კაცობრიობას ესაჭიროება ღვთის შემეცნება
„მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთის შემეცნებას“ (იგავნი 2:5).
1. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის გული არის ღვთიური შემოქმედების შედევრი?
სწორედ ახლა დედამიწაზე დაახლოებით 5 600 000 000 ადამიანის გული ფეთქავს. ყოველდღიურად შენი გული იკუმშება ასი ათასჯერ და გადატუმბავს დაახლოებით 7 600 ლიტრ სისხლს მთელი ორგანიზმის გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, რომელიც 100 000 კილომეტრს შეადგენს. სხვა არც ერთი კუნთი არ მუშაობს ისე მძლავრად, რა სიმძლავრითაც ღვთიური შემოქმედების ეს შესანიშნავი შედევრი მუშაობს.
2. როგორ აღწერდი ფიგურალურ გულს?
2 დედამიწაზე აგრეთვე 5 600 000 000 ფიგურალური გული არსებობს, რომელიც მუშაობს. ფიგურალურ გულში ბინადრობს ჩვენი ემოციები, მოტივები, სურვილები. ის არის ჩვენი ფიქრების, აზროვნებისა და ნების ადგილსამყოფელი. ფიგურალური გული შეიძლება იყოს ამაყი ან თავმდაბალი, ნაღვლიანი ან ხალისიანი, ბნელი ან ნათელი (ნეემია 2:2; იგავნი 16:5; მათე 11:29; საქმეები 14:17; 2 კორინთელთა 4:6; ეფესელთა 1:16–18).
3, 4. როგორ აღწევს გულებამდე კეთილი ცნობა?
3 იეჰოვას შეუძლია ადამიანის გულის წაკითხვა. იგავნის 17:3-ში ნათქვამია: „ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა — ოქროსთვის, ხოლო გულების გამომწრთობი უფალია“. იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ წაიკითხოს ადამიანის გული და გამოუტანოს განაჩენი, იეჰოვა იყენებს თავის მოწმეებს, რომ კეთილი ცნობით მისწვდეს ადამიანის გულს. ეს სავსებით ეთანხმება პავლე მოციქულის სიტყვებს: «რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს? როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგონ თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“» (რომაელთა 10:13–15).
4 იეჰოვას სურვილია, რომ წარგზავნოს თავისი მოწაფეები დედამიწის კიდით-კიდემდე, რომ ‘ახარონ კეთილი’ და იპოვონ კეთილ ცნობას მოწყურებული გულის ადამიანები. ჩვენ, იეჰოვას მოწმეები 5 000 000-ზე მეტი ვართ და ერთ მოწმეზე დედამიწაზე მცხოვრებთაგან დაახლოებით 1 200 ადამიანი მოდის. დედამიწაზე მცხოვრებ მილიარდობით ადამიანებამდე მიღწევა არ არის იოლი. მაგრამ ღმერთი ამ საქმიანობას იესო ქრისტეს მეშვეობით ხელმძღვანელობს და იზიდავს გულმართალ ადამიანებს. ამგვარად სრულდება ესაიას 60:22-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“.
5. რა არის შემეცნება და რა შეიძლება ითქვას წუთისოფლის სიბრძნეზე?
5 ახლა სწორედ ეს დროა და ნათელია, რომ დედამიწაზე მცხოვრებ მილიონობით ადამიანს სჭირდება შემეცნება. ძირითადად, შემეცნება დაკავშირებულია გამოცდილებით მიღებულ ცოდნის შეძენასთან, დაკვირვებასა და შესწავლასთან. წუთისოფელმა შეიძინა დიდი ცოდნა. პროგრესია მიღწეული ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტრანსპორტირება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კომუნიკაცია. მაგრამ ნამდვილად ესაჭიროება თუ არა წუთისოფლის სიბრძნე კაცობრიობას? — საეჭვოა! ომები, ჩაგვრა, ავადმყოფობა და სიკვდილი კვლავაც ტანჯავს კაცობრიობას. ხშირად მტკიცდებოდა, რომ წუთისოფლის სიბრძნე არის ცვალებადი, არასაიმედო.
