როგორი მომავალი მოელის ცხვრებსა და თხებს?
„გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან“ (მათე 25:32).
დედამიწაზე არსებული მასწავლებლებიდან იესო ქრისტე ჭეშმარიტად უდიდესი მასწავლებელი იყო (იოანე 7:46). მისი სწავლების ერთ-ერთი მეთოდი იყო იგავების ან ილუსტრაციების გამოყენება (მათე 13:34, 35). ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდი იყო გონების გამსჭვალავი სულიერი და წინასწარმეტყველური ჭეშმარიტებების აზრის გადმოსაცემად.
2 ცხვრებისა და თხების შესახებ იგავში იესომ მიუთითა დროზე, როდესაც ის ამას განსაკუთრებული უნარით შეასრულებდა: „როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და. . .“ (მათე 25:31). ამან უნდა დაგვაინტერესოს, ვინაიდან ეს არის ილუსტრაცია, რომლითაც იესომ დაასრულა პასუხი კითხვაზე: „რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3). მაგრამ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
3 იესომ იწინასწარმეტყველა საოცარი მოვლენები, რომლებიც დაიწყებოდა „მყისვე“, დიდი გასაჭირისთანავე, მოვლენები, რომლებსაც ველოდებით. მან თქვა, რომ მაშინ „კაცის ძის ნიშანი“ გამოჩნდებოდა. ეს დიდად იმოქმედებს ‘დედამიწის ყველა ტომზე’, რომლებიც „იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით“. კაცის ძესთან ერთად იქნებიან ‘თავისი ანგელოზები’ (მათე 24:21, 29–31)a. რა შეიძლება ითქვას ცხვრებისა და თხების იგავის შესახებ? თანამედროვე ბიბლიებში ის მოთავსებულია 25-ე თავში, მაგრამ ის არის იესოს პასუხის ნაწილი, რომელშიც გადმოსცა დამატებითი დაწვრილებითი ცნობები დიდებით თავისი მოვლინების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ‘ყოველი ერის’ გასამართლებაზე (მათე 25:32).
იგავის პერსონაჟები
4 იესომ იგავი შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „როცა მოვა კაცის ძე“. თქვენ ალბათ იცით, ვინ არის „კაცის ძე“. სახარების მწერლები ხშირად იყენებენ ამ გამოთქმას იესოს მიმართ. ასევე აკეთებდა იესოც და უეჭველია, მხედველობაში ჰქონდა დანიელის ხილვა ‘კაცის ძის მსგავსის’ შესახებ, რომელიც ‘ძველი დღეთას’ მიუახლოვდა ‘ხელმწიფობის, დიდების და მეფობის’ მისაღებად (დანიელი 7:13, 14; მათე 26:63, 64; მარკოზი 14:61, 62). მაშინ, როცა ამ იგავში მთავარი პიროვნება არის იესო, ის მაინც არ არის მარტო. როგორც ციტირებულია მათეს 24:30, 31-ში, ამ საუბრამდე მან თქვა, რომ როცა კაცის ძე ‘მოვა დიადი ძალითა და დიდებით’ მისი ანგელოზები შეასრულებენ მნიშვნელოვან როლს. მსგავსად ამისა, ცხვრებისა და თხების შესახებ იგავში იესოსთან ერთად, როცა ის გასასამართლებლად ‘ჯდება თავისი დიდების ტახტზე’, ნაჩვენებია ანგელოზები (შეადარე მათეს 16:27-თან). მაგრამ მოსამართლე და მისი ანგელოზები ზეცაში არიან, ასე რომ, არის თუ არა ამ იგავში ლაპარაკი კაცობრიობაზე?
