ქრისტიანი ქალები იმსახურებენ დაფასებასა და პატივისცემას
„თქვენც, ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, პატივი ეცით [მათ]“ (1 პეტრე 3:7).
ახალი წელთაღრიცხვით 30 წლის მიწურულს, შუადღისას, ქალაქ სიქარის მახლობლად, ერთ ძველ ჭასთან იესომ აჩვენა, თავისი შეხედულებით, თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ ქალებს. მან მთელი დილა მოანდომა მთიანი ქვეყნის, სამარიის გავლას და ჭასთან მივიდა დაღლილი, მშიერი და მწყურვალი. როგორც კი დაჯდა ჭის მახლობლად, წყლის ამოსაღებად მივიდა სამარიელი ქალი. „წყალი დამალევინე“, — სთხოვა მას იესომ. ქალმა, როგორც ჩანს, განცვიფრებით შეხედა და ჰკითხა: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს დამალევინეო?“ მოგვიანებით, როცა მისი მოწაფეები დაბრუნდნენ, რომლებიც სურსათ-სანოვაგის საყიდლად იყვნენ წასული, მათ ძალიან გაუკვირდათ, რომ იესო „დედაკაცთან საუბრობდა“ (იოანე 4:4–9, 27).
2 რამ გამოიწვია ქალის შეკითხვა და მოწაფეების ინტერესი? ეს ქალი იყო სამარიელი, ხოლო იუდეველებს არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდათ სამარიელებთან (იოანე 8:48). მაგრამ, ცხადია, მათი ინტერესი გამოწვეული იყო სხვა რამითაც. იმ დროს, რაბინების ტრადიციების თანახმად, მამაკაცებს ქალებთან სახალხოდ არ უნდა ელაპარაკათa. მაგრამ იესო დაუფარავად ქადაგებდა ამ გულწრფელ ქალთან და ისიც კი გაუმჟღავნა, რომ მესია იყო (იოანე 4:25, 26). ამის საშუალებით იესომ გამოავლინა, რომ ის არ უნდა შეზღუდულიყო არაბიბლიური ტრადიციებით, რომლებშიც შედიოდა ქალების დამცირების საკითხიც (მარკოზი 7:9–13). პირიქით, თავისი საქმითა და სწავლებით იესომ ცხადყო, რომ ქალები დაფასებული და პატივდებული უნდა იყვნენ.
როგორ ეპყრობოდა იესო ქალებს
3 ხალხის მიმართ იესოს თანაგრძნობა აირეკლა ქალებისადმი მის მოპყრობაში. ერთხელ, ქალმა, რომელიც 12 წლის განმავლობაში იტანჯებოდა სისხლის დენით, ხალხში მოძებნა იესო. თავისი მდგომარეობა მას რიტუალურად უწმიდურს ხდიდა, ამიტომ ის ხალხში არ უნდა ყოფილიყო (ლევიანნი 15:25–27). მაგრამ ის ისე სასოწარკვეთილი იყო, რომ უკნიდან შეუმჩნევლად მიუახლოვდა იესოს. და როგორც კი შეეხო მის ტანსაცმელს, მაშინვე განიკურნა! მიუხედავად იმისა, რომ იესო იაიროსის სახლში მიდიოდა, რომლის ქალიშვილიც სერიოზულად იყო დაავადებული, ის შეჩერდა. რადგან იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, ირგვლივ მიმოიხედა, რათა ეპოვნა, თუ ვინ შეეხო მას. ბოლოს ქალი გამოვიდა და აკანკალებული დაემხო მის წინაშე. განა უსაყვედურა იესომ მას იმის გამო, რომ ხალხში იყო ან იმის გამო, რომ უნებართვოდ შეეხო მის ტანსაცმელს? პირიქით, ის ძალიან თბილი და გულკეთილი იყო მის მიმართ. „ასულო, — უთხრა მან, — შენმა რწმენამ განგკურნა“. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა იესომ ქალს უშუალოდ „ასულო“-თი მიმართა. როგორი მანუგეშებელი უნდა ყოფილიყო მისთვის ამ სიტყვების მოსმენა! (მათე 9:18–22; მარკოზი 5:21–34).
