მრავალი შესანიშნავი შენიშვნა და ასევე მისი გულთბილი ლოცვა იმ ღამეს, როცა გასცემდნენ, როგორც ჩაწერილია მეცამეტე და მეჩვიდმეტე თავებში. სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, რომ იოანეს სახარების 92 პროცენტი განსხვავებულია.
სინათლის ნათებები პავლეს წერილებში
13. რატომ მიიჩნევდა ზოგიერთი ადამიანი რომაელთა მიმართ პავლეს წერილს სახარებად?
13 მოციქულთა დროში მცხოვრებმა ქრისტიანებმა განსაკუთრებით მოციქული პავლეს საშუალებით მიიღეს ჭეშმარიტების ნათებები. მაგალითად, პავლეს წერილი რომაელთა მიმართ დაიწერა ახალი წელთაღრიცხვით დაახლოებით 56 წელს — თითქმის იმავე დროს, როცა ლუკამ თავისი სახარება დაწერა. ამ წერილში პავლე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფაქტს, რომ სიმართლე მიეწერებოდა ადამიანს ღმერთისგან გამომდინარე დაუმსახურებელი სიკეთისა და იესო ქრისტესადმი რწმენის წყალობით. პავლეს მიერ კეთილი ცნობის ამ ასპექტის ხაზგასმის შედეგად ზოგიერთი ადამიანი რომაელთა მიმართ მის წერილს მეხუთე სახარებად მიიჩნევდა.
14–16. ა) რა სინათლე მოჰფინა პავლემ ერთიანობის საჭიროებას კორინთში მცხოვრებ ქრისტიანთა მიმართ პირველ წერილში? ბ) როგორ შემდგომ სინათლეს მოიცავს ქცევასთან დაკავშირებით კორინთელთა მიმართ პირველი წერილი?
14 პავლემ დაწერა გარკვეული საკითხების შესახებ, რომლებიც კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს აწუხებდა. კორინთელთა მიმართ მისი წერილი შეიცავს მრავალ ინსპირირებულ რჩევას, რომლებიც დღესაც სასარგებლოა ქრისტიანებისთვის. უპირველეს ყოვლისა, მას უნდა გაენათლებინა კორინთელები, რომლებმაც გარკვეული პიროვნებების კულტის შექმნის გამო შეცდომა ჩაიდინეს. მოციქულმა გაასწორა მათი აზროვნება, როცა გაბედულად უთხრა: „მე შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით“ (1 კორინთელთა 1:10–15).
15 კორინთში არსებულ ქრისტიანულ კრებაში თვალს ხუჭავდნენ თავაშვებულ უზნეობაზე. ერთმა მამაკაცმა თავისი მამის ცოლთან ჩაიდინა ‘სიძვა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ ყოფილა’. სავსებით გარკვევით პავლემ დაწერა: „მოიშორეთ ბოროტი თქვენგან“ (1 კორინთელთა 5:1, 11–13). გარიცხვა — ქრისტიანული კრებისთვის ეს ახალი რამ იყო. სხვა მოსაგვარებელი საკითხი, რომელშიც კორინთის კრებას განათლება სჭირდებოდა, ის იყო, რომ კრების ზოგიერთ წევრს კონფლიქტის გადასაწყვეტად ქვეყნიურ სასამართლოში მიჰყავდა სულიერი ძმა. პავლემ მკაცრად გაკიცხა ასეთი მოქმედების გამო (1 კორინთელთა 6:5–8).