5 თუ თვალს გადავავლებთ იგავს, დავინახავთ სამ ჯგუფს და საჭიროა დავადგინოთ, თუ ვის წარმოადგენენ ისინი. ცხვრებისა და თხების გარდა კაცის ძე მოიხსენიებს მესამე ჯგუფს, რომლის დადგენა ძირითადია ცხვრებისა და თხების განსასაზღვრავად. იესო ამ მესამე ჯგუფს თავის სულიერ ძმებს უწოდებს (მათე 25:40, 45). ისინი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები უნდა იყვნენ, ვინაიდან იესომ თქვა: „ვინც ჩემი. . . მამის ნება-სურვილს შეასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“ (მათე 12:50; იოანე 20:17). ამასთან დაკავშირებით, პავლე წერდა იმ ქრისტიანების შესახებ, რომლებიც ‘აბრაამის თესლის’ ნაწილი და ღვთის ძეები არიან. ის მათ იესოს ‘ძმებსა’ და ‘ზეციური მოწოდების ზიართ’ უწოდებდა (ებრაელთა 2:9—3:1; გალატელთა 3:26, 29).
6 რატომ მოიხსენიებს იესო ‘უმცირესს’ თავის ძმებს შორის? ეს სიტყვები ადრეც ჰქონდათ მისგან მოსმენილი მოციქულებს. როდესაც იოანე ნათლისმცემელი — რომელიც იესოს სიკვდილამდე მოკვდა და მაშასადამე დედამიწაზე ცხოვრების იმედი ჰქონდა — შეადარა მათთან, რომლებიც ზეციერ ცხოვრებას დაიმკვიდრებდნენ, იესომ თქვა: „დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი; მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია“ (მათე 11:11). შესაძლოა, მოციქულების მსგავსად, ზეცაში წამსვლელთაგან ზოგიერთი უფრო გამოჩენილი პიროვნება იყოს კრებაში, ხოლო ზოგიერთი — ნაკლებად, მაგრამ ისინი ყველა იესოს სულიერი ძმები არიან (ლუკა 16:10; 1 კორინთელთა 15:9; ეფესელთა 3:8; ებრაელთა 8:11). ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები დედამიწაზე უმნიშვნელო პიროვნებებად ჩანან, ისინი ქრისტეს ძმები არიან და მათ სათანადოდ უნდა მოეპყრონ.
ვინ არიან ცხვრები და ვინ — თხები?
7 ცხვრებზე განაჩენის შესახებ ვკითხულობთ: „ეტყვის მეფე [იესო], თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, მამაჩემის კუთრთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ’. მაშინ მართლები ეტყვიან მას პასუხად: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?’ მეფე მიუგებს მათ პასუხად: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც-კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ’“ (მათე 25:34–40).
8 ცხადია, ცხვრები, რომლებიც იესოს მარჯვენა მხარეს ყოფნის ღირსად იყვნენ ჩათვლილი, არიან კაცობრიობის ფენის წარმომადგენლები, რომლებმაც პატივისცემა და კეთილგანწყობილება დაიმსახურეს (ეფესელთა 1:20; ებრაელთა 1:3). რა გააკეთეს მათ და როდის? იესო ამბობს, რომ მათ გულმოწყალედ, პატივისცემითა და დიდსულოვნად მისცეს მას საკვები, სასმელი და ტანსაცმელი, დაეხმარნენ ავადმყოფობისას და ციხეში ყოფნისას. როცა ცხვრებმა უთხრეს, რომ მათ პირადად იესოსთვის არ გაუკეთებიათ ეს, იესომ მიუთითა, რომ ისინი მხარში ამოუდგნენ მის სულიერ ძმებს, ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილ ნაწილს და ამგვარად, ცხვრებმა ეს მას გაუკეთეს.
9 იგავი არ ვრცელდება ათასწლიან პერიოდზე, ვინაიდან ცხებულებს მაშინ არ შეაწუხებთ შიმშილი, წყურვილი, ავადმყოფობა ან პატიმრობა. მიუხედავად ამისა, ამ სისტემის აღსასრულის განმავლობაში მრავალი მათგანი განიცდის მსგავს მდგომარეობას. მას შემდეგ, რაც სატანა გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე, მისი რისხვის განსაკუთრებული ობიექტი გახდა ცხებულთა დარჩენილი ნაწილი და მათ თავს ატეხს დაცინვას, წამებასა და სიკვდილს (გამოცხადება 12:17).