4 იესო მხოლოდ კანონებს კი არ ხედავდა, არამედ მათ მიღმა ხედავდა კანონის სულს და მოწყალებისა და თანაგრძნობის საჭიროებას (შეადარე მათე 23:23). იესომ მხედველობაში მიიღო ავადმყოფი ქალის სასოწარკვეთილი მდგომარეობა და ყურადღება მიაქცია იმას, რომ ის აღძრული იყო რწმენით. ამით მან ქრისტიან მამაკაცებს, განსაკუთრებით ზედამხედველებს, კარგი მაგალითი დაუტოვა. თუ ქრისტიანი და პირადი პრობლემების ან განსაკუთრებით ძნელი ან გამომცდელი მდგომარეობის პირისპირ იმყოფება, უხუცესები უნდა ეცადონ, სიტყვების ან მოქმედებების მიღმა დაინახონ და მხედველობაში მიიღონ მდგომარეობები და მოტივები. ასეთი გაგება მიუთითებს მოთმინებაზე, გულისხმიერებასა და თანაგრძნობაზე, რომლებიც საჭიროა რჩევისა და მითითების ნაცვლად (იგავნი 10:19; 16:23; 19:11).
5 რაბინების ტრადიციებით შეზღუდულ ქალებს, რომლებიც დედამიწაზე იესოს ყოფნის დროს ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ემსახურათ კანონიერ მოწმეებადb. ყურადღება მიაქციე, თუ რა მოხდა იესოს აღდგენიდან ცოტა ხნის შემდეგ, ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის 16 ნისანს, დილით. ვის უნდა ენახა პირველად აღდგენილი იესო და ვის უნდა ემცნო სხვა მოწაფეებისთვის, რომ მათი უფალი აღდგა? როგორც აღმოჩნდა, ქალებს, რომლებიც ძელზე გაკვრის ადგილას სიკვდილამდე მასთან დარჩნენ (მათე 27:55, 56, 61).
6 კვირის პირველ დღეს, დილით ადრე, მარიამ მაგდალელი და სხვა ქალები მივიდნენ სამარხთან, რათა იესოს სხეული ნელსაცხებლით დაემუშავებინათ. როცა მარიამმა სამარხი ცარიელი ნახა, პეტრესა და იოანესთან გაიქცა. სხვა ქალები კი დარჩნენ. მალე ანგელოზი გამოეცხადა მათ და უთხრა, რომ იესო აღდგა. „დაუყოვნებლივ წადით და უთხარით მის მოწაფეებს“, — უთხრა ანგელოზმა მათ. ვიდრე ეს ქალები მიიჩქაროდნენ ახალი ამბის მისატანად, იესო თვითონაც გამოეცხადა მათ. „წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს“ — უთხრა იესომ ქალებს (მათე 28:1–10; მარკოზი 16:1, 2; იოანე 20:1, 2). მარიამ მაგდალელი, რომელმაც არ იცოდა ანგელოზის ვიზიტის შესახებ და დარდით იყო შეპყრობილი, დაბრუნდა ცარიელ სამარხთან. იქ მას გამოეცხადა იესო და მარიამმა ბოლოს იცნო ის. იესომ უთხრა: „წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (იოანე 20:11–18; შეადარე მათე 28:9, 10).