16 კიდევ ერთი გადასაწყვეტი საკითხი, რომელიც კორინთში არსებულ კრებას აწუხებდა იყო სქესობრივი კავშირები. კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მეშვიდე თავში პავლემ აჩვენა, რომ გაბატონებული სექსუალური უზნეობის გამო, კარგი იქნებოდა, თუ ყოველ მამაკაცს ეყოლებოდა ცოლი და ყოველ ქალს — ქმარი. ასევე, პავლემ აჩვენა, რომ, თუმცა დაუქორწინებელი პიროვნებები იეჰოვასადმი მსახურებაში ნაკლებად გადაიტანდნენ ყურადღებას სხვა საკითხზე, დაუქორწინებლობა ყველასთვის არ იქნებოდა ძღვენი. და თუ ქალს ქმარი მოუკვდებოდა მას შეეძლებოდა მეორედ დაქორწინება, „ოღონდ უფალში“ (1 კორინთელთა 7:39).
17. როგორი სინათლე მოჰფინა პავლემ სწავლებას აღდგომის შესახებ?
17 რამდენად ძლიერი სინათლე მოჰფინა უფალმა აღდგომას პავლეს მეშვეობით! როგორი სხეულით ამაღლდებიან ზეცაში ცხებული ქრისტიანები? პავლემ დაწერა: „ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“. არც ერთი ხორციელი სხეული არ იქნება აყვანილი ზეცაში, რადგან „ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღვთის სასუფევლის დამკვიდრება“. პავლემ დაამატა, რომ ყველა ცხებული არ დაიძინებს სიკვდილის ძილით, მაგრამ იესოს თანდასწრების დროს ზოგიერთი მათგანი სიკვდილისთანავე აღდგება საუკუნო სიცოცხლისთვის (1 კორინთელთა 15:43–53).
18. როგორ სინათლეს მოიცავს მომავლის შესახებ თესალონიკელთა მიმართ პავლეს პირველი წერილი?
18 თესალონიკელთა მიმართ წერილში პავლემ მომავალს მოჰფინა ნათელი. იეჰოვას დღე ისე მოვიდოდა, როგორც ღამე ქურდი. ასევე პავლემ ახსნა: „როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს“ (1 თესალონიკელთა 5:2, 3).
19, 20. სინათლის როგორი ნათებები მიიღეს იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა ებრაელთა მიმართ პავლეს წერილში?
19 ებრაელთა მიმართ წერილის დაწერისას პავლემ სინათლის ნათებები გადასცა ადრინდელ ქრისტიანებს იერუსალიმსა და იუდეაში. რამდენად ბრწყინვალედ აჩვენა მან, რომ თაყვანისცემის ქრისტიანული სისტემა უპირატესობდა თაყვანისცემის მოსეს სისტემაზე! ნაცვლად იმისა, რომ ანგელოზების მიერ გადმოცემულ რჯულს მიჰყვნენ, ქრისტიანებს სწამთ გადარჩენა, რომლის შესახებაც პირველად თქვა ღმერთის ძემ, რომელიც ასეთ ანგელოზ მაცნეებზე ბევრად უფრო აღმატებულია (ებრაელთა 2:2–4). მოსე მხოლოდ მსახური იყო ღმერთის სახლში. ხოლო იესო ქრისტე მმართველობს მთელ სახლზე. ქრისტე არის მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით, რომელსაც აარონის სამღვდელოებაზე ბევრად უფრო აღმატებული მდგომარეობა უკავია. ასევე, პავლემ ყურადღება მიაქცია, რომ რწმენისა და მორჩილების უქონლობის გამო ისრაელები ვერ შევიდნენ ღმერთის სიმშვიდეში, ხოლო ქრისტიანები შედიან მასში, რადგან ერთგულები და მორჩილები არიან (ებრაელთა 3:1–4:11).