6. სისხლთან დაკავშირებით, როგორი შედარებაა გაკეთებული ღვთის შემეცნებასა და ქვეყნიერების სიბრძნეს შორის?
6 მაგალითისთვის: რამდენიმე საუკუნის წინ ჩვეულებრივი იყო, რომ მკურნალობის მიზნით ადამიანის ორგანიზმიდან სისხლის გამოშვებას მიმართავდნენ და ეს საკმაოდ აღიარებული საშუალება იყო. ჯორჯ ვაშინგტონს, შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტს, სიცოცხლის ბოლო წუთებში არაერთხელ გამოუშვეს ვენიდან სისხლი. ერთ-ერთი ასეთი პროცედურისას მან თქვა: „ნება მიბოძეთ, რომ მშვიდად მოვკვდე; მაინც დიდხანს ვერ ვიცოცხლებ“. ის მართალი იყო, რადგან ის სწორედ იმ დღეს მოკვდა — 1799 წლის 14 დეკემბერს. სისხლის გამოშვების ნაცვლად, დღეს აქცენტი გადატანილია ადამიანის ორგანიზმში სისხლის გადასხმაზე. ორივე პროცედურა სიკვდილის მომტანი პრობლემებითაა აღსავსე. მთელი ამ დროის განმავლობაში ღვთის სიტყვა ამბობდა: „თავი შეიკავეთ. . . სისხლისაგან“ (საქმეები 15:29). ღვთის შემეცნება ყოველთვის, თვით დღემდე, სწორია და საიმედო.
7. ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით საღვთო წერილის ზუსტი შემეცნება როგორ არის შედარებული წუთისოფლის სიბრძნესთან?
7 წუთისოფლის მერყევი სიბრძნის შესახებ განვიხილოთ მეორე მაგალითიც. წლების მანძილზე ფსიქოლოგები მხარს უჭერდნენ ბავშვის ისეთ აღზრდას, როდესაც პატარას ყველაფრის ნებას რთავენ, მაგრამ მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, რომ მათი თვალსაზრისი მცდარი იყო. გერმანიის ფილოლოგთა ასოციაციამ თქვა, რომ ყველაფერზე ნების დართვა „გარკვეულწილად იმ პრობლემების მიზეზია, რაც ამჟამად ახალგაზრდებთან გვაქვს“. წუთისოფლის სიბრძნე მერყევია, ერთი ადგილიდან მეორისკენ ინაცვლებს, როგორც ქარის მიერ ატაცებული, ხოლო საღვთო წერილის ზუსტი შემეცნება ურყევია. ბიბლია გაწონასწორებულ რჩევას იძლევა ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. „დასაჯე შვილი და შვებას მოგცემს, შენს სულს სიამეს მოჰგვრის“ — ნათქვამია იგავნის 29:17-ში. ასეთი აღზრდა აღსავსე უნდა იყოს სიყვარულით, რადგან პავლე წერდა: „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4).
‘ღვთის შემეცნება’
8, 9. როგორ ახსნიდი, რასაც იგავნის 2:1–6 ამბობს იმ ცოდნასთან დაკავშირებით, რომელიც კაცობრიობას ნამდვილად ესაჭიროება?
8 მიუხედავად იმისა, რომ პავლე განათლებული პიროვნება იყო, მან თქვა: „ნურავინ აცდუნებთ თავს. თუ ვინმეს ამ წუთისოფელში თავისი თავი ბრძნად წარმოუდგენია, გაუგუნურდეს, რათა ბრძენი გახდეს. ვინაიდან ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე“ (1 კორინთელთა 3:18, 19). მხოლოდ ღმერთს შეუძლია, უზრუნველგვყოს იმ სიბრძნით, რომელიც კაცობრიობას ნამდვილად ესაჭიროება. ამასთან დაკავშირებით იგავნის 2:1–6-ში ნათქვამია: „შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე, ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონირებისკენ გეწეოდეს, რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთის შემეცნებას. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება“.