7 იესოს შეეძლო პირველად გამოცხადებოდა პეტრეს, იოანეს ან სხვა მამაკაც მოწაფეებს. ამის ნაცვლად, მან არჩია უპირატესობა მიენიჭებინა ამ ქალებისთვის და ისინი გახადა თავისი აღდგენის პირველი თვითმხილველები და დაავალა, დაემოწმებინათ ამის შესახებ მამაკაცი მოწაფეებისთვის. როგორი იყო მამაკაცების თავდაპირველი რეაქცია? ცნობა იუწყება: „ეს სიტყვები ფუჭად ეჩვენათ და არ დაუჯერეს მათ“ (ლუკა 24:11). იქნებოდა თუ არა ამ მოწმობის დაჯერება მათთვის ძნელი იმის გამო, რომ ეს ამბავი ქალებმა მოუტანეს? თუ დიახ, მაშინ დროთა განმავლობაში იესოს აღდგენის შესახებ მათ მიიღეს მრავალრიცხოვანი მტკიცება (ლუკა 24:13–46; 1 კორინთელთა 15:3–8). დღეს ქრისტიანი მამაკაცები ბრძნულად იქცევიან, როცა ანგარიშს უწევენ თავიანთი სულიერი დების თვალსაზრისს (შეადარე დაბადება 21:12).
8 ნამდვილად სასიამოვნოა მხედველობაში მივიღოთ, თუ როგორ ეპყრობოდა იესო ქალებს. ყოველთვის თანამგრძნობი და ქალებთან მოპყრობაში სრულიად გაწონასწორებული, ის არასდროს არც ამაღლებდა და არც ამცირებდა მათ (იოანე 2:3–5). მან უკუაგდო რაბინების ტრადიციები, რომლებიც ქალების ღირსებას ამცირებდნენ და აუქმებდნენ ღმერთის სიტყვას (შეადარე მათე 15:3–9). ქალების დაფასებითა და მათდამი პატივისცემით მოპყრობით, იესომ უშუალოდ გამოავლინა, თუ როგორი იყო იეჰოვა ღმერთის თვალსაზრისი ქალებისადმი მოპყრობის საკითხში (იოანე 5:19). ასევე, იესომ ქრისტიან მამაკაცებს შესანიშნავი, მისაბაძი მაგალითი დაუტოვა (1 პეტრე 2:21).
იესოს სწავლებები ქალებთან დაკავშირებით
9 იესომ უკუაგდო რაბინების ტრადიციები და ქალების ღირსებას პატივს სცემდა არა მარტო მოქმედებით, არამედ თავისი სწავლებითაც. მაგალითად, ყურადღება გაამახვილე, თუ რას ასწავლიდა ის განქორწინებისა და მრუშობის შესახებ.
10 განქორწინებასთან დაკავშირებით, იესოს დაუსვეს შემდეგი კითხვა: „თუ არის ნებადართული კაცისათვის გაუშვას ცოლი ყოველგვარი მიზეზით?“ მარკოზის გადმოცემის თანახმად, იესომ უთხრა: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს [სიძვის მიზეზის გარეშე] და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ. თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს“ (მარკოზი 10:10–12; მათე 19:3, 9). ეს მარტივად ჩამოყალიბებული სიტყვები ცხადყოფს ქალების ღირსებისადმი პატივისცემას. როგორ?
11 უპირველეს ყოვლისა, სიტყვებით „სიძვის მიზეზის გარეშე“ (რომლებსაც ვპოულობთ მათეს სახარებაში), იესომ ცხადყო, რომ ქორწინებას არ უნდა მოეკიდონ არასერიოზულად ან ადვილად არ უნდა დაანგრიონ ის. რაბინების სწავლება, რომელიც იმ დროს იყო გავრცელებული, განქორწინებას ნებას რთავდა ისეთი წვრილმანი მიზეზების გამო, როგორიცაა ცოლის მიერ კერძის გაფუჭება ან უცხო მამაკაცთან საუბარი. საოცარია, განქორწინება მაშინაც კი იყო ნებადართული, როცა ქმარი ნახავდა სხვა ქალს, რომელიც მისთვის უფრო მიმზიდველი იყო! ერთი ბიბლიის მცოდნე იუწყება: „იესოს ნათქვამი. . . მხარდაჭერა იყო ქალებისთვის, რათა ქორწინება აყვანილი ყოფილიყო იმ დონეზე, რაც მას უნდა ჰქონოდა“. რასაკვირველია, ქორწინება უნდა ყოფილიყო მტკიცე კავშირი, სადაც ქალს შეეძლო თავი უშიშრად ეგრძნო (მარკოზი 10:6–9).