20 გარდა ამისა, ახალი კავშირი ბევრად უფრო უპირატესობს რჯულის კავშირზე. როგორც ამ შემთხვევიდან 600 წლით ადრე იერემიას 31:30–33-ში იყო ნაწინასწარმეტყველები, ახალ კავშირში მყოფთ ღმერთის კანონი გულებზე აქვთ დაწერილი და ხარობენ იმის გამო, რომ ღმერთი ნამდვილად პატიობს ცოდვებს. მღვდელმთავრის ნაცვლად, რომელსაც, როგორც საკუთარი, ასევე ადამიანთა ცოდვებისთვის ყოველწლიურად მრავალი მსხვერპლი უნდა შეეწირა, ქრისტიანებს მღვდელმთავრად ჰყავთ იესო ქრისტე, უცოდველი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ შესწირა მსხვერპლი ცოდვების გამოსასყიდად. შესაწირავის მისატანად ხელთქმნილ წმიდაში შესვლის ნაცვლად, ის თვით ცაში შევიდა იეჰოვას წინაშე წარსადგომად. უფრო მეტიც, მოსეს რჯულის კავშირის თანახმად, ცხოველების შეწირვას არ შეეძლო ცოდვების სრულად ჩამოშორება, ასე რომ არ ყოფილიყო, ყოველწლიურად არ შესწირავდნენ მსხვერპლს. ხოლო ქრისტეს მიერ ერთხელ და სამუდამოდ შეწირული მსხვერპლი ათავისუფლებს ყველა ცოდვისგან. ყოველივე ეს შუქს ჰფენს დიდებულ სულიერ ტაძარს, რომლის ეზოებშიც დღეს ცხებულთა დარჩენილი ნაწილის წევრები და ‘სხვა ცხვრები’ მსახურობენ (იოანე 10:16; ებრაელთა 9:24–28).
21. რას გვიჩვენებს ეს განხილვა მოციქულთა დღეებში ფსალმუნის 96:11-სა და იგავნის 4:18-ს შესრულებასთან დაკავშირებით?
21 სტატიის მოცულობა არ გვაძლევს საშუალებას, მოვიყვანოთ მეტი მაგალითი სინათლის ნათებების შესახებ, რომლებიც მოცემულია მოციქული პეტრესა და მოწაფეების, იაკობისა და იუდას, წერილებში. მაგრამ მოხსენიებულიც საკმარისია იმის დასანახავად, რომ ფსალმუნის 96:11 და იგავნის 4:18 არაერთხელ შესრულდა საოცრად მოციქულთა დღეებში. მომასწავებელი ნიშნებისა და ბუნდოვანი სურათებიდან ჭეშმარიტება ნელ-ნელა მივიდა მრავალ შესრულებასა და რეალობამდე (გალატელთა 3:23–25; 4:21–26).
22. რა მოხდა მოციქულთა სიკვდილის შემდეგ და რას გვიჩვენებს მომდევნო სტატია?
22 იესოს მოციქულთა სიკვდილისა და ნაწინასწარმეტყველები განდგომილების დაწყების შემდეგ ჭეშმარიტების სინათლე ძალიან მკრთალად ბჟუტავდა (2 თესალონიკელთა 2:1–11). მაგრამ იესოს აღთქმის თანახმად, მრავალი საუკუნის შემდეგ ბატონი დაბრუნდა და იხილა, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ დროულად აძლევდა ‘სახლეულს’ საზრდოს. ამის შედეგად იესო ქრისტემ ეს მონა დანიშნა „მთელ თავის საბადებელზე“ (მათე 24:45–47). სინათლის როგორი ნათებები მოჰყვა ამას? ამ კითხვაზე პასუხი განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
[სქოლიოები]
a ნიადაგი აქ მიუთითებს გარემოს, რომელსაც ქრისტიანი ირჩევს თავისი პიროვნული თვისებების გასაუმჯობესებლად. იხილე „საგუშაგო კოშკი“, 1980 წლის 15 ივნისი, გვერდები 18, 19, (ინგლ.).
გახსოვს თუ არა შენ?
◻ ბიბლიის რომელი ადგილები გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტების შემეცნება იზრდება?
◻ სინათლის რომელი ნათებების შესახებ არის ჩაწერილი წიგნში „საქმეები“ ?
◻ როგორი სინათლე მოიპოვება სახარებებში?
◻ სინათლის რომელ ნათებებს მოიცავს პავლეს წერილები?