10 ამბობს თუ არა იესო, რომ პიროვნება, რომელმაც მცირე სიკეთე (როგორიცაა ლუკმა პურის ან ჭიქა წყლის მიწოდება) გამოავლინა მისი ძმების მიმართ, ჩაითვლება მის ერთ-ერთ ცხვრად? თავისთავად იგულისხმება, რომ ასეთი სიკეთის გამოვლენა შესაძლოა ირეკლავს ადამიანის გულკეთილობას, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ჩანს, იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ უფრო მეტის მომცველია. რასაკვირველია, იესო ასე არ მიმართავდა, მაგალითად, ათეისტებს ან მღვდლებს, რომლებიც შემთხვევით გამოიჩენენ სიკეთეს რომელიმე მისი ძმათაგანის მიმართ. ამის საპირისპიროდ, იესომ ორჯერ უწოდა ცხვრებს „მართალნი“ (მათე 25:37, 46). ამგვარად, ცხვრები უნდა იყვნენ პიროვნებები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში დახმარებას უწევენ — აქტიურად უჭერენ მხარს — ქრისტეს ძმებს და იმდენად ავლენენ რწმენას, რომ ღმერთის წინაშე მართლებად დგანან.
11 საუკუნეების განმავლობაში აბრაამის მსგავსი მრავალი პიროვნება სარგებლობდა მართლად წარდგომის უფლებით (იაკობი 2:21–23). ნოე, აბრაამი და სხვა ერთგული პიროვნებები მიეკუთვნებიან ‘სხვა ცხვრებს’, რომლებიც ღმერთის სამეფოს ქვეშევრდომობით მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებენ დედამიწაზე. დიდი ხანი არ არის, რაც სხვა ცხვრების სახით მილიონზე მეტმა პიროვნებამ დაიწყო ჭეშმარიტი თაყვანისცემა და ცხებულებთან ერთად შექმნა „ერთი ფარა“ (იოანე 10:16; გამოცხადება 7:9). მიწიერი იმედის მქონე ეს პიროვნებები იესოს ძმებს აღიარებენ სამეფოს მაუწყებლებად და ამიტომ ეხმარებიან მათ პირდაპირი თუ სულიერი გაგებით. იესო საკუთრად მისთვის გაკეთებულად თვლის იმას, რასაც დედამიწაზე მისი ძმების მიმართ აკეთებენ სხვა ცხვრები. ასეთი პიროვნებები, რომლებიც ცოცხლები იქნებიან იესოს მიერ ერების გასასამართლებლად მოსვლის დროს, გასამართლებული იქნებიან, როგორც ცხვრები.
12 თუ სხვა ცხვრები ახლა ცხებულებთან ერთად ქადაგებენ კეთილ ცნობას და ეხმარებიან მათ, რატომ უნდა დაესვათ კითხვა: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?“ (მათე 25:37). შესაძლოა არსებობდეს ამის მრავალი სხვადასხვა მიზეზი. ეს არის იგავი. მისი საშუალებით იესო გვიჩვენებს დიდ მზრუნველობას, თავის გრძნობებს სულიერი ძმების მიმართ, ტანჯვას მათთან ერთად. იესომ ადრე თქვა: „ვინც თქვენ გღებულობთ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელს ღებულობს“ (მათე 10:40). ამ ილუსტრაციით იესო განავრცობს პრინციპს, რომელიც ცხადყოფს, რომ რაც გაკეთდა (კარგი ან ცუდი) თავისი ძმების მიმართ ცამდე აღწევს; თითქოს ცაში მისთვის გაეკეთებინოთ ეს. ასევე, აქ იესომ ყურადღება გაამახვილა იეჰოვას სამართლებრივ ნორმებზე, რითაც ნათელი მოჰფინა ღმერთის განაჩენს, რომელიც ორიდან ერთია: კეთილგანწყობა ან გამტყუნება, და ეს მართებული და სამართლიანია. თხები თავს ვერ გაიმართლებენ სიტყვებით: „ნეტავი პირადად დაგვენახე“.