9 ისინი, რომლებიც კეთილი გულით არიან აღძრულები, სიბრძნეს ყურადღებას აქცევენ იმით, რომ ცდილობენ ღვთის ბოძებული შემეცნება სათანადოდ გამოიყენონ. მათი გული ისწრაფის გონიერებისკენ, გულდასმით აწონ-დაწონონ ის ფაქტები, რასაც სწავლობენ. ფაქტიურად ისინი მოუწოდებენ ჭკუას და გონებას, ანუ იმის დანახვის უნარს, თუ საკითხის ყველა ასპექტი როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. გულმართალი ადამიანები მოქმედებენ ისე, თითქოს ვერცხლს თხრიან, ეძებენ საგანძურს. მაგრამ რომელი დიდებული საგანძური იპოვეს მათ, რომლებსაც ჭეშმარიტებას მოწყურებული გული აქვთ? ეს საგანძურია ‘ღვთის შემეცნება’. რა არის ეს? — ეს არის ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში მოცემული შემეცნება.
10. რა უნდა ვაკეთოთ კარგი სულიერი ჯანმრთელობით დატკბობის მიზნით?
10 ღვთის შემეცნება სარწმუნოა, სტაბილური, სიცოცხლის მომცემი. ის აძლიერებს სულიერ ჯანმრთელობას. პავლე მოუწოდებდა ტიმოთეს: „ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოშია“ (2 ტიმოთე 1:13). ყოველ ენას აქვს სიტყვების ნიმუში. აგრეთვე, საღვთო წერილიდან გამომდინარე ჭეშმარიტების ‘სუფთა ენასაც’, აქვს ‘საღი სიტყვების ნიმუში’, რაც ძირითადად დაფუძნებულია ბიბლიის თემაზე — იეჰოვას უზენაესობის გამართლება სამეფოს მეშვეობით (სოფონია 3:9, აქ). ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს ჯანსაღი სიტყვების ნიმუში გულსა და გონებაში. თუ გვსურს, რომ თავი ავარიდოთ გულის სიმბოლურ დაავადებას და სულიერად ჯანსაღი დავრჩეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ ბიბლია და სრულიად უნდა ვისარგებლოთ სულიერი მარაგით, რომელსაც ღმერთი ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით გვთავაზობს (მათე 24:45–47; ტიტე 2:2). დაე, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ კარგი სულიერი ჯანმრთელობისთვის გვესაჭიროება ღვთის შემეცნება.
11. კიდევ რომელი სხვა მიზეზების გამო ესაჭიროება კაცობრიობას ღვთის შემეცნება?
11 განვიხილოთ კიდევ სხვა მიზეზები, თუ რატომ სჭირდებათ დედამიწაზე მცხოვრებ მილიარდებს ღვთის შემეცნება. იცის თუ არა ყოველმა მათგანმა, როგორ დაარსდა დედამიწა და საიდან დაიწყო ადამიანთა არსებობა? არა, არ იცის. ან ყველა იცნობს თუ არა ჭეშმარიტ ღმერთსა და მის ძეს? იცის თუ არა ყველამ, თუ რა იყო საკამათო საკითხი, რომელიც სატანამ წამოჭრა ღვთის უზენაესობასა და ადამიანთა უმწიკვლოებასთან დაკავშირებით? — კვლავ შეიძლება იმის თქმა, რომ არ იცის. ან აქვთ თუ არა ადამიანებს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რატომ ვბერდებით და ვკვდებით? პასუხი კვლავ უარყოფითია. შეგნებული აქვთ თუ არა დედამიწის მკვიდრთ, რომ ღვთის სამეფო მმართველობს და რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ? იცის თუ არა დედამიწის ყოველმა მცხოვრებმა ბოროტი სულების არსებობის შესახებ? ან ნუთუ ფლობენ სარწმუნო ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მოაწყონ ბედნიერად ოჯახური ცხოვრება? და იციან თუ არა ადამიანთა მასებმა ჩვენი შემოქმედის განზრახვა, რომ მორჩილი ადამიანებისთვის გათვალისწინებულია ბედნიერი ცხოვრება სამოთხეში? მათ არც ამ კითხვებზე იციან პასუხი. ნათელია, რომ კაცობრიობას ესაჭიროება ღვთის შემეცნება.
12. როგორ შეგვიძლია თაყვანი ვცეთ ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“?