12 მეორე, გამოთქმით „მრუშობს მის [ცოლის] მიმართ“, იესომ შემოიტანა თვალსაზრისი, რომელიც რაბინების კანონისთვის უცხო იყო — მცნება ქმრების მიერ ცოლების მიმართ მრუშობის ჩადენის შესახებ. „ბიბლიის განმმარტებლის კომენტარი“ (The Expositor’s Bible Comentary) ხსნის: „რაბინულ იუდაიზმში ქმრისადმი ორგულობა ქალს მრუშობად ეთვლებოდა; და მამაკაცს, რომელსაც სქესობრივი კავშირი ჰქონდა სხვის ცოლთან, ეს ქალის ქმრის წინაშე მრუშობად ეთვლებოდა. მაგრამ მამაკაცს არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ ეთვლებოდა არაფერი მრუშობად ცოლის წინაშე. იესომ ქმრებისა და ცოლებისთვის ერთი და იგივე ზნეობრივი ნორმების მიცემით, გაზარდა ქალების პრესტიჟი და ღირსება.“
13 მესამე, გამოთქმით „თუ ცოლი გაეყრება ქმარს“, იესომ სამართლიანად სცნო, რომ ქალი გაშორებოდა მოღალატე ქმარს — ეს აშკარად ცნობილი მოვლენაა, მაგრამ იმ დროს არ იყო ჩვეულებად მიღებული ებრაელთა კანონშიc, სადაც ნათქვამი იყო: „ქალს შეიძლება გაეყარო მისი სურვილით ან მისი სურვილის გარეშეც, მაგრამ მამაკაცს — მხოლოდ მისი სურვილით“. მაგრამ იესოს სიტყვების თანახმად, ქრისტიანობაში ერთი და იგივე ნორმები უნდა ჰქონდეთ როგორც კაცებს, ისევე ქალებს.
14 იესოს სწავლებებმა ქალების კეთილდღეობისადმი აშკარად დიდი ინტერესი გამოავლინა. ამიტომ, ადვილად გასაგებია, თუ რატომ გრძნობდა ზოგიერთი ქალი იესოსადმი ისეთ სიყვარულს, რომ მისი საჭიროებისთვის არ ენანებოდათ საკუთარი ქონება (ლუკა 8:1–3). „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, — თქვა იესომ, — არამედ მისია, ვინც მე მომავლინა“ (იოანე 7:16). თავისი სწავლებით იესომ აირეკლა ქალების მიმართ იეჰოვას თვალსაზრისი.
„პატივი ეცით“
15 პეტრე უშუალოდ აკვირდებოდა, თუ როგორ ექცეოდა იესო ქალებს. ოცდაათი წლის შემდეგ პეტრემ ჯერ ცოლებს მისცა სიყვარულით აღსავსე რჩევა, შემდეგ კი დაწერა: „თქვენც, ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ“ (1 პეტრე 3:7). რას გულისხმობდა პეტრე სიტყვებში: „პატივი ეცით“?
16 ერთი ლექსიკოგრაფის ნათქვამის თანახმად, ბერძნული არსებითი სახელი, გადმოთარგმნილი „პატივისცემად“ (ტი·მეʹ) ნიშნავს „ძვირფასს, მნიშვნელოვანს, აღიარებას, დაფასებას“. ბერძნული სიტყვის ფორმები გამოხატავს „ძღვენს“ და „ძვირფასს“ (საქმეები 28:10, აქ; 1 პეტრე 2:7). თუ გამოვიკვლევთ პეტრეს მიერ 2 პეტრეს 1:17-ში გამოყენებული მსგავსი სიტყვების ფორმას, ჩავწვდებით იმის არსს, თუ რას ნიშნავს ვინმეს პატივისცემა. აქ ის მიუთითებდა იესოს გარდასახვაზე: „ვინაიდან მან მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როცა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან მასთან მიაღწია ასეთმა ხმამ: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“. იესოს გარდასახვისას, იეჰოვამ პატივი სცა თავის ძეს იმით, რომ გამოავლინა მისადმი მოწონება და ღმერთმა ეს სხვების გასაგონადაც გააკეთა (მათე 17:1–5). მამაკაცი, რომელიც პატივს სცემს თავის ცოლს, არასოდეს შეურაცხყოფს ან დაამცირებს მას. უფრო სწორად, ის თავისი სიტყვებითა და მოქმედებით ცხადყოფს — როგორც ცალკე, ისე საზოგადოებაშიც — რომ პატივს სცემს მას (იგავნი 31:28–30).