13 მას შემდეგ, როცა გავიგებთ, თუ როდის იქნება იგავში ნაჩვენები ეს სამსჯავრო, უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება იმის შესახებ, თუ ვინ არიან თხები. ეს სამსჯავრო შედგება მაშინ, როცა „გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს. . . მომავალს დიადი ძალითა და დიდებით“ (მათე 24:29, 30). დიდ ბაბილონზე დატეხილი უბედურებისას გადარჩენილებმა მათ, ვინც მეფის ძმებს ადრე მტრულად ეპყრობოდნენ, შესაძლოა, იმ დროს სასოწარკვეთილებმა მიმართონ მოსამართლეს, „უფალო!“ იმ იმედით, რომ გადარჩნენ (მათე 7:22, 23; შეადარე გამოცხადება 6:15–17).
14 მაგრამ იესოს სამსჯავრო არ იქნება დაფუძნებული ყოფილი ეკლესიის თავგამოდებული მიმდევრების, ათეისტების ან სხვების სასოწარკვეთილ შეძახილებზე (2 თესალონიკელთა 1:8). ნაცვლად ამისა, მოსამართლე შეამოწმებს გულის მდგომარეობასა და ხალხის წარსულ მოქმედებას ‘[მის ძმათაგან] ერთი უმცირესთაგანის’ მიმართაც კი. მართალია, დედამიწაზე დარჩენილ ცხებულ ქრისტიანთა რიცხვი კლებულობს. მაგრამ სანამ ცხებული პიროვნება შედის „ერთგული და გონიერი“ მონის კლასის შემადგენლობაში და აგრძელებს სულიერი საკვებითა და ხელმძღვანელობით უზრუნველყოფას, მომავალ ცხვრებს აქვთ შესაძლებლობა სიკეთე მოიმოქმედონ მონის კლასის მიმართ, ისევე როგორც ამას აკეთებს ‘უამრავი ხალხი ყოველი ერიდან და ტომიდან’ (გამოცხადება 7:9, 14).
15 როგორ ექცევიან ქრისტეს ძმებსა და მილიონობით სხვა ცხვრებს, რომლებიც გაერთიანებული არიან ერთ ფარად? მრავალი ადამიანი, შესაძლოა, არ მოქმედებს უშუალოდ ქრისტეს წარმომადგენლების წინააღმდეგ, მაგრამ არც სიყვარულით მოპყრობია არასდროს მის ხალხს. თხისმაგვარი ხალხი უპირატესობას ანიჭებს ბოროტ ქვეყნიერებას და არ ღებულობს ცნობას სამეფოს შესახებ, მიუხედავად იმისა, უშუალოდ ისმენს მას თუ სხვებისგან (1 იოანე 2:15–17). დასასრულ, რასაკვირველია, იესო არის პიროვნება, ვინც დანიშნულია განაჩენის აღმსრულებლად. ჩვენი საქმე არ არის გადავწყვიტოთ, ვინ არის ცხვარი და ვინ — თხა (მარკოზი 2:8; ლუკა 5:22; იოანე 2:24, 25; რომაელთა 14:10–12; 1 კორინთელთა 4:5).
რა მოელის თითოეულ ჯგუფს
16 იესომ შემდეგი განაჩენი გამოუტანა ცხვრებს: „მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი“. რა გულთბილი მოწვევაა — „მოდით“! რისთვის? მარადიული სიცოცხლისთვის, როგორც გმოხატულია დასკვნაში: „მართალნი [შევლენ] — საუკუნო სიცოცხლეში“ (მათე 25:34, 46).
17 ტალანტების შესახებ იგავში იესომ ცხადყო, რა მოეთხოვებათ მათ, რომლებიც ზეცაში იმმართველებენ მასთან ერთად, მეორე მხრივ, ამ იგავით მან აჩვენა, თუ რას მოელიან სამეფოს ქვეშევრდომებისგან (მათე 25:14–23). როგორც ჩანს, იესოს ძმებისადმი მთელი გულით მხარდაჭერის გამო, ცხვრები დაიმკვიდრებენ მისი სამეფოს მიწიერ სამფლობელოს. ისინი დატკბებიან დედამიწაზე სამოთხით — მომავლით, რომელიც ღმერთმა „წუთისოფლის შექმნიდან“ მოამზადა გამოსყიდული კაცობრიობისთვის (ლუკა 11:50, 51).