12 ადამიანებს ღვთის შემეცნება კიდევ იმის გამო ესაჭიროებათ, რაც იესომ, მიწიერი სიცოცხლის უკანასკნელ ღამეს ლოცვისას თქვა. მის მოციქულებზე ძალიან იმოქმედა მისმა წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). ამ შემეცნების გამოყენება არის ერთადერთი გზა, რომ ღმერთს სათანადოდ ვცეთ თაყვანი. „ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24). ჩვენ თაყვანს ვცემთ ღმერთს ‘სულით’, როდესაც აღძრულნი ვართ რწმენითა და სიყვარულით აღსავსე გულით. როგორ შეგვიძლია თაყვანი ვცეთ ‘ჭეშმარიტებით’? ღვთის სიტყვის შესწავლითა და მის მიერვე მოცემული ჭეშმარიტების თანახმად თაყვანისცემით — სწორედ ‘ღვთის შემეცნებით’.
13. რა შემთხვევაა ჩაწერილი საქმეების 16:25–34 და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან?
13 ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იწყებს იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობას. მაგრამ აუცილებელია თუ არა ბიბლიის შესწავლა დაინტერესებულებთან დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდეს, იქნებ შესაძლებელია, რომ გულწრფელი ადამიანი უფრო მალე მოინათლოს? ამასთან დაკავშირებით განვიხილოთ, თუ რა გადახდა თავს საპყრობილის ზედამხედველსა და მის ოჯახს, რომელიც მოხსენიებულია საქმეების 16:25–34 მუხლებში. პავლე და სილა დააპატიმრეს ფილიპეში, მაგრამ შუაღამისას მოხდა დიდი მიწისძვრა და საპყრობილის ყველა კარი გაიღო. საპატიმროს ზედამხედველი ფიქრობდა, რომ ყველა პატიმარი გაიქცა, რის გამოც მკაცრად დაისჯებოდა და ის მზად იყო თვითმკვლელობით მოესწრაფებინა სიცოცხლე, მაგრამ ამ დროს პავლემ უთხრა, რომ ყველა ადგილზე იყო. პავლემ და სილამ „უქადაგეს ღვთის სიტყვა მას და ყველას, მის სახლში მყოფს“. საპყრობილის ზედამხედველი და მისი ოჯახი წარმართთა წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც საერთოდ არ იცოდნენ საღვთო წერილი. მაგრამ ერთ ღამეში მორწმუნეები გახდნენ. უფრო მეტიც „მოინათლნენ ის [საპყრობილის ზედამხედველი] და ყველა მისიანი“. ეს უჩვეულო ვითარება იყო, მაგრამ ახალ პიროვნებებს ასწავლეს ძირითადი ჭეშმარიტებები და შემდეგ ისინი, თავის მხრივ, სხვა საკითხებს კრების შეხვედრებზე ისწავლიდნენ. მსგავსი რამ სავსებით შესაძლებელია დღესაც.
მკა დიდებულია!
14. რატომ არის აუცილებელი, რომ დროის მცირე მონაკვეთში ჩატარდეს ბიბლიის უფრო მეტი ეფექტური შესწავლა?
14 კარგი იქნებოდა, თუ იეჰოვას მოწმეები შეძლებდნენ დროის მცირე მონაკვეთში რაც შეიძლება მეტი და ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები ჩაეტარებინათ. ამისთვის ნამდვილი აუცილებლობაა. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მრავალი ადამიანი ხვდება ბიბლიის შესწავლის მსურველთა სიაში. ასეთი შემთხვევები სხვაგანაცაა. დომინიკელთა რესპუბლიკის ერთ-ერთ ქალაქში იეჰოვას ხუთ მოწმეზე იმდენად დიდი მოთხოვნილება იყო, რომ მათ ძალებს აღემატებოდა ყველა შესწავლის ჩატარება. რა გააკეთეს მათ? წაახალისეს დაინტერესებული პირები, რომ სამეფო დარბაზში დასწრებოდნენ შეხვედრებს და ყოფილიყვნენ ბიბლიის შესწავლის მსურველთა სიაში. მსგავსი სიტუაციაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც.
15, 16. რა გაკეთდა ღვთის შემეცნების უფრო სწრაფად გავრცელების მიზნით და რომელია ამასთან დაკავშირებული ზოგიერთი ფაქტი?