17 ის პატივისცემა, რომლის შესახებაც პეტრე ლაპარაკობს, ცოლებისადმი უნდა გამოავლინონ ქრისტიანმა ქმრებმა. ეს არის არა მოწყალება, არამედ ცოლების მიმართ სათანადო ვალდებულება. რატომ ეკუთვნით ცოლებს ასეთი პატივისცემა? ისინი არიან ‘სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრენი’, — განმარტავს პეტრე. ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში მამაკაცები და ქალები, რომლებმაც მიიღეს პეტრეს წერილები, მოწოდებულნი იყვნენ, შემოერთებოდნენ ქრისტეს თანამემკვიდრეებს (რომაელთა 8:16, 17; გალატელთა 3:28). კრებაში მათ არ ჰქონდათ ერთნაირი ვალდებულებები, მაგრამ საბოლოოდ ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა ზეცაში ქრისტესთან ერთად მმართველობაში (გამოცხადება 20:6). დღესაც, როდესაც ღმერთის ხალხის უმრავლესობას აქვს დედამიწაზე ცხოვრების იმედი, სერიოზული შეცდომა იქნებოდა, თუ რომელიმე ქრისტიანი მამაკაცი იმის გამო, რომ კრებაში მას აქვს გარკვეული უპირატესობები, იფიქრებდა, რომ ღმერთის თვალში ის უფრო ძვირფასია, ვიდრე ქალი (შეადარე ლუკა 17:10). კაცსა და ქალს თანაბარი სულიერი მდგომარეობა უკავია ღმერთის წინაშე; იესოს გამომსყიდველურმა მსხვერპლმა ორივეს გაუხსნა გზა ერთნაირი პერსპექტივისკენ — ყოფილიყვნენ გათავისუფლებული ცოდვისა და სიკვდილის განაჩენისგან და მიეღოთ მარადიული სიცოცხლე (რომაელთა 6:23).
18 პეტრეს მოჰყავს იმის სხვა მტკიცე საფუძველიც, თუ რატომ უნდა დააფასონ ქმრებმა ცოლები — ‘რათა ლოცვა არ დაუბრკოლდეთ’. სიტყვა „დაბრკოლება“ გადმოთარგმნილია ბერძნული ზმნიდან „ენ·კოʹპტო“, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ჩარევას“. ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის“ (Expository Dictionary of New Testament Words) თანახმად, ის „გამოიყენებოდა გზის აყრით პიროვნებისთვის ხელის შეშლის ან გზაზე დიდი დაბრკოლების შექმნის გამოსახატავად“. მაშასადამე, ცოლისადმი უპატივცემლობა დააბრკოლებს ქმრის ლოცვასა და ღმერთის მიერ ამ ლოცვის მოსმენას. შესაძლოა, მამაკაცი თვლიდეს თავს უღირსად, რომ მიმართოს ღმერთს ან შესაძლოა, იეჰოვა არ იყოს განწყობილი, მოუსმინოს მას. აშკარად, იეჰოვა დიდ ყურადღებას აქცევს მამაკაცების მოპყრობას ქალებისადმი (შეადარე გოდება იერემიასი 3:44).