18 რამდენად განსხვავებულია თხებზე გამოტანილი განაჩენი! „მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: ‘წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით; მწყუროდა და არ მასვით; უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მომინახულეთ.’ მაშინ ისინიც მიუგებენ პასუხად: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?’ მაშინ მიუგებს იგი პასუხად: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგან, არც მე გამიკეთეთ’“ (მათე 25:41–45).
19 ბიბლიის მკვლევარებმა იციან, რომ შეუძლებელია ეს ნიშნავდეს თხისმაგვარი პიროვნებების უკვდავი სულის ტანჯვას მარადიულ ცეცხლში. დიახ, რადგან ადამიანები თვითონ არიან სულები; მათ არა აქვთ უკვდავი სული (დაბადება 2:7, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა; ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4). თხებისადმი ‘საუკუნო ცეცხლის’ განაჩენში მოსამართლე გულისხმობს განადგურებას ყოველგვარი მომავლის იმედის გარეშე, რომელიც ასევე საუკუნო აღსასრული იქნება სატანისა და მისი დემონებისთვისაც (გამოცხადება 20:10, 14). მაშასადამე, იეჰოვას მიერ დანიშნულმა მსაჯულმა გამოიტანა ურთიერთსაპირისპირო განაჩენი. ის ცხვრებს ეუბნება — „მოდით“; თხებს — „წადით ჩემგან“. ცხვრები დაიმკვიდრებენ ‘საუკუნო სიცოცხლეს’. თხები მიიღებენ ‘საუკუნო სატანჯველს’ (მათე 25:46)b.
რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
20 ოთხ მოციქულს, რომლებმაც მოისმინეს ქრისტეს პასუხი მისი თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის ნიშნის შესახებ, უნდა გაეთვალისწინებინა ბევრი რამ. მათ უნდა ეფხიზლათ და ყოფილიყვნენ ყურადღებით (მათე 24:42). მათ ასევე უნდა დაემოწმებინათ, როგორც ეს მოხსენიებულია მარკოზის 13:10-ში. დღეს იეჰოვას მოწმეები ძალიან არიან დაკავებული ამ საქმიანობით.
21 ამიტომ, რას ნიშნავს ცხვრებისა და თხების შესახებ ამ იგავის დამატებითი გაგება ჩვენთვის? ადამიანები უკვე ურთიერთსაპირისპირო პოზიციას იკავებენ. ზოგიერთი არის ‘განიერ გზაზე, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს’, ხოლო სხვები ცდილობენ დარჩნენ ‘ვიწრო გზაზე, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს’ (მათე 7:13, 14). მაგრამ დრო, როდესაც იესო საბოლოო განაჩენს გამოაცხადებს იგავში აღწერილ ცხვრებსა და თხებზე, ჯერ არ დამდგარა. როცა ძე კაცისა მოვა მოსამართლის როლში, მაშინ დაადგენს, რომ მრავალი ჭეშმარიტი ქრისტიანი — ფაქტობრივად მიძღვნილი ცხვრები, „უამრავი ხალხი“ — მომზადებული იქნება ‘დიდი გასაჭირის’ ბოლო ნაწილის გადასატანად და ახალ ქვეყნიერებაში შესასვლელად. ეს მომავალი ახლა უნდა იყოს სიხარულის წყარო (გამოცხადება 7:9, 14). მეორე მხრივ, მრავალი ადამიანი „ყოველი ერიდან“ დაამტკიცებს, რომ არის ჯიუტი თხისმაგვარი პიროვნება. ისინი „წავლენ. . . საუკუნო სატანჯველში“. როგორი შვება იქნება დედამიწისთვის!