15 თვალუწვდენელი ტერიტორიების — სამკალად გამზადებული დიდი მინდვრების — გზა ხსნილია ღვთის ხალხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა, ‘სამკალის უფალი’, უფრო და უფრო მეტ მუშებს გზავნის, მაინც ბევრია გასაკეთებელი (მათე 9:37, 38). ღვთის შემეცნების უფრო სწრაფად გავრცელების მიზნით, ‘ერთგულმა და გონიერმა მონამ’ იზრუნა იმის შესახებ, რომ ძირითადი ინფორმაცია მოკლედ მოეწოდებინა, ისე რომ ბიბლიის შემსწავლელებს, ყოველი გაკვეთილისას სულიერი წინსვლა ჰქონდეთ. ეს არის ახალი პუბლიკაცია, რომლის საშუალებითაც საკმაოდ სწრაფად ხდება ოჯახში ბიბლიის შესწავლა — მხოლოდ რამდენიმე თვეში. მისი ტარება ადვილად შეიძლება ჩანთით, ხელჩანთით და თვით ჯიბითაც კი! ასიათასობით ადამიანი იყო გახარებული, როდესაც საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „სიხარულით ღმერთის განმადიდებელი ხალხი“, მიიღეს ეს ახალი, 192 გვერდიანი წიგნი სახელწოდებით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“.
16 სხვადასხვა ქვეყნებში მწერლებმა მოამზადეს მასალა, რომელსაც გულდასმითი მუშაობის შემდეგ მიეცა საბოლოო სახე და მოთავსდა წიგნში „შემეცნება“. ამიტომაც ეს წიგნი საერთაშორისო მასშტაბითაა მიმზიდველი. მაგრამ დიდი დრო ხომ არ დასჭირდება ამ წიგნის გამოქვეყნებას მთელი მსოფლიოს ხალხების ენებზე? არა, რადგან 192 გვერდიანი წიგნის თარგმნა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე სქელტანიანი წიგნების. ხელმძღვანელი კორპორაციის სამწერლო კომიტეტმა დაადასტურა ამ წიგნის ინგლისურიდან 130-ზე მეტ ენაზე თარგმნა 1995 წლის ოქტომბრისთვის.
17. რომელი ფაქტორები გაგვიადვილებს წიგნის „შემეცნების“ გამოყენებას?
17 „შემეცნების“ ყოველ თავში მოცემული კონკრეტული ინფორმაცია შესაძლებლობას აძლევს შემსწავლელს, საკმაოდ სწრაფად მიაღწიოს პროგრესს. წიგნი წამახალისებლად გვთავაზობს წერილებიდან გამომდინარე ჭეშმარიტებას. ის ყურადღებას არ ამახვილებს ცრუ მოძღვრებაზე. წიგნის გასაგები ენითა და ლოგიკურობით უფრო იოლია ბიბლიის შესწავლების დაწყება და ადამიანთა დახმარება, რომ ჩასწვდნენ ღვთის შემეცნებას. გარდა ამისა, წიგნში მოთავსებულია ბიბლიის მუხლები და შემსწავლელს მათი საშუალებით შეუძლია მოემზადოს განხილვისთვის. ამ მუხლების წაკითხვა შესაძლებელია შესწავლისას, თუკი დრო იძლევა საშუალებას, ამასთანავე, არაგონივრული იქნებოდა დამატებითი მასალის გამოყენება, რაც დაჩრდილავდა წიგნში მოცემულ ძირითად საკითხებს. პირიქით, ისინი, ვინც ატარებენ ბიბლიის შესწავლას, უნდა შეეცადონ, რომ გაარჩიონ და გადასცენ შემსწავლელს ის, რასაც წიგნი თითოეულ თავში გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელმა ყოველი თავი უნდა მოამზადოს გულმოდგინედ, ისე რომ, ძირითადი აზრები სავსებით ნათელი იყოს შემსწავლელისთვის.
18. რა რჩევებია „შემეცნების“ გამოყენებასთან დაკავშირებით?