19 პატივისცემის გამოვლენის ვალდებულება მხოლოდ მამაკაცებს არ ეხებათ. მაშინ, როცა ქმარმა პატივი უნდა სცეს ცოლს და მოექცეს მას სიყვარულითა და ღირსებით, ცოლმაც უნდა დააფასოს ქმარი თავისი მორჩილებით და ღრმა პატივისცემა გამოავლინოს მის მიმართ (1 პეტრე 3:1–6). გარდა ამისა, პავლე არწმუნებდა ქრისტიანებს: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელთა 12:10). ეს არის მოწოდება კრებაში მამაკაცებისა და ქალების მიმართ, რომ იმსახურონ ერთად და ჰქონდეთ ურთიერთპატივისცემა. როდესაც ასეთი სულია გაბატონებული, ქრისტიანი ქალი არ ილაპარაკებს ძირგამომთხრელად ხელმძღვანელ პიროვნებაზე, არამედ მხარში ამოუდგება უხუცესებს და ითანამშრომლებს მათთან (1 კორინთელთა 14:34, 35; ებრაელთა 13:17). თავის მხრივ, ქრისტიანი ზედამხედველები მოეპყრობიან „დედაბრებს — როგორც დედებს, ყმაწვილქალებს — როგორც დებს“ (1 ტიმოთე 5:1, 2). ბრძნულია, უხუცესებმა ყურადღება მიაქციონ ქრისტიანი დების ხმას. ამგვარად, როცა და ავლენს თეოკრატიული მეთაურობისადმი პატივისცემას და მოკრძალებით სვამს კითხვას ან მიუთითებს კიდეც რაღაცაზე, რაც ყურადღებას მოითხოვს, უხუცესები სიხარულით განიხილავენ მასთან ამ საკითხს ან პრობლემას.
20 მას შემდეგ, რაც ედემში ქალმა ცოდვა შემოიტანა, მრავალ ქვეყანაში ქალებს არ აფასებენ. მაგრამ იეჰოვას თავდაპირველად არ ჰქონია განზრახული, რომ მათ ასე მოქცეოდნენ. არა აქვს მნიშვნელობა, როგორი მოპყრობაა გაბატონებული სხვადასხვა კულტურებში ქალის მიმართ, ებრაული და ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ნათლად უჩვენებენ, რომ ღვთისმოშიშ ქალებს პატივისცემით უნდა მოექცნენ და დააფასონ. ეს არის ღმერთისგან ბოძებული ვალდებულება.
[სქოლიოები]
a „საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიური ენციკლოპედია“ (The International Standard Bible Encyclopedia) განმარტავს: „ქალები არ სხდებოდნენ სუფრასთან მამაკაც სტუმრებთან ერთად და კაცებს აკრძალული ჰქონდათ ქალებთან ლაპარაკი. . . საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ქალებთან საუბარი განსაკუთრებით სამარცხვინო იყო“. ებრაული „მიშნა“, რაბინული სწავლებების კრებული, იძლეოდა რჩევას: „ბევრს ნუ ილაპარაკებ ქალებთან. . . ის, ვინც ბევრს ლაპარაკობს ქალებთან, უბედურებას იტეხს თავზე, უგულებელყოფს კანონის მოძღვრებას და საბოლოოდ გეენაში მოხვდება“ (აბოთი 1:5).
b წიგნი „პალესტინა ქრისტეს დროს“ (Palestine in the Time of Christ) იუწყება: „ზოგ შემთხვევაში ქალი თითქმის მონის დონეზე იყო დაყენებული. მაგალითად, მას არ შეეძლო სასამართლოზე მოწმედ გამოსვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადასტურებდა საკუთარი ქმრის სიკვდილს“. „მიშნა“ ეყრდნობა ლევიანნის 5:1-ს და განმარტავს: «[კანონის თანახმად], „ფიცის დადება დამოწმებისთვის“ ნებადართულია მამაკაცებისთვის, მაგრამ არა ქალებისთვის» (შებუოთი 4:1).
c პირველი საუკუნის იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი იუწყება, რომ მეფე ჰეროდეს დამ, სალომემ, თავის ქმარს გაუგზავნა „გაყრის მოწმობა და ეს მოქმედება არ შეესაბამებოდა იუდეველთა კანონს. ჩვენთან (მხოლოდ) ქმარს შეუძლია ამის გაკეთება“ („იუდეველთა სიძველენი“ [Jewish Antiquities], XV, 259 [vii, 10]).