22 თუმცა იგავში აღწერილი სასამართლო ახლო მომავალში მოხდება, ახლა უკვე სრულდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ, ქრისტიანები, დაკავებული ვართ სიცოცხლის გადამრჩენი ცნობის გავრცელებით, რომლის საფუძველზეც ხდება ხალხთა დაყოფა (მათე 10:32–39). პავლე წერდა: „რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს? როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?“ (რომაელთა 10:13, 14). ღმერთის სახელით ჩვენი საჯარო მსახურება, მისი ცნობა გადარჩენის შესახებ აღწევს 230-ზე მეტ ქვეყანაში. ქრისტეს ცხებული ძმები ჯერაც უძღვებიან ამ საქმეს. ახლა მათთან გაერთიანებულია დაახლოებით ხუთი მილიონი სხვა ცხვარი. და ადამიანები მთელი დედამიწის ზურგზე ეხმაურებიან ცნობას, რომელსაც იესოს ძმები ავრცელებენ.
23 კარდაკარ ან არაფორმალური დამოწმებისას მრავალი ადამიანისთვის ცნობილი ხდება ჩვენი ცნობა. სხვებმა შესაძლოა ჩვენთვის უცნობი გზებით იციან იეჰოვას მოწმეებისა და იმის შესახებ, თუ რას წარმოვადგენთ. როცა გასამართლების დრო დადგება, რამდენად მიიღებს იესო მხედველობაში საზოგადოების კოლექტიურ პასუხისმგებლობასა და ოჯახის წვლილს? ჩვენ ეს არ შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის უსარგებლო ფიქრი (შეადარე 1 კორინთელთა 7:14). დღეს მრავალი შეგნებულად უგულებელყოფს, დასცინის ან აშკარად სდევნის ღმერთის ხალხს. მაშასადამე, ეს არის კრიტიკული დრო; ასეთი პიროვნებები შესაძლოა გახდნენ ისეთები, რომლებიც იესომ განსაჯა, როგორც თხები (მათე 10:22; იოანე 15:20; 16:2, 3; რომაელთა 2:5, 6).
24 საბედნიეროდ, მრავალი კეთილგანწყობილებით გამოეხმაურა ცნობას, სწავლობს ღმერთის სიტყვას და იეჰოვას მოწმე ხდება. ზოგიერთი, რომელიც დღეს თხისმაგვარი პიროვნება ჩანს, შეიძლება შეიცვალოს და გახდეს ცხვრისმაგვარი. ეს ნიშნავს, რომ ისინი, რომლებიც ეხმაურებიან და აქტიურად უჭერენ მხარს ქრისტეს ძმების დარჩენილ ნაწილს, ამით ცხადყოფენ, რომ მათთვის საფუძველი ეყრება ადგილს იესოს მარჯვენა მხარეს, როცა ახლო მომავალში ის თავის ტახტზე დაჯდება გასასამართლებლად. ისინი კურთხეულნი არიან და მომავალშიც კურთხეულნი იქნებიან. ამგვარად, ამ იგავმა სტიმული უნდა მოგვცეს ქრისტიანულ მსახურებაში უფრო გულმოდგინედ მოქმედებისკენ. ვიდრე ჯერ კიდევ ძალიან გვიან არ არის, გვსურს, სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაში გავაკეთოთ ყველაფერი, რისი ძალაც შეგვწევს და ასეთნაირად მივცეთ სხვებს გამოხმაურების საშუალება. შემდეგ კი იესოზეა დამოკიდებული, როგორ განაჩენს გამოუტანს, გამამტყუნებელს თუ კეთილსასურველს (მათე 25:46).
[სქოლიოები]
a იხილე 1994 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 26–31.
b „ელ ევანჰელიო დე მატეო“ (El Evandelio de Mateo) იუწყება: „მარადიული სიცოცხლე არის საბოლოო სიცოცხლე; ის საბოლოო სასჯელის საპირისპიროა. ბერძნული ზედსართავი სახელი „აიონიოს“ არ მიუთითებს ძირითადად ხანგრძლივობაზე, არამედ ის არის მდგომარეობა. საბოლოო დასჯა არის საუკუნო სიკვდილი“. (პენსიონერი, პროფესორი ხუან მატეოსი [რომის საეპისკოპოსო ბიბლიური ინსტიტუტი] და პროფესორი ფერნანდო კამაჩო [თეოლოგიური ცენტრი, სევილია], მადრიდი, ესპანეთი, 1981).