18 როგორ შეუძლია დააჩქაროს მოსწავლეების მომზადება წიგნს, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან შემეცნებას“? ეს 192 გვერდიანი წიგნი ადამიანმა შეიძლება შეისწავლოს შედარებით მოკლე დროში, და ისინი, ვინც ‘საუკუნო სიცოცხლისთვის არიან განწესებული’, შეძლებენ, საკმაო ცოდნა შეიძინონ ამ შესწავლით, რომ თავი მიუძღვნან იეჰოვას და მოინათლონ (საქმეები 13:48). დაე, მსახურებისას კარგად გამოვიყენოთ წიგნი „შემეცნება“. თუ ბიბლიის შემსწავლელმა სხვა წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შეისწავლა, შესაძლოა პრაქტიკული იყოს დაწყებული წიგნის შესწავლის დასრულება. რჩევის თანახმად, სხვა შემთხვევაში უმჯობესია „შემეცნების“ წიგნზე კონცენტრირება. ამ ახალი პუბლიკაციის შესწავლის დამთავრების შემდეგ არ იქნებოდა მიზანშეწონილი შესწავლის გაგრძელება სხვა წიგნით. მათ, რომლებმაც მიიღეს ჭეშმარიტება, უფრო მეტი ცოდნის შეძენა შეუძლიათ იეჰოვას მოწმეთა კრებებზე დასწრებით, აგრეთვე ბიბლიისა და სხვადასხვა ქრისტიანული პუბლიკაციების კითხვით (2 იოანე 1).
19. ვიდრე დავიწყებდეთ ბიბლიის შესწავლებზე „შემეცნების“ გამოყენებას, რატომ იქნება დამხმარე გადავხედოთ ბროშურას „ბიბლიის სწავლების საწყისები“?
19 წიგნი „შემეცნება“ დაიწერა იმ მიზნითაც, რომ დაეხმაროს ადამიანებს, უპასუხონ ყველა კითხვას, რომელსაც უხუცესები განიხილავენ მოუნათლავ მაუწყებელთან, რომელსაც სურვილი აქვს მოინათლოს, რომ იყოს იეჰოვას მოწმე. ამიტომ, სანამ შენს ახლანდელ ბიბლიის შესწავლებზე დაიწყებ ამ ახალი პუბლიკაციის შესწავლას, რეკომენდირებულია რამდენიმე საათით გადახედო ბროშურას „ბიბლიის სწავლების საწყისები“a. ეს დაგეხმარება, რომ ბიბლიის შესწავლებზე „შემეცნების“ შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილო ასეთ კითხვებზე გაცემულ პასუხებზე.
20. რას გეგმავ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენო წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“?
20 ადამიანებმა ყველგან უნდა გაიგონ კეთილი ცნობა. დიახ, კაცობრიობას სჭირდება ღვთის შემეცნება და იეჰოვას ჰყავს თავისი მოწმეები, რომ ეს შემეცნება საყოველთაოდ გაავრცელონ. ახლა ჩვენ გვაქვს ახალი წიგნი, რითაც უზრუნველგვყო ჩვენმა მოსიყვარულე ზეციერმა მამამ ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით. გამოიყენებ თუ არა მას, რომ მისი დახმარებით ასწავლო ჭეშმარიტება და დიდება მოუტანო იეჰოვას წმინდა სახელს? იეჰოვა აუცილებლად გაკურთხებს, როცა მთელი ძალისხმევით შეეცდები, მრავალ ადამიანს მიაწვდინო შემეცნება, რომელიც წინ მიუძღვის ადამიანებს მარადიული სიცოცხლისაკენ.
[სქოლიოები]
a გამოქვეყნებულია საგუშაგო კოშკის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორ აღწერდი ფიგურალურ გულს?
◻ რა არის ღვთის შემეცნება?
◻ რატომ ესაჭიროება კაცობრიობას ღვთის შემეცნება?
◻ რომელი ახალი წიგნია ხელმისაწვდომი და როგორ გეგმავ მის გამოყენებას?
[სურათი მე-7 გვერდზე]
მრავალი მიზეზი არსებობს საიმისოდ, თუ რატომ ესაჭიროება დედამიწაზე მცხოვრებ მილიარდობით ადამიანს ღვთის შემეცნება.