რას უპასუხებდი?
◻ რა მაგალითი დატოვა იესომ ქალებისადმი პატივისცემითა და დაფასებით?
◻ როგორ ცხადყვეს იესოს სწავლებებმა ქალების ღირსებისადმი პატივისცემა?
◻ რატომ უნდა სცეს პატივი ქრისტიანმა მამაკაცმა თავის ცოლს?
◻ რა ვალდებულება აკისრია ყველა ქრისტიანს პატივისცემასთან დაკავშირებით?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) რას ეხებოდა იესოს საუბარი ჭასთან მოსულ სამარიელ ქალთან და რატომ? (იხილე ასევე სქოლიო). ბ) რა გამოავლინა იესომ სამარიელ ქალთან ქადაგებით?
3, 4. ა) რა პასუხი გასცა იესომ ქალს, რომელიც მის ტანსაცმელს შეეხო? ბ) როგორ დაუტოვა იესომ კარგი მაგალითი ქრისტიან მამაკაცებს, განსაკუთრებით კი ზედამხედველებს?
5. ა) რაბინების გადმოცემებით, როგორ იყვნენ ქალები შეზღუდული? (იხილე სქოლიო). ბ) ვინ იყვნენ პირველები, რომლებმაც ნახეს იესო და გაავრცელეს ცნობა მისი აღდგენის შესახებ?
6, 7. ა) რა უთხრა იესომ ქალს, რომელიც სამარხთან მივიდა? ბ) როგორი იყო იესოს მამაკაცი მოწაფეების რეაქცია ქალებისგან მიღებულ ცნობაზე და რისი შესწავლა შეიძლება აქედან?
8. ქალებისადმი მოპყრობით, რა გამოავლინა იესომ?
9, 10. როგორ უარყო იესომ რაბინების ტრადიციები ქალებთან დაკავშირებით და რა უპასუხა ფარისევლების შეკითხვაზე განქორწინების შესახებ?
11. რას ცხადყოფს იესოს სიტყვები: „სიძვის მიზეზის გარეშე“, ქორწინების შესახებ?
12. რა მცნება შემოიტანა იესომ სიტყვებით: „მრუშობს მის [ცოლის] მიმართ“?
13. განქორწინებასთან დაკავშირებით, როგორ ცხადყო იესომ, რომ ქრისტიანობაში როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის უნდა არსებობდეს ერთი და იგივე ნორმები?
14. თავისი სწავლებებით, რა აირეკლა იესომ?
15. რა დაწერა მოციქულმა პეტრემ ცოლებისადმი ქმრების მოპყრობის შესახებ?
16. ა) რა არის „პატივისცემად“ გადმოთარგმნილი ბერძნული არსებითი სახელის მნიშვნელობა? ბ) როგორ დააფასა იეჰოვამ იესო გარდასახვისას და რას ვსწავლობთ აქედან?
17. ა) რატომ არის ჯეროვანი ქრისტიანი ცოლებისადმი პატივისცემა? ბ) რატომ არ უნდა ფიქრობდეს მამაკაცი, რომ ის უფრო ძვირფასია ღმერთისთვის, ვიდრე ქალი?
18. რა საფუძვლიანი მიზეზი მოიყვანა პეტრემ ქმრებისთვის ცოლების პატივისცემასთან დაკავშირებით?
19. როგორ შეუძლიათ კრებაში მამაკაცებსა და ქალებს ურთიერთპატივისცემით თანამშრომლობა?
20. საღვთო წერილის ცნობის თანახმად როგორ უნდა მოექცნენ ქალებს?