შეგიძლია თუ არა გაიხსენო?
◻ რა პარალელი არსებობს მათეს 24:29–31-სა და მათეს 25:31–33-ს შორის, რომელიც ცხადყოფს, რომ იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ მომავალში შესრულდება და როდის მოხდება ეს?
◻ ვინ არიან იესოს ძმათაგან ‘უმცირესნი’?
◻ როგორ გვეხმარება იესოს მიერ გამოთქმის ‘მართალნის’ გამოყენება, იმის დადგენაში, თუ ვის წარმოადგენენ ისინი და ვის — არა?
◻ მიუხედავად იმისა, რომ იგავი მომავალში შესრულდება, რატომ არის ჩვენი ქადაგება ახლა მნიშვნელოვანი და გადაუდებელი?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. რატომ უნდა დაგვაინტერესოს იგავმა ცხვრებისა და თხების შესახებ?
3. ამ საუბრამდე ცოტა ხნით ადრე, რა თქვა იესომ იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც მოხდებოდა მყისვე, დიდი გასაჭირის შემდეგ?
4. რა არის მოხსენიებული იესოს შესახებ ცხვრებისა და თხების იგავის დასაწყისში და კიდევ ვისზეა ლაპარაკი ამ იგავში?
5. როგორ შეგვიძლია იესოს ‘ძმების’ ამოცნობა?
6. ვინ არიან იესოს ძმათა შორის ‘უმცირესნი’?
7, 8. რა თქვა იესომ ცხვრებზე და ამიტომ რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია მათ შესახებ?
9. რატომ არ ვრცელდება იგავი ათასწლიან პერიოდზე?
10, 11. ა) რატომ არის არაკეთილგონივრული ვიფიქროთ, რომ ცხვრებში შედის ყველა, ვინც ქრისტეს ძმებს სიკეთეს უკეთებს? ბ) სათანადოდ, ვის წარმოადგენენ ცხვრები?
12. რატომ უნდა დაესვათ ცხვრებს კითხვა, თუ რა სიკეთე ჩაიდინეს იესოს მიმართ?
13. რატომ არის მოსალოდნელი, რომ თხისმაგვარი ხალხი მიმართავს იესოს, როგორც ‘უფალს’?
14. რის საფუძველზე გაასამართლებს იესო ცხვრებსა და თხებს?
15. ა) როგორ ცხადყო მრავალმა, რომ თხისმაგვარი პიროვნება იყო? ბ) რატომ უნდა მოვერიდოთ ვთქვათ, არის თუ არა ვინმე ცხვარი ან თხა?
16, 17. როგორი მომავალი მოელის ცხვრებს?
18, 19. ა) რა განაჩენს გამოუტანს იესო თხებს? ბ) რამ შეიძლება დაგვარწმუნოს, რომ თხები არ დაიტანჯებიან მარადიულად?
20, 21. ა) რა მნიშვნელოვანი საქმე აქვთ ქრისტიანებს? ბ) რა დაყოფა ხდება ახლა? გ) რა მდგომარეობაში იქნება ხალხი, როცა დაიწყება ცხვრებისა და თხების შესახებ იგავის შესრულება?
22, 23. რადგან იგავი მომავალში უნდა შესრულდეს, დღეს რატომ არის ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?
24. ა) რატომ არის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი, კეთილგანწყობით გამოეხმაურონ ჩვენს ქადაგებას? ბ) შენი მსახურებისადმი რა დამოკიდებულების განვითარებაში დაგეხმარა ეს შესწავლა?
[ჩარჩო 28 გვერდზე]
მხედველობაში მიიღე პარალელები
დიდი გასაჭირის დაწყების შემდეგ, კაცის ძე მოვა ძე კაცისა მოდის
მოვა დიდებით მოვა დიდებით და დაჯდება თავისი დიდების ტახტზე
ანგელოზებიც ესწრებიან ანგელოზებიც მოდიან მასთან მასთან ერთად ერთად
დედამიწის ყოველი ერი ყველა ერი შეიყრება; თხები დაინახავს მას გასამართლდებიან საბოლოოდ (დიდი გასაჭირი დასრულდება)